Facebook Twitter

საქმე Nბს-467-464(კ-17) 26 სექტემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (მომხსენებელი, თავჯდომარე)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - შპს „…“(მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (მოპასუხე)

მესამე პირი - ამხანაგობა „…“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 9 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს „…“ 2015 წლის 31 აგვისტოს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ. მოსარჩელემ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 25 ივნისის N34/24 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 8 აპრილის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე №3/6906-15 ადმინისტრაციულ საქმეში მესამე პირად ჩაება ამხანაგობა „…“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „…“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „…“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 9 მარტის განჩინებით შპს „…“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 9 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „…“. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო პალატის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, შესაბამისად, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქმეზე დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი გაუქმების სამართლებრივი წინაპირობები. თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს განმარტება, რომლის მიხედვითაც შპს „…“ განაცხადის მიღებიდან 40 სამუშაო დღის ვადაში ეკისრებოდა გაზგამანაწილებელ ქსელზე 52 საყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერთება, რომელთა მოთხოვნილი ჯამური სიმძლავრე 193.44 მ3 შეადგენდა. აღნიშნული განმარტება არასწორია, ვინაიდან, 2014 წლის 31 ოქტომბერს მიღებული №26 დადგენილების (2015 წლის 2 მაისამდე არსებული რედაქციით) №3 დანართის თანახმად 160 მ3-დან 250 მ3-მდე მოთხოვნილი სიმძლავრის შემთხვევაში გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ვადა 90 დღით განისაზღვრებოდა.

მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის თანახმად, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები“.

ამასთან, ამავე კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად „დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ“, ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, „წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას“. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „დასაბუთება წინ უძღვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს“, ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა ეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი“.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „…“ სასარჩელო მოთხოვნა კანონიერი და დასაბუთებულია, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე №3ბ/1854-16 ემყარება საქმის ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასებას და იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. შესაბამისად, კასატორი ითხოვს, გაუქმდეს ხსენებული გადაწყვეტილება და მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდება შპს „…“ სასარჩელო მოთხოვნა.

კასატორი ასევე მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ არასწორად იმსჯელა საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით და შესაბამისად, დაუსაბუთებლად გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს პოზიცია, იმის თაობაზე, რომ შპს „…“ გაზგამანაწილებელ ქსელზე მომხმარებლის (ამხანაგობა „…“) მიერთების სამუშაოები უნდა დაესრულებინა 40 სამუშაო დღის ვადაში. 2014 წლის 31 ოქტომბერს მიღებული №26 დადგენილების (2015 წლის 2 მაისამდე არსებული რედაქციით) №3 დანართის თანახმად 160 მ3-დან 250 მ3-მდე მოთხოვნილი სიმძლავრის შემთხვევაში გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ვადა 90 დღით განისაზღვრებოდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 მაისის განჩინებით შპს „…“ საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შეამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული; კასატორს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის - 300 (სამასი) ლარის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „…“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესებით“ რეგულირდება ურთიერთობები განაწილების ლიცენზიატს, მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით ბუნებრივი გაზის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს. მე-191 მუხლი არეგულირებს ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გაზიფიცირებულ ქსელზე მიერთების პროცედურებს, რომლის მე-7 პუნქტის შესაბამისად „განაცხადის დამტკიცება განაწილების ლიცენზიატს აკისრებს ვალდებულებას, გამანაწილებელ ქსელზე ახალი მიერთების მსურველს (განმცხადებელს) გაუწიოს მომსახურება შესაბამისი განაცხადით მოთხოვნილი პირობების შესაბამისად; უზრუნველყოს იგი მის კუთვნილ ტერიტორიამდე ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო მომსახურებითა და საშუალებებით (მომსახურების სრული ტექნოლოგიური ციკლით), ამ წესებისა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო გამანაწილებელ ქსელზე ახალი მიერთების მსურველი (განმცხადებელი) იღებს ვალდებულებას, გადაიხადოს გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესებით განსაზღვრული პირობები“. ზემოაღნიშნული მუხლის მე-8 პუნქტით ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების პერიოდი განსაზღვრულია დანართში N3.

საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ „ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ“ განაცხადის (ერთდროულად ორი ან ორზე მეტი ახალი მომხმარებლის მიერთების შემთხვევაში) 4.4. პუნქტის თანახმად, გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ჯამური საფასური განისაზღვრება დანართი 2.1-ში მოცემული მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ინდივიდუალური საფასურის ჯამით. შესაბამისად, ვინაიდან განაცხადი ითვალისწინებს 52 ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებას და თითოეული მათგანისათვის მისაერთებელი სიმძლავრე შეადგენს 0-6 მ3/სთ-ს, სხაკასაციო პალატა სრულიად იზიარებს წესების N3 დანართის 2015 წლის 2 ივნისამდე მოქმედი რედაქციის იმ დანაწესის გამოყენებას, რომლითაც ლიცენზიატს განაცხადის მიღებიდან 40 სამუშაო დღის ვადაში ეკისრებოდა გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების ვალდებულება, ვინაიდან ზემოაღნიშნული წესების 2015 წლის 2 ივნისამდე მოქმედი რედაქციის N3 დანართის თანახმად, თუ თითოეული ახალი მომხმარებლის მიერ გადახდილია მიერთების საფასური 400 ლარის ოდენობით, მიერთების პერიოდი განისაზღვრება 40 სამუშაო დღით.

კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისათვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა, ხოლო იმავე კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, თუ კასატორს წინასწარ არ აქვს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი საკასაციო საჩივარზე და მას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გადავადებული აქვს სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მისი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის შემთხვევაში, მას დაეკისრება გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 30 პროცენტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, შპს „…“ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 მაისის განჩინებით სახელმწიფო ბაჟის გადახდა გადაუვადდა მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მას უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 90 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „…“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 9 მარტის განჩინება;

3. კასატორს - შპს „…“ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 90 ლარის გადახდა;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე