საქმე # 330310015769088
საქმე Nბს-491-488(კ-17) 26 სექტემბერი, 2017 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - გ. ლ-ი (მოსარჩელე)
მესამე პირები: სსიპ შემოსავლების სამსახური, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 16 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - მატერიალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გ. ლ-მა 2015 წლის 2 აპრილს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მოსარჩელე გ. ლ-ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის - 3750 (სამი ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 8 სექტემბრის საოქმო განჩინებით №3/2390-15 ადმინისტრაციულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მესამე პირად ჩაება სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 8 სექტემბრის საოქმო განჩინებით №3/2390-15 ადმინისტრაციულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მესამე პირად ჩაება სსიპ შემოსავლების სამსახური.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე გ. ლ-ის სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება - 3750 (სამი ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 16 თებერვლის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 16 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართელოს თავდაცვის სამინისტრომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს საგადასახო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით საგადასახადო შეღავათად ითვლება სხვა გადასახადის გადამხდელებთან შედარებით ცალკეული კატეგორიის გადასახადის გადამხდელისათვის მინიჭებული უპირატესობა, გადაიხადონ გადასახადი ნაკლები ოდენობით ან გათავისუფლდნენ მისგან. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, ისარგებლოს საგადასახადო შეღავათით შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის წარმოშობის მომენტიდან მისი მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში.
გ. ლ-ი 2007 წლამდე სარგებლობდა შეღავათით, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი, ვეტერანის მოწობის საფუძველზე. საქართველოს პრეზიდენტის 17.12.2005 წლის N1058 ბრძანებულებით დამტკიცდა საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ახალი ნიმუშები, ხოლო მანამდე გაცემულ ვეტერანის მოწმობებს იურიდიული ძალა შეუნარჩუნდათ 2006 წლის 1 აგვისტომდე, შესაბამისად გ. ლ-ს შეუწყდა საგადასახადო შეღავათით სარგებლობა, ვინაიდან მას აღარ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი. კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას იმ ნაწილში, რომ მიუხედავად იმისა გ. ლ-ის ვეტერანის მოწმობა იყო ძალადაკარგული მას ჰქონდა საგადასახადო შეღავათით სარგებლობის უფლება, საგადასახადო შეღავათით სარგებლობის უფლება უკავშირდება მოსარჩელისათვის ვეტერანის სტატუსის მინიჭებას, პერიოდს, როდესაც მან მოიპოვა საგადასახადო შეღავათით სარგებლობის უფლება, მიიღო ვეტერანის სტატუსი, ანუ გაჩნდა სამართლებრივი საფუძველი უფლებით სარგებლობის. სასამართლო განმარტებით, თუ ვიმსჯელებთ მას ვეტერანის მოწმობის გარეშეც უნდა ესარგებლა საგადასახადო შეღავათით და ეს საგადასახადო შეღავათი მასზე უნდა გავრცელებულიყო მის სამუშაო ადგილზევე. წინააღმდეგ შემთხვევაში სამართლებრივი საფუძვლის გათვალისწინებას საგადასახადო შეღავათის გავრცელების წარმოშობისათვის ეკარგება მნიშვნელობა. კასატორი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შეღავათის სარგებლობის უფლება არის ნების გამოვლენა და ამ უფლების მატარებლის ნებაზეა დამოკიდებული მის რეალიზება.
კასატორის მიაჩნია, რომ გ. ლ-ს საგადასახადო შეღავათით უნდა ესარგებლა ვეტერანის მოწმობის მიღების პერიოდიდან, როგორც საგადასახადო შეღავათით სარგებლობის სამართლებრივი საფუძვლის წარმოშობიდან.
საქმის განხილვისას დადგინდა, რომ გ. ლ-მა 2007 წლიდან ვერ შეეძლო ესარგებლა საგადასახდო შეღავათით, ვინაიდან დამტკიცდა ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების ახალი ნიმუშები. მოსარჩელისათვის კი საქართველოს პრეზიდენტის 17.12.2005 წლის N1058 ბრძანებულებით ცნობილი გახდა ახალი ნიმუშების დამტკიცების და ძველი ნიმუშების მოქმედების ვადის თაობაზე და ამასთან უკვე გაცემული მოწმობების იურიდიული ძალისა და მისი თანმდევი შედეგის-საგადასახადო შეღავით სარგებლობის შესახებ, მას უნდა სცოდნოდა აღნიშნულის თაობაზე (სამოქალაქო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად), გარდა ამისა გ. ლ-მა 2007 წლიდან ვერ ისარგებლა საგადასახადო შეღავათით და მასზე გავრცელდა 3000 ლარამდე შემოსავალის დაბეგვრა, რაც ასევე ცნობილი იყო მისთვის. სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა გაშვებული აქვს და სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია.
მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლო განჩინების სამოტივაციო ნაწილში მსჯელობს (16.02.2017 წლის განჩინების გვ.26, აბზაცი 2), რომ ეთანხმება მითითებას, იმასთან დაკავშირებით რომ ვეტერანის მოწმობის გაცემა მიეკუთვნება ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის ფუნქციას, ხოლო თავდაცვის სამინისტროდან გაცემული ცნობა ვეტერანის მოწმობის გაცემის აუცილებელ საფუძველს წარმოადგენდა, სასამართლომ არ გაიზირა პოზიცია, რომ მოწინააღმდეგე მხარესათვის (მოსარჩელე გ. ლ-ისათვის) 2008 წლის 29 ივლისის N3212 წერილით გ. ლ-ისათვის ცნობილი იყო, რომ ცნობის გაცემის თაობაზე მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რის თაობაზეც განმცხადებელს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად შეეძლო მიემართა სასამართლოსთვის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით'', აღნიშნული უფლება მისი მხრიდან არ განხორციელებულა, შესაბამისად დაინტერესებული მხარის მიერ მისთვის მინიჭებული უფლების განუხორციელებლობა ვერ გახდება ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზიანის დაკისრების საფუძველი. გარდა აღნიშნულისა, გ. ლ-მა 25.02.2010 წლის განცხადებით მიმართა თავდაცვის სამინისტროს და მოითხოვა ვეტერანის მოწმობის გაცემა, რის შესახებაც სასამართლომ თავდაცვის სამინისტრო ჩათვალა ვალდებულებად უფლებამოსილ ორგანოში განცხადების გადაგზავნაზე და სზაკ-ის 207-209-ე მუხლების შესაბამისად მიიჩნია, რომ განმცხადებელს სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, თანამდებობის პირის ან სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი მოვალეობის განხორციელებისას მიადგა ზიანი და სამოქალაქო კოდექსის 1005-ე და 992-ე მუხლის შესაბამისად თავდაცვის სამინისტროს მიიჩნევს მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ ორგანოდ. სასამართლოს მსჯელობა ამ ნაწილშიც დაუსაბუთებელია, ვინაიდან გ. ლ-მა 2010 წლის განცხადებით მოითხოვა ვეტერანის სტატუსის მინიჭება და შესაბამისაად თავდაცვის სამინისტროს ან მისი მოსამსახურის მიერ ადგილი ვერ ექნებოდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გ. ლ-ისათვის ზიანის მიყენების ფაქტს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 24 მაისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სმაინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელემ 2007-2013 წლებში საგადასახადო შეღავათით სარგებლობა ვერ შეძლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ საარქივო მასალებში პირის შესახებ იდენტიფიცირებადი ინფორმაციის არასწორად შევსებისა და აღნიშნული შეცდომის გასწორების შესახებ ადმინისტრაციული აქტის გამოცემაზე უარის თქმის გამო, რითაც ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად დაადგინეს გ. ლ-ისათვის ზიანის მიყენების ფაქტი. რამდენადაც, სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი.
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 16 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე