Facebook Twitter

საქმე # 330310015001110979

საქმე Nბს-570-567(კ-17) 26 სექტემბერი, 2017 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - ვ. თ-ე, ნ. თ-ე (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარეები - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური (მოპასუხები)

მესამე პირები - გ. ვ-ი, ნ. ვ-ი, ე. ჟ-ა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 24 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდვალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ნ. თ-ემ და ვ. თ-ემ 2015 წლის 2 ოქტომბერს სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ. მოსარჩელეებმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 17 აპრილის №4-1/ 178-15 დადგენილებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 20 ივლისის №505 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 დეკემბრის საოქმო განჩინებით №3/7772-15 ადმინისტრაციულ საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ე. ჟ-ა და ნ. ვ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 დეკემბრის საოქმო განჩინებით №3/7772-15 ადმინისტრაციულ საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მესამე პირად ჩაბმულ იქნა გ. ვ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. თ-ისა და ვ. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. თ-ემ და ნ. თ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 24 მარტის განჩინებით ნ. თ-ისა და ვ. თ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 24 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. თ-ემ და ნ. თ-ემ. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.

კასატორები მიუთითებენ, რომ სასამართლოების მიერ არასწორად იქნა დადგენილი სადავო ნაგებობის კანონიერების საკითხი. მოპასუხე - ზედამხედველობის სამსახურმა უარი თქვა თავისი ფუნქციის განხორციელებაზე. მან 2015 წლის 2 თებერვალს გასცა მითითება №000004 და აღნიშნა, რომ მათ ვერ მოიპოვეს დოკუმენტაცია 3/1 ნაგებობის კანონიერების შესახებ და კასატორებს დაევალათ 2 კვირის ვადაში წარედგინათ ამ შენობის კანონიერების დამადასტურებელი სამშენებლო სანებართვო დოკუმენტაცია და არა შავი კალმით შემოხაზული ნაგებობა მაშინ, როცა გენგეგმაზე ყველა უკანონო ნაგებობაა გამოსახული შავ ხაზებში და არ არის განმარტებული, რომ ისინი უკანონო არის. კასატორიები მიუთითებენ, რომ 18 თებერვლას შეადგინეს განმეორებითი შემოწმების აქტი, სადაც დააფიქსირეს მოთხოვნის შეუსრულებლობა. კერძო წერილი ვ-ისადმი საჯარო რეესტრიდან არ წარმოადგენს საქმის საწინააღმდეგო დოკუმენტს, რადგან წერილში მითითებულია, რომ არ არსებობს დოკუმენტაცია ნაგებობის ნებართვის ასევე წერილიდან ირკვევა, რომ 1995 წლიდან ფიქსირდება გენ გეგმაზე „გ“ ნაგებობა და ლ-382 ცნობა დახასიათებაში აღნიშნულია, როგორც კანონიერი - პასუხი ცნობაში შეტანილია ყველა ნაგებობა, როგორც კანონიერი ასევე უკანონები იქ ხდება ინვენტარიზაცია არსებულის. კასატორები აღნიშნავენ, რომ სასამართლოებმა ყურადღება არ მიაქციეს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეები შენობა-ნაგებობას და მიიჩნევდნენ უკანონოდ. სადავო ნაგებობა კი ჩაითვალა კანონიერ ნაგებობად, რომ არ გამოკვლეულა არსებობდა თუ არა სამართლებრივი საფუძველი, რომ იგი ჩათვლილიყო კანონიერ ნაგებობად. კასატორები მიუთითებენ, რომ მშენებლობის განსახორცილებლად საქართველოს მთავრობის დადგენილებით შესაბამისად საჭიროა კანონმდებლობით გაცემული მშენებლობის ნებართვა და შეთანხმებული პროექტი. საბოლოოდ ამ დოკუმენტების არსებობა უკავშირდება შენობა-ნაგებობის აღიარებას. „პროდუქტის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო ზედამხედველობის მიზნით ახორციელებს ობიექტის საქართველოს კანონმდებლობითა და ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების პროცესს, დოკუმენტური კონტროლისა და მშენებლობის სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის ფორმებით, პროფესიული შეფასების საფუძველზე, სამშენებლო სამართალდარღვევად მიიჩნევა ნებართვის გარეშე მშენებლობა. კასატორები მიუთითებენ, რომ 2015 წლის 2 თებერვალს, ქ.თბილისში ... ქ.№24-ში მდებარე ობიექტზე (ეზოში მდგარ ნაგებობაზე) შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ მითითება, რომლითაც მხარეებს განესაზღვრა 15 დღე სანებართვო დოკუმენტაციის წარსადგენად. 5 თებერვლას ზედამხედველობის სამსახურმა ცვლილება შეიტანა 2 თებერვლის მითითებაში, კერძოდ მითითებიდან ამოიღო სიტყვები დემონტაჟის შესახებ, ხოლო 2015 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით შეწყვიტა ადმინისტრაციული წარმოება. საქმის განხილვიდან გამოიკვეთა, რომ მესამე პირის გ. ვ-ის მიერ ამინისტრაციული განხილვისას წარმოდგენილი საჯარო რეესტრის სააგენტოს 2016 წლის 12 აპრილის წერილი წარმოადგენს ობიექტის კანონიერების დამადასტურებელ მტიცებულებას. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არ გააჩნია ფუნქცია კანონიერად აღიაროს შენობა-ნაგებობები, ამასთანავე, ეს წერილი წინააღმდეგობაშია იმავე ორგანოს მიერ გაცემულ სხვა პასუხებსა და გაცემულ დოკუმენტაციასთან.

კასატორები აღნიშნავენ, რომ საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ტექნიკური აღრიხცვის ინვენტარიზაციის არქივიდან დოკუმნეტაცია, ერთმნიშვნელოვანდ ადასტურებს, რომ ნაგებობას არ გააჩნია სამშენებლო დოკუმენტაცია, არ არსებობს ნებართვა და პროექტი, იგი გათვალისწინებული არ იყო სახლის პროექტში და არც შემდგომში მომხდარა მისი ლეგალიზაცია: სადავო ნაგებობა წარმოადგენს ეზოში ცალკე მდგომ შენობას. იგი წარმოდგენს დამხმარე სათავსოს და არა საპირპარეშოს. მიწის ნაკვეთზე სახლი აშენებულია 1939 წელს, ხოლო სადავო ნაგებობა ტექბიუროს ანაზომებში ჩნდება 1985 წლიდან. ინვენტარიზაციის გეგმა-ანაზომებში იგი მითითებულია, როგორც ნაგებობა დამხამრე სათავსო და არა საპირფარეშო.

კასატორები მიუთითებენ, რომ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ 1985 წლის 7 მაისს გაცემული №ლ92 ცნობაში მითითებულია, რომ ... ქ. №24-ში მდებარე ერთსართულიანი სახლი შედგება 7 საცხოვრებელი ოთახისგან, ფართით 121.54 კვ/მ და ირიცხება კონკრეტულ პირებზე. სააღრიცხვო ბარათზე ფიქსირებულია თვითენბურად რეკონსტრუქციაქმნილი საცხოვრებელი ოთახი ფართით 22.32 კვ და სამოსახლო მიწის ნაკვეთში აღრიხცულია დამხმარე სათავსოები, რომელთა კანონიერების საბუთი ბიუროში წარმოდგენილი არ არის. კასატორები მიუთითებენ, რომ საჯარო რეესტრის 2014 წლის 9 სექტემბრის მიერ გაცემული ინფორმაციით უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ცხადი ხდება , რომ ... ქ.№24-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით არსებული შენობა-ნაგებობის საერთო ფართი 1 სართული არის 185,01 კვ/მ საცხოვრებელი ფართით 121, 57, დამხმარე ფართი 26,28კვ/მ, დამხარე ნაგებობები ლიტ. ბ-ვ საერთო ფართი 30.0კვ/მ. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული მთლიანი შენობა-ნაგებობის ფართი ლიტ ა 1 სართული საერთო ფართი 30,12 კვ/მ.

კასატორები განმარტავენ, რომ ... 24-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით არსებული შენობა-ნაგებობის საერთო ფართი 1 სართული არის 185,01 კვ/მ საცხოვრებელი ფართი 121,57, დამხმარე ფართი 63,44 კვ/მ. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე არსებული ფართი 30.12 კვ/მ, სარდაფი 45,12 კვ/მ. მე-2 სართული მანსარდით საერთო ფართი 338,22 კვ/მ, დამხმარე ფართი 26,28 კვ/მ. კასატორები მიუთითებენ, რომ საჯარო რეესტრის 2014 წლის 10 სექტემბრის №2014053026-03 გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ვ. თ-ეს უარი ეთქვა ხარვეზის შესწორებაზე, რადგან ტექნიკური აღრიცხვის არქივში ... ქ.№24-ში მდებარე უძრავი ნივთის საინვენტარიზაციო გეგმაზე დატანილია მხოლოდ ორი დამხარე ნაგებობა ლიტ „ბ“ და ლიტ „გ“ რომლებზედაც კანონიერების საბუთი წარმოდგენილი არ არის. ინახება მხოლოდ ნებართვა გარაჟის აგების შესახებ. რაც შეეხება ცნობა-დახასიათებაში მითითებულ 30,12კვ/მ ფართს, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, წარმოადგენს ლიტ ა პირველ სართულზე მდებარე უკანონო ფართს. კასატორები აღნიშნავენ, რომ თბილისის არქიტექტურის სამსახურის №1614062 წერილში მითითებულია, რომ სამსახურმა შეისწავლა საკითხი და გამოარკვია, რომ საინვენტარიზაციო გეგმაზე დატანილი დამხმარე ნაგებობა ლიტ “გ“ წარმოადგენს საკადასტრო გეგმაზე ფიქსირებულ 3/1 შენობა-ნაგებობას, რომლის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2014 წლის 10 სექტემბრის №2014053026-03 გადაწყვეტილების შესაბამისად არ არის წარმოდგენილი. კასატორები მიუთითებენ, რომ ამ მტკიცებულებების მიმართ არანაირი ინტერესი არ გამოუჩენია სასამართლოებს და გამოიყენეს მხოლოდ მესამე პირის რეალურად მოპასუხე მხარის მიერ მოპოვებული №316014 2015 წლის 12 თებერვლის წერილი, რომელიც მიუთითებს, რომ სადავო ნაგებობა აღნიშნულია შავი კალმით და მიჩნეული უნდა იქნეს კანონიერ ნაგებობად. ყოფილი თანამესაკუთრე ლ-ესთან სიტყვიერი შეთანხმებით უნდა დანგრეულიყო №3 და №5 ნაგებობები. №5 ნაგებობა მოშალა ლ-ის უფლებამონაცვლე მესაკუთრე ჟ-ამ, ხოლო მეორე ნაგებობა უნდა მოეშალა ვ. თ-ეს, როდესაც მოხდა ყველა უკანონო ფართის, ვ-ის მიერ 22,5 კვ/მ, 5,4 კვ/მ და 15 კვ.მ ლეგალიზება, კასატორების ავტოფარეხის ლეგალიზება და ლ-ის მეორე სართულისა და მანსარდის ლეგალიზება, არ მოხდა ამ ორი უკანონო ნაგებობის დაკანონება. №3 ნაგებობის კანალიზაციისა და წყლის მილი დაზიანების გამო კასატორთა ავტოფარეხში ჩაედინებოდა წყალი, ამან გამოიწვია ავტოფარეხის ავარიულობა, რომელსაც ეყრდნობა მეორე სართულზე ასასვლელი მრავალტონიანი კიბე, რომლის ჩამოქცევის აშკარა საშიშროება არსებობს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ივნისის განჩინებით ვ. თ-ისა და ნ. თ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ვ. თ-ის მოთხოვნი ნაწილში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ივლისის განჩინებით ნ. თ-ისა და ვ. თ-ის საკასაციო საჩივარი ნ. თ-ის მოთხოვნის ნაწილში, როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. თ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 17 აპრილის №000004 დადგენილებით სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი გახდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 12 თებერვლის №31614 წერილში მითითებული გარემოება ქ. თბილისში, ... ქუჩა №24-ში მდებარე დამხმარე ნაგებობის (3/1) კანონიერების თაობაზე. საქმეში არსებული მასალებიდან და მხარეთა განმარტებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატაც დადასტურებულად მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულ საინვენტარიზაციო გეგმაზე დატანილ გენ. გეგმაზე, თბილისში, ... ქუჩა №24-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე, სხვა ლიტერებთან ერთად, ფიქსირდება შენობა-ნაგებობა ლიტერი „ვ“. საარქივო მასალაში არსებულ გენ. გეგმაზე დაფიქსირებული შენობა-ნაგებობა ლიტერი „გ“ და საინვენტარიზაციო გეგმაზე დატანილი ლიტერ „ვ“ წარმოადგენს ერთი და იგივე შენობა-ნაგებობას. საინვენტარიზაციო გეგმაზე დატანილი დამხმარე ნაგებობა ლიტერ „გ“, საკადასტრო გეგმაზე წარმოადგენს 3/1 შენობა-ნაგებობას. ამასთან, თბილისის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მიერ გაცემული №ლ-382 ცნობა-დახასიათების მიხედვით, ლიტერ „გ“ დაფიქსირებულია როგორც კანონიერი შენობა- ნაგებობა და გენ-გეგმაზე შემოხაზულია შავი კალმით. კასატორის მიერ სარწმუნოდ ვერ იქნა გაქარწყლებული ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებული სამართლებრივი შეფასებები, რის გამოც საკსაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო აქტები გამოცემულია „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“ დადგენილი წესის დაცვით.

კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. თ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 24 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე