#ბს-415-412(კ-17) 5 ოქტომბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ., რ. და ვ. ფ-ების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 21 სექტემბერს ი. გ-ამ და კ. ფ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, ხოლო მესამე პირებად მიუთითეს - თ. და რ. ფ-ები.
მოსარჩელეებმა მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან ზედდების ნაწილში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 21 ივლისის #... გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 2015 წლის 20 აგვისტოს #... და 2015 წლის 15 სექტემბრის #... გადაწყვეტილებების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2015 წლის 21 სექტემბრის #... და 2015 წლის 16 ოქტომბრის #882015460703–06 გადაწყვეტილებების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 9 ოქტომბრის #247752 და 2015 წლის 20 სექტემბრის #254812 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და ი. გ-ას და კ. ფ-ას მიერ ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურში 2015 წლის 14 აგვისტოს წარდგენილი განცხადების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელება მოითხოვეს.
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვის დროს საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ვ. ფ-ა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი. გ-ამ და კ. ფ-ამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი. გ-ას და კ. ფ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; ი. გ-ას და კ. ფ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 21 ივლისის #... გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონის სოფელ ... მდებარე 4002,00 კვ.მ (ს/კ ...) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის თ. და რ. ფ-ების საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ; დანარჩენ ნაწილში ი. გ-ას და კ. ფ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრეს თ., რ. და ვ. ფ-ებმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს.
კასატორების მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის და საკუთრების უფლების მოწმობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის #525 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი.
კასატორების მითითებით, იმის მიუხედავად, რომ რ. ფ-ას და თ. ფ-ას, როგორც აწ გარდაცვლილ ი. ფ-ას კომლის წევრებს, გააჩნიათ საარქივო ცნობა - საკომლო წიგნიდან ამონაწერი 1986-1990 და შემდგომი წლების მდგომარეობით 1ჰა მიწის ნაკვეთის (რომელშიც შედის სადავო 4002,00 კვ.მ მიწა) მფლობელობა-სარგებლობის შესახებ, პალატამ მაინც მიუთითა, რომ სადავო მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მართლზომიერება დამოკიდებულია იმაზე, არსებობს თუ არა რ. და თ. ფ-ებზე ამავე მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის დოკუმენტი. კასატორებმა დამატებით მიუთითეს, რომ სადავო მიწის ნაკვეთს ისინი ფლობენ, სარგებლობენ და შემოღობილი აქვთ წლების განმავლობაში, ასევე, გაშენებული აქვთ თხილის პლანტაცია, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულებით, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებებით, რომლებიც სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა.
ამასთან, კასატორების მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 3.6 მუხლი, ასევე მხედველობაში არ მიიღო „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 30-ე მუხლი.
კასატორების მოსაზრებით, თუკი სააპელაციო პალატამ არასაკმარისად მიიჩნია საქმეში არსებული მტკიცებულებები, თვითონ უნდა გამოეთხოვა საჯარო რეესტრიდან სარეგისტრაციო და საარქივო მასალები და თუ ამ მასალების შესწავლითაც გაუჭირდებოდა პალატას სწორი დასკვნის გაკეთება, მას შეეძლო ჩაეტარებინა ადგილზე დათვალიერება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ., რ. და ვ. ფ-ების საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ., რ. და ვ. ფ-ების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაუშვა სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კასატორებმა ვერ წარმოადგინეს დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2015 წლის 11 აგვისტოს აღიარა ი. გ-ას და კ. ფ-ას საკუთრების უფლება ზუგდიდის რაიონის სოფ. ... მდებარე 4284 მ2 და 3526 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, როგორც თვითნებურად დაკავებულ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. 2015 წლის 14 აგვისტოს ი. გ-ამ და კ. ფ-ამ განცხადებით მიმართეს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვეს წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე. სარეგისტრაციო სამსახურმა ორივე ნაკვეთთან დაკავშირებით შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება, რადგან დაფიქსირდა ზედდება რეგისტრირებულ მონაცემებთან საკადასტრო კოდით .... ზედდებაში არსებული მიწის ნაკვეთი (ს/კ ....) საჯარო რეესტრში პირველად რეგისტრირებული იყო 2015 წლის 21 ივლისს, მესაკუთრეები: რ. ფ-ა და თ. ფ-ა. რეგისტრაციის საფუძვლად გამოყენებულია საარქივო ცნობა (საკომლო წიგნიდან ამონაწერი). საქმეში დაცული საარქივო ცნობების თანახმად, ი. ვ. ფ-ას კომლს (კომლის წევრები: თ. და რ.ი ფ-ები) ერიცხებოდა 1 ჰა მიწის ნაკვეთი.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას სარეგისტრაციო სამსახური „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ვალდებული იყო გამოეკვლია და შეესწავლა მონაცემები იმ მიწის ნაკვეთის შესახებ, რომელზედაც საკუთრების უფლება მოიპოვეს რ. და თ. ფ-ებმა. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უპირველესად დადგენილი უნდა ყოფილიყო ი. გ-ას და კ. ფ-ას საკუთრებაში დასარეგისტრირებელი მიწის ნაკვეთის კონკრეტული ადგილმდებარეობა, მიწის ნაკვეთის საზღვრები და ფართობის ზუსტი ოდენობა.
სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მესამე პირების სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა კანონის მოთხოვნათა დარღვევით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების სათანადო გამოკვლევისა და წარდგენილ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერების გარეშე. მარეგისტრირებელ ორგანოს არ გააჩნდა საკმარისი საფუძველი განეხორციელებინა რ. ფ-ასა და თ. ფ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაცია სადავო მიწის ნაკვეთზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ., რ. და ვ. ფ-ების საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი