Facebook Twitter

საქმე # 180310016001510826

საქმე Nბს-603-600(კ-17) 3 ოქტომბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (მომხსენებელი, თავჯდომარე)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - თ. უ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდვალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდვიდვალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება, იძულებითი განაცდურის მიუღებელი ყოველთვიური ფულადი სარგოს გადახდევინების დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თ. უ-მა 2016 წლის 19 სექტემბერს სარჩელი აღძრა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის - თ. უ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ვ. ჩ-ის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - 2016 წლის 25 აგვისტოს N1163 ბრძანების ბათილად ცნობა; თ. უ-ის დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და მოპასუხე - დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის მოსარჩელე - თ. უ-ის სასარგებლოდ, დაკავებული თანამდებობიდან უკანონო გათავისუფლების მიზეზით, იძულებითი განაცდურისა და მიუღებელი ყოველთვიური ფულადი სარგოს გადახდევინება ყოველთვიურად - 1040 ლარის ოდენობით, სადავო ადმინისტრაციული აქტის 2016 წლის 25 აგვისტოს №1163 ბრძანების გამოცემიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. უ-ის სარჩელი მოპასუხე დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ვ. ჩ-ის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, 2016 წლის 25 აგვისტოს №1163 ბრძანება - დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის - თ. უ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; მოპასუხე დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელის, თ. უ-ის დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ; დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაეკისრა მოსარჩელე თ. უ-ის სასარგებლოდ, დაკავებული თანამდებობიდან უკანონო განთავისუფლების მიზეზით, იძულებითი განაცდურის, მიუღებელი ყოველთვიური ფულადი სარგოს გადახდევინება ყოველთვიურად 1040.00 (ათასორმოცი) ლარის ოდენობით, სადავო ადმინისტრაციული აქტის 2016 წლის 25 აგვისტოს №1163 ბრძანების გამოცემიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 21 მარტის განჩინებით დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო პალატის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი. კერძოდ: საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ ქვეპუნქტის, 57-ე მუხლის პირველი პუნქტის, 59-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 სექტემბრის დადგენილების, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი „საერთო წესისაგან განსხვავებული სამართლებრივი რეჟიმი“. კასატორი მიუთითებს , რომ მოქმედი კანონმდებლობა ანიჭებს გამგებელს უფლებას საკუთარი შეხედულებისამებრ, საკუთარი პასუხისმგებლობით შეარჩიოს გამგებლის მოადგილეები, მის წინაშე კანონით დასმული ამოცანების ეფექტური განხორციელების მიზნით. კანონმდებლობა არ ითვალისწინებს რაიმე სამართლებრივი წინაპირობის არსებობის საჭიროებას.

კასატორი აღნიშნავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ საჭიროებს დასაბუთებას თუ დაინტერესებული მხარისთვის ცნობილია ის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები, რომლის საფუძველზეც გამოიცა ეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. კასატორი მიუთითებს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ„ საქართველოს კანონი, რომელიც მკაფიოდ ადგენს, რომ გამგებლის მოადგილე წარმოადგენს პოლიტიკური თანამდებობის პირს, რომელზეც არ ვრცელდება აღნიშნული კანონის მოქმედება. ახალი კანონის შინაარსიდან დასტურდება, რომ გამგებლის მოადგილე არ წარმოადგენს „რიგით საჯარო მოხელეს“, ის პოლიტიკური თანამდებობის პირია და მისი თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების შემთხვევაში, დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირი არ არის შეზღუდული საჯარო სამსახურის შესახებ კანონით დადგენილი პირობით. „სასამართლო განმარტავს, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობა არ ავალდებულებს გამგებელს დაასაბუთოს გამგებლის მოადგილის, როგორც თანამდებობაზე დანიშვნის, ასევე გათავისუფლების გადაწყვეტილება და აქტში მიუთითოს დანიშვნის ან გათავისუფლების კონკრეტული მიზეზი.

კასატორი მიუთითებს, რომ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი სრულ თავისუფლებას ანიჭებს გამგებელს საკუთარი პასუხისმგებლობით შეარჩიოს გამგებლის მოადგილე, განსაზღვროს მისი კვალიფიციურობა, ხელმძღვანელობითი ფუნქციების განხორციელებისადმი სანდოობა და ისე მიიღოს გადაწყვეტილება კონკრეტული კადრის შერჩევაში; გამგებლის მოადგილის თანამდებობაზე გამწესება და გათავისუფლება მთლიანად დამოკიდებულია გამგებელზე. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება, ბუნდოვანს ხდის თვითმმართველობის კოდექსის ცალკეული ნორმების შინაარსს.

კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლო დაეყრდნო კანონის იმ ნორმას, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ: გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში სასამართლო უთითებს, რომ მოსარჩელე უნდა აღდგეს შესაბამის თანამდებობაზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ამასთან უნდა აუნაზღაუროს განაცდური, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის საფუძველზე. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 პუნქტით განსაზღვრულია, რომ გადაწყვეტილებაში მითითებული ამ მუხლების მოქმედება არ ვრცელდება გამგებლის მოადგილეზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ივნისის განჩინებით დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შეამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ თ. უ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 25 აგვისტოს №1163 ბრძანების გამოცემისას დაირღვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნები, ვინაიდან გასაჩივრებული აქტი საერთოდ არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რატომ გათავისუფლდა მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან. ფაქტიურად მოსარჩელის გათავისუფლება მოხდა მხოლოდ გამგებელის ნების საფუძველზე ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. შესაბამისად, დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლის მოთხოვნები, რამდენადაც დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი უფლებამოსილი არ იყო მისი მოადგილე თანამდებობიდან უპირობოდ გაეთავისუფლებინა, მართალია ეს ფუნქცია გამგებლის უფლებამოსილებას წარმოადგენს, თუმცა ის ამ უფლების განხორციელებისას შეზღუდულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია კასატორის განმარტება იმის შესახებ, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობა არ ავალდებულებს გამგებელს, დაასაბუთოს მისი მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება, და აქტში მიუთითოს გათავისუფლების კონკრეტული მიზეზი.

კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე