#ბს-627-623(2კ-17) 5 ოქტომბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 28 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 19 ივნისს ჯ. და ა. ა-ეებმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის - ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ.
მოსარჩელეებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 აპრილის ადმინისტრაციული წარმოების ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმის #1 გადაწყვეტილების და ჯ. და ა. ა-ეების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარის 2015 წლის 20 მაისის #27 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ო. ა-ე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებით ჯ. ა-ისა და ა. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციული წარმოების ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმის 2015 წლის 20 აპრილის №1 გადაწყვეტილება და ჯ. და ა. ა-ეების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 მაისის №27 ბრძანება; მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაევალა ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (გადაწყვეტილება) გამოცემა ჯ. და ა. ა-ეებისათვის კომპენსაციის გაცემის შესახებ განცხადებასთან დაკავშირებით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 28 დეკემბრის განჩინებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 28 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ და ო. ა-ემ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ივლისის განჩინებით დაუშვებლობის გამო განუხილველი დარჩა ო. ა-ის საკასაციო საჩივარი.
ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი.
კასატორი - ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო აღნიშნავს, რომ სოფელ ... მცხოვრებ მოქალაქეთა შორის წამოჭრილ სადავო საკითხებთან დაკავშირებით არაერთი მოსმენა გაიმართა და მიუხედავად ჯგუფის არაერთი მცდელობისა, მხარეთა შორის ვერ შედგა მორიგება. აღნიშნულის გათვალისწინებით, ჯგუფი ვალდებული იყო მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება წარდგენილი მტკიცებულებების შესაბამისად, ვინაიდან სადავო მიწის ნაკვეთზე დაწყებული იყო გზის მშენებლობა, მისი მფლობელის იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო, ხოლო მოწმეთა ჩვენებები - არასარწმუნო, ვინაიდან ისინი ურთიერთგამომრიცხავ გარემოებებს ადასტურებდნენ. შესაბამისად, საკითხის გადაწყვეტის ერთ-ერთი საუკეთესო გზა იყო მორიგება და აღნიშნულის მიუღწევლობის შემთხვევაში, მტკიცებულებებზე დაყრდნობით უნდა მიღებულიყო საბოლოო გადაწყვეტილება.
კასატორი აღნიშნავს, რომ მტკიცებულებებით ვერ დგინდება მოთხოვნილ მიწებს შორის გადაფარვისა და იმის დადგენა, აღნიშნული მიწის ნაკვეთები ჩამორთმეულ კატეგორიაშია თუ არა, ვინაიდან საარქივო ცნობას არ ახლავს ჩამორთმეული მიწის ნაკვეთის ნახაზი.
ასევე, მოცემულ შემთხვევაში ვერ იქნა დადგენილი დღეის მდგომარეობით ვერც ერთი მხარის სარგებლობაში არსებობის ფაქტი. აღნიშნულის გათვალისწინებით, ჯ. და ა. ა-ეს უარი ეთქვათ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, შემდეგ გარემოებათა გამო: 1. მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე უკვე გადის ავტობანი და ადგილზე დათვალიერებით მფლობელის ვინაობა ვერ დადგინდება; 2. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა მიერ წარმოდგენილი აზომვითი ნახაზებით და ელექტრონული გადამოწმების შედეგად, ადგილი აქვს გადაფარვას; 3. მოწმეების დაკითხვა არასარწმუნოა, ვინაიდან ისინი ურთიერთგამომრიცხავ გარემოებებს ადასტურებენ; 4. სოფლის ტერიტორიულ ორგანოს უკვე მიწოდებული აქვს მის ხელთ არსებული ინფორმაცია დეპარტამენტისთვის და სხვა ახალ გარემოებას ვერ დაადასტურებენ; 5. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე არ არის დაცული საარქივო დოკუმენტაცია.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორის მოსაზრებით, არ არსებობს საქმის უკან დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან ადმინისტრაციულმა ორგანომ სწორად იმსჯელა ადმინისტრაციული წარმოების დროს და ძალაში დატოვა ჯგუფის გადაწყვეტილება. გარდა ამისა, ჯგუფი შექმნილი იყო გარკვეული ვადით, დროებით და დღეის მდგომარეობით ის არ ფუნქციონირებს და შესაბამისად, საქმის ხელახალ განხილვას ვერ განახორციელებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინიტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ ჯ. და ა. ა-ეების მიერ მიწის ნაკვეთით სარგებლობის ფაქტის დასადგენად ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის მიერ ამომწურავად უნდა ყოფილიყო შესწავლილი კონკრეტული მიწის ნაკვეთების მდებარეობა, დანიშნულება, აგრეთვე ის გარემოება, ყოველწლიურად ხდებოდა თუ არა მიწის ნაკვეთის გამოყენება, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, მიწის ნაკვეთით სარგებლობდნენ მოსარჩელეები, თუ ნაკვეთები სხვა პირთა ფაქტობრივ მფლობელობაში იყო. ამასთან, საკითხის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი იყო მიწის ნაკვეთით სარგებლობის ფაქტის დადგენა არა ამ გზის მონაკვეთზე მშენებლობის დასრულების შემდეგ, არამედ საქართველოს მთავრობასა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე ჩოლოქი-სარფის გზის ახალი მიმართულების (ქ. ბათუმისა და ქ. ქობულეთის შემოვლით) მშენებლობის დაწყების დროისათვის. ამის ნაცვლად, საკრებულო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ადგილზე დათვალიერებითა და სხვა საპროცესო მოქმედებებით შეეცადა გამოეკვლია და დაედგინა ფაქტობრივი გარემოებები მიწის ნაკვეთით სარგებლობის შესახებ, დღეის მდგომარეობით, რაც არ შეიძლება გახდეს საფუძველი იმ საკითხის გადასაწყვეტად, მოსარჩელეები უნდა ყოფილიყვნენ თუ არა შეყვანილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილ ბენეფიციართა კომპენსაციის მიღების მქონე პირთა სიაში.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად შეაფასა ის გარემოება, რომ შემოვლითი გზის პროექტის განხორციელებისა და მშენებლობის დასრულების შედეგად, სადავო მიწის ნაკვეთს დაეკარგა ის დანიშნულება და სარგებლობა-გამოყენების შესაძლებლობა, რაც მშენებლობის დაწყებამდე გააჩნდა. ამიტომ გასაჩივრებულ აქტში იმ გარემოებაზე მითითება (დასკვნა), რომ მიწის ნაკვეთზე უკვე გადის შემოვლითი გზა და არ დგინდება სარგებლობის ფაქტი, არ შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მიწის ნაკვეთების რეალურ მფლობელთა იდენტიფიცირებისა და დაზუსტებული მონაცემების მოსაძიებლად, სრულყოფილი და ამომწურავი გამოკვლევის საფუძველზე მიღებულ დასკვნად.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 28 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი