#ბს-648-644(კ-17) 5 ოქტომბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 13 ივნისს მ. მ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2016 წლის 28 აპრილის #15060 ბრძანების ბათილად ცნობა, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის მ. მ-ის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარ სამმართველოში ტოლფას (მსგავს) თანამდებობაზე აღდგენის და 2015 წლის 23 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2016 წლის 28 აპრილის #15060 ბრძანება მ. მ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, მოსარჩელესთან მიმართებაში, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; მ. მ-ის სარჩელი სამსახურში აღდგენისა და იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურების დავალების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 აპრილის განჩინებით საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა კანონი, რადგან ადმინისტრაციულმა ორგანომ მ. მ-ის სამსახურიდან დათხოვნის გადაწყვეტილება მიიღო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლების შესაბამისად საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე, რაც დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ, სადავო აქტის გამოცემას საფუძვლად დაედო კომისიური წესით შედგენილი მოხსენებითი ბარათი, რომელშიც მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისი მტკიცებულებები აბათილებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, თითქოსდა ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია და არ შეისწავლა გარემოებები.
კასატორი აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები თანხვედრაშია მის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებთან, რითაც დასტურდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენა და გამოკვლევა. კერძოდ, სამსახურის უფროსის 2015 წლის 23 თებერვლის #08 და #10 ბრძანებებით დასტურდება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აჭარის ა/რ მთავარ სამმართველოში განხორციელებული რეორგანიზაციის ფაქტი, რომელსაც სხვა ცვლილებებთან ერთად მოჰყვა სამი საშტატო ერთეულის გაუქმება, მათ შორის იმ საშტატო ერთეულის, რომელზეც დანიშნული იყო მ. მ-ე. ასევე, სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია სამუშაო ჯგუფის მიერ წარმოდგენილ მოხსენებით ბარათში მოყვანილ არგუმენტებსა და ფაქტებზე, რაც საფუძვლად დაედო 2016 წლის 28 აპრილის #15060 ბრძანების გამოცემას.
კასატორის განმარტებით, მ. მ-ის სამსახურიდან დათხოვნა განხორციელდა არა რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების საფუძველზე, არამედ მისი კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო, რასაც „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის გამოყენების კანონიერებაზე და აქედან გამომდინარე წარმოშობილ სამართლებრივ შედეგებზე.
კასატორი აღნიშნავს, რომ ატესტაცია-ტესტირების თაობაზე ეცნობა მ. მ-ეს და განემარტა, რომ მონაწილეობის მიღების შემთხვევაში, ამ ღონისძიებათა შედეგები სამსახურს ესახებოდა ლოგიკურ საფუძვლად შემდგომი საკადრო გადაწყვეტილებების მისაღებად, რაზეც მან უარი განაცხადა და მოითხოვა სამსახურში უპირობო აღდგენა. მ. მ-ის ამგვარმა ქმედებამ ადმინისტრაციულ ორგანოს არ დაუტოვა სამართლებრივი მექანიზმი მიეღო გადაწყვეტილება პროფესიული უნარ-ჩვევების საფუძველზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინიტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ სამსახურის უფროსის 2015 წლის #08 ბრძანების საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარ სამმართველოში, სტრუქტურული ცვლილებებისა და საშტატო ოპტიმიზაციის საჭიროების გამო, განხორციელდა რეორგანიზაცია. რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2015 წლის 23 თებერვლის #5799 ბრძანებით, 2015 წლის 23 თებერვლიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს პირადი შემადგენლობა, მათ შორის მ. მ-ე, გადაყენებულ იქნენ დაკავებული თანამდებობებიდან და აყვანილ იქნენ კადრების განკარგულებაში.
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2016 წლის 28 აპრილის #15060 ბრძანების თანახმად, #3/5992–15 ადმინისტრაციულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მ. ტ. მ-ის (პირადი #...) სამსახურიდან დათხოვნასთან დაკავშირებული საქმის გარემოებების დამატებით, კომისიური წესით ჩატარებული გამოკვლევებისა და შეფასების საფუძველზე (მოხსენებითი ბარათი) სახელმწიფო დაცვის უფროსი ლეიტენანტი მ. ტ. მ-ე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან დათხოვნილად ჩაითვალა 2015 წლის 23 ივნისიდან კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ ჯეროვნად არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და არ დაადგინა რეორგანიზაცია ქმნიდა თუ არა მოსარჩელის გათავისუფლების საფუძველს.
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-111 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურე სამსახურში შტატების შემცირების, რეორგანიზაციის, ატესტაციის შედეგების გათვალისწინებით, მხარეთა შეთანხმების, სამსახურებრივი მოკვლევის, პირადი პატაკის საფუძველზე ან მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ისეთ საპროცესო ღონისძიებათა გამოყენების შემთხვევაში, რომლებიც გამორიცხავს მის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების შესაძლებლობას ან მიზანშეწონილობას, შესაბამისი თანამდებობიდან გადაყენებით შეიძლება აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში. სამსახურში შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციისას კადრების განკარგულებაში მყოფ მოსამსახურეს, გარდა მოსამსახურისა, რომლის მიმართაც გამოყენებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული იძულების ღონისძიება, კადრების განკარგულებაში ყოფნის პირველი თვის განმავლობაში შეიძლება დაეკისროს სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულება კადრების განკარგულებაში აყვანამდე დაკავებული თანამდებობის მიხედვით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ თავისთავად მხოლოდ რეორგანიზაცია არ შეიძლება გახდეს მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი. მოხელის გასათავისუფლებლად აუცილებელია რეორგანიზაციას თან სდევდეს შტატების შემცირება. მაგრამ როდესაც შტატები სრულად არ უქმდება და ფუნქციურად იცვლება, ასეთ შემთხვევაში გათავისუფლებაზე უფლებამოსილი პირი იღებს გადაწყვეტილებას ერთსა და იმავე პოზიციაზე დანიშნული რომელი მოხელე გაათავისუფლოს და რომელი დატოვოს თანამდებობაზე.
ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიიჩნიეს, რომ მართალია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2016 წლის 28 აპრილის #15060 ბრძანება გამოცემულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, თუმცა აღნიშნული აქტის შინაარსით დგინდება, რომ რეალურად არ შესრულებულა სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი აუცილებელი პირობები - სადავო აქტის გამოცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისას ადმინისტრაციულ ორგანოს საერთოდ არ უმსჯელია, თუ რატომ არ შეესაბამებოდა კვალიფიკაციით და უნარ-ჩვევებით მ. მ-ე რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებული სამსახურის მოთხოვნებს (გარდა ზოგადი მითითებებისა, რომ პროფესიული უნარ-ჩვევები და გამოვლენილი სამუშაო შედეგები მ. მ-ეს არ აძლევს რაიმე უპირატესობას იმისათვის, რომ იგი დანიშნულიყო მთავარი სამმართველოს საქმისწარმოების განყოფილებაში სხვა რომელიმე დარჩენილ თანამდებობაზე, ხოლო რეორგანიზაციამდე მასზე მყოფი მოსამსახურე, მ. მ-ის უპირატესი უფლების რეალიზაციის შედეგად დატოვებული ყოფილიყო კადრების განკარგულებაში. იხ. აქტის გამოცემის საფუძველი - მოხსენებითი ბარათი), შესაბამისად, აქტის გამომცემ ორგანოს არ დაუდგენია, თუ რა უპირატესობა გააჩნდათ მოსარჩელესთან შედარებით იმ თანამშრომლებს, რომლებიც დარჩნენ თანამდებობებზე და რატომ იყო შეუძლებელი მ. მ-ისათვის სხვა თუნდაც უფრო დაბალი თანამდებობის შეთავაზება. ამ პირობებში, ადმინისტრაციულმა ორგანომ კვლავ გამოსცა ბრძანება მ. მ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება გულისხმობდა სადავო საკითხის ხელახლა გადაწყვეტას აღნიშნულ წარმოებასთან დაკავშირებული საქმის გარემოებების ხელახალი აუცილებელი განხილვითა და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი