#ბს-654-650(კ-17) 19 ოქტომბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. წ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 5 ივლისს ნ. წ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ მისი თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2016 წლის 25 მაისის #3533/21 ბრძანების ბათილად ცნობა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის ნ. წ-ის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის იურისტის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ნ. წ-ისთვის განთავისუფლების დღიდან მის აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური ოდენობით, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებით ნ. წ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. წ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 აპრილის განჩინებით ნ. წ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. წ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით დავალებული ჰქონდა იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომლებისა და ნ. წ-ის კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარ-ჩვევების შედარებითი ანალიტიკური კვლევა, რაც ბუნებრივია, მოიაზრებდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების გზით, საქმის გარემოებათა გამოკვლევას, მასში დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობას, წარდგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევას და ა.შ. ამ მოცემულობაში სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ სასამართლო გადაწყვეტილების შესრულების უზრუნველსაყოფად შექმნილი კომისია საკონკურსო „კომისიის“ სტატუსის მატარებელია, სრულიად გაუგებარია.
კასატორისთვის პასუხგაუცემელია კითხვები: ვის მიერ იქნა შედგენილი შემცირებულ მოხელეთა სია, შტატების შემცირებისას დადგენილი იყო თუ არა რაიმე სახის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რა ფაქტობრივი გარემოებები დაედო საფუძვლად იმ 6 მოხელის „შეუმცირებლობას“, რომელთაც ხელმძღვანელობამ სამსახურში დარჩენის უპირატესი უფლება მიანიჭა. კასატორისთვის გაუგებარია, რა კრიტერიუმები დაუდეს საფუძვლად ხელმძღვანელმა პირებმა მის სამსახურიდან დათხოვნას. კასატორის მითითებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში არ მოიპოვება რეორგანიზაციის განმახორციელებელი პირების მიერ შედგენილი არანაირი დოკუმენტი (დასკვნა, ოქმი), რომელშიც ასახული იქნება მათ მიერ გაწეული სამუშაო, გადაწყვეტილების მიღების საფუძვლები ან ფაქტობრივი გარემოებები.
კასატორისთვის გაუგებარია, როდის და რა ფორმით გამოკითხეს ლ.თ-ა და ი.ზ-ი, მაშინ, როცა კომისიის სხდომაზე დამსწრე პირებს შორის არცერთი არ ფიქსირდება.
კასატორს მიაჩნია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი კომისიის 2016 წლის 7 აპრილის, 13 აპრილის და 19 მაისის სხდომის ოქმები დაუსაბუთებელი, არაკვალიფიციური და აბსტრაქტული ხასიათის დოკუმენტებია.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ მიუთითა მე-17 მუხლის რომელი ნაწილით ხელმძღვანელობს, თუმცა აკეთებს მე-17 მუხლის პირველი ნაწილის პერიფრაზს. კასატორისთვის გაუგებარია, რა მოტივით არ იყენებს სასამართლო მე-17 მუხლის მე-2 ნაწილს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. წ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. წ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით გათვალისწინებული დავალების შესრულების უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორმა 2016 წლის 10 მარტს გამოსცა „რეორგანიზაციის პროცესში შემცირების გამო ნ. წ-ის განთავისუფლების გარემოებების გამოკვლევის კომისიის შექმნის თაობაზე“ #1537/21 ბრძანება, რომლითაც შეიქმნა კომისია 2013 წლის 19 აგვისტოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში განხორციელებული რეორგანიზაციის პროცესში შემცირების გამო ნ. წ-ის განთავისუფლებასთან დაკავშირებული საქმის გარემოებების გამოკვლევის მიზნით.
საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 7 აპრილის სხდომის #1 ოქმის (#2203/35) მიხედვით, ასევე დადგენილია, რომ აღნიშნულ სხდომაზე კომისიამ განიხილა საქართველოს გენერალური აუდიტორის 2013 წლის 19 აგვისტოს #164/37 ბრძანების საფუძველზე განხორციელებული რეორგანიზაციის პროცესი. გამოარკვია, რომ აღნიშნული რეორგანიზაციის მიზანშეწონილობა განპირობებული იყო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციებით, რომელთა არგათვალისწინება სერიოზულ საფრთხეს შეუქმნიდა პარტნიორებთან მომავლ თანამშრომლობას, რაც თავის მხრივ, უარყოფით ზეგავლენას მოახდენდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შემდგომ ინსტიტუციურ განვითარებასა და თანამედროვე ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების საქმეზე. რეკომენდაციათა თანახმად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში აუდიტორულ და არააუდიტორულ თანამშრომელთა სწორი და მისაღები თანაფარდობის მისაღწევად აუცილებელი იყო სათანადო რეორგანიზაციული ქმედებების განხორციელება და არააუდიტორულ თანამშრომელთა შემცირება.
ასევე, დადგენილია, რომ შესამცირებელ თანამშრომელთა შერჩევას ახორციელებდნენ გენერალური აუდიტორი და გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილე. შერჩევის მიზნით, ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მიერ წარდგენილ იქნა მათ ხელთ არსებული ამომწურავი ინფორმაცია რეორგანიზაციას დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების ყველა თანამშრომელზე, მათი პირადი საქმეების სახით. სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების მიერ წარდგენილ იქნა თითოეული თანამშრომლის დახასიათება - შეფასება.
ოქმის თანახმად, კომისიამ გამოკითხა შერჩევის განმახორციელებელი თანამდებობის პირები და დაადგინა, რომ მათ მიერ შერჩევა განხორციელდა რეორგანიზაციას დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების თითოეული თანამშრომლის მონაცემთა შედარებითი ანალიზის საფუძველზე. შესწავლისა და შედარების კრიტერიუმებად გამოყენებულ იქნა თითოეული თანამშრომლის განათლება, კვალიფიკაცია, პროფესიული უნარ-ჩვევები, დამოკიდებულება შრომის დისციპლინისადმი, კოლეგებისა და ზოგადად სამსახურისადმი, სტრუქტურულ ერთეულში საქმის გადანაწილება და თითოეული თანამშრომლის მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობა და ხარისხი, კორპორატიული სულისკვეთების გამოვლენა, ინიციატივიანობა და კრეატიულობა. ზემოხსენებულ კრიტერიუმთა შესაბამისად, თითოეული თანამშრომლის მონაცემთა ურთიერთშედარებისა და ანალიზის საფუძველზე, კარგსა და უკეთესს შორის არჩევანის გაკეთების გზით, მიღებულ იქნა საბოლოო გადაწყვეტილება შესამცირებელ თანამშრომელთა თაობაზე.
ამდენად, 2016 წლის 7 აპრილით, 13 აპრილით და 19 მაისით დათარიღებული ოქმების შესწავლით დადგინდა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა კოლეგიურად, კომისიის მეშვეობით, მოხელეთა უპირატესობების გამოვლენის მიზნით, არსებითად სხვა საჯარო მოხელეებისა და ნ. წ-ის კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარ-ჩვევების შედარებითი (ანალიტიკური) კვლევა ჩაატარა; ამგვარი გამოკვლევის შედეგად მიღებულ დასკვნაში აღინიშნა, რომ რეორგანიზაციის პროცესში განხორციელდა იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომლების მონაცემთა (განათლება, კვალიფიკაცია, პროფესიული უნარ - ჩვევები და ა.შ) შედარება და შემცირებულ საშტატო ერთეულებზე თანამშრომელთა შერჩევა განხორციელდა აღნიშნული მონაცემების საფუძველზე, რის გამოც, კომისიამ დაასკვნა, რომ რეორგანიზაციის შედეგად შტატების შემცირების საფუძველზე, თანამშრომელთა შერჩევა კანონიერად განხორციელდა და ამის გამო, მიზანშეწონილი იყო გენერალური აუდიტორის მიერ ახალი, შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. შესაბამისად, აღნიშნულმა კომისიამ, მიუხედავად იმისა, რომ დასკვნის სარეზოლუციო ნაწილში ნ. წ-ის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება დაადგინა, არსებითად საჯარო მოხელეთა საკონკურსო შეფასება განახორციელა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას და საქმეში არსებულ მასალებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სრულყოფილად და კანონიერად შეასრულა სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გათვალისწინებული დავალება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. წ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი