#ბს-657-653(კ-17) 19 ოქტომბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 3 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 20 ოქტომბერს ა. ხ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 29 სექტემბრის #04/74100 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ა. ხ-ისათვის მისი დედის გარდაცვალებამდე მიუღებელი პენსიის თანხის (2015 წლის აპრილისა და მაისის თვეები) ანაზღაურების დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით ა. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 29 სექტემბრის #04/74100 გადაწყვეტილება; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ო. ხ-ის მემკვიდრეს - ა. ხ-ს აუნაზღაუროს მისი დედის გარდაცვალებამდე მიუღებელი პენსიის თანხა (2015 წლის აპრილისა და მაისის თვეები).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 3 მაისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 3 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, „სახელმწიფო პენსიის /საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პენსიონერის გარდაცვალების შემთხვევაში, გარდაცვალებამდე მიუღებელი საპენსიო თანხები პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებზე ან სამკვიდრო მოწმობის მფლობელებზე იმ შემთხვევაში გაიცემა, თუ მოთხოვნა შეჩერებული პენსიის განახლების შესახებ განხორციელებულია პენსიონერის სიცოცხლეში. კასატორის მითითებით, გარდაცვალებამდე მიუღებელი გასაცემლის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, არც ბენეფიციარს და არც მისი რწმუნებით აღჭურვილ პირს პენსიონერის სიცოცხლეში არ მიუმართავს. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, პენსიის გაცემის ორგანიზება ხდება მინისტრის ნორმატიული აქტით დადგენილი წესითა და პირობებით.
კასატორის მითითებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვალის #46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსიონერის გარდაცვალებამდე მიუღებელი საპენსიო თანხები პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებზე (შვილები, მშობლები, მეუღლე) ან სამკვიდრო მოწმობის მფლობელებზე (ანდერძით ან კანონით მემკვიდრე) გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნა, შეჩერებული პენსიის გაახლების შესახებ, პენსიონერის ან რწმუნებით აღჭურვილი პირის მიერ განხორციელებულია პენსიონერის სიცოცხლეში. პენსია გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ: ა) პენსიონერის გარდაცვალებამდე კუთვნილი მიუღებელი საპენსიო თანხა მოქმედი კანონმდებლობის დაცვით ჩარიცხულია საბანკო ანგარიშზე ან მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით საპენსიო თანხა არ არის ჩარიცხული საბანკო ანგარიშზე; ბ) მოთხოვნა, შეჩერებული პენსიის განახლების შესახებ, პენსიონერის ან რწმუნებით აღჭურვილი პირის მიერ განხორციელებულია პენსიონერის სიცოცხლეში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით, სახელმწიფო გასაცემლის შეჩერებიდან გარდაცვალებამდე მიუღებელი სექტემბრის თვის სახელმწიფო გასაცემლის 604 ლარის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
აქვე კასატორი მიუთითებს ანალოგიურ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელშიც პენსიის გაცემის შეჩერებასთან დაკავშირებით, პალატა განმარტავს, რომ, „ამავე კანონის მე–16 მუხლის შესაბამისად, მისი საფუძველია პირის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობა და პირის წინასწარ პატიმრობაში ყოფნა, შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ კი წარსული დროისათვის მიუღებელი თანხა ანაზღაურდება შეჩერებიდან არა უმეტეს 1 წლის პერიოდისათვის. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–18 მუხლის მიხედვით, პენსია, რომელიც პირს ეკუთვნოდა და მისი გარდაცვალების დროისათვის არ იქნა მიღებული, მიეცემა მის მემკვიდრეებს, თუ მათ მიუღებელი თანხისათვის მიმართეს პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს ერთი წლისა. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე–8 მუხლის 1–ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსია შეჩერდება იმ გარემოებების არსებობისას, როდესაც საპენსიო ანგარიშებიდან თანხები გაიცემა მინდობილობით და მინდობილობის გაცემიდან 1 წლის გასვლის შემდეგ არ მოხდებოდა მინდობილობის განახლება. პალატა იზიარებს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს პოზიციას და განმარტავს, რომ „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე–10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსიონერის გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვალებამდე მიუღებელი საპენსიო თანხები პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებზე (შვილები, მშობლები, მეუღლე) ან სამკვიდრო მოწმობის მფლობელზე (ანდერძით ან კანონით მემკვიდრე) გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნა შეჩერებული პენსიის განახლების შესახებ, პენსიონერის ან რწმუნებით აღჭურვილი პირის მიერ განხორციელებულია პენსიონერის სიცოცხლეში. შესაბამისად, მოთხოვნა, რომელიც განხორციელდა პენსიონერის გარდაცვალების შემდგომ, არ წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს“.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
თავდაპირველად საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ა. ხ-ის სასარგებლოდ გარდაცვლილი დედის - ო. ხ-ის მიუღებელი კუთვნილი პენსიის დაკისრების საფუძვლიანობა წარმოადგენს.
საქართველოს კანონმდებლობით ხანდაზმულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაციას განსაზღვრავს საქართველოს კანონი „სახელმწიფო პენსიის შესახებ“, რომელიც არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტისა და პენსიის მიღების ზოგად წესებს. მითითებული კანონის ძირითადი პრინციპებია: ადამიანის უფლებების დაცვა, კანონის წინაშე თანასწორობა, საყოველთაობა, პენსიის მიღების სახელმწიფო გარანტია და ა.შ. პენსიის მიღებასთან დაკავშირებულ სამართალურთიერთობებს არეგულირებს ასევე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის #46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესი“.
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლი არეგულირებს პენსიის შეჩერებისა და განახლების წესსა და პირობებს, კერძოდ, 1-ლი პუნქტის თანახმად, პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) შეჩერდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან: ა) პირის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობისას; ბ) პირის წინასწარ პატიმრობაში ყოფნისას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კი პენსიის მიღება განახლდება პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) განახლდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და ანაზღაურდება მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა პენსიის შეჩერების დღიდან: ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − პენსიონერის მიერ კომპეტენტური ორგანოსთვის პენსიის განახლების თაობაზე განცხადების წარდგენის შემდეგ; ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანისას. ამავე კანონის მე-18 მუხლი არეგულირებს მიუღებელი პენსიის აღების წესს პირის გარდაცვალების შემთხვევაში, კერძოდ, პენსია, რომელიც პირს ეკუთვნოდა და მისი გარდაცვალების დროისათვის არ იქნა მიღებული, მიეცემა მის მემკვიდრეებს, თუ მათ მიუღებელი თანხისთვის მიმართეს პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს ერთი წლისა. აღნიშნული საკითხის სხვაგვარი რეგულაცია მოცემულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის #46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-10 მუხლში, რომლის შესაბამისად, 1. პენსიონერის გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვალებამდე მიუღებელი საპენსიო თანხები პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებზე (შვილები, მშობლები, მეუღლე) ან სამკვიდრო მოწმობის მფლობელზე (ანდერძით ან კანონით მემკვიდრე) გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ: ა) პენსიონერის გარდაცვალებამდე კუთვნილი მიუღებელი საპენსიო თანხა მოქმედი კანონმდებლობის დაცვით ჩარიცხულია საბანკო ანგარიშზე ან მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით საპენსიო თანხა არ არის ჩარიცხული საბანკო ანგარიშზე; ბ) მოთხოვნა, შეჩერებული პენსიის განახლების შესახებ, პენსიონერის ან რწმუნებით აღჭურვილი პირის მიერ განხორციელებულია პენსიონერის სიცოცხლეში. მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებზე (შვილები, მშობლები, მეუღლე) ან სამკვიდრო მოწმობის მფლობელზე (ანდერძით ან კანონით მემკვიდრე) საპენსიო თანხები გაიცემა, თუ მათ მიუღებელი თანხისათვის კომპეტენტურ ორგანოს განცხადებით მიმართეს პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს ერთი წლისა, იმ პირობით, რომ გაცემული თანხა სამკვიდროს გაყოფამდე ერთიანი ქონების სახით ეკუთვნის ყველა თანამემკვიდრეს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელის - ა. ხ-ის დედა - ო. ხ-ი, როგორც ასაკით პენსიონერი, სახელმწიფო პენსიის მიმღებად რეგისტრირებული იყო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კასპის საქალაქო განყოფილებაში. მასზე პენსიის გაცემა 2015 წლის 1 აპრილიდან შეჩერდა მინდობილობის ვადის გასვლის გამო, 2015 წლის 1 ივნისიდან კი, ო. ხ-ს შეუწყდა პენსია გარდაცვალების გამო (გარდაიცვალა 2015 წლის 3 მაისს).
2015 წლის 15 სექტემბერის სამკვიდრო მოწმობის თანახმად, ა. ხ-მა, როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ მიიღო დედის - ო. ხ-ის მთლიანი სამკვიდრო. 2015 წლის 10 ივნისს, ა. ხ-მა განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა დედის – ო. ხ-ის გარდაცვალებამდე გაუცემელი პენსიის თანხის გაცემა.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 15 ივნისის #04/43230 წერილობითი პასუხით ა. ხ-ს განემარტა, რომ ო. ხ-ს 2015 წლის 1 აპრილიდან შეუჩერდა პენსიის მიღება, მინდობილობის ვადის გასვლის გამო. პენსიონერ ო. ხ-ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს შეჩერებული პენსიის განახლების მოთხოვნით პენსიონერის გარდაცვალებამდე შესაბამისი ორგანოსათვის არ მიუმართავს.
ა. ხ-მა 2016 წლის 26 სექტემბერს #99675 განცხადებით კვლავ მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა ო. ხ-ის მიმართ გაუცემელი სახელმწიფო პენსიის თანხის გაცემა.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 29 სექტემბრის #04/74100 წერილობითი პასუხით ა. ხ-ს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა. განმცხადებელს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის #46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, განემარტა, რომ პენსიონერ ო. ხ-ს ან მის რწმუნებით აღჭურვილ პირს შეჩერებული პენსიის განახლების მოთხოვნით პენსიონერის გარდაცვალებამდე არ მიუმართავთ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულისათვის, ამიტომ მიუღებელი სახელმწიფო გასაცემლები ანაზღაურებას არ ექვემდებარებოდა.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მართალია, საქართველოს კანონი „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის #46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესი“ წინააღმდეგობრივია და განსხვავებულად არეგულირებს მსგავს საკითხს, მაგრამ საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლზე და მიიჩნევს, რომ ა. ხ-მა 2015 წლის 10 ივნისს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა დედის – ო. ხ-ის გარდაცვალებამდე გაუცემელი პენსიის თანხის გაცემა ანუ მან მოახდინა მისი უფლების რეალიზაცია. პენსია, რომელიც პირს ეკუთვნოდა და მისი გარდაცვალების დროისათვის არ იქნა მიღებული, მიეცემა მის მემკვიდრეებს, თუ მათ მიუღებელი თანხისთვის მიმართეს პირის გარდაცვალების დღიდან ერთი წლის განმავლობაში.
საკასაციო სასამართლო აქვე განმარტავს, რომ პენსიის მიღება საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება. 1996 წლის 3 მაისის ევროპის სოციალური ქარტიის 1-ლი ნაწილის 23-ე პუნქტის მიხედვით, ხელმომწერი მხარეები (სახელმწიფოები) აღიარებენ ხანდაზმულ პირთა მიმართ სოციალური დაცვით სარგებლობის უფლებას, ხოლო მე-2 ნაწილის 23-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულ პირთა მიერ სოციალური დაცვის უფლებით სარგებლობის მიზნით სახელმწიფო ვალდებულებას იღებს უზრუნველყონ ხანდაზმულთა დარჩენა საზოგადოების სრულფასოვან წევრებად, რაც შეიძლება დიდხანს, რაც მაგალითად, ამავე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოიხატება ადეკვატური სახსრების გამოყოფით, რაც საშუალებას მისცემს მათ იცხოვრონ ღირსეულად და აქტიური მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 3 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი