Facebook Twitter

საქმე # 340310016001212278

საქმე Nბს-697-693(კ-17) 17 ოქტომბერი, 2017 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ბ. შ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)

მესამე პირი - ა. შ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 01 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორცილების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბ. შ-მა 2016 წლის 11 იანვარს სარჩელი აღძრა გურჯაანის რაიონულ სასამართლოში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 11 დეეკმბრის N298137 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფიებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და გურჯაანის რაიონში, სოფ. ... მდებარე მიწის ნაკვეთზე 101,99 კვ. მ -ზე საჯარო რეესტრში წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურისათვის ბ. შ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალება მოითხოვა. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 თებერვლის განჩინებით მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და განსახილველ საქმეზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 პირველი ნაწილის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმულ იქნა ა. შ-ი.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით ბ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 11 დეკემბრის N298137 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბ. შ-ის საჩივართან მიმართებაში. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. შ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 01 ივნისის გადაწყვეტილებით ა. შ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 27 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება რომლითაც ბ. შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს მიერ 2017 წლის 01 ივნისს მიღებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბ. შ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების უხეში დარღვევით, მოკლებულია ყოველგვარ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს, არის დაუსაბუთებელი და იგი უნდა გაუქმდეს. სასამართლომა არასწორად შეაფასა წარდგენილი მტკიცებულებები და ასევე არასწორად თქვა უარი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების გაზიარებაზე, აღნიშნული ადასტურებს გადაწყვეტილების ფაქტობრივ უსწორობას, რაც მისი გაუქმების უდავო საფუძველს წარმოადგენს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ივლისის განჩინებით ბ. შ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. შ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

სააპელაციო პალატამ მართებულად დაადგინა, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების თანახმად, დღეის მდგომარეობით გურჯაანის რაიონში, სოფელ ... მდებარე უძრავ ნივთზე (დაზუსტებული ფართობი: 799.00 კვ.მ.; საკადასტრო კოდი ...) რეგისტრირებულია ბ. შ-ის საკუთრების უფლება. საკუთრების უფლების რეგისტრაციას საფუძვლად უდევს 2012 წლის 31 მაისს ნოტარიუსის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობა. განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ბ. შ-მა, როგორც 1988 წლის 13 სექტემბერს გადაცვლილი მამის - ზ. შ-ის პირველი რიგის მემკვიდრემ, მემკვიდრეობით მიიღო გურჯაანის რაიონის სოფელ ... მდებარე საცხოვრებელი სახლი და ეზო, რომელიც საჯარო რეესტრის ტექნიკური ბიუროს მონაცემებით, მამკვიდრებლის სახელზე ირიცხებოდა. ასევე, უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, სამკვიდრო ქონების ნაწილზე - 799 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით ბ. შ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა. სააპელაციო პალატამ მართებულად არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომელმაც დადგენილად ცნო, რომ მამკვიდრებლის ზ. შ-ის სახელზე შედგენილ ტექნიკურ პასპორტზე დატანილი მიწის ნაკვეთის საზღვრებში შედის სადავო 101.99 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთიც და შესაბამისად, იგი სამკვიდრო ქონებას წარმოადგენს. აღნიშნული მსჯელობა სააპელაციო სასამართლომ დააფუძნა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №5001703616 დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც „ზ. შ-ის სახელზე, შედგენილ ტექნიკურ პასპორტზე დატანილი მიწის ნაკვეთის გაორიენტირება (მიწის ნაკვეთის საზღვრების ზუსტი მდებარეობის დადგენა საქართველოში მოქმედ გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში) ვერ ხერხდება ნახაზის მასშტაბის დაუცველობის და მასზე დატანილი ინფორმაციის არასაკმარისობის გამო (მათ შორის გვერდების სიგრძეების შესახებ ინფორმაცია). თუმცაღა აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ზ. შ-ის სახელზე შედგენილ ტექნიკურ პასპორტზე დატანილი მიწის ნაკვეთი ნახზზე დატანილი ინფორმაციის თანახმად, უნდა ყოფილიყო ფაქტობრივად არსებული საცხოვრებელი სახლის ჩრდილო-დასავლეთის მხარეს არსებული კედლიდან (ყ-ის მხარეს მდებარე კედლიდან) ცენტრალურ გზამდე, თუმცა საზღვრების ზუსტი მდებარეობის დადგენა შეუძლებელია“.

ბ. შ-ის მიერ №... სარეგისტრაციო განცხადებას დართული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის თანახმად, სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი უძრავი ნივთი ხვდება ... საკადასტრო კოდით მის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში. ამდენად, საქმის გარემოებებით დადგენილია, რომ დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მოცემული უძრავი ნივთის ნაწილი, უკვე რეგისტრირებულია ბ. შ-ის სახელზე. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში დამატებით მიუთითა იმ გარემოებაზე რომ, ბ. შ-ის მიერ №... სარეგისტრაციო განცხადებაზე წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზები ასევე ფარავდა საერთო სარგებლობის გზას და რომლის კორექტირებაც მოახდინა დაინტერესებულმა პირმა სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე 2012 წლის 12 ივლისს განხორციელებული #... რეგისტრაციისას. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც ა. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ბ. შ-ს დაევალა საერთო სარგებლობის გზაზე მისასვლელი გზის დასაწყისში არსებული ჭიშკრის დემონტაჟი. გურჯაანის რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება ამჟამად კანონიერ ძალაშია შესული, რაც სააპელაციო პალატის მითითებით, გამორიცხავს ბ. შ-ის მიერ №... სარეგისტრაციო განცხადებაზე წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზების მიხედვით უძრავი ნივთის რეგისტრაციას. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 11 დეკემბრის №298137 გადაწყვეტილება ბ. შ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილობის საფუძვლები.

შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ იძლევა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბ. შ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 01 ივნისის გადაწყვეტილება;

3. კასატორს - ბ. შ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 07.08.2017წ. №1 საგადახდო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე