Facebook Twitter

№ბს-702-698(კ-17) 19 ოქტომბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ე. ზ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 3 თებერვალს ე. ზ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 12 ნოემბრის ... და 2015 წლის 16 დეკემბრის ... გადაწყვეტილებების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 11 იანვრის №4503 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის 2002 წლის 23 მაისის ჩანაწერის - ქ. თბილისში, ... (...) ქ. №11-ში მდებარე უძრავი ნივთის 2/3 წილის გ. ს-ის საკუთრების უფლებით რეგისტრაციის თაობაზე, გაუქმება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 მარტის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება გ. ს-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით ე. ზ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ზ-მ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 აპრილის განჩინებით ე. ზ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. ზ-მ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი საკასაციო საჩივარს აფუძნებდა ძირითადად იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ე. ზ-ს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ზ-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 12 ნოემბრის ... გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 16 დეკემბრის ... გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 11 იანვრის №4503 გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება და ასევე საჯარო რეესტრის 2002 წლის 23 მაისის ჩანაწერის გაუქმება, რომლითაც ქ. თბილისში, ... (...) ქ. №11-ში მდებარე უძრავი ნივთის 2/3 წილზე დარეგისტრირდა საკუთრების უფლება.

მოსარჩელე დავისადმი კანონიერ ინტერესს ასაბუთებს იმ გარემოებით, რომ ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 3 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც განხორციელდა ქ. თბილისში, ... (...) ქ. №11-ში მდებარე უძრავი ნივთის 2/3 წილის გ. ს-ის საკუთრებაში აღრიცხვა, არ არის კანონიერ ძალაში შესული.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფომ, ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა შეიძინა მიწა ან სხვა უძრავი ქონება, დადო საიჯარო ხელშეკრულება ან დააგირავა იგი კანონის საფუძველზე, ან როდესაც ასეთი უფლება მოპოვებულია სასამართლოს ან ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით, რეგისტრატორი, რომელიც ეყრდნობა დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილ ამ აქტებს, ახდენს რეგისტრაციას და ჩაწერს მესაკუთრედ სახელმწიფოს, ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, ვისზედაც გადავიდა საკუთრების უფლება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ... (ყოფილი ...) ქუჩა №11-ში მდებარე უძრავი ქონება 2000 წლის მდგომარეობით 1955 წლის 2 თებერვლის სამკვიდრო მოწმობისა და ლენინის რაიონის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს აღმასკომის სხდომის 24.10.1973 წლის №644 გადაწყვეტილებით (ოქმი №23) აღრიცხული იყო გ. ს-ისა და ს. ს-ის საკუთრებად.

ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 3 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა გ. ს-ის მოთხოვნა, იგი ცნობილ იქნა ქ. თბილისში, ... ქ. №11-ში მდებარე სახლის 1/2-ის ანუ ს. ს-ის კუთვნილი წილის 1/3-ის მესაკუთრედ და მასზე საკუთრების უფლებით აღირიცხა ქ. თბილისში, ... ქ. №11-ში მდებარე სახლის 2/3; ქ. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურსა და საჯარო რეესტრს დაევალა სათანადო ცვლილებების შეტანა გ. ს-ისა და ს. ს-ის სახელზე რიცხულ სახლთმფლობელობაში, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ. თბილისი, ... ქ. №11. აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა ნ. ს-ვამ. ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 8 ნოემბრის განჩინებით ნ. ს-ვას საჩივარი ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 3 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

ქ. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურს გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 11 ნოემბრის მიმართვის საფუძველზე შესასრულებლად გაეგზავნა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 3 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

ასევე დადგენილია ის გარემოება, რომ 2002 წლის 23 მაისს გ. ს-მა საჯარო რეესტრის ეროვნულ სამსახურს წარუდგინა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 3 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და სახელმწიფო რეგისტრატორის მიერ შედგა მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო ბარათი (განაცხადის რეგ. №14642/2002, თარიღი 23.05.2002წ.). უფლების დამადასტურებელ დოკუმენტთა ჩამონათვალში მითითებულია სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლი, ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2001 წლის 8 ნოემბრის განჩინება, ქ. თბილისის ტექაღრიცხვის სამსახურის მიერ 2002 წლის 28 იანვარს გაცემული საინვენტარიზაციო გეგმა. რეგისტრაციის შემდეგ გაიცა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურსა და საჯარო რეესტრის სამსახურს წარედგინა სათანადო წესით დამოწმებული ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 3 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება დაცულია ორივე სამსახურის საარქივო მასალაში. საჯარო რეესტრის სამსახურს წარედგინა ასევე ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 8 ნოემბრის განჩინება, რომლითაც საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება აღირიცხა ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მასალებში და ქ. თბილისის ტექაღრიცხვის სამსახურის მიერ 2002 წლის 28 იანვარს გაიცა საინვენტარიზაციო გეგმა. საჯარო რეესტრის სამსახურის მიერ, ხსენებული დოკუმენტებისა და სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლის საფუძველზე რეგისტრირებულ იქნა გ. ს-ის უფლება სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი საკუთრების უფლების ცნობისა და იდეალური წილის გამოყოფის თაობაზე (გ. ს-ის საკუთრების უფლება უძრავი ქონების 2/3-ზე).

საკასაციო სასამართლოს მითითებით, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 18 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ. ს-ვას სააპელაციო საჩივარი, მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, გაუქმდა ამ საქმეზე გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 8 ნოემბრის განჩინება და ნ. ს-ვას საჩივარი გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 3 ოქტომბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს, ხოლო ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით სარჩელი დარჩა განუხილველი მხარეთა გამოუცხადებლობის გამო. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას, რომ კონკრეტული საქმის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ 2002 წლის 23 მაისს, სადავო რეგისტრაციის განხორციელებისას საჯარო რეესტრის სამსახურისათვის წარდგენილი დოკუმენტები საკმარისი იყო იმჟამად მოქმედი „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის. საჯარო რეესტრის სამსახურისათვის რეგისტრაციის მომენტში ცნობილი ვერ იქნებოდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 18 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების თაობაზე. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესიდნ გამომდინარე, სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებულ მოთხოვნას (უფლებას) აქვს 10-წლიანი ხანდაზმულობის ვადა, შესაბამისად, ე. ზ-ს სასამართლო განჩინების საფუძველზე (გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 3 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საფუძველზე) საჯარო რეესტრში ასახული საკუთრების უფლების გაუქმება უნდა მოეთხოვა ამ ვადაში.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მეხუთე თავით რეგულირდება რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების, გაუქმებისა და მისი გასაჩივრების წესი და პირობები, კერძოდ, მითითებული კანონის 26-ე მუხლში ჩამოთვლილია რეგისტრაციის გაუქმების ძალადაკარგულად ან არარად აღიარების საფუძვლები, კერძოდ, 1-ლი პუნქტის შესაბამისად, რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს თუ: ა) წარმოდგენილია სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უფლების გადასვლის ან/და შეწყვეტის ფაქტს; ბ) ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ძალადაკარგულად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; დ) ამოიწურა უფლების მოქმედების განსაზღვრული ვადა; ე) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები. ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, რეგისტრაცია ბათილად ან არარად უნდა გამოცხადდეს, თუ: ა) ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; ბ) წარმოდგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ადასტურებს რეგისტრაციის ბათილად ან არარად ცნობის ფაქტს; გ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, რეგისტრაცია რომ ბათილად ან არარად გამოცხადდეს ბათილად ან არარად უნდა იყოს ცნობილი ის დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც განხორციელდა რეგისტრაცია ანუ უფლების დამდგენი დოკუმენტი - რეგისტრაციის საფუძვლად არსებული დოკუმენტი. კონკრეტულ შემთხვევაში კი, როგორც საქმის მასალებიდან დასტურდება, საარქივო მასალაში დაცულია თბილისის ლენინის რაიონის სასამართლოს 1986 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ს-ვსა და ე. ზ-ს მიეკუთვნათ ქ. თბილისში, ... ქ. №11-ში მოპასუხე - გ. ს. და ს. პ. ს-ების სახელზე რიცხული სახლიდან ერთი მესამედი იდეალური საკუთრების უფლება იდეალური წილი, ხოლო 2/3 დარჩა მოპასუხე გ. ს. ს-ის საკუთრებად.

საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას, სადავო ქონებასთან მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობის თაობაზე, ვინაიდან მოსარჩელე - ე. ზ- ამ ეტაპზე ვერ ადასტურებს კანონით დაცულ უფლებას ან ინტერესს სადავო ქონების (2/3-დი ნაწილის) მიმართ, რასაც შესაძლოა გადაეწონა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ადრესატის კანონიერი ნდობის უფლება და შედეგად აღმჭურველი რეგისტრაციის (საჯარო რეესტრის 2002 წლის 23 მაისის ჩანაწერის) უკანონოდ ცნობა გამოეწვია, შესაბამისად, არ არსებობს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი და სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა საჯარო რეესტრის 2002 წლის 23 მაისის ჩანაწერის მიმართ განმცხადებლის ინტერესს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრას _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ე. ზ-ს საკასაციო საჩივარზე 13.07.2017წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ე. ზ-ს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. ზ-ს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 აპრილის განჩინება;

3. ე. ზ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 13.07.2017წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი