ბს-316-314(კ-17) 09 ნოემბერი, 2017წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.01.2017წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ფ. ბ-ემ 11.03.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ „სსიპ პროფესიული კოლეჯ „...“ დირექტორ ფ. ბ-ესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 26.01.2016წ. ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.10.2016წ. გადაწყვეტილებით ფ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 26.01.2016წ. N1/კ-27 ბრძანება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაევალა ფ. ბ-ის სსიპ პროფესიული კოლეჯ „...“ დირექტორის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.01.2017წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატამ დასაბუთების გარეშე არ გაიზიარა სამინისტროს არგუმენტები, სასამართლოს განსახილველი საკითხის გადასაწყვეტად არ უნდა გამოეყენებინა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი, რადგან ფ. ბ-ე არ არის საჯარო მოხელე და იგი აღნიშნული კანონის საფუძველზე არ გათავისუფლებულა. სასამართლოს უნდა გამოეყენებინა შრომის კოდექსის 37.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია დასაქმებულის მიერ შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევა. კოლეჯში გამოვლენილ დარღვევები იყო არსებითი, ჰქონდა სისტემური ხასიათი და ქმნიდა სახელმწიფო თანხების არასწორად ხარჯვის რისკს, შესაბამისად, შეუძლებელი იყო მოსარჩელის მიმართ სხვა, უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენება. სასამართლომ არასათანადოდ შეაფასა მტკიცებულებები, სრულყოფილად არ დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილების ვადაა სამი წელი, შესაბამისად ვადის გასვლის შემდგომ მიღებული ყველა გადაწყვეტილება არალეგიტიმურია. მართალია სამინისტრო ნიშნავს სამეთვალყურეო საბჭოს 3 წევრს, თუმცა წევრთა უფლებამოსილების ვადის გასვლის შესახებ სამინისტროსათვის ინფორმაციის მიწოდება არ მომხდარა, რის გამოც ვერ დაიწყო დანიშვნის პროცედურები. კოლეჯი მოქმედებდა სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი ნორმების სრული უგულებელყოფით, არ ყოფილა შედგენილი შესყიდვების წლიური გეგმა, ყველა ფაქტობრივი შესყიდვის შესახებ ინფორმაცია არ ყოფილა ასახული ელექტრონულ ბაზაში, ერთეულ შემთხვევაში შესყიდვა განხორციელდა ისეთი პირისგან, რომელიც ტენდერში გამარჯვებული არ იყო, ყოველთვის არ დგებოდა მიღება-ჩაბარების აქტი, ზოგ შემთხვევაში მიღება-ჩაბარების აქტი არ იყო სრულყოფილად შედგენილი და ელ. ბაზაში ატვირთული, გამოიკვეთა გამარტივებული ტენდერის ჩატარების პროცედურათა დარღვევა. კასატორი მიუთითებს აგრეთვე ბუღალტრული აღრიცხვის წესების დარღვევაზე და აღნიშნავს, რომ კოლეჯში არ ხდებოდა ინვენტარიზაციის წესების დაცვა, ბიუჯეტი არ ითვალისწინებდა რეალურ საჭიროებებს, იყო ფორმალური და არასრულყოფილი, ბუღალტრის მიერ არ ხდებოდა ე.წ. „მთავარი წიგნის“ წარმოება. კასატორი აღნიშნავს, რომ სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია დროულად არ აისახა ელ. ბაზაში, რის გამოც კოლეჯს სამინისტროდან გადაერიცხა ზედმეტი ვაუჩერული დაფინანსება. კოლეჯში არ არსებობდა თანამშრომელთა მოსვლა-წასვლის აღრიცხვის სისტემა, თანამშრომლებს სათანადო განცხადების გარეშე ხელფასიდან ეჭრებოდათ პროფკავშირის საწევრო.
კასატორი მიიჩნევს, რომ სსიპ-ის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებისას არ უნდა იქნეს გამოყენებული შრომის კოდექსის ნორმები, რადგან დირექტორთან დადებული ხელშეკრულება განსხვავდება ტრადიციული კერძო შრომით-სამართლებრივი ხელშეკრულებისაგან. დირექტორთან არსებული შრომითი ურთიერთობა ემსგავსება დავალების ხელშეკრულებას, სკ-ის 720-ე მუხლის მიხედვით კი დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს. ამდენად, სსიპ-ის დამფუძნებელს შეუძლია ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება სსიპ-ის ხელმძღვანელთან. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის განჩინება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისაგან (სუსგ 15.07.2016წ. Nას-306-287-2016, სუსგ 15.07.2016წ. Nას-101-97-2016).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, რადგან საკასაციო საჩივარში მითითებული უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილებები ეხება ა(ა)იპ-ის დირექტორთან და არა სსიპ-ის დირექტორთან არსებულ შრომით ურთიერთობებს, ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ განსხვავებულია აღნიშნული იურიდიული პირების როგორც შექმნის მიზნები, ფუნქციები და დანიშნულება, ასევე ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნის წესი. ამდენად, უმართებულოა კასატორის მიერ მითითებული გადაწყვეტილებების განსახილველ შემთხვევაზე გავრცელება.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება აგრეთვე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში აქტის გამოცემა, არ ათავისუფლებს ორგანოს მისი სათანადოდ დასაბუთების, საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის ვალდებულებისაგან, უფრო მეტიც, ორგანო ვალდებულია დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება მოახდინოს კანონით დადგენილი მიზნით, პროპორციულობის პრინციპის დაცვით. განსახილველ შემთხვევაში ფ. ბ-ე თანამდებობიდან გათავისუფლდა კოლეჯში აღმოჩენილი დარღვევების შედეგად, თუმცა ისე, რომ ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ იქნა გათვალისწინებული ისეთი მნიშვნელოვანი გარემოებები, როგორებიცაა: დარღვევების განმაპირობებელი მიზეზები, დარღვევების ხასიათი, მოსარჩელის მზადყოფნა მათ გამოსწორებაზე, შიდა აუდიტის მიზნები, სახდელის პროპორციულობა და სხვ..
საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ აუდიტის ანგარიშში მითითებული რიგი დარღვევები არ დასტურდება (მათ შორის ბიუჯეტის ზოგადი, ფორმალური ხასიათი), ზოგიერთი მათგანი გამოწვეული არ არის უშუალოდ დირექტორის ბრალით (მათ შორის ელ. ბაზაში სტატუსშეწყვეტილი სტუდენტების შესახებ ინფორმაციის მოგვიანებით ასახვა), გარკვეული ხარვეზების (მათ შორის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ სამეთვალყურეო საბჭოს საქმიანობა) წარმოშობა განპირობებულია სამინისტროს ქმედებით/უმოქმედობით, რიგი დარღვევები არ არის არსებითი ხასიათის, გამოსწორებადია და საჭიროებს სამინისტროს ჩართულობას. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს კოლეჯში აღმოჩენილი ხარვეზების შედეგად სახელმწიფოს ან მესამე პირთა ინტერესებისათვის არსებითი ზიანის მიყენებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ საბუთდება გამოყენებული ღონისძიების - თანამდებობიდან გათავისუფლების, პროპორციულობა. მით უფრო, რომ საქმის მასალებით დასტურდება მსგავსი დარღვევების სხვა კოლეჯებში აღმოჩენის ფაქტიც, რასაც დირექტორთა გათავისუფლება არ მოჰყოლია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.01.2017წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ.ვაჩაძე
ვ. როინიშვილი