Facebook Twitter

ბს-325-323(კ-17) 16 ნოემბერი, 2017წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ნ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.09.2016წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ბ-მა 02.04.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინიტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ მოპასუხისათვის მორალური ზიანის - 100 000 ლარის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 05.11.2015წ. განჩინებით, სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 04.02.2016წ. გადაწყვეტილებით ნ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ნ. ბ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.09.2016წ. განჩინებით ნ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 04.02.2016წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ნ. ბ-ის მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ მან სასამართლოს მიმართა დისკრიმინაციული მოპყრობის გამო მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, თუმცა სასამართლომ მოთხოვნის საფუძვლიანობის შეფასებისას გამოიყენა სკ-ის 18.6 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს მატერიალური და არა მორალური ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 09.03.2015წ. გადაწყვეტილებით დადასტურებულია ნ. ბ-ის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა. სააპელაციო პალატამ პროცესუალური დარღვევებით განიხილა საქმე, რადგან 14.09.2016წ. გამოცხადებული გადაწყვეტილება მხარეს გაეგზავნა 5 თვის დაგვიანებით - 2017 წლის თებერვალში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, §71; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

კასატორი მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს დისკრიმინაციული მოპყრობის საფუძვლით, თუმცა ვერ ადასტურებს მის მიმართ თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპის დარღვევას. ის გარემოება, რომ ნ. ბ-ის განცხადებას ორგანოს მხრიდან რამდენჯერმე დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს დაევალა დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა, იმთავითვე არ ადასტურებს დისკრიმინაციულ მოპყრობას, რადგან საქმის მასალებით დასტურდება, რომ ხარვეზის დადგენა ხდებოდა აგრეთვე ანალოგიური მოთხოვნის მქონე სხვა პირებისთვისაც.

არასწორია კასატორის მოსაზრება, რომ დისკრიმინაციულ მოპყრობის არსებობა დგინდება სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფი 09.03.2015წ. გადაწყვეტილებით, რადგან აღნიშნული გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სარჩოს დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ უწყებათაშორისი კომისიის 25.12.2014წ. გადაწყვეტილება იმ საფუძვლით, რომ ორგანოს მიერ არ მოხდა საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევა და სადავო აქტი არ იყო სათანადოდ დასაბუთებული. სასამართლოს არ უმსჯელია მოსარჩელის მიმართ არათანაბარ მიდგომაზე, არ დაუდგენია დისკრიმინაციის ფაქტის არსებობა, აქტის დასაბუთების გარეშე გამოცემა კი იმთავითვე არ ადასტურებს აქტის ადრესატის მიმართ უთანასწორო მიდგომას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.09.2016წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი