ბს-347-344(კ-17) 16 ნოემბერი, 2017წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა შპს „…“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.12.2016წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „…“ 08.09.2014წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიმართ მოპასუხის 27.06.2014წ. N360/16 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის და 27.06.2014წ. N344/12 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.10.2014წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სს „გ…“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.03.2015წ. გადაწყვეტილებით შპს „…“სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.12.2016წ. განჩინებით შპს „…“სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს „…“მიერ.
კასატორი აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ არასწორად განმარტა სზაკ-ის 102-ე, 601.3 მუხლები, მსჯელობა წინააღმდეგობრივი და დაუსაბუთებელია, რის გამოც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. შპს „…“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართა 4 ახალ მიმართლებაზე სს „ს…“ კაბელის ჩადების ტექნიკური პირობების გაცემის დავალდებულების შესახებ მოთხოვნით, რაც არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ ტექნიკური სამსახურის დასკვნით, იმ ეტაპზე აღნიშნული მიმართულებებით კაბელის ჩადების ტექნიკური პირობა არ არსებობდა. აღნიშნული გადაწყვეტილება შპს „…“ მიერ დადგენილ ვადაში არ გასაჩივრდა, რადგან კომპანიას არ გააჩნდა დავის საფუძველი. ასეთი საფუძველი წარმოიშვა მოგვიანებით, გასაჩივრების დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ ტექნიკური სამსახურის წერილობითი დასკვნა ტექნიკური პირობების შემოწმების შესახებ არ არსებობდა. ამასთანავე, შპს-მ მოიპოვა კომისიისადმი სს „…“ წარმომადგენლის მიერ გაგზავნილი ელექტრონული წერილი, რომლის მიხედვით, მოთხოვნილი ოთხი მიმართულებიდან ორ მიმართულებაზე არსებობდა ტექნიკური პირობა. კომისიის 29.06.2007წ. გადაწყვეტილება არაერთხელ გახდა შპს-სათვის დამაზარალებელი ფაქტორი მესამე პირებთან ურთიერთობაში.
კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრების ვადის გასვლის მიუხედავად ორგანოს შეუძლია ბათილად ცნოს თავის მიერ გამოცემული უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ამასთან წარმოების ჩატარების ინიციატორი შესაძლოა იყოს როგორც ორგანო, ასევე დაინტერესებული პირი, სზაკ-ის 601.3 მუხლი არ განსაზღვრავს წარმოების დაწყების ინიციატორ კონკრეტულ სუბიექტს.
კასატორის მოსაზრებით არასწორია მითითება, რომ სზაკ-ის 102-ე მუხლი კრძალავს ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო უკანონო აქტის ბათილად ცნობას, თუკი არსებითად ირღვევა პირის ინტერესები. დაინტერესებული პირი უფლებამოსილია ახლადაღმოჩენილ და ახლადგამოვლენილ გარემოებებზე მითითებით მოითხოვოს წარმოების განახლება და არა ახალი წარმოების დაწყება, რომლის ფარგლებშიც მოხდება არამართლზომიერი აქტის ბათილად ცნობა. ამასთან, სასამართლოს განმარტება, რომ მოსარჩელეს არ აქვს მოთხოვნილ მიმართულებებზე კაბელის ჩადების ინტერესი, არ შეესაბამება სინამდვილეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „…“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, §71; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პირს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა საკითხის გადაწყვეტისას დავის განხილვის პროცესში არსებული ფაქტებისა და მტკიცებულებების შესახებ მითითების შესაძლებლობა (სზაკ-ის 102.3 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ ახლადაღმოჩენილ ფაქტებად მიჩნეული გარემოებები/მტკიცებულებები არსებობდა 2007 წელსვე, თუმცა შპს-ს 29.06.2007წ. გადაწყვეტილების გასაჩივრების მიზნით, კომისიიდან არ გამოუთხოვია წარმოების მასალები, ის მტკიცებულებები, რომელთაც ორგანო დაეყრდნო გადაწყვეტილების მიღებისას. ასეთი მოთხოვნის დაყენების შემთხვევაში, შპს 2007 წელსვე მიიღებდა ინფორმაციას ტექნიკური სამსახურის დასკვნის წერილობითი სახით არარსებობის და ელექტრონული მიმოწერის შესახებ. ამდენად, შპს-ს მიერ თავისი არგუმენტაციის გამამყარებელი მტკიცებულებების დროული მოუძიებლობა განპირობებული იყო მისივე უმოქმედობით, რის გამოც დაუსაბუთებელია მოთხოვნა საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობის შესახებ. კანონმდებლობა ითვალისწინებს დადგენილ ვადაში დაინტერესებული მხარის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების შესაძლებლობას. ამასთან, სწორედ მხარე იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის წარდგენის და სათანადო მტკიცებულებების მოძიების საჭიროების შესახებ, შესაბამისად, სწორედ მხარეა გასაჩივრების უფლების რეალიზებაზე უარის თქმის თანამდევი არასასურველი შედეგების რისკის მატარებელი.
მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ ორგანო უფლებამოსილია მოახდინოს უკანონო აქტის ბათილად ცნობა, რა დროსაც შეუძლია იხელმძღვანელოს როგორც დამოუკიდებლად მოპოვებული, ასევე მხარის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, თუმცა გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არარსებობის შემთხვევაში, გამოირციხება მხარის განცხადების დაკმაყოფილების გზით აქტის ბათილად ცნობის შესაძლებლობა. გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ აქტის ბათილად ცნობა წარმოადგენს ორგანოს უფლებამოსილებას და არა ვალდებულებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც შპს „…“ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „…“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.12.2016წ. განჩინება;
3. შპს „…“ (ს.კ. …) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 27.03.2017წ. N1490611031 საგადასახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი