ბს-350-347(კ-17) 02 ნოემბერი, 2017წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და საგარეჯოს სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.02.2017წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ს. ა-მა 19.12.2014წ. სარჩელით მიმართა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს. საგარეჯოს სარეგისტრაციო სამსახურის, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა საჯარორეესტრის ეროვნული სააგენტოს საგარეჯოს სარეგისტრაციო სამსახურის 28.05.2013 წ. N... გადაწყვეტილების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 16.08.2013წ. N146452 გადაწყვეტილების, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 25.09.2012 წ. N5/529 წერილის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საგარეჯოს სარეგისტრაციო სამსახურის 25.09.2012 წ. N... გადაწყვეტილების, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ა. ა-ს შორის 12.11.2012 წ. დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საგარეჯოს სარეგისტრაციო სამსახურის 15.11.2012წ. N... გადაწყვეტილების, 10.06.2013 წ. N... გადაწყვეტილების, 01.07.2013წ. N... გადაწყვეტილების, 09.07.2012წ. N... გადაწყვეტილების, 09.07.2013 წ. გადაწყვეტილების (ს.კ.N...), 09.07.2013 წ. გადაწყვეტილების (ს.კ. ს...), 06.07.2013წ. გადაწყვეტილების (ს.კ. N...), 09.07.2013წ. გადაწყვეტილების (ს.კ. N...), 30.04.2015 წ. გადაწყვეტილების (ს.კ. ...), 09.07.2013 წ. გადაწყვეტილების (ს.კ. ...), 09.07.2013 წ. გადაწყვეტილების (ს.კ. ...), 09.07.2013წ. გადაწყვეტილების (ს.კ. ...), 13.05.2014 წ. გადაწყვეტილების (ს.კ. ...), 28.05.2013წ. გადაწყვეტილების (ს.კ. ...), 09.07.2013 წ. გადაწყვეტილების (ს.კ. ...), 09.07.2013წ. გადაწყვეტილების (ს.კ. ...), 09.07.2013 წ. გადაწყვეტილების (ს.კ. ...), 09.07.2013წ. გადაწყვეტილების (ს.კ....) და 09.07.2013წ. გადაწყვეტილების (ს.კ....) ბათილად ცნობა, აგრეთვე სარეგისტრაციო სამსახურისათვის სადავო მიწის ნაკვეთის მოსარჩელის სახელზე დარეგისტრირების შესახებ სარეგისტრაციო ჩანაწერში ცვლილების შეტანის დავალება.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 14.04.2015წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ა. ა-ი, ე. გ-ი, კ. გ-ი და სხვ..
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 10.06.2015წ. გადაწყვეტილებით ს. ა-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 25.09.2012წ. N5/529 წერილი და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 25.09.2012წ. N... გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ს. ა-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილი - 36 200 კვ.მ. დარეგისტრირდა სახელმწიფოს სახელზე, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და საგარეჯოს სარეგისტრაციო სამსახურის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.02.2017წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და საგარეჯოს სარეგისტრაციო სამსახურის მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლოს სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმებისას, პირველ რიგში, უნდა დაედგინა ს. ა-ის მიწის ნაკვეთის რეალური მდებარეობა, ნაკვეთზე უფლების შეძენის საფუძვლები, წარდგენილი საკადასტრო ნახაზის შესაბამისობა მოსარჩელის ნაკვეთის წინა მესაკუთრის მიერ წარდგენილ ნახაზთან. სასამართლოს უნდა გამოეკვლია ს. ა-ის ნაკვეთზე საკუთრების პირველადი რეგისტრაცია და კონფიგურაცია. მოსარჩელის რეგისტრაცია დაუზუსტებელია, იგი ვერ ადასტურებს ნაკვეთის ზუსტ ადგილმდებარეობას, ამასთანავე, საჯარო რეესტრის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია ვრცელდება მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემების მიმართ. განსახილველ შემთხვევაში ს. ა-მა იცოდა, რომ მისი ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები იყო დაუზუსტებელი და საჭიროებდა დაზუსტებას. კასატორის მოსაზრებით, სადავო რეგისტრაციების შედეგად მოსარჩელეს არ ადგება პირდაპირი და უშუალო ზიანი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და საგარეჯოს სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
დაუსაბუთებელია კასატორის მითითება ს. ა-ის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციისა და რეგისტრაციის საფუძვლად არსებული საკადასტრო ნახაზის მართლზომიერების შემოწმების საჭიროების შესახებ, რადგან მოსარჩელის სახელზე განხორციელებული რეგისტრაცია სათანადო წესით სადავო არ გამხდარა, ძალაშია და სკ-ის 312-ე მუხლის გათვალისწინებით, მის მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრული სპრეზუმფცია.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მიწა შეიძლება არსებობდეს საკუთრებაში, როგორც დაზუსტებული, ასევე დაუზუსტებელი მონაცემებით, კანონმდებლობა არ შეიცავს დაუზუსტებელი მონაცემებით მიწის ნაკვეთის სუბიექტზე აღრიცხვის გამომრიცხავ დანაწესს. ამასთანავე, დაუზუსტებელ რეგისტრაციას არ აქვს მხოლოდ საცნობარო მნიშვნელობა და არ გულისხმობს მესაკუთრის ინტერესების ნაკლებად დაცვას.
საფუძველს მოკლებულია აგრეთვე კასატორის მოსაზრება, რომ სადავო რეგისტრაციებით ზიანი არ ადგება მოსარჩელის კანონიერ უფლებებსა და ინტერესს, რადგან საქმის მასალებით, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნით, უდავოდ დასტურდება სახელმწიფოს სახელზე დაზუსტებული მონაცემებით აღრიცხულ (ს.კ....) და ს. ა-ის სახელზე დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს შორის გადაფარვის არსებობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და საგარეჯოს სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და საგარეჯოს სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.02.2017წ. განჩინება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ ...) დაუბრუნდეს 08.05.2017წ. №11721 საგადახდო მოთხოვნით საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი