საქმე # 330310015971289
ბს-404-401(კ-17) 30 ნოემბერი, 2017წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.03.2017წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ.ი-ემ 01.06.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის და შპს „...“ მიმართ და მოითხოვა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 19.03.2015 წ. №13/10 გადაწვეტილების ბათილად ცნობა და უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურად დარიცხული თანხის - 750,26 ლარის გაუქმება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 01.12.2015წ. გადაწყვეტილებით თ. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისის 19.03.2015წ. №13/10 გადაწყვეტილება და კომისიას დაევალა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.03.2017 წ. განჩინებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 01.12.2015წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ.
კასატორმა სასკ-ის 34.3, სსსკ-ის 393-ე, 394-ე, 396-ე მუხლების საფუძველზე აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, განჩინების დასაბუთება ბუნდოვანი და ურთიერთშეუსაბამოა, სასამართლოს მიერ საქმის გარემოებები არ არის სათანადოდ გამოკვლეული, რასაც შედეგად მოჰყვა არასწორი გადაწყვეტილების მიღება. თ.ი-ე არ იყო უფლებამოსილი ედავა აბონენტისათვის თანხის დარიცხვის კანონიერებაზე, რადგან ქონების მესაკუთრე და მისამართზე აბონენტად რეგისტრირებული პირი არის კ-ე. მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკა არ არსებობს, რის გამოც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაკტიკის ჩამოყალიბებისათვის მნიშვნელოვანია მოცემული საქმის საკასაციო პალატის მიერ განხილვა. სასამართლომ არ შეაფასა თ. ი-ის მფლობელობაში მყოფი ბინის აბაზანაში ორი უკანონო განშტოების არსებობა, რაც აღიარებული იქნა თავად მოსარჩელის მიერ. თ. ი-ემ შპს „...“ დადგენილება კომიასიაში გაასაჩივრა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილი 10 დღიანი გასაჩივრების ვადის დარღვევით, ვადის გაშვების საპატიო მიზეზის მითითების გარეშე, მას არ მოუთხოვია საპატიო მიზეზის გამო გაშვებული ვადის აღდგენა, შესაბამისად კომისია ვერ იმსჯელებდა კანონით დადგენილი ვადის გაშვების საპატიოდ მიჩნევის შესაძლებლობაზე. კომისიის მიერ, ადმინისტრაციულ სამართალდრღვევათა კოდექსის 273-ე მუხლის გათვალისწინებით, სხვაგვარი გადაწყვეტილება ვერ იქნებოდა მიღებული, მით უფრო, რომ უდავოდ დასტურდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, დადგენილების გასაჩივრების ვადად მისი გამოტანიდან 10 დღის დაწესება არ არის დაკავშირებული დადგენილების მიღების პროცესში დაინტერესებული პირის აუცილებელ მონაწილეობასთან ან დადგენილების შინაარსის გაცნობის მომენტთან. კომისიამ თ. ი-ის საკითხს მიუძღვნა სამი საჯარო სხდომა, მოისმინა ორივე მხარის არგუმენტაცია, სრულად შეისწავლა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. შპს „...“ წარმომადგენლისა და კომპანიაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმხილველი პირის განმარტებით, თ. ი-ეს კანონის დავცით ეცნობა დადგენილების შინაარსი და განემარტა გასაჩივრების წესი. ამასთანავე, არასწორია სასამართლოს მოსაზრება, რომ თანხის დარიცხვის მართლზომიერების შემოწმებამდე უნდა მოხდეს სანქციის დაკისრების შესახებ დადგენილების კანონიერებაზე მსჯელობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით (სუსგ 21.01.2016წ. №ბს-682-668(კ-14)) და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
არასწორია გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად იმ გარემოებაზე მითითება, რომ სააპელაციო პალატას არ უმსჯელია სამართალდარღვევის ჩადენასთან დაკავშირებით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს შეფასების საგანი იყო სემეკის ის გადაწყვეტილება, რომლითაც თ. ი-ის საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. მართალია მოსარჩელე ითხოვდა აგრეთვე ბუნებრივი აირის უკანონოდ მოხმარების გამო აბონენტისათვის დარიცხული თანხის გაუქმებასაც, თუმცა აღნიშნული დარიცხვის მართლზომიერებაზე კომისიას ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას არ უმსჯელია, არ გამოუკვლევია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, არ დაუდგენია სამართალდარღვევის არსებობა, სამართალდარღვევაზე პასუხისმგებელი სუბიექტი, ამდენად, დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება, რომ სასამართლოს შეეძლო არსებითად თავადვე შეეფასებინა თანხის დარიცხვის მართლზომიერება. ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-19 მუხლი) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების სრულ ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი არსებითი საკითხები კომისიის მიერ არ გამოკვლეულა, ამდენად სასამართლო ვერ მოახდენდა თანხის დარიცხვის მართლზომიერების შეფასებას.
სააპელაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ თ. ი-ე იყო თანხის დარიცხვის გასაჩივრებაზე უფლებამოსილი სუბიექტი, რადგან საქმის მასალებით დასტურდება, რომ მართალია მოსარჩელე არ არის აბონენტად რეგისტრირებული, თუმცა სამართალდარღვევის თაობაზე ოქმის შედგენისა და თანხის დარიცხვის მომენტში ფაქტობრივად იგი ფლობდა თბილისში, ... ქ. N3-ში მდებარე N9 ბინას, იყო ბუნებრივი აირის უშუალო მომხმარებელი, სწორედ მის მიმართ შედგა სამართალდარღვევის ოქმი და სახდელის სახით გაფრთხილების დაკისრების შესახებ დადგენილება. ამდენად, თ. ი-ეს აქვს სამართლებრივი ინტერესი იდავოს ბუნებრივი აირის უკანონო მოხმარების ფაქტის არსებობის და თანამდევი შედეგების შესახებ.
მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ მართალია ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლი დადგენილების გასაჩივრების შესაძლებლობას იძლევა დადგენილების გამოტანიდან 10 დღის ვადაში, თუმცა ეს არ გულისხმობს გასაჩივრების ვადის ათვლის დაწყებას იმ შემთხვევაში, როდესაც მხარეს არ ეცნობა დადგენილების სარეზოლუციო ნაწილი და გასაჩივრების წესი. განსახილველ შემთხვევაში უდავოდ არ დასტურდება თ. ი-ისათვის დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის ადმინისტრაციული წარმოებისას ჩატარებულ სხდომაზე გაცნობა, საქმეში დაცულ სამართალდარღვევის საქმის განხილვის სხდომის ოქმი ზოგადი ხასიათისაა, მასში არ არის ასახული სხდომის დეტალური მიმდინარეობა, ამასთან, ოქმს არ ახლავს აუდი-ჩანაწერი, რომლის მეშვეობით შესაძლებელი იქნებოდა სხდომის მიმდინარეობის შესახებ ოქმში ასახული ინფორმაციის სისწორის გადამოწმება. ამასთანავე, კომისიის წარმომადგენლის განმარტებით დგინდება, რომ დადგენილების გასაჩივრებისას არაერთ მოქალაქეს ექმნება თ. ი-ის მსგავსი პრობლემები. შესაბამისად, მართებულია მოსაზრება, რომ დადგენას საჭიროებს გასაჩივრების ვადის ათვლის მომენტი, ხოლო საეჭვოობისას უპირატესობა უნდა მიენიჭოს გასაჩივრების უფლების მქონე პირის ინტერესებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთანავე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (ს.კ. 204400200) სსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 24.04.2017წ. N425 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.03.2017წ. განჩინება;
3. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (ს.კ. …) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 24.04.2017წ. N425 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ.როინიშვილი