Facebook Twitter

საქმე # 080310016001269345

ბს-411-408(კ-17) 30 ნოემბერი 2017წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა შპს „...“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.11.2016წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „...“ 04.02.2016წ. საჩივრით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორის ლ. ჩ-ის მიერ 25.01.2016წ. შედგენილი საჯარიმო ქვითრის -N 007033 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაუქმება და სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.03.2016წ. განჩინებით შპს „...“ საჩივარი მიჩნეულ იქნა სარჩელად, 04.03.2016წ. სარჩელზე დადგენილ იქნა ხარვეზი, რაც მოსარჩელემ შეავსო, მოპასუხეებად დასახელდა სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო და სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველო.

ქუთისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 10.05.2016წ. გადაწყვეტილებით შპს „...“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...“. შპს-მ მოითხოვა აგრეთვე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 02.03.2016წ. და 04.03.2016წ. განჩინებების გაუქმება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.11.2016წ. განჩინებით შპს „...“ სააპელაციო საჩივარი არ დაკამყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და განჩინებები, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს „...“ მიერ. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ არ იმსჯელა 02.03.2016წ. და 04.03.2016წ. წინმსწრები განჩინებების გაუქმების თაობაზე. გასაჩივრებული გადაწყვეტილება ზოგადი ხასიათისაა, არ შეიცავს სათანადო ფაქტობრივ და სამართლებრივ დასაბუთებას. სასამართლოს მიერ არ მომხდარა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევა, საქმის გარემოებები არასწორად და არასრულად არის დადგენილი. კასატორის მოსაზრებით მეწარმის ბიზნესოპერატორად დარეგისტრირების წინაპირობაა ისეთი სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება, რომელიც მითითებულია სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში. შპს „...“ არ შეიძლება განხილულ იქნეს ბიზნესოპერატორად, რადგან საზოგადოების ძირითადი სამეწარმეო საქმიანობა არის საზოგადოების კუთვნილი ფართების გაქირავება, შპს არ არის ბაზრის მომწყობი ან ბაზარზე პროდუქციის განმათავსებელი სუბიექტი. სააპელაციო პალატამ ვერ დაასაბუთა სამართალდარღვევის ოქმის კანონიერად მიჩნევის საფუძვლები. გასათვალისწინებელია, რომ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონალური სამმართველოს მიერ შპს დაჯარიმდა ანალოგიური სამართალდარღვევისთვის, თუმცა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 11.06.2013წ. დადგენილებით გაუქმდა აღნიშნულ ფაქტზე შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი. კასატორი არაკონსტიტუციურად მიიჩნევს ერთიდაიგივიე ქმედებისათვის საზოგადოების ორჯერ დაჯარიმებას და თვლის, რომ ორგანოს საზოგადოების მიმართ შერჩევითი და დისკრიმინაციული დამოკიდებულება აქვს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10, 230-ე, 236-ე, 264-ე მუხლების, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 64.1, მე-13, 1-ლი, მე-2 მუხლების საფუძველზე, კასატორმა მიიჩნია, რომ სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს სადავო საკითხის მომწესრიგებელი ნორმატიული საფუძვლები, ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის კანონისმიერი წინაპირობები და სამართალდარღვევისათვის სახდელის შეფარდების წესი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

არასწორია კასატორის მოსაზრება, რომ შპს-ს ერთი და იგივე ქმედებისათვის ორჯერ შეეფარდა სახდელი, რადგან შპს-ს მიმართ 03.06.2013წ. შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი თანამდევი შედეგებით ბათილად იქნა ცნობილი და ორგანოს დაევალა საქმის გარემოებათა ხელახლა გამოკვლევა, ამასთან, სასამართლოს არ გამოურიცხავს შპს „...“ ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის ვალდებულება. განსახილველ შემთხვევაში შპს-ს მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შედგა 25.01.2016წ., რომლის მართლზომიერების დასადასტურებლად ორგანომ სასამართლოში წარმოადგინა შპს „...“ მიერ შედგენილი აგრარული ბაზრის ვეტერინალურ-სანიტარული ექსპერტიზის ლაბორატორიის N002472 ბარათი, რომლითაც დასტურდება, რომ შპს ახდენს სარეალიზაციოდ განსათავსებელი გარკვეული პროდუქციის შემოწმებას. ამასთანავე, შპს ადასტურებს, რომ მის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოწყობილია აგრარული ბაზარი, ათზე მეტი პირის მიერ ხდება სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზაცია, ტერიტორიაზე განლაგებულია როგორც სტაციონარული სავაჭრო ობიექტები, ისე არასტაციონარული სავაჭრო ადგილები, რომელთა მფლობელებსაც ხელშეკრულებები აქვთ შპს-სთან გაფორმებული, ამდენად, ტერიტორია მოწყობილია სწორედ გარკვეული პროდუქციის სარეალიზაციოდ, აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ შპს „...“ ჰქონდა ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის ვალდებულება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც შპს „...“ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „...“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.11.2016წ. განჩინება;

3. ნ. კ-ეს (პ.ნ. ...) დაუბრუნდეს 02.06.2017წ. №1 საგადახდო დავალებით საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი