ბს-441-438(კ-17) 30 ნოემბერი, 2017წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა მ. ღ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.01.2017წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ღ-მა 19.03.2015წ. სარჩელით მიმართა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე - სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ გამგებლის 04.08.2014წ. N379 ბრძანებისა და 11.08.2014წ. N05/589 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის, ტოლფას ან ზემდგომ თანამდებობაზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 28.09.2015წ. გადაწყვეტილებით მ. ღ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მ. ღ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.01.2017წ. განჩინებით მ. ღ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 28.09.2015წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ღ-მა. კასატორმა ასევე მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.09.2016წ, 26.10.2016წ. და 28.12.2016წ. საოქმო განჩინებების გაუქმება.
კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და, ამასთანავე, არასწორად განმარტა კანონი. კასატორის მითითებით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობაში არათუ შემცირდა, არამედ გაიზარდა საშტატო ერთეულები. კერძოდ, იურიდიული განყოფილება გარდაიქმნა იურიდიულ სამსახურად და დაემატა ერთი საშტატო ერთეული. მ. ღ-მა აღნიშნა, რომ 31.07.2014წ. განცხადებით ნათლად გამოხატა თანხმობა გამგებლის შეთავაზებაზე.
კასატორის მითითებით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის სადავო აქტით არ დასტურდება მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების უგულებელყოფა, შრომის შინაგანაწესის დარღვევა, დამსაქმებლის კანონიერი ბრძანებისადმი დაუმორჩილებლობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადგილი ჰქონდა მის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას. ამასთანავე, მოპასუხის 11.08.2014წ. N05/589 აქტი მიღებულია უფლებამოსილების გადამეტებით, რადგან მოხელის უნარ-ჩვევებს აფასებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია და არა გამგებელი. კასატორმა აღნიშნა, რომ გამგებელმა შეაგროვა მისი ისეთი პერსონალური მონაცემები, რომელბიც მოხელის სამსახურში მიღებისათვის კანონით არ არის გათვალისწინებული. კასატორის მითითებით, მას უარი არ უთქვამს გათავისუფლების ბრძანების ჩაბარებაზე და საქმეში წარმოდგენილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის თანამშრომლების მიერ შედგნილი 10.08.2014წ. ოქმი ყალბია.
კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს სადავო საოქმო განჩინებებით დაირღვა სასკ-ის მე-4 მუხლით გათვალისწინებული მხარეთა შეჯიბრებითობისა და საქმის გარემოებეის სასამართლოს მიერ გამოკვლევის პრინციპი, აგრეთვე, სსკ-ის 221-ე და 225-228-ე მუხლების მოთხოვნები. ამასთანავე, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ღ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ 31.10.2009წ. კანონის 97-ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს დიკრეციულ უფლებამოსილებას გაათავისუფლოს მოხელე დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას. კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განხორციელდა რეორგანიზაცია შტატების შემცირებით. თუმცა, გამგეობის იურიდიულ სამსახურში საშტატო ერთეული არ შემცირებულა. „საჯარო სამსახურის შესახებ“ 31.10.2009წ. კანონის 96.1 მუხლის შესაბამისად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. თუმცა, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ აღნიშნული მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში მოიაზრება მოხელე, რომელიც კონკურისის წესით არის დანიშნული თანამდებობაზე. მ. ღ-ი თანამდებობაზე კონკურსის წესით დანიშნული არ ყოფილა, იგი იყო დროებით მოვალეობის შემსრულებელი.
საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მ. ღ-ს, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, მიეცა წინადადება, წერედგინა წერილობითი თანხმობა გამგეობის იურიდიულ სამსახურში მთავრი სპეციალისტის დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნასთან დაკავშირებით. საქმეში დაცული კასატორის 31.07.2014წ. განცხადებით დასტურდება, რომ იგი დაეთანხმა არა იურიდიული სამსახურის მთავარი სპეციალისტის დროებით მოვალეობის შემსრულებლად, არამედ იურიდიული სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშვნას (გადაყვანა - დაწინაურებას), სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების მე-20 მუხლის შესაბამისად, რომლის თანახმად, გამგეობის საშტატო ნუსხით განსაზღვრულ ვაკანტურ თანამდებობაზე პირი უკონკურსოდ შეიძლება დაინიშნოს არა უმეტეს 6 თვის გამოსაცდელი ვადით ან გამოსაცდელი ვადის გარეშე: სამსახურებრივი დაწინაურების შემთხვევაში, სამსახურებრივი გადაყვანისას ან არა უმეტეს 3 თვის ვადით დროებით მოვალეობის შემსრულებლად. აღნიშნულიდან გამომდინარე, მ. ღ-მა, ფაქტობრივად, უარი განაცხადა გამგეობის შეთავაზებაზე, რაც, თავის მხრივ, მისი მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნაზე უარის თქმის ლეგიტიმური საფუძველი შეიძლება გამხდარიყო. ამასთანავე, მოპასუხის 11.08.2014წ. აქტით დასტურდება, რომ ორგანომ, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, იმსჯელა და გაითვალისწინა მოხელის კვალიფიკაცია და მისი პროფესიული უნარ-ჩვევები.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება განსხვავდება უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან, რადგან კასატორის მიერ დასახელებული სუს-ის გადაწყვეტილებები ეხება მოცემული საქმისაგან განსხვავებულ ფაქტობრივ გარემოებებს. ამდენად, ადგილი არ აქვს დივერგენციას. კასატორი, ასევე, ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული საოქმო განჩინებების გაუქმების საფუძვლებს, საქმის მასალებით არ დასტურდება საქმის ისეთი პროცესუალური დარღვევებით განხილვა, რასაც შეეძლო მოეხდინა ზემოქმედება საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც მ. ღ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ღ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.01.2017წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ.ვაჩაძე
ვ. როინიშვილი