საქმე # 330310016001245091
ბს-459-456(2კ-17) 09 ნოემბერი, 2017წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვასილ როინიშვილი, მაია ვაჩაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.02.2017წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. მ-ამ, ს. კ-ამ და ა. მ-ამ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს პრეზიდენტის მიმართ, საქართველოს პრეზიდენტის 16.12.2010წ. N1159 განკარგულების მოსარჩელეების ნაწილში ბათილად ცნობისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ი. ჟ-ას შორის 27.12.2010წ. გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების მოსარჩელეების ნაწილში ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.03.2016წ. განჩინებით სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაებნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო და ი. ჟ-ა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.03.2016წ. გადაწყვეტილებით თ. მ-ას, ს. კ-ას და ა. მ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 16.12.2010წ. N1159 განკარგულება მოსარჩელეების ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ი. ჟ-ას შორის 27.12.2010წ. გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება მოსარჩელეების ნაწილში. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს პრეზიდენტმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.02.2017წ. განჩინებით საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 30.03.2016წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს პრეზიდენტმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ.
კასატორმა - საქართველოს პრეზინდენტმა აღნიშნა, რომ სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რამაც საქმეზე უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება განაპირობა. კასატორის მითითებით, გაუგებარია, რომელი აქტის საფუძველზე იყო საქართველოს პრეზიდენტი ვალდებული, სადავო ხელშეკრულების გაფორმებამდე გამოეკვლია ფიზიკურ პირთა ნება ფართის საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით. ამასთანავე, საქმეში არ არის წარმოდეგნილი არც ერთი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ მოსარჩელეები, სადავო აქტის გამოცემისას, პრეზიდენტის განკარგულებით გადაცემულ ფართში არ ცხოვრობდნენ. სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი საქართველოს მთავრობის 28.05.2009წ. N403 განკარგულების თანახმად, უძრავი ქონების პრივატიზების ხელშეკრულებას ხელს აწერდა დევნილი ოჯახის ერთ-ერთი სრულუფლებიანი წევრი და არა ოჯახის ყველა წევრი.
კასატორის მითითებით, მოსარჩელეების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2010 წლიდან. სადავო ხელშეკრულების დადებამდე რამდენიმე დღის ადრე მოსარჩელეებმა ბინით დაკმაყოფილების მოთხოვნოთ მიმართეს სამინისტოს, რომელმაც არ დააკმაყოფილა აღნიშნული მოთხოვნა და მათ ი. ჟ-ასთან ერთად გადასცა ბინა. შესაბამისად, მათთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო ხელშეკრულების გაფორმების შესახებ. ამასთანავე, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებულ დევნილს ენიშნება განსხვავებული ოდენობის შემწეობა, რაც კონკრეტულ შემთხვევაში დაენიშნათ მოსარჩელეებს. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებითაც, მათ 2010 წელს უნდა ჰქონოდათ ინფორმაცია ხელშეკრულების დადების თაობაზე. შესაბამისად, თ. მ-ას, ს. კ-ასა და ა. მ-ას სარჩელი ხანდაზმულია.
კასატორმა - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ აღნიშნა, რომ დევნილის ანკეტების მიხედვით, მოსარჩელეების მისამართს წარმოადგენს ქ. თბილისი, ვაზისუბნის მე-... მ/რაიონი, მე-...კვ., 1-ლი სართ. ანუ ის მისამართი, რომელზეც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ი. ჟ-ას შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. ამასთან, რეგისტრაციის ადგილის შეცვლის მოთხოვნით მოსარჩელეებს სამინისტროსთვის არ მიუმართავთ. შესაბამისად, სადავო ხელშეკრულების გაფორმებისას, სამინისტრომ ზემოაღნიშნული ინფრომაციით იხელმძღვანელა.
კასატორის მითითებით, მოსარჩელეთათვის ხანდაზმულობის ვადის ათვლა 2010 წლიდან უნდა დაიწყოს, რადგან მათ ამ დროისათვის უნდა სცოდნოდათ სადავო ხელშეკრულების გაფორმების შესახებ. აღნიშნულს ის ფაქტი ადასტურებს, რომ მოსარჩელეები ხელშეკრულების გაფორმების ანუ საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შემდეგ იღებდნენ განსხვავებული ოდენობის შემწეობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოანია, შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. საქართველოს მთავრობის 28.05.2009წ. N403 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ 2.1.5 მუხლის თანახმად, ქონების საკუთრებაში გადაცემის პროცესის ერთ-ერთი საფეხურია შერჩეული კომპაქტური ჩასახლების ობიქტებში რეალურად მცხოვრები დევნილების დადგენა და მათთვის კონკრეტული შეთავაზებების გაკეთება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოები წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ ადასტურებენ ზემოაღნიშნული შეთავაზების მოსარჩელეებისათვის წარდგენას.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ ზაკ-ის 67.1 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოებს გააჩნდათ მოსარჩელეთათვის ხელშეკრულების დადების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა და მათგან თანხმობის მიღების ვალდებულება, რაც მოცემულ შემთხვევაში გათვალისწინებული არ ყოფილა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.02.2017წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
მ. ვაჩაძე