ბს-483-480(კ-17) 30 ნოემბერი, 2017წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ზ. ქ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.02.2016წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. ქ-მა 11.06.2014წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიმართ, მოპასუხის 08.05.2014წ. გადაწყვეტილებისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 06.05.2010წ. N14/04-3652, 28.07.2010წ. N1275 და 11.09.1013წ. N44037 ბრძანებების ბათილად ცნობის მოთხოვნით. 25.06.2014წ. განცხადებით მოსარჩელემ დააზუსტა მოპასუხეთა წრე და მოპასუხედ დამატებით მიუთითა სსიპ შემოსავალების სამსახური.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.02.2015წ. განჩინებით ზ. ქ-ის სარჩელზე, სსიპ შემოსავლების სამსახურის 06.05.2010წ. N14/04-3652 და 28.07.2010წ. N1275 ბრძანებების ბათილად ცნობის ნაწილში, შეწყდა საქმის წარმოება, რაც ზ. ქ-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.02.2015წ. გადაწყვეტილებით ზ. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ზ. ქ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.02.2016წ. განჩინებით ზ. ქ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.02.2015წ. განჩინება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.02.2016წ. განჩინებით ზ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.02.2015წ. გადაწყვეტილება, რაც ზ. ქ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა.
კასატორმა აღნიშნა, რომ მის მფლობელობაში არსებული ი/მ „ზ. ქ-ი-...“ 07.02.2000წ. ნოტარიული გაფორმების წესით, 100 ლარის სანაცვლოდ, გადასცა ზ. ნ-ს. ხელშეკრულების თანახმად, შემძენმა მიიღო ი/მ-ს საფირმო სახელწოდებაც. კასატორის მითითებით, ი/მ-ს გასხვისების შემდეგ, შექმნა ახალი ი/მ - „ზ. ქ-ი“, რომელსაც არავითარი კავშირი არ ჰქონდა ი/მ „ზ. ქ-ი-...“. თუმცა, მიუხედავად ამისა, ი/მ „ზ. ქ-ი-...“ საგადასახადო ვალდებულებების გამო, დაყადაღდა არა ზ. ნ-ის, არამედ მისი ქონება.
კასატორმა აღნიშნა, რომ საგადასახადო ვალდებულება ითვალისწინებს პირად პასუხისმგებლობას,რაც გულისხმობს იმას, რომ საკუთარი ქონებით პასუხს აგებს ის პირი, ვის მიერაც იქნა დაგროვებული დავალიანება. კონკრეტულ შემთხვევაში, დავალიანება დაგროვდა ზ. ნ-ის და არა ზ. ქ-ის მიერ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებას, რომ ზ. ქ-ს სსიპ შემოსავლების სამსახურის 11.09.2013წ. N44037 ბრძანებით, სადაგასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძვლით, მართებულად ეთქვა უარი გგპაბ-ზე დარიცხული თანხების გაუქმებასთან დაკავშირებით საჩივრის განხილვაზე, რადგან საქმეში დაცული მასალების თანახმად, უკვე არსებობდა იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. კერძოდ, სსიპ შემოსავლების სამსახურის 28.07.2010წ. N1275 ბრძანებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 28.10.2010წ. გადაწყვეტილებითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.04.2011წ. გადაწყვეტილებით მართლზომიერად იქნა მიჩნეული ზ. ქ-ისათვის დავალეანების დარიცხვა და მისი ქონების დაყადაღება. ამასთანავე, საქმის მასალებით არ დასტურდება ახლად აღმოჩენილი/ახლად გამოვლენილი გარემოების არსებობა, რაც დავის განახლების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ზ. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთანავე, მ. ღ-ას (პ/ნ ...) სსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 18.05.2017წ. N0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. ქ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.02.2016წ. განჩინება;
3. მ. ღ-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 18.05.2017წ. N0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი