Facebook Twitter

ბს-495-492(კ-17) 16 ნოემბერი, 2017წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვასილ როინიშვილი, მაია ვაჩაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.03.2017წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „…“ 20.04.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა საქარველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 03.04.2015წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახლად აღმოჩენილ/ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.10.2015წ. განჩინებით სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ შემოსავლების სამსახური.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.04.2016წ. გადაწყვეტილებით შპს „…“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 03.04.2015წ. გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.03.2017წ. განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.04.2016წ. გადაწყვეტილება, რაც საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საკასაციო წესით გაასაჩივრა.

კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლო სადავო განჩინებაში მსჯელობს, რომ დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების განმარტება არ შეიძლება წარმოადგენდეს ახლად აღმოჩენილ/ახლად გამოვლენილ გარემოებას, ვინაიდან იგი არ არის მტკიცებულება ან გარემოება, რომელზეც მხარემ შეიძლება დააყენოს თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობა. კანონმდებლობით პირდაპირაა დადგენილი, რომ განმარტება არის გადაწყვეტილების განუყოფელი ნაწილი და, შესაბამისად, კანონმდებლობით არაა გათვალისწინებული მისი გასაჩივრების წესი. თუმცა, მეორე მხრივ, სააპელაციო პალატა ზემოაღნიშნულ დასკვნასთან მოდის წინააღმდეგობაში, როდესაც უთითებს, რომ შპს „…“ აქვს განმარტების გასაჩივრების უფლება. კასატორის მითითებით, გაურკვეველია სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველი, რომლითაც ის ადმინისტაციულ ორგანოს ავალებს საქმის გარემოებათა გამოკვლევის შედეგად ახალი აქტის გამოცემას, რადგან თავად სასამართლო უთითებს, რომ განმარტება არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ/ახლად გამოვლენილ გარემოებას. ამასთანავე, სასამართლომ არ გაითვალისწინა საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია იმავე პირის მიმართ იმავე დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.

კასატორმა აღნიშნა, რომ მოსარჩელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების მისი პირადი აღრიცხვის ბარათზე სხვაგვარად ასახვის შედეგად მისი მდგომარეობა დამძიმდება. სწორედ ამ გარემოების თავიდან აცილების მიზნით, გადასახადის გადამხდელისათვის საუკეთესო შედეგის მისაღწევად, დავების განხილვის საბჭომ შემოსავლების სამსახურს ტექნიკური ხასიათის განმარტება მისცა და მისი გაუქმება ამ საფუძვლითაც უკანონოა. ამასთანავე, დავების განხილვის საბჭოს არ გამოუტანია დარიცხული გადასახადის გაუქმების გადაწყვეტილება, რადგან იგი აღიარებული იყო გადამხდელის მიერ. შესაბამისად, საბჭომ ისეთი განმარტება მისცა შემოსავლების სამსახურს, რომ საწარმოს მინიმალურად ნაკლები საურავი გამოსვლოდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებას, რომ საგადასახადო კოდექსის 307-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების განმარტება არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ/ახლად გამოვლენილ გარემოებას. თუმცა, კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 03.10.2014წ. განმარტებამ გამოიწვია საბჭოს 06.05.2014წ, გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული შედეგების წარმოქმნა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოებმა მართებულად მიუთითეს, რომ საბჭოს 03.10.2014წ. განმარტება არ არის გადაწყვეტილების შემადგენელი ნაწილი და იგი წარმოადგენს დამოუკიდებელ ინდივიადუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რის გამოც, მისი გასაჩივრება დასაშვებია და, შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იმსჯელოს მასზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.03.2017წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

მ. ვაჩაძე