ბს-508-505(კ-17) 16 ნოემბერი, 2017წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი,
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.09.2016წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. კ-ამ 16.10.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და პენიტენციური დაწესებულებების საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ 26.08.2015წ. და „თ. კ-ას გათავისუფლების შესახებ“ 01.09.2015წ. ბრძანებების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.12.2015წ. გადაწყვეტილებით თ. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის „თ. კ-ას გათავისუფლების შესახებ“ 01.09.2015წ. ბრძანება და მოპასუხეს დაევალა საქმისათის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი აქტის გამოცემა, რაც საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.09.2016წ. განჩინებით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.12.2015წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და პენიტენციური დაწესებულებების საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქრთველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 26.08.2015წ. ბრძანებით და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №12 პენიტენციური დაწესებულების დებულებით, ცალსახად დასტურდება, რომ კადრების განყოფილება ლიკვიდირებულია და მისი ფუნქცია-მოვალეობები სხვა განყოფილებას არ გადასცემია. კასატორის მითითებით, გაუგებარია რომელი თანამდებობა ჩათვალა სააპელაციო სასამართლომ კადრების ფუნქციის შემსრულებლად.
კასატორმა აღნიშნა, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №12 პენიტენციური დაწესებულების დებულების შესაბამისად, დაწესებულების დირექტორს დაწესებულების მოსამსახურეების დანიშვნისა და გათავისუფლების უფლებამოსილება არ გააჩნია. სწორედ აღნიშნულმა გამოიწვია კადრების განყოფილების გაუქმება. ამასთანავე, დაწესებულებაში ფუნქციური დატვირთვით მსგავსი თანამდებობა აღარ არსებობს. შესაბამისად, თ კ-ა თანამდებობიდან განთავისუფლდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ 31.10.2009წ. კანონის 96-ე და 97-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. კასატორის მითითებით თ. კ-ას შეეთავაზა N17 პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორის თანამდებობაზე გადაყვანა, რაზეც მან უარი განაცხადა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ N12 პენიტენციურ დაწესებულებაში კადრების საშტატო ერთეული გაუქმდა, თუმცა მოპასუხე ვერ ასაბუთებს, რომ ფუნქციური დატვირთვით მსგავსი თანამდებობა დაწესებულებაში აღარ არსებობს. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 27.08.2015წ. N115 ბრძანებით დამტკიცებული N12 დაწესებულების დებულების 5.1 მუხლის "დ" ქვეპუნქტის შესაბამისად, დაწესებულების დირექტორის ერთ-ერთი უფლებამოსილებაა დეპარტამენტის დირექტორისთვის დაწესებულების მუშაობის ორგანიზების, ადამიანური რესურსების გამოყოფის, მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებების გამოყენების თაობაზე წინადადებების წარდგენა. შესაბამისად, N12 დაწესებულებაში არსებობს ფუნქციური დატვირთვით კადრების ინსპექტორის მსგავსი თანამდებობა, რომელიც დირექტორს ზემოაღნიშნული უფლებამოსილების განხორციელებას უზრუნველყოფს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ 31.10.2009წ. კანონის 97-ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას გაათავისუფლოს მოხელე დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას. აღნიშნული უფლებამოსილების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება უნდა გამოიცეს შესაბამისი წესით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში დაცული მასალებით არ დასტურდება თ. კ-ას მიმართ ამგვარი წარმოების ჩატარება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ შტატების შემცირების გამო მოხელის სამსახურიდან დათხოვნა უკავშირდება მოხელეთა პროფესიული უნარ-ჩვევების სხვადასხვა კრიტერიუმებით შეფასებას. მნიშვნელოვანია, რომ პირის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გაითვალისწინოს თითოეული მოხელის პროფესიონალიზმი, შრომითი უნარ-ჩვევები, კომპეტენტურობა, პირადი თვისებები, კოლეგიალურობა, კრეატიულობა, თანამშრომლობის უნარი, რეპუტაცია და სხვა გარემოებები და აღნიშნულის შედეგად მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.09.2016წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ.ვაჩაძე
ვ. როინიშვილი