Facebook Twitter

ბს-556-553(კ-17) 16 ნოემბერი, 2017წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ა. ლ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.12.2016წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. ლ-ამ 13.03.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 18.02.2015წ. N01-02/08/4191 აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხეებისათვის ა. ლ-ას სასარგებლოდ დისკრიმინაციული აქტებით გამოწვეული მორალური ზიანის, 5 000 ლარის ოდენობით, ანაზღაურების დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.11.2015წ. განჩინებით ა. ლ-ას საქმეზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ტოლვილთა სამინისტორს 18.02.2015წ. N01-02/08/4191 აქტის ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.05.2016წ. გადაწყვეტილებით ა. ლ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ა. ლ-ას მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.12.2016წ. განჩინებით ა. ლ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.05.2016წ. გადაწყვეტილება, რაც ა. ლ-ამ საკასაციო წესით გაასაჩივრა.

კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით მიღებული კანონმდებლობა და მოსარჩელის მოთხოვნას არასწორი ინტერპრეტაცია გაუკეთა. კასატორის მოსაზრებით, დისკრიმინაციის დადგენის ფაქტი თავად მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ფარგლებში ვლინდება და არ საჭიროებს დამატებით მოთხოვნას დიკრიმინაციის ფაქტის დადგენასთან დაკავშირებით. კასატორმა აღნიშნა, რომ მართალია, გასაჩივრებულ აქტებში შეიცვალა დისკრიმინაციული რეგულაცია და, შესაბამისად, დისკრიმინაციული მოპყრობა აღარ გაგრძელდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, სასამართლოს შეეძლო ძველი რეგულაციების შეფასება. კასატორი არ იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ მას უნდა დაედასტურებინა დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგად მიყენებული ზიანი - საცხოვრებელი ფართის გარეშე დარჩენა. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული მსჯელობა ეწინააღმდეგება საერთაშორისო სასამართლოების მიერ დისკრიმინაციის საქმეებზე ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით დადგენილ პრაქტიკას.

კასატორმა აღნიშნა, რომ მოცემული საქმე აკმაყოფილებს ყველა იმ პირობას, რაც მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველი შეიძლება გახდეს. სახეზეა დისკრიმინაციული აქტები, რომელთა საფუძველზეც ა. ლ-ას წაერთვა შესაძლებლობა, საცხოვრებელი ფართის მიღებასთან დაკავშირებით განხილული ყოფილიყო მისი განაცხადი. შესაბამისად, სახეზეა მიზეზობრივი კავშირი და ამ კავშირის შედეგად დამდგარი ზიანი. ამდენად, სასამართლოს უნდა ემსჯელა ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით. კასატორის მოსაზრებით, სახელმწიფოს მიერ იმგვარი რეგულაციის მიღება, რომელიც შემოწმების პროცესიდან გამორიცხავს პირთა ჯგუფს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობაც აქვთ, დისკრიმინაციულია და ამგვარ განსხვავებულ მოპყრობას ობიექტური და გონივრული გამართლება არ აქვს. კასატორმა აღნიშნა, რომ არსებული რეგულაციის პორობებში, არსებითად თანასწორი პირები მნიშვნელოვნად სცილდებიან ერთმანეთს და განსხვავეულ ვითარებაში ექცევიან. დევნილთა ერთი ჯგუფი საერთოდ მოკლებულია შესაძლებლობას შეავსოს განაცხადი და მოხდეს მისი შეფასება, რაც მკვეთრად აშორებს შესადარებელ პირებს ერთმანეთს. ამდენად, მიზნის შეფასება უნდა მოხდეს „მკაცრი ტესტით“. საჭიროა იმის მტკიცება, რომ სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა არის აბსოლუტურად აუცილებელი, არსებობს სახელმწიფოს დაუძლეველი ინტერესი. კასატორმა აღნიშნა, რომ საბიუჯეტო სახსრების დაზოგვა არ მიიჩნევა დაუძლეველ სახელმწიფო ინტერესად. ამდენად, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების, საქართველოს მოქალაქეებთან შედარებით, არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩაყენებას ლეგიტიმური მიზანი არ გააჩნია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ლ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 3632.1 მუხლის თანახმად, ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა. სსკ-ს 3633 მუხლის შესაბამისად, სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა. კონკრეტულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგად მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება. თავდაპირველად, მოსარჩელე ითხოვდა დისკრიმინაციული აქტების ბათილად ცნობასაც, თუმცა, ნაწილობრივ, სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტებისა და, ნაწილობრივ, სასამართლოს განჩინებით, აღნიშნულ მოთხოვნებთან დაკავშირებით შეწყდა საქმის წარმოება.

საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებას, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მოპასუხის მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობიდან და დასტურდებოდეს მოსარჩელის მიერ წარდგენილი კონკრეტული ფაქტებითა და მტკიცებულებებით, სახეზე არ არის. მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნის შემცირების გათვალისიწინებით, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას შეაფასოს და დაადგინოს დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი, რაც თავისმხრივ, გამორიცხავს ზიანის ანაზღაურებაზე მსჯელობას. ამასთანავე, მოსარჩელე ვერ ასაბუთებს ზიანის, როგორც დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგის, არსებობას. საქმეში დაცული მასალებით დგინდება და მხარეებსაც არ გაუხდიათ სადავოდ, რომ ა. ლ-ას ოჯახი უკვე დაკმაყოფილებულია საცხოვრებელი ფართით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ. ამასთანავე, მოსარჩელე არ უარყოფს, რომ მისი ფართით დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტამდე, შესაბამისი ბინის ქირას ანაზღაურებდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ა. ლ-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ლ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.12.2016წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი