ბს-731-723(კ-16) 2 ნოემბერი, 2017წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვასილ როინიშვილი, მაია ვაჩაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სს "…" საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.10.2015წ. გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს "…" 27.08.2013წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართ, მოპასუხის 25.07.2013წ. N565 და 16.08.2013წ. N619 განკარგულებების ბათილად ცნობის თაობაზე (საქმე N3/3111-13). სს "…" ამავე სასამართლოს მიმართა ასევე 28.10.2013წ. და მოითხოვა საქართველოს ეროვნული ბანკის 25.09.2013წ. N725 განკარგულების ბათილად ცნობა (საქმე N3/3950-13). საქალაქო სასამართლოს 25.02.2014წ. საოქმო განჩინებით N3/3111-13 და N3/3950-13 ადმინისტრაციული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 28.03.2014წ. გადაწყვეტილებით სს "…" სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეროვნული ბანკის 25.07.2013წ. N565, 16.08.2013წ. N619 და 25.09.2013წ. N725 განკარგულებები. აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.10.2015წ. გადაწყვეტილებით საქართველოს ეროვნული ბანკის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 28.03.2014წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სს "…" სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს "…".
კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის მომენტისათვის სს "…" არ იყო ანგარიშვალდებული საწარმო საქართველოს ეროვნული ბანკის წინაშე, რამდენადაც საწარმოს არ გამოუშვია საჯარო ფასიანი ქაღალდები, რომლებიც განთავსებული იყო საჯარო შეთავაზების გზით, "…" აქციები საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ გატანილი იყო მხოლოდ 2009 წლის 23 ივნისამდე. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ არასწორედ განმარტა "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" კანონის 2.36 მუხლი და ერთმანეთთან გააიგივა საჯარო ფასიანი ქაღალდების სტატუსის მიმნიჭებელი ორი პირობა: "აქციათა განთავსება საჯარო შეთავაზების გზით" და "აქციათა დაშვება სავაჭროდ საფონდო ბირჟაზე", საწარმოს აქციები არც საჯარო შეთავაზების გზით არის განთავსებული და არც საფონდო ბირჟაზეა დაშვებული სავაჭროდ, შესაბამისად, სს "…" არ წარმოადგენს ანგარიშვალდებულ საწარმოს (საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტს) და არ ექვემდებარება ეროვნული ბანკის არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის დეპარტამენტის იურისდიქციას, არ არსებობს საქართველოს ეროვნული ბანკისათვის რაიმე სახის ანგარიშის ან/და ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს "…" საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ "…" აქციები საქართველოს საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემაში დაშვებულ იქნა 2000 წელს, იმ დროიდან საქელექტრომანქანის აქციები განთავსდა საჯარო შეთავაზების გზით და მათ მიენიჭათ საჯარო ფასიანი ქაღალდების სტატუსი. ამასთანავე, სს "…" მინიჭებული აქვს ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო საიდენტიფიკაციო ნომერი, რისი საფუძველიც იყო ამ ფასიანი ქაღალდების საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვება, ანუ ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზება. სს "…" დაფიქსირებულია ეროვნული ბანკის მიერ წარმოებულ ანგარიშვალდებულ საწარმოთა ელექტრონულ რეესტრში, იგი აღრიცხვულია ეროვნული საიდენტიფიკაციო ნომრების სააგენტოთა ასოციაციის საიტზე წარმოებულ რეესტრშიც, "…" აკმაყოფილებს ანგარიშვალდებულ საწარმოდ მიჩნევისათვის კანონით დადგენილ პირობებს.
საფუძვლიანია სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ "…" ანგარიშვალდებული საწარმოს სტატუსის მქონე იყო სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის მომენტისათვის, რამდენადაც ,,ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონის მე–9 მუხლით ანგარიშვალდებულ საწარმოდ მიჩნევის პირობა უკავშირდება წარსულში უკვე განხორციელებულ ქმედებას - საჯარო ფასიანი ქაღალდების გამოშვებას. უსაფუძვლოა კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო პალატამ არასწორედ განმარტა "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" კანონის 2.36 მუხლი. მითითებული მუხლით საჯარო ფასიან ქაღალდად მიჩნეულია იმ კლასის ფასიანი ქაღალდი, რომელიც განთავსდა საჯარო შეთავაზების გზით ან/და დაშვებულია სავაჭროდ საფონდო ბირჟაზე. საფუძვლიანია სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ კანონმდებელმა საჯარო ფასიან ქაღალდად მიჩნევისათვის დადგენილი ორი პირობიდან პირველი პირობა დაუკავშირა საჯარო შეთავაზების გზით განთავსების უკვე განხორციელებულ ფაქტს, შესაბამისად, საწარმო, რომელსაც უკვე განხორციელებული აქვს განთავსება საჯარო შეთავაზების გზით, ითვლება ანგარიშვალდებულ საწარმოდ. ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის მოსარჩელის აქციები მოხსნილია საფონდო ბირჟაზე ვაჭრობიდან, "…" ინარჩუნებს ანგარიშვალდებული საწარმოს სტატუსს, რადგან იგი აკმაყოფილებს კანონის დანაწესის პირობას - მას გამოშვებული აქვს საჯარო ფასიანი ქაღალდები, რომლებიც განთავსებული იყო საჯარო შეთავაზების გზით. კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული ანგარიშვალდებული საწარმოს სტატუსის გაუქმების ან შეჩერების პირობა.
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ ეროვნული ბანკის მიერ სს "…" ინფორმაციის მოთხოვნის წინაპირობა - 27.08.2012წ. საწარმოს აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების გადაწყვეტილება, ასევე ეროვნულ ბანკში წარდგენილი სს "…" აქციონერების წერილები, არ ადასტურებს საზოგადოების მიერ მითითებული საოქმო გადაწყვეტილების შესაბამისად, კაპიტალის გაზრდის მიზნით გამოსაშვები ახალი აქციების შეთავაზებას პირთა განსაზღვრული წრისათვის. ჩანაწერით არ კონკრეტდება პოტენციურ მყიდველთა რაოდენობა. შეთავაზების არასაჯაროდ ჩათვლისათვის, აქციათა შეთავაზება უნდა მომხდარიყო პირთა წინასწარ დაზუსტებული, ცნობილი ოდენობისათვის. საყურადღებოა ასევე, რომ კრების გადაწყვეტილებით გაუქმდა აქციების უპირატესი შესყიდვის უფლება. ამრიგად, სადავო ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას "…" წარმოადგენდა ანგარიშვალდებულ საწარმოს და საქართველოს ეროვნულ ბანკს ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 48–ე მუხლის შესაბამისად, გააჩნდა მოსარჩელის მიმართ საზედამხედველო უფლებამოსილება, რაც მოიცავს ნებისმიერი ინფორმაციის მოთხოვნისა და მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში სანქციის გამოყენების უფლებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სს "…" საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს "…" საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.10.2015წ. გადაწყვეტილება;
3. ნ. ბ-ეს (პ/ნ …) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 24.10.2016წ. N44 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
მ. ვაჩაძე