ბს-734-730 (კ-17) 09 ნოემბერი, 2017წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.07.2017წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. ჯ-მა 12.10.2016წ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ „თ. ჯ-ისთვის ასისტენტ-პროფესორად არჩევის ვადის შეწყვეტის შესახებ“ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 12.09.2016წ. დადგენილების, „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორთან - თ. ჯ-თან ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 26.09.2016წ. ბრძანების ბათილად ცნობის და შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.03.2017წ. გადაწყვეტილებით თ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 12.09.2016წ. დადგენილება, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 26.09.2016წ. ბრძანება და სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაევალა თ. ჯ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან მისი ასისტენტ-პროფესორად არჩევის სრული ვადის განმავლობაში შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.07.2017წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ თ. ჯ-თან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა მოსარჩელისათვის დოქტორანტის სტატუსის შეწყვეტის გამო. პირს დოქტორანტის სტატუსი უნდა ჰქონდეს არამარტო ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევისას, არამედ ამ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდშიც. ამასთან, მართალია პირს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტისას 12 თვის ვადით უნარჩუნდება მობილობის უფლება, თუმცა ეს არ ნიშნავს სტუდენტის სტატუსის შენარჩუნებას. ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მოხმობილი საერთაშორისო აქტები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები სრულიად უადგილოა და არ უკავშირდება განსახილველ საქმეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, §71; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო აქტების გამოცემა მოხდა კანონიერ ძალაში მყოფი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.11.2015წ. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, თუმცა არ იქნა გათვალისწინებული სასამართლოს მითითებები, უნივერსიტეტმა გამოსცა იმავე შინაარსის აქტები, რომლებიც სასამართლოს მიერ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი. კანონიერ ძალაში მყოფ 26.11.2015წ. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია და საკასაციო პალატაც იზიარებს, რომ სტუდენტის სტატუსი პირს უნდა გააჩნდეს არა მხოლოდ ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის დროს, არამედ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდშიც, თუმცა ეს არგუმენტი არ ადასტურებს სადავო აქტების მართლზომიერებას, რადგან დადგენილია, რომ თ. ჯ-ს დოქტორანტის სტატუსი გააჩნდა მთელი სადავო პერიოდის განმავლობაში, რადგან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ 18.03.2013წ. ბრძანება სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი, შესაბამისად გაუქმდა აქტის გამოცემის დღიდან ამ აქტის საფუძველზე დამდგარი სამართლებრივი შედეგები, ხოლო თ. ჯ-ისათვის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ 16.06.2014წ. ბრძანების გამოცემისას თ. ჯ-ი უკვე იყო გ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის დოქტორანტი. ამდენად, უნივერსიტეტს კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მიღებული აქტების გამოცემისას უნდა გაეთვალისწინებინა მითითებული გარემოება, რაც არ მომხდარა.
საკასაციო პალატა იზიარებს აგრეთვე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ სადავო აქტები არ შეესაბამება მათი გამოცემის საფუძვლად მითითებულ სამართლებრივ ნორმებს, რადგან არ დასტურდება მოსარჩელის მიერ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების ან/და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტების მოთხოვნების დარღვევა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.07.2017წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი