ბს-761-757(კ-17) 07 დეკემბერი, 2017წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა შპს „…“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.05.2017წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „…“ 17.12.2014წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 12.02.2014წ. N7781 ბრძანების, შემოსავლების სამსახურის 12.02.2014წ. N6-59 საგადასახადო მოთხოვნის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 25.11.2014წ. N7624/2/14 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.02.2015წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.06.2015წ. გადაწყვეტილებით შპს „…“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.05.2017წ. განჩინებით შპს „…“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.06.2015წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „…“.
კასატორმა აღნიშნა, რომ გასაჩივრებული განჩინება და სადავო აქტები ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს 15.10.2013წ. გადაწყვეტილებას. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს, რომ სადავო დარიცხვა წარმოებულია მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით, არ არის დადგენილი თაბახის ფურცლების შპს „…“ კუთვნილება. უზენაესმა სასამართლომ არასაკმარისად ცნო მოწმის ისეთი ჩვენება, რომელიც არ არის დადასტურებული კანონიერ ძალაში მყოფი გამამტყუნებელი განაჩენით. მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ თაბახის ფურცლებზე გაუმიჯნავად ხდებოდა როგორც შპს „…“, ასევე მისი დირექტორისა და შპს „ვ…“ მონაცემების აღრიცხვა. მოწმეთა ჩვენებების არასარწმუნოობას ისიც ადასტურებს, რომ მოწმეთა უმრავლესობა არ წარმოადგენენ კასატორის თანამშრომლებს. საგადასახადო ორგანოებმა არ გაითვალისწინეს აგრეთვე შპს-ს დირექტორის პოლიტიკური დევნის ფაქტი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „…“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, §71; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს 15.10.2013წ. გადაწყვეტილებას, რადგან საკასაციო პალატა უთითებდა სისხლის სამართლის ფარგლებში დაკითხულ მოწმეთა ჩვენებების სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში განხილვის და არა მათი დაუშვებელ მტკიცებულებად მიჩნევის შესახებ. პალატამ აღნიშნა, რომ მოწმეთა ჩვენებებს არ უნდა მინიჭებოდა უდავო ხასიათი, თუმცა არ გამოურიცხავს ისინი მტკიცებულებათა წრიდან. განსახილველ შემთხვევაში დარიცხვის საფუძველი გახდა შპს „…“ ამოღებული ე.წ. თაბახის ფურცლებში ხელფასებისა და პრემიების შესახებ ასახული ინფორმაცია, რომლის ნამდვილობა და ფაქტობრივ მდგომარეობასთან შესაბამისობა დაადასტურეს მოწმეებმა. ამასთანავე, ე.წ. თაბახის ფურცლებზე ასახული ის ხარჯები, რომელთა დანიშნულება ან შპს-სათვის კუთვნილება არ დგინდებოდა, საგადასახადო ორგანოს მხრიდან აღარ დაბეგრილა, რაც ადასტურებს ორგანოს მიერ დირექტორისა და შპს-ს ხარჯების ურთიერთგამიჯვნის საჭიროების შესახებ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასახული მითითების შესრულებას. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სადავო 25.11.2014წ. გადაწყვეტილებით შპს-ს მიეცა დამატებითი ვადა საჩივარში ასახული მოსაზრებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოსადგენად, თუმცა შპს-მ ვერც ორგანოში და ვერც სასამართლოში თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობის დამდგენი მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა. კასატორის მითითება, რომ ე.წ. თაბახის ფურცლების შპს-სადმი კუთვნილება არ დასტურდება, დაუსაბუთებელია, რადგან საქმის მასალებით დგინდება, რომ თაბახის ფურცლები ამოღებულ იქნა შპს „…“, ამასთანავე, მოწმეები (მათ შორის კასატორის მოლარე-კონსულტანტი) ადასტურებენ, რომ თაბახის ფურცლებზე ჩანაწერებს აკეთებდნენ უშუალოდ შპს „…“ დირექტორის დავალებით და ასახული ინფორმაცია შეესაბამება სინამდვილეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც შპს „…“ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „…“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.05.2017წ. განჩინება;
3. ნ. ნ-ეს (პ.ნ….) დაუბრუნდეს 18.07.2017წ. №13779835 საგადახდო დავალებით მის მიერ შპს „…“ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1036 ლარის, 70% - 725,20 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი