Facebook Twitter

საქმე # 330310015001172263

ბს-574-571(კ-17) 07 დეკემბერი, 2017წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.02.2017წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

კ. პ-მა 01.12.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიმართ, მოპასუხისათვის 2014 წლის 2 აგვისტოდან თანამდებობაზე აღდგენამდე, - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.08.2014წ. გადაწყვეტილების აღსრულებამდე, პერიოდისათვის იძულებით განაცდური თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.02.2016წ. გადაწყვეტილებით კ. პ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს კ. პ-ის სასარგებლოდ, დაეკისრა იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება 2015 წლის აგვისტოდან სამუშაოზე აღდგენამდე პერიოდისათვის, რაც საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.02.2017წ. განჩინებით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.02.2016წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.08.2014წ. გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდა კ. პ-ის სარჩელი მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, თანამდებობაზე აღდგენისა და სამი თვის განაცდური ხელფასის ანაზღაურების თაობაზე. შესაბამისად, გაუგებარია სააპელაციო პალატის მითითება, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით კ. პ-ის განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება ნაწილობრივ იქნა რეალიზებული და მას შეეძლო მოეთხოვა შესაბამისი უფლების გამოუყენებელი ნაწილის რეალიზება. კასატორმა აღნიშნა, რომ იმ ფონზე, როდესაც სასამართლოს ერთხელ უკვე ჰქონდა ნამსჯელი კ. პ-ის უკანონო განთავისუფლებასა და მისთვის განაცდურის ანაზღაურებაზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო მისი 01.12.2015წ. სარჩელი და სამინისტროს ხელმეორედ დაეკისრა განაცდურის ანაზღაურება. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაირღვა სსკ-ის 272-ე მუხლის მოთხოვნები.

კასატორმა აღნიშნა, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ არ იქნა გათვალისწინებული, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უკუძალა არ გააჩნია და მის მიღებამდე წარმოშობილ ურთიერთობაზე გაავრცელეს იგი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრცაიულ საქმეთა კოლეგიის 19.08.2014წ. გადაწყვეტილებით განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება კ. პ-ის მიერ რეალიზებულ იქნა ნაწილობრივ და მას, საკონსტიტუციო სასამართლოს 31.07.2015წ. გადაწყვეტილებით, უფლება მიეცა მოეთხოვა აღნიშნული უფლების გამოუყენებელი ნაწილის რეალიზება. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაირღვა სსკ-ის 272-ე მუხლის მოთხოვნები, რადგან პირველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენდა სამი თვის განაცდური ხელფასის ანაზღაურება, 01.12.2015წ. სარჩელით კი კ. პ-მა განაცდურის დანარჩენი ნაწილის ანაზღაურება მოითხოვა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიუთითეს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უკუძალა არ გააჩნია, რის გამოც კ. პ-ის სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილებულიყო. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს 31.07.2015წ. გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდგომი პერიოდიდან თანამდებობაზე აღდგენამდე. შესაბამისად, კასატორის მოსაზრება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მის მიღებამდე წარმოშობილ ურთიერთობაზე გავრცელებასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.02.2017წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ.ვაჩაძე

ვ. როინიშვილი