საქმე # 130310014570024
განცხადების განსჯადი სასამართლოსათვის გადაცემის შესახებ
საქმე #ბ-1153-7(ა-17) 30 ნოემბერი, 2017 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარს სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა ო. ლ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.11.2015წ. განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა.მ-ემ 11.08.2014წ. სარჩელით მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 14.07.2014წ. N564 ბრძანების ბათილად ცნობის, ა.მ-ის თანამდებობაზე აღდგენის და ა.მ-ის სასარგებლოდ მოპასუხისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით.
ო.ლ-ემ 13.08.2014წ. სარჩელით მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 14.07.2014წ. N563 ბრძანების ბათილად ცნობის, ო. ლ-ის თანამდებობაზე აღდგენისა და ო.ლ-ის სასარგებლოდ მოპასუხისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 03.09.2014წ. განჩინებით ა.მ-ის და ო.ლ-ის სარჩელი ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, გაერთიანდა ერთ წარმოებად.
დავის ხაშურის რაიონული სასამართლოში განხილვისას საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ გ.ც-ე და კ.ფ-ე.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 30.09.2014წ. გადაწყვეტილებით ა.მ-ის და ო.ლ-ის სარჩელები არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ა.მ-ის და ო.ლ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.12.2014წ. განჩინებით ა.მ-ის და ო.ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ა.მ-ის და ო.ლ-ის მიერ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება. კასატორებმა ასევე მოითხოვეს საქმის წარმოების შეჩერება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ო.ლ-ის საკონსტიტუციო სარჩელზე გადაწყვეტილების გამოტანამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 05.11.2015წ. განჩინებით კასატორთა შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ მხარის მიერ ნორმის კონსტიტუციურობის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვა არ წარმოადგენს საქმის წარმოების შეჩერების საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ საფუძველს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 05.11.2015წ. განჩინებით ა. ლ-ის და ო.მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.
25.10.2017წ. საკასაციო პალატას განცხადებით მომართა ო. ლ-ემ და მოითხოვა ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 05.11.2015წ. განჩინების გაუქმება და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შემოწმება იმ საფუძვლით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს 17.10.2017წ. გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 60.1 და 60.4 მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს კოდექსის 59.1 მუხლის გავრცელებას მერიის/გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიმართ, ხოლო საერთო სასამართლოებმა საქმის განხილვისას სწორედ არაკონსტიტუციურად ცნობილი რეგულაციით იხელმძღვანელეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო ო. ლ-ის განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეგზავნოს ხაშურის რაიონულ სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელი ითხოვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 05.11.2015წ. განჩინების გაუქმებას.
აღნიშნული ნორმის გათვალისწინებით, რადგან უზენაესი სასამართლოს 05.11.2015წ. განჩინებით უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომლითაც თავის მხრივ უცვლელად იქნა დატოვებული ხაშურის რაიონული სასამართლოს 30.09.2014წ. გადაწყვეტილება, სასამართლო მიიჩნევს, რომ ო. ლ-ის განცხადება განჩინების გაუქმების შესახებ არა საქართველოს უზენაესი სასამართლოს, არამედ ხაშურის რაიონული სასამართლოს განსჯადია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ო. ლ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განსჯადობით განსახილველად გადაეცეს ხაშურის რაიონულ სასამართლოს;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი