საქმე # 100310016001473082
ბს-535-532(კ-17) 30 ნოემბერი, 2017წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვასილ როინიშვილი, მაია ვაჩაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.02.2017წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ს. ღ-ემ 17.08.2016წ. სარჩელით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე - ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და მესამე პირების - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ ზიანის - 2521,99 აშშ დოლარის ეროვნულ ვალუტაში ანაზღაურების მოთხოვნით.
საჩხერის რაინული სასამართლოს 01.09.2016წ. განჩინებით სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაებნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 21.10.2016წ. გადაწყვეტილებით ს. ღ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობას ს. ღ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 3513,34 ლარის გადახდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ს. ღ-ისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.02.2017წ. განჩინებით ს. ღ-ისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამრთლოს 21.10.2016წ. გადაწყვეტილება, რაც ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ საკასაციო წესით გაასაჩივრა.
კასატორმა აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 13.08.2012წ. N13/07-06 განკარგულების, საქართველოს მთავრობის 14.05.2012წ. N895 და 24.05.2012წ. N972 განკარგულებების საფუძველზე ჭიათურის მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო თანხები, რომლებიც უნდა განაწილებულიყო ჭიათურის მუნიციპალიტეტში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაზე. აღნიშნული მიზნით შეიქმა კომისია, რომლის დასკვნის საფუძველზეც ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 09.08.2012წ. N473 ბრძანებით დაზარალებული მოსახლეობისათვის გამოყოფილი საკომპენსაციო თანხა, კატეგორიების მიხედვით, განაწილდა დაზარალებულ ოჯახებზე. აღნიშნული ბრძანებით, მ. ღ-ე, როგორც მიწისძვრით დაზარალებული, აღიარებული არ არის. შესაბამისად, ჭიათურის მუნიციპალიტეტს მის მიმართ რაიმე სახის ვალდებულება აქ გააჩნია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 03.05.1991წ. N352 დადგენილებით განისაზღვრა სახელმწიფოს ვალდებულება, 29.04.1991წ. საქართველოს რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის აენაზღაურებინა მიყენებული ზიანი. კერძოდ, თითოეულ ოჯახზე 4 000 მანეთი და ოჯახის ყოველ წევრზე დამატებით 500 მანეთი. საქმეში დაცული ზოდის ადმინისტრაციულ ერთეულში ჭიათურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის, მ. ბ-ის მოხსენებითი ბარათით დასტურდება, რომ მ. ღ-ეს 1991 წლის მიწისძვრის შედეგად დაენგრა ჭიათურის რაიონის სოფელ ... მდებარე სახლი. 2013 წელს მ. ღ-ე გამოცხადდა გარდაცვლილად. საქმეში წარმოდგენილი სამკვიდრო მოწმობით დადგენილია, რომ მოსარჩელე ს. ღ-ემ, როგორც მისი შვილის, მ. ღ-ის, მემკვიდრემ მიიღო სამკვიდრო. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებას, რომ მ. ღ-ის უფლება - მიეღო საკომპენსაციო თანხა, მისი გარდაცალების შემდეგ გადავიდა ს. ღ-ეზე. ამასთანავე, მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ მოსარჩელის ოჯახს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 03.05.1991წ. N352 დადგენილებით გათვალისწინებული დახმარება არ მიუღია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.02.2017წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
მ. ვაჩაძე