Facebook Twitter

საქმე # 330310015698318

ბს-486-483(2კ-17) 16 ნოემბერი, 2017წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვასილ როინიშვილი, მაია ვაჩაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.02.2017წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. ჩ-მა 15.01.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 11.08.2014წ. წერილისა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 11.12.2014 წერილის ბათილად ცნობა, საქმეზე N3ბ/786-12 კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს 30.01.2013წ. გადაწყვეტილებისა და შესაბამისი 17.01.2014წ. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ ი. ჩ-ისა და მისი ოჯახის ხანგრძლივი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ ახალი აქტის გამოცემა და აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.01.2014წ. სააღსრულებო ფურცლის აღსრულების დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 01.04.2015წ. საოქმო განჩინებით სასკ-ის16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნენ ნ. ქ-ე და ა. ჩ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.07.2015წ. გადაწყვეტილებით ი. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 11.08.2014წ. წერილი ი. ჩ-ის ნაწილში, სსიპ აღსრულებოს ეროვნულ ბიუროს დაევალა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.01.2014წ. N3ბ/786-12 სააღსრულებო ფურცლის აღსრულება მოვალე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ნაწილში. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ და სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.02.2017წ. განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.07.2015წ. გადაწყვეტილება, რაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურომ საკასაციო წესით გაასაჩივრეს.

კასატორმა - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ სადავო 11.08.2014წ. აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად. სამინისტროს ამომწურავი ინფორმაცია ჰქონდა მოსარჩელის ოჯახთან დაკავშირებით. კონკრეტულ შემთხვევაში, სახეზე არ არის პოლიციის სათანადო მიმართვა შეკითხვით - მიზანშეწონილად მიაჩნია თუ არა სამინისტროს სადავო შენობიდან დევნილთა გამოსახლება. ამასთანავე, დევნილები, ფაქტობრივად, უკვე გამოსახლებულები არიან შენობიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამინისტროს მჯელობა დევნილების სადავო შენობიდან გამოსახლებასთან დაკავშირებით მოკლებულია როგორც ლოგიკას, ისე სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძველს. კასატორის მითითებით, სადავო შენობაში მცხოვრები დევნილების ნაწილი სახელმწიფოს მიერ უკვე დაკმაყოფილებულია საცხოვრებელი ფართით ან ფართის შესაძენი ფულადი კომპენსაციით.

კასატორმა აღნიშნა, რომ არ არსებობდა მოსარჩელის ადმინისტრცაიულ წარმოებაში ჩაბმის წინამძღვრები, რადგან გამოსახლებით მისი მდგომარეობა არ გაუარესებულა. ამასთანავე, დევნილები თვითნებურად იყვნენ შეჭრილები სადავო ფართში და არ წარმოადგენდნენ მართლზომიერ მფლობელებს. სამინისტროს მონაცემთა ბაზის მიხედვით ი. ჩ-ი რეგისტრირებულია ქ. თბილისი, ... ქ. N15-ში და მეუღლესთან ერთად ფაქტობრივად ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე. ამასთანავე, მის ოჯახს არაერთხელ განემარტა, რომ ქ. თბილისში, ... ქუჩაზე მდებარე შენობა არ წარმოადგენს კოლექტიური ჩასახლების ცენტრს და სამინისტროს ბალანსზე არ არის აღრიცხული. კასატორის მითითებით, მოსარჩელე უფლებამოილია შესაბამისი განაცხადით მიმართოს სამინისტროს და სათანადო ქულების დაგროვების შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი პროცედურებისა და რიგითობის დაცვით დაკმაყოფილდეს საცხოვრებლით.

კასატორმა - სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.01.2014წ. N3ბ/786-12 სააღსრულებო ფურცლის ნებაყოფლობითი აღსრულების მიზნით წინადადება გაეგზავნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, საიდანაც 11.08.2014წ. წერილით ეცნობა, რომ საქმე ჩაითვალა აღსრულებულად. კასატორის მითითებით, სასამართლო ვერ უთითებს კონკრეტულად რომელი ნორმა დაარღვია აღმასრულებელმა. ამასთანავე, სააღსრულებო წარმოების დასრულების თაობაზე აღმასრულებლის ქმედება მხარეს სადავოდ არ გაუხდია. შესაბამისად, გაუგებარია რის საფუძველზე დაევალა ბიუროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.01.2014წ. N3ბ/786-12 სააღსრულებო ფურცლის აღსრულება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩირები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.01.2013წ. გადაწყვეტილებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა მოსარჩელესთან დაკავშირებით ახალი აქტის გამოცემა. კერძოდ, გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში მოპასუხეს უნდა გამოეკვლია ქ. თბილისში, ... ქ. N5-ში მცხოვრები დევნილები სახელმწიფოს მიერ უკვე იყვნენ თუ არა უზრუნველყოფილნი საცხოვრებლი ფართებით ან ფართის შესაძენი ფულადი კომპენსაციით ან შეეთავაზათ თუ არა მათ რეაბილიტირებული საცხოვრებელი ფართები, რაზეც უარი განაცხადეს. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებას, რომ სადავო აქტის გამოცემისას, სასამართლოს დავალების შესაბამისად, არცერთი ზემოაღნიშნული გარემოება ი. ჩ-ის მიმართ დადგენილი და გამოკვლეული არ არის. საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება ი. ჩ-ისათვის საცხოვრებელი ფართის ან საკომპენსაციო თანხის გადაცემა. შესაბამისად, არ არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.01.2013წ. გადაწყვეტილების აღსრულებულად მიჩნევის საფუძვლები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.02.2017წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

მ. ვაჩაძე