#ბს-527-524(კ-უს-17) 19 ოქტომბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 2 ნოემბერს ნ. ბ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წყალტუბოს სარეგისტრაციო სამსახურის და ც. ბ-ის მიმართ.
მოსარჩელემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წყალტუბოს სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 21 იანვრის ... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ბ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 იანვრის განჩინებით ნ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება.
2017 წლის 31 იანვარს ნ. ბ-ემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების სახით ც. ბ-ის სახელზე რეგისტრირებულ 1332 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ... .) ყადაღის დადება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 1 თებერვლის განჩინებით ნ. ბ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონიძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
2017 წლის 23 თებერვალს ნ. ბ-ემ საჩივრით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და სარჩელის უზრუნველყოფის ღონიძიების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 1 თებერვლის განჩინების გაუქმება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 16 მარტის განჩინებით ნ. ბ-ის საჩივარი სარჩელის უზრუნველყოფის ღონიძიების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 1 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე დაუსაბუთებლობის გამო საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ბ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 105-ე და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლები. სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 13.1 მუხლით, იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 8.3 და 8.5 მუხლებით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ კანონის ამოქმედების თაობაზე საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 22 მარტის დადგენილების მე-2 და მე-5 პუნქტებით, ასევე ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კანონით და ამ კანონის საფუძველზე მიღებული პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის ბრძანებულებით.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის მასალები, მათ შორის, საარქივო ცნობები, რომლის მიხედვითაც სადავო მიწის ნაკვეთი მას ეკუთვნის. სასამართლოს არ გაუმახვილებია ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ საკარმიდამო მიწის ნაკვეთის გაყოფა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი მომიჯნავეა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
კასატორი აღნიშნავს, რომ მისი იურიდიული ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ სადავო მიწის ნაკვეთი არქივის ცნობით მის ოჯახს ეკუთვნოდა, რასაც არც სასამართლო უარყოფს. მართალია #230 მიღება-ჩაბარების აქტით კასატორის მამას მიეზომა 1500 კვ.მ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სადავო ნაკვეთი მას არ ეკუთვნის. აღნიშნული არ გამომდინარეობს არქივის ცნობიდან. ამდენად, იგი სადავო ნაკვეთის მართლზომიერ მფლობელს წარმოადგენს ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრბის უფლების აღიარების კანონის თანახმად. აქედან გამომდინარე, სადავო მიწის ნაკვეთი არ უნდა დარეგისტრებულიყო მოპასუხის სახელზე. ნაკვეთი მოპასუხის 1993 წლის #187 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტში, ამ აქტზე მოცემულ ნახაზებზე არ არის აღნიშნული. იგი მოპასუხისთვის არ გამოუყოფია სარეფორმო კომისიას. #187 მიღება-ჩაბარების აქტში 0,18 ჰა-ზე აღნიშნულია შესაბამისი საზღვრები, რასაც არ შეესაბამება სადავო 1332 კვ.მ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ივლისის განჩინებით ნ. ბ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 1 თებერვლისა და 2017 წლის 16 მარტის განჩინებები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ როგორც ც. ბ-ის, ისე ლ. ბ-ის (ნ. ბ-ის მამკვიდრებელი) საკუთრების უფლების საფუძველს საჯარო რეესტრში წარმოადგენს რეფორმის კომისიის მიერ გაცემული მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებიც შეიცავს შესაბამის მონაცემებს მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობისა და კონფიგურაციის თვალსაზრისით. სწორედ მითითებული უფლების დამდგენი დოკუმენტის - მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე ნ. ბ-ის სახელზე რეგისტრირებულია წყალტუბოს რაიონის სოფ. ... მდებარე 1501 კვ.მეტრი საკარმიდამო მიწის ნაკვეთი შპს „...“ მიერ დამზადებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ მართალია 60-80-იან წლებში ლ. ბ-ის კომლს პირად საკუთრებაში ერიცხებოდა 0,25 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში განხორციელდა მისი შემცირება 1500 კვ.მეტრამდე, რაც დადასტურდა კიდეც საკომლო მონაცემების შემდგომ გაცემული მიღება-ჩაბარების აქტით, რომლის მიმართ რაიმე პრეტენზია ნ. ბ-ის მამკვიდრებელს არ ჰქონია და სწორედ ამ ოდენობით იქნა აღნიშნული მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრი რეგისტრირებული ნ. ბ-ის მამკვიდრებლის სიცოცხლეში. შესაბამისად, მითითებული საარქივო ცნობა მიღება-ჩაბარების აქტის არსებობის პირობებში ვერ მიიჩნევა სადავო მიწის ნაკვეთზე ნ. ბ-ის უფლების დამდგენ დოკუმენტად.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ნ. ბ-ეს საკასაციო საჩივარზე 11.07.2017წ. საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ნ. ბ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 იანვრის განჩინება;
3. ნ. ბ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 11.07.2017წ. საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი