# 080310015001141506
№ბს-527-524(კ-უს-17) 21 ივლისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ნ. ბ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის
რეგიონული ოფისი (უფლებამონაცვლე - წყალტუბოს
სარეგისტრაციო სამსახური)
ც. ბ-ე
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2015 წლის 2 ნოემბერს ნ. ბ-ემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წყალტუბოს სარეგისტრაციო სამსახურისა და ც. ბ-ის მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წყალტუბოს სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 21 იანვრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ბ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 იანვრის განჩინებით ნ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 იანვრის გაჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ბ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
2017 წლის 31 იანვარს აპელანტმა - ნ. ბ-ემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-198-ე მუხლების საფუძველზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, ც. ბ-ის სახელზე რეგისტრირებულ 1332 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) ყადაღის დადება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 1 თებერვლის განჩინებით ნ. ბ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებით სარჩელისა და სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის პირობებში უსაფუძვლო იყო განმცხადებლის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 1 თებერვლის განჩინებაზე ნ. ბ-ემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მისი განცხადების დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 16 მარტის განჩინებით ნ. ბ-ის საჩივარი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 1 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
სააპელაციო პალატის განმარტებით, ნ. ბ-ის მიერ არც თავდაპირველად და არც სარჩელის წარდგენის ეტაპზე არ ყოფილა მითითებული ის კონკრეტული გარემოებები, რომლებიც დაადასტურებდა ვარაუდს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ბ-ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტავს, რომ თუ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ საჩივრის ავტორის - ნ. ბ-ის მოთხოვნას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, ც. ბ-ის სახელზე რეგისტრირებულ 1332 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) ყადაღის დადება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლზე, რომლითაც გათვალისწინებულია მოსარჩელის უფლება მიმართოს სასამართლოს განცხადებით სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, ამავე მუხლით განსაზღვრულია მითითებული საპროცესო უფლების რეალიზაციის წესი. კერძოდ, განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს, ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, აგრეთვე მითითებას იმაზე, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს საჭიროდ.
ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი თავისი არსით წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მნიშვნელოვან სამართლებრივ საშუალებას, რომლის გამოყენებაც დაიშვება მოსარჩელის განცხადების საფუძველზე იმ მიზნით, რომ არ გაძნელდეს ან შეუძლებელი არ გახდეს საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება; ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების წარმდგენი მოსარჩელის მიზანს, საბოლოო ჯამში, მოპასუხის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება და მისი დაუბრკოლებელი აღსრულების უზრუნველყოფა წარმოადგენს. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონმდებელი ასევე უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობას და აფასებს, თუ რამდენად მოსალოდნელია სარჩელის დაკმაყოფილება, თუმცა აღნიშნული დავის სამართლებრივ ბედზე გავლენას ვერ მოახდენს. აღნიშნული საკითხი მით უფრო აქტუალურია, როდესაც საუბარია გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაზე.
მოცემულ შემთხვევაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ასევე, არ დაკმაყოფილდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 იანვრის განჩინებით ნ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ბ-ეს არც თავდაპირველად და არც სარჩელის წარდგენის ეტაპზე არ მიუთითებია იმ კონკრეტულ გარემოებებზე, რომლებიც დაადასტურებდნენ ვარაუდს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ბ-ის საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 1 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ბ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 1 თებერვლისა და 2017 წლის 16 მარტის განჩინებები;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი