Facebook Twitter

#ბს-533-530(კ-17) 5 ოქტომბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 21 იანვარს ლ. ბ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 29 დეკემბრის ... გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 19 თებერვლის #39691 გადაწყვეტილების, რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 27 თებერვლის ... გადაწყვეტილების და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 11 დეკემბრის #298112 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით, ქ. ბათუმში, ... დასახლებაში მდებარე, რ. ყ-ის საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებაზე, საკადატრო კოდით ..., ლ. ბ-ისა და ა. შ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაციის, ხოლო იპოთეკარად გ. ნ-ის დარეგისტრირების დავალება მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 აპრილის საოქმო განჩინებით სასარჩელო მოთხოვნის ტრანსფორმაციის შედეგად ლ. ბ-ის სასარჩელო მოთხოვნა გაიზარდა და მოსარჩელემ დამატებით უძრავ ნივთზე რ. ყ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 1 სექტემბრის ... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება რ. ყ-ე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ გ. ნ-ე და ა. შ-ა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 მაისის სხომაზე ლ. ბ-ის სარჩელი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის, მესამე პირის, რ. ყ-ის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის თაობაზე, ქ.ბათუმში, ... დასახლებაში მდებარე უძრავ ნივთზე, რ. ყ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციიის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 1 სექტემბრის ... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში, დატოვებულ იქნა განუხილველად მოსარჩელის მიერ სარჩელის გამოხმობის საფუძველზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით ლ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი უძრავ ნივთზე რ. ყ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 1 სექტემბრის ... გადაწყვეტილება, რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 29 დეკემბრის ... გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 19 თებერვლის #39691 გადაწყვეტილება, რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 27 თებერვლის ... გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 11 დეკემბრის #298112 გადაწყვეტილება; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ლ. ბ-ისა და ა. შ-ას განცხადებაზე, ქ. ბათუმში, ... დასახლებაში მდებარე უძრავ ქონებაზე, საკადატრო კოდით: ..., საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით და აღნიშნულ უძრავ ქონებაზე, იპოთეკარად გ. ნ-ის დარეგისტრირების შესახებ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 ივნისის განჩინებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 მაისის #3-27/16 გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა გასწორდა და გადაწყვეტილების სარეოზლუციო ნაწილის 1-ლი პუნქტი, ჩამოყალიბდა შემდეგი შინაარსით: „1.ლ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს, ნაწილობრივ: ბათილად იქნას ცნობილი რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 29 დეკემბრის ... გადაწყვეტილება; ბათილად იქნას ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 19 თებერვლის #39691 გადაწყვეტილება; ბათილად იქნას ცნობილი რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 27 თებერვლის ... გადაწყვეტილება; ბათილად იქნას ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 11 დეკემბრის #298112 გადაწყვეტილება.“

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულმა ოფისმა, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ბ-ემ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 ივნისის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ლ. ბ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ამავე სასამართლოს 2016 წლის 27 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ნოემბრის განჩინებით ლ. ბ-ის განცხადება დაკმაყოფილდა; აეკრძალა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ოფისს რ. ყ-ის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონების (მისამართი: ქ. ბათუმი, ...ქუჩა #19, საკადასტრო კოდი #...) გასხვისებისა ან/და სანივთო უფლებით დატვირთვის რეგისტრაცია.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 1 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ზ.ს-ე და მ. ჭ-ე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 თებერვლის განჩინებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის (უფლებამონაცვლე აჭარის რეგიონული ოფისი) და ლ. ბ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; ლ. ბ-ის კერძო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 ივნისის განჩინებაზე დარჩა განუხილველი; უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2016 წლის 22 ივნისის განჩინება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულმა ოფისმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორების მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლი და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის #4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-14 მუხლის მე-19 პუნქტი (სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღების დროისათვის მოქმედი რედაქცია).

კასატორების მოსაზრებით, ... განაცხადზე წარდგენილი დოკუმენტაციის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ #A14086494-007/001 მომართვა არ წარმოადგენს საკმარის დოკუმენტს მოთხოვნილი უფლების სარეგისტრაციოდ. უძრავი ნივთი (ს/კ ...) არ არის განკარგული სააღსრულებო დაწესებულების მიერ კანონმდებლობით დადგენილი იძულების წესით.

კასატორები მიუთითებენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის #4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-14 მუხლის მე-19 პუნქტზე და აღნიშნავენ, რომ ის ფორმალური თვალსაზრისით, კუმულატიურად ადგენს, თუ რა სახის აქტების წარმოდგენის შემთხვევაში არ არის საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოება. აღნიშნული ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ სარეგისტრაციო სამსახურში წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ წარმოშობს შესაბამისი უფლების რეგისტრაციის სამართლებრივ წინაპირობას.

სარეგისტრაციო სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან უკვე რეგისტრირებული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა გამორიცხავს იმავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლების რეგისტრაციას, აღნიშნული წარმოადგენს საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის საფუძველს.

ამასთან, „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-14 მუხლის მე-19 პუქნტის „გ“ ქვეპუნქტის (სადავო გადაწყვეტილებების მიღების დროისათვის მოქმედი რედაქცია) მიხედვით, სახეზეა კუმულაციური დათქმა და ორი სავალდებულო პირობა, კერძოდ, სარეგისტრაციო დოკუმენტი არა მარტო გაცემული, მიღებული ან შედგენილი უნდა იყოს ყადაღის, განკარგვის უფლების შეზღუდვის ან აკრძალვის რეგისტრაციამდე, არამედ ამასთანავე, სარეგისტრაციო დოკუმენტი გაცემული, მიღებული ან შედგენილია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. ამდენად, აღნიშნულ ნორმაზე მითითება სრულიად უსაფუძვლოა.

კასატორების მოსაზრებით, სასამართლომ გამოიყენა რა აღნიშნული ნორმა და მიუთითა რა ის გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში, ამოიღო სიტყვები - „ამასთანავე, სარეგისტრაციო დოკუმენტი გაცემული, მიღებული ან შედგენილია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე“. მოცემულ შემთხვევაში კანონმდებელმა სარეგისტრაციო დოკუმენტის გამოცემის, მიღების ან შედგენის თარიღი გარკვეულ პირობას დაუკავშირა, კერძოდ, სარეგისტრაციო დოკუმენტი არა მარტო სარეგისტრაციო ობიექტზე ყადაღის, განკარგვის აკრძალვის წარმოშობის რეგისტრაციამდე უნდა იყოს შედგენილი, არამედ სარეგისტრაციო დოკუმენტი გამოცემული, მიღებული ან შედგენილი უნდა იყოს ამ კანონის ამოქმედებამდე.

კასატორები მიიჩნევენ, რომ გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება სრულად აგებულია იმ გარემოებაზე, რომ სარეგისტრაციო დოკუმენტი - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 მაისის განჩინება მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვების რეგისტრაციამდე იქნა მიღებული. სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა (ამოგლიჯა) ამ ნორმის ის ნაწილი, რომელიც მიუთითებს, რომ ამასთანავე, ეს დოკუმენტი კანონის ამოქმედებამდე უნდა იყოს მიღებული და ეს კანონმდებლის აუცილებელ და უპირობო დათქმას წარმოადგენს, რაც სრულიად უსაფუძვლოდ არ იქნა გათვალისწინებული სასამართლოს მიერ. კანონმა ორი პირობის ერთობლიობაში არსებობის სავალდებულოობა დააწესა. მხოლოდ ერთი პირობის არსებობა ბუნებრივია, არ წარმოშობს ამ ნორმის გამოყენების, მით უმეტეს სარჩელის (ნაწილობრივ) დაკმაყოფილების საფუძველს.

ასევე, განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მოსარჩელის - ლ. ბ-ის მართლზომიერად მფლობელად მიჩნევის სამართლებრივი საფუძველიც არ გააჩნდა (საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 19.3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი (ძველი რედაქცია) და საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუციის მე-14 მუხლის მე-19 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი).

სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლი და შეფასების მიღმა დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც ა. შ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება და მიიჩნია, რომ ა. შ-ას, ლ. ბ-ეს, გ. ნ-ესა და რ. ყ-ეს შორის გაფორმებული მორიგების აქტი, კანონმდებლის მიერ განსახილველი რეგისტრაციის მიზნებისათვის არ განიხილება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის #4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-14 მუხლის მე-19 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სასამართლო გადაწყვეტილებად. ამასთან, სახეზე არ არის არც ამავე ნორმის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობა.

ტერიტორიული სამსახური კიდევ ერთხელ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ დავაში ჩართული ყველა მხარე (ლ. ბ-ე, ა. შ-ა, გ. ნ-ე, რ. ყ-ე, მ. ჭ-ე, ზ.ს-ე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სააგენტოს ტერიტორიული სამსახური) მონაწილეობდა წინა სასამართლო დავაში, შესაბამისად, ამ დავაზე გამოტანილ სასამართლო აქტს, სსკ-ის 106-ე, 266-ე მუხლების თანახმად, განსახილველი დავის მიმართ პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვს.

სასამართლოს არ გააჩნდა უფლებამოსილება ემსჯელა იმის თაობაზე, რომ 29.08.2014წ. ... განაცხადის განხილვის დროს ტერიტორიულ სამსახურს უნდა მოეთხოვა დაინტერესებული პირის რ. ყ-ისათვის სარეგისტრაციო განაცხადთან ერთად წარდგენილი სასამართლო გადაწყვეტილებით ნაკისრი ვალდებულების, მორიგების პირობის შესრულების დადასტურება, ანუ ფულადი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენა თუ სხვა რაიმე სახის დოკუმენტი.

კასატორები აღნიშნავენ, რომ სასამართლომ არ გამოიყენა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი და მიაჩნია, რომ ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება სრულად შეესაბამება მოქმედი კანონმდებლობის და მათ შორის „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მოთხოვნებს.

სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი განჩინება - მორიგების დამტკიცების შესახებ, ასევე აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს მომართვა არ წარმოადგენდა საკმარის დოკუმენტს მოთხოვნილი უფლების სარეგისტრაციოდ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შესაბამისი ტერიტორიული სამსახური) თავის უფლებამოსილებათა განხორციელებისას ეყრდნობა კონკრეტულად მისთვის დადგენილ სპეციალურ სამართლებრივ ნორმებს, რომელთა შორის განსახილველ საკითხს სადავო გადაწყვეტილებების მიღების დროისათვის ასევე არეგულირებდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის #4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტურქციის მე-14 მუხლის მე-19 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად - ნივთზე რეგისტრირებული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა (მისი შინაარსის გათვალისწინებით) გამორიცხავს ამ ნივთზე სხვა რაიმე უფლების/ვალდებულების რეგისტრაციას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სარეგისტრაციო დოკუმენტს წარმოადგენს სასამართლო/საარბიტრაჟო გადაწყვეტილება.

ტერიტორიული სამსახური მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი და სადავო გადაწყვეტილებების მიღებისას სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გამოკვლეული იქნა საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება და მათ სათანადო სამართლებრივი შეფასება მიეცათ.

კასატორების მითითებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება საერთოდ არ შეიცავს დასაბუთებას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პრეტენზიაზე იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე მხარეს არ აქვს დაცული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადა.

კასატორების მოსაზრებით, ზემოაღნიშნული გარემოებებიდან და სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე სეკუნდა მუხლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა“ პრიმა ქვეპუნქტის შესაბამისად, სახეზეა მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში, საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლები.

კასატორების მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, რითაც დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინიტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.

საქმის მასალების მიხედვით, დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 22 მაისის განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება (მხარეები: მოსარჩელე - რ. ყ-ე, მოპასუხეები - ლ. ბ-ე და ა. შ-ა, დამოუკიდებელი მოთხოვნით მესამე პირი - გ. ნ-ე) და დამტკიცდა მორიგება. მორიგების აქტი იძლევა შემდეგი დასკვნის საფუძველს, რომ რ. ყ-ეს მიენიჭა უფლება ქ.ბათუმში, ... დასახლებაში მდებარე, ლ. ბ-ისა და ა. შ-ას საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ნივთი (ს/კ ...) დაერეგისტრირებინა თავის საკუთრებად, დავალიანების უზრუნველსაყოფად ის უნდა დატვირთულიყო იპოთეკით და ამ ქონების რეალიზაციის ან სხვა გზით შეესრულებინა ა. შ-ას, ლ. ბ-ისა და გ. ნ-ის მიმართ არსებული ვალდებულება (ნასესხები თანხის დაბრუნება), რისი ბოლო ვადაც, ასევე მორიგებით მიხედვით, იყო 2014 წლის 31 აგვისტო. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, რ. ყ-ე ავტომატურად კარგავდა სასამართლოს 2014 წლის 22 მაისის განჩინებით მინიჭებულ საკუთრების უფლებას უძრავ ნივთზე (ს/კ ...). შესაბამისად, უდავოა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 მაისის განჩინებით შეთანხმებული ვადის (2014 წლის 31 აგვისტო) ამოწურვის შემდეგ რ. ყ-ე ავტომატურად კარგავდა სასამართლოს ამავე განჩინებით მინიჭებულ საკუთრების უფლებას უძრავ ნივთზე.

საქმეში წარმოდგენილი რ. ყ-ის განცხადების მიღების ბარათით ირკვევა, რომ 29.08.2014წ. განცხადებას ერთვოდა სარეგისტრაციო დოკუმენტი - სასამართლო აქტი, ხოლო 01.09.2014წ. რ. ყ-ის მიერ დამატებით იქნა წარდგენილი მომსახურების საფასურის გადახდის ქვითარი - 250 ლარი, შესაბამისად, 01.09.2014წ. განაცხადით განმცხადებელი ითხოვდა სარეგისტრაციო მოქმედების, დაჩქარებული წესით, 1 დღიან ვადაში შესრულებას, რისთვისაც გადაიხადა მომსახურების საფასური 300 ლარი.

01.09.2014წ. მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან ირკვევა, რომ #... უძრავი ქონების მესაკუთრედ 01.09.2014წ. რეგისტრირებულია რ. ყ-ე, ხოლო იპოთეკარად - გ. ნ-ე. ამავე ამონაწერით ირკვევა, რომ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა (საფუძველი: შეტყობინება #08114016, 21.08.2014წ.). ვალდებულების გრაფაში რეგისტრირებულია ყადაღა - 26.11.2013წ, #..., ბ-ე ლ., შ-ა ა., სააღსრულებო ფურცელი #... ბათუმის საქალაქო სასამართლო; 2014 წლის 2 სექტემბერს ლ. ბ-ემ განცხადებით მიმართა ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს და სასამართლო აქტის (22.05.2014წ. განჩინების) საფუძველზე უფლების რეგისტრაცია მოითხოვა, რაზეც სარეგისტრაციო სამსახურის 02.09.2014წ. ... გადაწყვეტილებით წარმოება შეჩერდა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გაამახვილა ყურადღება სასამართლოს 22.05.2014წ. განჩინების 1.7. პუნქტზე, რომელიც იძულებით აღსრულების წესით სარეგისტრაციოდ გაეგზავნა საჯარო რეესტრს და რომელიც მიუთითებდა რ. ყ-ის საკუთრების უფლების გაუქმებაზე. აღსანიშნავია, რომ მხარეთა მორიგებით პირდაპირ განისაზღვრა 2014 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით რ. ყ-ის მიერ ლ. ბ-ისა და სხვათა მიმართ ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მისი საკუთრების უფლების გაუქმებაზე და ქ.ბათუმში, ... დასახლებაში მდებარე უძრავ ნივთზე (ს/კ ...) ლ. ბ-ისა და სხვათა საკუთრების უფლების წარმოშობასა და რეგისტრაციაზე. სარეგისტრაციო სამსახურს სადავო გადაწყვეტილებების მიღების დროს ეს გარემოებაც შეფასების გარეშე დარჩა, რაც მისი მხრიდან საკითხის ცალმხრივ და ზედაპირულ განხილვაზე მიუთითებს.

ასევე, დადგენილია, რომ ლ. ბ-ეს, ქ.ბათუმში, ... დასახლებაში მდებარე უძრავ ნივთზე (ს/კ ...) ა. შ-ასთან ერთად სასამართლო გადაწყვეტილებით საკუთრების უფლება მოპოვებული ჰქონდათ მანამ, ვიდრე ქ.ბათუმში, ... დასახლებაში მდებარე უძრავ ნივთზე (ს/კ ...) შეზღუდვა დარეგისტრირდებოდა საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეესტრში, ხოლო „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 14.19 მუხლის „გ“ დ „ე“ ქვეპუნქტებით აკრძალვის/შეზღუდვის რეგისტრაცია არ აბრკოლებს უძრავ ქონებაზე სხვა უფლების რეგისტრაციას, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტი გაცემული, მიღებული ან შედგენილია ყადაღის, უფლების განკარგვის შეზღუდვის ან აკრძალვის რეგისტრაციამდე, ასეთ შემთხვევაში რეგისტრირებული ყადაღა ან განკარგვის აკრძალვა ცხადდება ძალადაკარგულად (14.19 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი); თუ წარმოდგენილია უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების გაუქმების ან გაუქმების საფუძვლის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამ შემთხვევაში საკუთრების უფლების გაუქმებასთან ერთად უქმდება რეგისტრირებული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა (14.19 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი).

საქმეში არსებული მასალების თანახმად, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ შეზღუდვის და აკრძალვის რეგისტრაცია განხორციელდა სარეგისტრაციო დოკუმენტის, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 მაისის განჩინების მიღების შემდეგ და სწორედ ეს აკრძალვები მიუთითა სარეგისტრაციო სამსახურმა 2014 წლის 29 დეკემბრის ... გადაწყვეტილებაში, აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის განაცხადზე, სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის საფუძვლად. ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 5 დეკემბრის #... გადაწყვეტილებით, აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 30.11.2014წ. #A14086494-006/001 მომართვის საფუძველზე განხორციელდა ყადაღის წარმოშობის რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. ბათუმში, ... დასახლება (ს/კ ...).

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ როგორც ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს, ისე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არ შეუფასებიათ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 მაისის განჩინება, რომლის საფუძველზეც მოიპოვა მოსარჩელე ლ. ბ-ემ ქ. ბათუმში, ... დასახლებაში მდებარე უძრავ ნივთზე (ს/კ ...) ა. შ-ასთან ერთად საკუთრების უფლება, მიღებული იყო მანამ, ვიდრე ქ. ბათუმში, ... დასახლებაში მდებარე უძრავ ნივთზე (ს/კ ...) ზემოთ მითითებული შეზღუდვა დარეგისტრირდებოდა საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეესტრში და ამასთან ერთად, აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს უფროსი აღმასრულებლის მიერ 2014 წლის 16 დეკემბერს წარდგენილი #A14086494-007/001 მიმართვით მოთხოვნილი უფლების რეგისტრაციისათვის, სარეგისტრაციო დოკუმენტს ფაქტობრივი და სამართლებრივი შინაარსით, სწორედ სასამართლოს გადაწყვეტილება წარმოადგენდა.

სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ სარეგისტრაციო სამსახურს უნდა უზრუნველეყო სააღსრულებო ფურცლის აღსრულება და მოვალე რ. ყ-ის საკუთრებად რიცხული უძრავი ქონების (ს/კ ...) კრედიტორთა საკუთრებაში აღრიცხვა. აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს უფროსი აღმასრულებლის მიერ სარეგისტრაციო სამსახურისათვის 2014 წლის 16 დეკემბერს წარდგენილი #A14086494-007/001 მიმართვა კანონიერ მოთხოვნას წარმოადგენდა, ვინაიდან რ. ყ-ეს არ ჰქონდა შესრულებული სასამართლოს 22.05.2014წ. განჩინებით დადასტურებული მხარეთა მორიგებით ნაკისრი ვალდებულებები ე.ი. ნებაყოფლობით არ ჰქონდა შესრულებული სასამართლოს გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, როდესაც საჯარო რეესტრის ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 მაისის განჩინების აღსრულების მოთხოვნით მიმართა აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიურომ და მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის შესაბამისად, უძრავ ნივთზე ლ. ბ-ისა და ა. შ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაცია, სარეგისტრაციო სამსახურმა მისი განხორციელება გარდა ნივთზე რეგისტრირებული აკრძალვებისა, შეუძლებლად მიიჩნია იმ საფუძვლითაც, რომ ამ უძრავ ქონებაზე (ს/კ ...) უკვე დარეგისტრირებული იყო სხვა პირის, რ. ყ-ის საკუთრების უფლება. სასამართლო აღნიშნავს, რომ აღმასრულებლის მიმართვისა და სააღსრულებო ფურცლის გაცნობის შემდეგ, საჯარო რეესტრს უძრავ ქონებაზე (ს/კ ...) რ. ყ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის კანონშესაბამისობის შემოწმების საფუძველიც წარმოეშვა, რისი უფლებაც მას გააჩნდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 04.07.2017წ. №17769 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 თებერვლის განჩინება;

3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 04.07.2017წ. №17769 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი