№ბს-542-539(2კ-17) 19 ოქტომბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. ბ-ის, ქ. და ი. დ-ეებისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 11 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 18 მარტს ე. ჩ-ემ, თ. ტ-ემ, ე., მ. და ი. ბ-ეებმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელეებმა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 14 სექტემბრის ... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ მ. ბ-ე და ქ. დ-ე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 ოქტომბრის საოქმო განჩინებით თავდაპირველი მოსარჩელეები თ. ტ-ე, ე. ბ-ე და მ. ბ-ე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე შეიცვალნენ მესამე პირებად.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 მაისის განჩინებით მესამე პირი - მ. ბ-ე შეიცვალა სათანადო მხარით - ი. დ-ით, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 მაისის განჩინებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებით ე. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმში, ... ქუჩა №56-ში მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 14 სექტემბრის ... გადაწყვეტილება, გადაფარვის/ზედდების ნაწილში, საჯარო რეესტრის მიერ 2015 წლის 10 მარტს შესრულებული, ზედდების ამსახველი ნახაზის შესაბამისად; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ოფისს ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად შესაბამისი გადაწყვეტილების (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის) გამოცემა დაევალა, მ. ბ-ისა და ქ. დ-ის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო განაცხადზე, ქ. ბათუმში, ... ქუჩა №56-ში მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ, საჯარო რეესტრის 2015 წლის 10 მარტის ზედდების ამსახველ ნახაზში ასახული, გადაფარვაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილში.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. ბ-ემ, ქ. და ი. დ-ეებმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულმა ოფისმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 11 იანვრის განჩინებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის, მ. ბ-ის, ქ. დ-ისა და ი. დ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 11 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. ბ-ემ, ქ. და ი. დ-ეებმა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულმა ოფისმა.
კასატორები საკასაციო საჩივრებით ითხოვდნენ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
კასატორების განმარტებით, სასამართლოება არასწორად შეაფასეს ფაქტობრივი გარემოება იმასთან, დაკავშირებით, რომ საქმის განხილვის სტადიაზე შევიდა ცვლილებები საჯარო რეესტრის მონაცემებში და მათ საკუთრებაში არსებული ფართი დაზუსტდა საჯარო რეესტრის ახალი გადაწყვეტილებით. მთლიანობაში საერთო ფართის ოდენობა არ შეცვლილა, მაგრამ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება.
სასამართლომ 2016 წლის ექსპერტიზის დასკვნის, საქმეში წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზების, ტექ. აღრიცხვის მასალებში დაცული საინვენტარიზაციო გეგმების, მოწვეული ექსპერტისა და მხარეთა განმარტებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ „ქ. დ-ის მიერ სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზში დატანილი მიწის ნაკვეთის იმ ორი გვერდის სიგრძე, რომელიც ესაზღვრება მოსარჩელეს კუთვნილ მიწის ნაკვეთს, არ მოდის შესაბამისობაში საინვენტარიზაციო გეგმაში მოცემულ, ამავე მიწის ნაკვეთის იმავე გვერდების სიგრძეებთან (გადაწყვეტილების მე-10 გვ-ის პირველი აბზაცი). სასამართლომ არასწორად დაადგინა ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოება, ვინაიდან ექსპერტმა მის წინაშე დასმულ პირველ შეკითხვას ვერ უპასუხა, რადგან წარდგენილ ნახაზზე არ იყო მითითებული ზომები. მეორე შეკითხვას პასუხი გასცა არასრულყოფილად და აღნიშნა, ის რაც ისედაც ნათლად ჩანდა წარდგენილ საინვენტარიზაციო გეგმებზე. ხოლო, შემაჯამებელ შეკითხვას, იყო თუ არა გადაფარვა ნაკვეთებს შორის და რომელმა ნაკვეთმა რომელი გადაფარა, ექსპერტმა პასუხი საერთოდ არ გასცა და მიანიშნა სხვა ექსპერტის დასკვნაზე, რომელიც ცალსახად ტენდენციური იყო, ვინაიდან იგი შედგა მოსარჩელის დაკვეთით და მისი ნების გათვალისწინებით. რაც შეეხება ნაკვეთების მოსაზღვრე გვერდების ზომებს, ორივე ნაკვეთის საინვენტარიზაციო გეგმაზე, მოსაზღვრე დასავლეთ გვერდზე დატანილია ზომა - 21,60 მ. ექსპერტმა კასატორი მხარის გეგმაზე დაითვალა დატანილი ზომები და დაადგინა, რომ მასზე ასახული ზომა არ შეესაბამება რეალურს, მაგრამ სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ სწორედ ეს ციფრი იყო დატანილი მოსარჩელის გეგმაზეც და ისიც იმის ტოლი იქნება, რაც კასატორის მხარის ნაკვეთის გვერდის ზომა.
სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ ქ. დ-ის დაკვეთით 2009 წლის 2 სექტემბერს შესრულებულ საკადასტრო აზომვით ნახაზსა და საინვენტარიზაციო გეგმას შორის არსებული შეუსაბამობა და უზუსტობა გავლენას მოახდენდა ფიქსირებულ ზედდებაზე და უკავშირდება სადავო გადაფარვის არსებობას. იმისათვის, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოება სწორად დადგენილიყო, ექსპერტს სათანადოდ უნდა გამოეკვლია ოთხი დოკუმენტი, კერძოდ: მოსარჩელის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და საინვენტარიზაციო გეგმა და მოპასუხის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და საინვენტარიზაციო გეგმა. მას უნდა გამოეკვლია არის თუ არა შესაბამისობაში მოსარჩელის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და საინვენტარიზაციო გეგმა, ასევე მოპასუხის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და საინვენტარიზაციო გეგმა.
კასატორებმა ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 173.1 მუხლის საფუძველზე, იშუამდგომლეს დამატებითი ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე, რათა კომპეტენტურად და კვალიფიკაციურად გაეცეს ყველა შეკითხვას პასუხი.
კასატორი - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ოფისი საკასაციო საჩივარში განმარტავდა, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი. მითითებული ნორმის დანაწესის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ რეგისტრირებული უფლება, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულება, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა ან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გამორიცხავს იმავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის ან საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციას. განსახილველ შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების შედეგად შეუძლებელია რაიმე ზიანი მიადგეს მოსარჩელის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს. კანონით დაცულ ინტერესებს არ მიეკუთვნება მოსარჩელის უბრალო უპირატესობა, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებით იზღუდება.
კასატორის მითითებით, პირის კანონიერი უფლება და ინტერესი გულისხმობს, რომ ის კანონის ნორმის საფუძველზეა წარმოშობილი და წარმოადგენს მოსარჩელის სუბიექტურ უფლებასა და ინტერესს. ამ უფლების დარღვევის შემთხვევაში მხარე ვალდებულია მიუთითოს ერთი მხრივ, იმ სამართლებრივ ნორმაზე, რომლიდანაც გამომდინარეობს მისი სუბიექტური უფლება, ან რომელიც იცავს მის სამართლებრივ მდგომარეობას და მეორე მხრივ, ამ უფლების ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ხელყოფის ფაქტზე.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი, განსახილველ შემთხვევაში კი, სადავო გადაწყვეტილების მიღებისას, ტერიტორიული სამსახურის მიერ გამოკვლეულ იქნა საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება და სახეზე არ ყოფილა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლის გამოყენების წინაპირობა. გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამომდინარეობს კანონის მოთხოვნებიდან, არ შეიცავს ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობისათვის დადგენილ რომელიმე წინაპირობას, რადგან არ ეწინააღმდეგება კანონს და მისი მიღების დროს არ არის დარღვეული ადმინისტრაციული წარმოების წესები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ივლისის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. ბ-ის, ქ. და ი. დ-ეებისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ბ-ის, ქ. და ი. დ-ეებისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2009 წლის 2 სექტემბერს ქ. დ-ის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურში ქ.ბათუმში, ... ქ. №56-ში მდებარე უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი: ...) რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მონაცემები (ქაღალდის და ელ. ვერსია) არ შეესაბამება, ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის საარქივო მასალებში, ამავე უძრავი ქონების შესახებ დაცულ მონაცემებს.
„რეგისტრირებულ მონაცემთან ზედდების შესახებ“ საჯარო რეესტრის მიერ 2015 წლის 27 თებერვალს შედგენილი სიტუაციური ნახაზის მიხედვით, ერთი მხრივ, ქ. ბათუმში, ... ქ. №54-ში მდებარე უძრავი ნივთის თანამესაკუთრეების (მოსარჩელე - ე. ჩ-ე, მე-3 პირები - თ. ტ-ე, ე. ბ-ე, მ. ბ-ე, ი. ბ-ე) მიერ მომზადებულ და რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის მიზნით წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზსა და მეორე მხრივ, ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2009 წლის 14 სექტემბერს ქ. დ-ის რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციისათვის გამოყენებულ, ... ქ. №56-ში მდებარე უძრავი ნივთის საკადასტრო ნახაზს შორის ზედდება ფიქსირდება, მიწის ნაკვეთების ერთმანეთთან მომიჯნავე ორი გვერდის გასწვრივ.
დადგენილია, რომ ორივე მხარის, როგორც მოსარჩელის, ისე ქ. დ-ის მიერ, აღნიშნული საკადასტრო ნახაზები მომზადებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში დაცული, საინვენტარიზაციო გეგმების გამოყენებით.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 13 აპრილის ექსპერტიზის დასკვნის, ასევე, საქმეში წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზების და ტექბიუროს საარქივო მასალების, საინვენტარიზაციო გეგმების, ნახაზების ერთობლივი ანალიზის, ასევე მოწვეული სპეციალისტის და ექსპერტის, მხარეთა განმარტებების საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. დ-ის მიერ სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზში დატანილი მიწის ნაკვეთის იმ ორი გვერდის სიგრძე, რომელიც ესაზღვრება ... ქ. №54-ში მდებარე, მოსარჩელე ე. ჩ-ის და სხვა პირთა კუთვნილ მიწის ნაკვეთს, არ მოდის შესაბამისობაში საინვენტარიზაციო გეგმაში მოცემულ, ამავე მიწის ნაკვეთის იმავე გვერდების სიგრძესთან.
კერძოდ, შპს „...“ მიერ ქ. დ-ის დაკვეთით 2009 წლის სექტემბერს შესრულებულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე, ტრაპეციის ფორმის მიწის ნაკვეთის ყველაზე გრძელი გვერდის სიგრძე მითითებულია 40,1 მეტრით, ხოლო საინვენტარიზაციო გეგმის მიხედვით იმავე გვერდის სიგრძე ამ ნიშნულზე ნაკლებია - ექსპერტის გამოთვლითა და ექსპერტიზის დასკვნით იგი შეადგენს 38,95 მეტრს, ხოლო საინვენტარიზაციო გეგმაში ამ გვერდის დანაწევრებული ნაწილების სიგრძეთა პირდაპირი შეკრების შედეგად მიიღება - 36,55 მეტრი. ასევე, ამ გვერდის მოპირდაპირე გვერდის სიგრძე შპს „...“ 2009 წლის 2 სექტემბრის ნახაზში შეადგენს 36,1 მეტრს, ხოლო საინვენტარიზაციო გეგმის მიხედვით არის - 37 მეტრი.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას, რომ მიწის ნაკვეთის ფართობის შესაბამისობასთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია რეგისტრაციას მოთხოვნილი უძრავი ნივთის შესახებ სხვა მონაცემები, კერძოდ, დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი საკადასტრო ნახაზის შესაბამისობა მის მფლობელობაში არსებული ნაკვეთის ფაქტობრივ მდგომარეობასთან, ტექბიუროს არქივში დაცულ მონაცემებთან, მიწის ნაკვეთის კონფიგურაციის, განლაგების, ნაკვეთის გვერდების ზომის მხრივ და ასევე, მეზობელი მიწის ნაკვეთის მონაცემებთან მისი შესაბამისობა.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 7 მაისის ექსპერტიზის დასკვნით, მხარეთა მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზების მიხედვით, ნაკვეთებს შორის საჯარო რეესტრის მიერ ფიქსირებული გადაფარვა შეადგენს სულ - 22,5 კვ.მ.-ს, რასაც მხარეებიც არ უარყოფენ,
ამასთან, შეუსაბამობაა ე. ჩ-ის და ... ქ. №54-ში მდებარე მიწის ნაკვეთის სხვა თანამესაკუთრეთა დაკვეთით, შპს „გ...“ მიერ 2014 წლის 4 თებერვალსა და 2015 წლის 6 მარტს მომზადებულ საკადასტრო აზომვით ნახაზში მოცემული მიწის ნაკვეთის ერთ-ერთი გვერდის სიგრძესა და საინვენტარიზაციო გეგმაში მიწის ნაკვეთის იმავე გვერდის ზომებს შორის. კერძოდ, ... ქ. №54-ში მდებარე 875 კვ.მ. მიწის ნაკვეთის, ... ქუჩა №56-ში მდებარე ნაკვეთთან მომიჯნავე გვერდის სიგრძე შპს „..“ ნახაზის მიხედვით, როგორც საქმის განხილვის პროცესში სასამართლოს დავალების საფუძველზე ნახაზში ნაკვეთის გვერდების სიგრძეთა დაზუსტებით (და დაზუსტებული ნახაზის წარმოდგენით) დადგინდა, შეადგენს 13,1 მეტრს, ხოლო საინვენტარიზაციო გეგმის მიხედვით, ამ მომიჯნავე გვერდის სიგრძეა 11,0 მეტრი.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისე მოხდა სადავო აქტების გამოცემა, რომ არ იქნა გამოკვლეული მთელი რიგი საქმის გარემოებები, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენდა ზუსტად ყოფილიყო დადგენილი ქ. დ-ის მიერ სარეგისტრაციო სამსახურში უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი: ...) რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მონაცემების (ქაღალდის და ელ. ვერსია) შესაბამისობა, ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის საარქივო მასალებში, ამავე უძრავი ქონების შესახებ დაცულ მონაცემებთან, ასევე სარეგისტრაციო სამსახურს უნდა გაეთვალისწინებინა ქ.ბათუმში, ... ქუჩა №54-ში მდებარე, მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ნივთის მიმართ არსებული, საჯარო რეესტრისა და ტექბიუროს საარქივო მასალების მონაცემებიც და უნდა მოეხდინა მათი ურთიერთშედარებაც.
სარეგისტრაციო სამსახური ქ. დ-ის მიერ მოთხოვნილი ცვლილების რეგისტრაციის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ვალდებული იყო გაცნობოდა, განმცხადებლის მიერ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებად მიჩნეული მასალების შინაარსს, მათ შორის, საინვენტარიზაციო გეგმასა და საკადასტრო აზომვით ნახაზს, იმ მხრივაც, ხომ არ მოიცავდა ნახაზი მომიჯნავედ, ... ქუჩა №54-ში მდებარე, ე. ჩ-ის, თ. ტ-ის, ე., მ. და ი. ბ-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთს. საჯარო რეესტრის ტექბიუროს საარქივო მასალები შეიცავს როგორც ქ.ბათუმში, ... ქ. №54-ში მდებარე უძრავი ნივთის, ისე ... ქ. №56-ში მდებარე, მომიჯნავე მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაციას, რომლის საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებთან ერთობლივი ანალიზის შედეგად შესაძლებელი იქნებოდა კონკრეტული გარემოებების დადგენა, რაც უკავშირდება ქ. დ-ის და მოსარჩელე ე. ჩ-ის საკუთრების იდენტიფიცირებას, მათ ტექნიკურ მონაცემებს, მიწის ნაკვეთების კონფიგურაციას და შენობა-ნაგებობების განთავსებას, რომლის გათვალისწინებაც აუცილებელი იყო ქ. დ-ის რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის განხორციელების დროს.
ამასთან, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ უძრავი ნივთების შესახებ ტექნიკური აღრიცხვის მასალებით დაფიქსირებული მონაცემები არ არის მუდმივი და შეუცვლელი, რამდენადაც სისტემატურად აქვს ადგილი თვითონ უძრავი ნივთის, მიწის ნაკვეთისა, თუ შენობა-ნაგებობის ტექნიკური მდგომარეობის - ზომების, მოცულობის, საზღვრების, კონფიგურაციის და სხვა მონაცემების ცვლილებას.
ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიიჩნიეს, რომ ქ. დ-ის რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციისას, ეს გარემოებები სრულყოფილად უნდა ყოფილიყო გამოკვლეული, იმისათვის, რომ სწორად ყოფილიყო განსაზღვრული მის მიერ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების შესაბამისობა, მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებთან, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული ორი სხვადასხვა რეგისტრირებული საკუთრების ობიექტის ზედდება. შესაბამისად, გაურკვეველია, როგორი იქნებოდა ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება ამ და სხვა მტკიცებულებების შეფასება/მოპოვების ვალდებულების ჯეროვნად შესრულების პირობებში, რის აუცილებლობასაც პირდაპირ ადგენს საკუთრების უფლების რეგისტრაციის დროისათვის მოქმედი როგორც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი, ასევე „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქცია“.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, შესაბამისად, სახეზეა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმის გარემოებების შესწავლის შემდეგ ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი. რის გამოც საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოების დროს, სასამართლო მოკლებულია ახალი მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობას, იგი არ წარმოადგენს საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლოს. ამასთან, საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საკასაციო სასამართლოში ახალი ფაქტობრივი გარემოებების დადგენისა და მტკიცებულებების მიღების შესაძლებლობას, რის გამოც მ. ბ-ის, ქ. და ი. დ-ეების შუამდგომლობა ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივარზე 04.07.2017წ. №17858 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, ხოლო ნ. თ-ას მ. ბ-ის, ქ. და ი. დ-ეების საკასაციო საჩივარზე 06.07.2017წ. საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) და ნ. თ-ას (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210-210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ბ-ის, ქ. და ი. დ-ეებისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 11 იანვრის განჩინება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 04.07.2017წ. №17858 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. ნ. თ-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეს მ. ბ-ის, ქ. და ი. დ-ეების საკასაციო საჩივარზე მის მიერ 06.07.2017წ. საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი