Facebook Twitter

#ბს-639-635(გ-17) 19 ოქტომბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

მოსარჩელე _ ც. ბ-ე

მოპასუხე _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მესამე პირი - ქ. მ-ი

დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2017 წლის 26 აპრილს ც. ბ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მესამე პირის - ქ. მ-ის მიმართ.

მოსარჩელემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 27 მარტის #... გადაწყვეტილებისა და 2008 წლის 9 ივლისის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ივნისის განჩინებით ც. ბ-ის სარჩელი, მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, მესამე პირი - ქ. მ-ი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. აღნიშნულ თავში შემავალი მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ამავე თავის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელი საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისაგან განთავისუფლების შესახებ, აგრეთვე ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთზე, მათ შორის, მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფლის მიხედვით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის მიხედვით კი, სასამართლოს არჩევის უფლება, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, ეკუთვნის მოსარჩელეს.

სასამართლოს განმარტებით, განსჯადობის აღნიშნული წესი არ ხდის საქმის განსჯადობას დამოკიდებულს მხოლოდ მოსარჩელის ნება-სურვილზე - ალტერნატიულობის მიუხედავად, კონკრეტული დავის თავისებურება მოქმედებს განსჯადობის საკითხის გადაწყვეტაზე. ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა ტერიტორიული განსჯადობის ზოგადი პრინციპის თანხმად, იმ ადმინისტრაციული კატეგორიის დავების განხილვა, რომელიც უძრავ ქონებას ან ადგილთან მიბმულ უფლებას ეხება, მიეკუთვნება იმ სასამართლოს კომპეტენციას, რომლის მოქმედების სფეროშიც იმყოფება მოცემული ქონება ან მოცემული ადგილი. განსხილველ შემთხვევაში, სადავო უძრავი ნივთი, რომლის სამართლებრივ მდგომარეობასაც ეხება დავა, მდებარეობს გარდაბანაში (ზონა: გარდაბანი: სექტორი ...).

სასამართლოს მითითებით, „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს #1/150-2007 გადაწყვეტილების შესაბამისად, განისაზღვრა რაიონული (საქალაქო) სასამართლოებისა და თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები, აღნიშნულ სასამართლოებსა და სასამართლო კოლეგიებში (პალატებში) მოსამართლეთა რაოდენობა. ამავე გადაწყვეტილების 33-ემუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა თვითმმართველი ქალაქის - რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ სარჩელის განხილვა უნდა მოხდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ.

რუსთავის საქალაქო სასამართლო არ დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ივნისის განჩინებას და 2017 წლის 19 ივნისის განჩინებით ც. ბ-ის სარჩელი, მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს ტერიტორიული განსჯადობის საერთო წესს. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სასამართლოს სარჩელი იურიდიული პირის მიმართ წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით.

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მოპასუხედ ასახელებს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ხოლო სასარჩელო მოთხოვნაა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 15 მარტის #85548 და რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 12 იანვრის #... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა.

სასამართლოს მითითებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის #134 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფების, მასში შემავალი სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით. მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განისაზღვრება სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფები და მასში შემავალი სტრუქტურული ერთეულები, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები: ქვემო ქართლის რეგიონული ოფისი. აღნიშნული ბრძანების მე-15 მუხლის პირველი პუნქტით, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის მიზანია შესაბამისი პირებისთვის სანდო და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა, კანონმდებლობით დადგენილი წესით უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის წარმოება და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ერთიანი სარეგისტრაციო პოლიტიკის გატარება. ამავე ნორმის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით კი განსაზღვრულია დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები: უძრავ ნივთებზე „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებების, უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებების და მათი შეწყვეტის, სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების შეცვლის, უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებით.

დასახელებული ბრძანების 30-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგიონული ოფისის საქმიანობის მიზანია მის სამოქმედო ტერიტორიაზე სააგენტოს ფუნქციების შესრულება კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში. რეგიონული ოფისის ძირითადი ფუნქციებია: ა) უძრავ ნივთებზე „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებების, უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებების და მათი შეწყვეტის, სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების შეცვლის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლებათა რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებით; ბ) რეგიონულ ოფისში დაცული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა; გ) შესაბამის საქმეებზე სასამართლოში წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; დ) განხორციელებული საქმიანობისა და დაკისრებული ვალდებულებების შესრულების თაობაზე ყოველი კვარტალის ბოლოს ანგარიშის წარდგენა უფლებამოსილი პირებისთვის; ე) სარეგისტრაციო პროცედურების გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი სტრუქტურული, საკადრო, ნორმატიული თუ ტექნიკური ხასიათის კონკრეტული წინადადებების შემუშავება და ყოველი კვარტალის ბოლოს ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; ვ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება; ზ) სააგენტოს დებულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტისა და რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ხელმძღვანელების ცალკეული დავალებების შესრულება, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

აღნიშნული ნორმის ანალიზის საფუძველზე რუსთავის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის ფუნქციას არ წარმოადგენს საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ამასთან, ეს უკანასკნელი მოსარჩელეს მოპასუხედაც არ დაუსახელებია და არც მის მიერ მიღებული რომელიმე გადაწყვეტილება გაუხდია სადავოდ.

სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლზე მითითებით განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია არა საკუთრება უძრავ ქონებაზე, არამედ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 27 მარტის #... გადაწყვეტილებისა და 2008 წლის 9 ივლისის #... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ხოლო მოპასუხედ დასახელებულია აქტის გამომცემი ორგანო, რომლის ადგილსამყოფელია ქ.თბილისი. შესაბამისად, სარჩელი უნდა იქნეს განხილული მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით.

სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლით რეგლამენტირებულია ნივთობრივი განსჯადობის შესახებ სპეციალური წესები, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი საკუთრების უფლების შესახებ, თუ დავა ეხება უძრავ ნივთზე, მათ შორის, მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთის ადგილსამყოფელის მიხედვით. სასამართლოს მითითებით, ც. ბ-ის მიერ აღძრულ სარჩელში დავის საგანს წარმოადგენს არა უძრავი ქონება, არამედ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედება, რა დროსაც განსჯადობის განსაზღვრისას უნდა დადგინდეს არა ის ფაქტი, თუ რას ეხება მოცემული აქტი და სად მდებარეობს სადავო უძრავი ქონება, არამედ აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს ადგილსამყოფლის მიხედვით უნდა გაირკვეს, თუ რომელი სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიას განეკუთვნება საქმე განსახილველად, მით უფრო მაშინ, როდესაც განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულ დავის საგანს წარმოადგენს არა უძრავ ნივთებთან დაკავშირებული კონფლიქტი, არამედ სარჩელის ობიექტია - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედების (გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის) კანონიერება, რა დროსაც საერთო განსჯადობის წესების საფუძველზე სარჩელი უნდა წარედგინოს, განიხილოს და გადაწყვიტოს მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით განსჯადმა სასამართლომ.

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ტერიტორიული განსჯადობის გათვალისწინებით განსჯად სასამართლოს წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადგილსამყოფლის მიხედვით (ქ.თბილისი, სანაპიროს ქ.#2) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 29 მაისის #ბს-162-160(გ-14) განჩინებაში ჩამოყალიბებულ სამართლებრივ დასკვნებს და განმარტებებს, კერძოდ, სასამართლოებმა სადავო აქტების სასამართლო წესით განსჯადობის განსაზღვრისას უნდა დაადგინონ არა ის ფაქტი, თუ რას ეხება განხორციელებული რეგისტრაცია და სად მდებარეობს სადავო უძრავი ქონება, არამედ აქტების გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოების ადგილსამყოფელის მიხედვით უნდა გამოარკვიონ, თუ რომელი სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიას განეკუთვნება საქმე განსახილველად. ტერიტორიული განსჯადობის არსი მდგომარეობს პრინციპში, რომლის მიხედვით, მოსარჩელე მიმართავს მოპასუხის სასამართლოს. საერთო წესის თანახმად, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მოპასუხის - ადმინისტრაციული ორგანოს ადგილმდებარეობის მიხედვით (სსსკ-ის მე-15 მუხლი). ამდენად, საერთო წესის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ტერიტორიული იურისდიქცია ეკუთვნის იმ სასამართლოს, რომლის მოქმედების ტერიტორიაზეც განლაგებულია ადმინისტრაციული ორგანო. სსკ-ის მე-18 მუხლით რეგლამენტირებულია ნივთობრივი განსჯადობის შესახებ სპეციალური წესები. ხსენებული მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი საკუთრების უფლების შესახებ, თუ დავა ეხება უძრავ ნივთს, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთის ადგილსამყოფლის მიხედვით. აღნიშნული ნორმა ადგენს სპეციალურ განსჯადობას და იძლევა განსჯადობის განსაზღვრის შესაძლებლობას უძრავი ნივთის ფაქტობრივი ადგილსამყოფლის მიხედვით (სუს 23.01.15წ. №ბს-816-802(გ-14); 04.06.15წ. №ბს-280-276(გ-15)).

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში დავა ეხება არა უძრავ ქონებას, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 9 ივლისის #... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერებას. ტერიტორიული განსჯადობა წყდება მოპასუხის ადგილმდებარეობის მიხედვით, რა დროსაც საერთო განსჯადობის წესების საფუძველზე სარჩელი უნდა წარედგინოს მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით.

სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში დავის საგანი მოიცავს მხოლოდ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 27 მარტის #... ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 9 ივლისის #... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, მოპასუხედ დასახელებულია მხოლოდ ერთი ადმინისტრაციული ორგანო - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, შესაბამისად სახეზე არ არის ალტერნატიული განსჯადობა.

ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 9 ივლისის #... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ არის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ. უფრო მეტიც, საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 27 დეკემბრის ქალაქ თბილისის, გარდაბნის მუნიციპალიტეტისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ დადგენილებით, შეიცვალა ქ. თბილისის და გარდაბნის რაიონის ადმინისტრაციული საზღვრები. სოფელ ..., სადაც მდებარეობს ის უძრავი ქონება, რომლის რეგისტრაციის ბათილად ცნობასაც მოსრჩელე მოითხოვს 2007 წლამდე ექვემდებარებოდა გარდაბნის მუნიციპალიტეტს და იყო თემის ცენტრი (სოფლები: ..., ...), 2007 წლიდან დაექვემდებარა ქალაქ თბილისის დიდგორის რაიონს, 2013 წლის თბილისის ტერიტორიული რეფორმის შედეგად გადავიდა მთაწმინდის რაიონის შემადგენლობაში. ამდენად, უძრავი ნივთის ადგილსამყოფელიც ქ. თბილისია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რუსთავის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინებების გაცნობის შედეგად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ ც. ბ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თუ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. აღნიშნულ თავში შემავალი მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ხსენებული მუხლი მოიცავს ტერიტორიული განსჯადობის განმსაზღვრელ საპროცესო ნორმას და პირდაპირ მიუთითებს, რომ სარჩელი იურიდიული პირის მიმართ წარედგინება სასამართლოს მისი ადგილსამყოფლის მიხედვით. ამდენად, აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელი საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისაგან განთავისუფლების შესახებ, აგრეთვე ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთზე, მათ შორის, მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფლის მიხედვით.

მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 27 მარტის #... გადაწყვეტილებისა და რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 9 ივნისის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. უძრავი ნივთი, რომლის რეგისტრაციის ბათილად ცნობასაც ეხება სადავო აქტები, დღეის მდგომარეობით მდებარეობს ქ. თბილისის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე გვაქვს საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული სარჩელი და სადავოა რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება. ამდენად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ აღძრულ სარჩელებზე გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლით გათვალისწინებული ნივთობრივი განსჯადობის წესები.

საკასაციო სასამართლო იზიარებს რუსთავის საქალაქო სასამართლოს განმარტებას იმის თაობაზე, რომ ქ. თბილისის, გარდაბნის მუნიციპალიტეტისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 27 დეკემბრის #4173-რს დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის ადმინისტრაციული საზღვრები შეიცვალა „ქ. თბილისის ადმინისტრაციული საზღვრების პროექტის განხილვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის #574 განკარგულებით მოწონებული ქ. თბილისის ადმინისტრაციული საზღვრების პროექტის მიხედვით და აღნიშნული დადგენილებით განსაზღვრული ცვლილების შესაბამისად, ზონა გარდაბანი, სექტორი ... შევიდა ქ. თბილისის შემადგენლობაში, მაგრამ არ იზიარებს რუსთავის საქალაქო სასამართლოს განმარტებას კონკრეტული განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას ტერიტორიული განსჯადობის წესების გამოყენებისა და სარჩელის განსახილველად მოპასუხის ადგილმდებარეობის მიხედვით დაქვემდებარების თაობაზე და განმარტავს, რომ იმისათვის, რომ არ დაირღვეს სასამართლოთა შორის საქმის თანაბარი განაწილების პრინციპი, სარჩელის განსჯადი სასამართლოს განსაზღვრა უნდა მოხდეს სადავო ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით.

ვინაიდან ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო აქტით გათვალისწინებული უძრავი ქონება მდებარეობს ქ. თბილისის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში, ც. ბ-ის სარჩელი უნდა განიხილოს სწორედ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ.

საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული საქმის განხილვის წესი ვრცელდება მხოლოდ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მის სისტემაში შემავალი რეგიონული ოფისებისა და ფილიალების მიმართ აღძრულ სარჩელებზე. სასამართლოებს შორის განსჯადობის საკითხის ამგვარი გადაწყვეტა ხელს უწყობს მართლმსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, პროცესის ეკონომიურობასა და ოპერატიულობას, ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა დივერსიფიკაციას, სასამართლოებს შორის დატვირთვის თანაბარ განაწილებას.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილია პრაქტიკა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 16 მაისის განჩინება საქმეზე №ბს-952-943(გ-16); 2017 წლის 16 მაისის განჩინება საქმეზე №ბს-960-951(გ-16); 2017 წლის 13 ივლისის განჩინება საქმეზე #ბს-439-436(გ-17)).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ დავებზე, სადავო ქონების ადგილსამყოფლის გათვალისწინებით, ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით ც. ბ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 2.1, 26.3 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ც. ბ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი