Facebook Twitter

საქმე Nბს-643-639 (კ-17 ) 3 ოქტომბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ვ. გ-ე (მოსარჩელე )

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ

დავის საგანი - მიწის ნაკვეთის მართლზომიერ მფლობელად აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ. გ-ემ 2014 წლის 24 ივნისს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამარლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა თბილისში, ... აგარაკებზე მდებარე, ვ. გ-ის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული 600 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთზე მოსარჩელე ვ. გ-ის მართლზომიერი მფლობელობის უფლების აღიარება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 03 ივნისის გადაწყვეტილებით ვ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, აღიარებული იქნა სახელმწიფოსა და მოსარჩელე ვ. გ-ეს შორის ჯერ კიდევ გ. გ-ის სახელზე 1982 წლის 20 ივნისს გაცემული მებაღეობის წიგნაკით დადასტურებული, 1970 წლის 10 მარტიდან წარმოშობილი ურთიერთობა, რომლითაც მოსარჩელე ვ. გ-ეს აქვს თბილისში, ... აგარაკებზე მდებარე, 600 კვ. მ ფართის მქონე იმ მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლება, რომელიც იდენტიფიცირებულია შპს „...“ მიერ 2012 წლის 4 ივლისს მომზადებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზით.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 თებერვლის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 03 ივნისის გადაწყვეტილებაზე, საქმის მასალებთან ერთად განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 03 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ვ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და აღიარებული იქნა სახელმწიფოსა და მოსარჩელე ვ. გ-ეს შორის ჯერ კიდევ გ. გ-ის სახელზე 1982 წლის 20 ივნისს გაცემული მებაღეობის წიგნაკით დადასტურებული, 1970 წლის 10 მარტიდან წარმოშობილი ურთიერთობა, რომლითაც მოსარჩელე ვ. გ-ეს აქვს თბილისში, ... აგარაკებზე მდებარე, 600 კვ.მ ფართის მქონე იმ მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლება, რომელიც იდენტიფიცირებულია შპს ”...”-ის მიერ 2012 წლის 4 ივლისს მომზადებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არ მომხდარა ფაქტობრივი გარემოებების სრულად და ობიექტურად შესწავლა, საქმის განხილვისას სასამართლოს სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმეში არსებული მასალები, დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები არ ჰპოვებს დადასტურებას შესაბამისი მტკიცებულებებით, საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს არ მიეცა ობიექტური შეფასება, შესაბამისად სასამართლოს დასკვნები სრულიად დაუსაბუთებელია როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით. კასატორის განმარტებით სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია აღიარებითი სარჩელის დასაშვებობაზე.

კასატორის განმარტებით, მოსარჩელეს არ წარუდგენია სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ იმ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად გამოცხადების (სასკ-ის 22 მუხლის საფუძველზე) ან/და ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების შესახებ, რომლითაც ვ. გ-ეს ეთქვა უარი საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე, აღნიშნული გარემოება კი ქმნის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელის დაუშვებლობის საფუძველს.

კასატორმა არ ეთანხმება სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ შეფასებებს, მებაღის წიგნაკის საფუძველზე ვ. გ-ის მართლზომიერ მფლობელად მიჩნევის თაობაზე და აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მამის გ. გ-ის სახელზე გაცემული მებაღის წიგნაკით მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა ვერ დგინდება, ხოლო მოწმეთა ჩვენება არ წარმოადგენს იმ სახით მტკიცებულებას, რომლითაც შესაძლებელია დადასტურდეს მართლზომიერი მფლობელობა, იმისათვის რომ ნათლად დადგინდეს ნამდვილად ჰქონდა თუ არა ადგილი მებაღეობის მხრიდან ნების გამოვლენას და ასეთის არსებობის შემთხვევაში, რა ადგილას არსებული მიწის ნაკვეთი გამოეყო გ. გ-ეს, უნდა დადგინდეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტით, რაც საქმეზე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ივლისის განჩინებით მ. კ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

სააპელაციო პალატამ მართებულად დაადგინა, რომ მოსარჩელეს, ვ. გ-ეს, განსახილველ საქმეზე გააჩნდა იურიდიული ინტერესი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი, აღიარებითი სარჩელის აუცილებელი პირობაა მოსარჩელის ინტერესი დავის საგანზე, შესაბამისად თუკი არ მოხდა დავის გადაწყვეტა ამან შეიძლება გამოიწვიოს მოსარჩელის უფლების დარღვევა; განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის ინტერესია მამისაგან, გ. გ-ისგან, მემკვიდრეობით მიღებული მფლობელობის უფლების გადატანა მოახდინოს ფიზიკური პირისათვის გათვალისწინებულ საკუთრების უფლებაში, შესაბამისად ვ. გ-ეს ესაჭიროება სახელმწიფოსთან იმგვარი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის აღიარება, რომელიც ცხადყოფს მოსარჩელის მართლზომიერ მფლობელობას სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. საკუთრების უფლების აღიარებისთვის ვ. გ-ემ უნდა დააკმაყოფილოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები, აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად მართლზომიერ ფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს, მიწის მართლზომიერიმფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ 1990 წლით დათარიღებული, ქ.თბილისის კამვოლური დართვის ფაბრიკის კოლექტიური მებაღეობის გამგეობის საბჭოს მიერ გაცემული ცნობის, 1982 წლის 20 ივნისს გ. გ-ის სახეზე გაცემული მებაღეობის წიგნაკის და მოწმეების, ლ. ო-ისა და ა. მ-ის ჩვენებებიდან გამომდინარე, იკვეთება 1970 წლის 10 მარტიდან წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა სახელმწიფოსა და გ. გ-ეს შორის, რომლითაც მოსარჩელეს, ვ. გ-ეს, (გ. გ-ე გარდაიცვალა 2010 წლის 7 ნოემბერს, მისი დანაშთი სამკვიდრო ქონება ფაქტობრივი დაუფლების გზით მიიღო მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრემ (შვილმა) ვ. გ-ემ, რაზედაც ნოტარიუსმა ი. ფ-ამ 2012 წლის 2 ივლისს გასცა სამკვიდრო მოწმობა) აქვს თბილისში, ... აგარაკებზე მდებარე, 600 კვ.მ ფართის მქონე იმ მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლება, რომელიც იდენტიფიცირებულია შპს „...“ მიერ 2012 წლის 4 ივლისს მომზადებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე