#ბს-705-701(კ-17) 19 ოქტომბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 18 მაისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 17 აპრილს შპს „...“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ.
მოსარჩელემ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 13 მარტის #12/9 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 9 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ი. ღ-ი და ნ. ხ-ი, ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე - მ. ღ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით შპს „…“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 13 მარტის #12/9 გადაწყვეტილების მე-6 და მე-7 პუნქტები, კერძოდ, აღნიშნული გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ჯარიმის გამოყენების ნაწილში; დანარჩენ ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...“, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით შპს „...“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს “...“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 13 მარტის #12/9 გადაწყვეტილება და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას მოცემულ საქმესთან დაკავშირებით გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაცულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა, კანონით დადგენილ ვადაში და წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს კომისიის აქტის კანონიერება უნდა შეეფასებინა მოქმედ კანონმდებლობასთან ერთობლიობაში - საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პრინციპებთან, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონთან, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონთან, ასევე, სხვა კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებთან.
კასატორის მოსაზრებით, სარჩელი ემყარება დაუსაბუთებელ ვარაუდს და არარსებულ მოსაზრებებს, თითქოს მ. ღ-ს ყველა მეზობელთან, მათ შორის, თანამესაკუთრეებთან, ძმასთან ი. ღ-სა და მამიდა ნ. ხ-თან ჰქონდა სამეზობლო დავა.
კომპანიას მხოლოდ საცხოვრებელ სახლთან არსებულ გაზსადენზე შეეძლო განეხორციელებინა აბონენტის დაერთება, ხოლო მ. ღ-ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებული 4 სხვა გაზგამანაწილებელ დგარებზე დაერთება ფაქტობრივად შეუძლებელი იყო.
კასატორი აღნიშნავს, რომ მ. ღ-ს მეზობლებთან არ ჰქონია და არც დღეის მდგომარეობით აქვს არანაირი სამეზობლო დავა, ხოლო ნ. ხ-თან დავა არ არსებობდა 2015 წლის გაზაფხულამდე, თუ გავითვალისიწნებთ, რომ მ. ღ-მა 2014 წლის 18 ნოემბერს შპს „...“ წარადგინა განაცხადი „ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ“, შესაბამისად, მიერთების სამუშაოების დასრულება უნდა მომხდარიყო 2015 წლის 16 იანვარს, ნათელი იქნება ფაქტი კომპანიის მიერ მისი უმოქმედობის, დაუდევრობის შედეგად ახალი მომხმარებლის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების სამუშაოების (40 სამუშაო დღე) ვადის დარღვევისა.
კასატორი ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფოტომასალაზე, რითაც დასტურდება, რომ კერძო საცხოვრებელი სახლები არის (ე.წ. ბარაკის ტიპის) ერთსართულიანი შიდა ეზოთი. ნ. ხ-ის კედლის გარე პერიმეტრის გამოყენების გარეშე ბუნებრივი გაზის მილის შეყვანა მ. ღ-ის საცხოვრებელ სახლში შესაძლებელია ყოველგვარი ტექნიკური გართულების გარეშე - რკინის ბოძებზე ჩამოკიდებით საჰაერო გაზით. შენობა-ნაგებობების შემოვლით გარე პერიმეტრზე, ანუ მიმდებარე ტერიტორიაზე რომ გაეტარებინათ გაზის მილი, ამ შემთხვევაშიც არ მოხდებოდა შეხება ნ. ხ-ის საცხოვრებელი სახლის კედელთან.
კასატორი აღნიშნავს, რომ კომპანიამ არანაირი სამუშაოები არ აწარმოა 2015 წლის აპრილამდე, და იცოდა რა კომისიის პოზიცია ამ კატეგორიის დავების გადაწყვეტასთან დაკავშირებით, გამოიგონეს არარსებული „სამეზობლო დავა“.
კომისია არ არის ვალდებული შეისწავლოს ალტერნატიული გზით გაზმომარაგების შესაძლებლობა, ვინაიდან მიერთების სამუშაოების სრულ ციკლს აწარმოებენ ლიცენზიატი კომპანიები. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ანუ გაზის სექტორში ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება რეგულირდება კომისიის 2009 წლის 9 ივლისის #12 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-19 და მე-191 მუხლებით.
კასატორს მიაჩნია, რომ შპს „...“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია კომისიის მიერ შესწავლილ და გამოკვლეულ იქნა საფუძლიანად, გადაწყვეტილება სამართლებრივად დასაბუთებულია და მიღებულია დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფორმით და იმპერატიული ნორმების მოთხოვნათა სრული დაცვით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინიტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ. ღ-მა 2014 წლის 18 ნოემბერს ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების თაობაზე განცხადებით მიმართა შპს „...“, რომელმაც დაადგინა განაცხადის და მასში არსებული მოთხოვნის სრულყოფილება და განმცხადებელს აცნობა განცხადების დამტკიცების თაობაზე. ამასთან, მიერთების მსრურველს მიანიჭა აბონენტის ნომერი. მ. ღ-სა და შპს „...“ შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მოხდა საფასურის გადახდის განწილვადება და მ. ღ-მა გადაიხადა პირველი სავალდებულო გადასახადი 25 ლარის ოდენობით.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 4 ივნისის #1/08- 16/903-3488 წერილის მიხედვით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის #12 დადგენილებით დამტკიცებული ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარები წესების მე-19 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, თუ გამანაწილებელ ქსელზე ხდება ისეთი ახალი მომხმარებლის (მომხმარებლების) მიერთება, რომელზეც ვრცელდება გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, თავად უზრუნველყოს მიერთების საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებული თანხმობის ან ნებართვის მოპოვება. აღნიშნული პუნქტი არ ავალდებულებს განაწილების ლიცენზიატს, უზრუნველყოს გამანაწილებელ ქსელზე მიერთების მსურველი მეზობლების თანხმობის მიღება სამშენებლო სამუშაოების შესრულების თაობაზე. გასათვალისწინებელია, რომ მ. ღ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით სხვა ალტერნატიული გზით გაზის შეყვანის შესაძლებლობის შესახებ რაიმე მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა.
საქმეში არსებობს პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული კომისიის მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის თ. ი-ს ჩვენება, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ კომისიის მიერ მეზობლების თანხმობის საჭიროების გარეშე სხვა ალტერნატიული გზით გაზის დაერთების საშუალება ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კომისიის მიერ დადგენილი არ ყოფილა და აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა შპს „...“ კომპეტენციას მიეკუთვნება.
საქმის გარემოებებით ირკვევა, რომ მ. ღ-ის ყველა მეზობელი წინააღმდეგია კომპანიამ მათი კუთვნილი ობიექტების გამოყენებით/გავლით შეასრულოს გაზიფიცირების სამუშაოები. აღნიშნულთან დაკავშირებით, მ. ღ-ს არც კომპანიაში და არც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება (მეზობლის თანხმობა) გამანაწილებელ ქსელზე მიერთებისათვის მეზობლების თანხმობის მიღებასთან დაკავშირებით, რაც კომპანიას მისცემდა შესაძლებლობას ემსჯელა ალტერნატიული გზების გამოყენებაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად გაიზიარა სააპელაციო საჩივრის პოზიცია, რომ ხსენებული სწორედ მოქალაქის ვალდებულებას წარმოადგენდა, რაც არ გაითვალისწინა პირველი ინსტანციის სასამართლომ. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ იმ პირობებში, როდესაც მ. ღ-ს არ მოუპოვებია გამანაწილებელ ქსელზე მიერთების მსურველი მეზობლების თანხმობა და არ წარუდგენია აღნიშნული მტკიცებულება ადმინისტრაციულ ორგანოში, ასევე არ არის დადგენილი სხვა ალტერნატიული საშუალებით გაზის მიწოდების შესაძლებლობა, აღნიშნულ პირობებში, შეუძლებელი იქნება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 13 მარტის #12/9 გადაწყვეტილების აღსრულება - მ. ღ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და შპს „...“ მიერ 10 სამუშაო დღის ვადაში აბონენტ #519907-426-ის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის შესახებ.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში უნდა დაავალოს განმცხადებელს გამანაწილებელ ქსელზე მიერთების მსურველის მეზობლების თანხმობის მიღება და წარმოდგენა სამშენებლო სამუშაოების შესრულების თაობაზე, ხოლო ასეთის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, შეისწავლოს ალტერნატიული გზით გაზმომარაგების შესაძლებლობა და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება მოქალაქე მ. ღ-სა და შპს „...“ შორის არსებული დავის გადაწყვეტის შესახებ.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას საკასაციო საჩივარზე 21.06.2017წ. №684 საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (ს/კ 204400200) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (ს/კ 204400200) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 21.06.2017წ. №684 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი