Facebook Twitter

საქმე №ბს-594-591(კ-17) 21 ნოემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - მ. წ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. წ-მა 2016 წლის 8 იანვარს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით, გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა/დადასტურების კომისიის 2015 წლის 8 დეკემბრის №9/35 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა, რომლის საფუძველზეც განახორციელებს კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებას - მიიღებს კომპენსაციას „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ოდენობითა და წესით.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე ზ. ს.წ-ის (დაბ. ...წ.) ოჯახის წევრისათვის - მეუღლისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, ზ. ს.წ-ის (დაბ. ...წ.) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ფაქტის დადასტურების შესახებ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და წესით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკურ დანაშაულებათა და საბოტაჟის წინააღმდეგ მებრძოლი სამმართველოს ოპერრწმუნებული, მილიციის კაპიტანი ზ. ს.წ-ი გარდაიცვალა 1992 წლის 16 იანვარს. საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკურ დანაშაულებათა და საბოტაჟის წინააღმდეგ მებრძოლი სამმართველოს ოპერრწმუნებული, მილიციის კაპიტანი ზ. ს.წ-ი გარდაიცვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, კერძოდ, იგი სამსახურებრივი დავალების შესასრულებლად მიემართებოდა თბილისიდან დუშეთის მიმართულებით და ამ დროს სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.

საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, მილიციის პოლკოვნიკის 1992 წლის 29 თებერვლის დასკვნით საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკურ დანაშაულებათა და საბოტაჟის წინააღმდეგ მებრძოლი სამმართველოს ოპერრწმუნებული, მილიციის კაპიტანი, ზ. ს.წ-ი გარდაიცვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. შემთხვევის დროს იგი იყო ფხიზელ მდგომარეობაში.

მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ არის გარდაცვლილი, საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკურ დანაშაულებათა და საბოტაჟის წინააღმდეგ მებრძოლი სამმართველოს ოპერრწმუნებულის, მილიციის კაპიტნის - ზ. ს.წ-ის მეუღლე.

2015 წლის 10 ნოემბერს მოსარჩელე მ. წ-მა განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ითხოვა მისთვის, როგორც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი პოლიციელის მეუღლისათვის „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე კომპენსაციის დანიშნვა.

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა/დადასტურების კომისიის 2015 წლის 8 დეკემბრის №9/35 გადაწყვეტილებით, მოსარჩელე მ. წ-ს უარი ეთქვა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე ზ. ს.წ-ის (დაბ ...წ.) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას („პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტის) დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადასტურებაზე/დადგენაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა/დადასტურების კომისიის 2015 წლის 8 დეკემბრის №9/35 გადაწყვეტილება; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და წესით გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე ზ. ს.წ-ის (დაბ. ...წ.) ოჯახის წევრისათვის - მეუღლისათვის „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, ზ. ს.წ-ის (დაბ. ...წ.) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას („პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11-ლი მუხლი) დაღუპვის ფაქტის დადასტურების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 აპრილის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი. მოცემულ შემთხვევაში სადავოა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა/დადასტურების კომისიის 2015 წლის 8 დეკემბრის №9/35 გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია იმის შესახებ, რომ ზ. წ-ის გარდაცვალების ფაქტი არ ექცევა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11-ლი პუნქტის მოქმედების ფარგლებში და შესაბამისად, არ არსებობს მოსარჩელისთვის „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საფუძველი, რადგან „პოლიციის შესახებ კანონის“ 50-ე მუხლის პირველი პუნქტის დეფინიცია არის უფრო ფართო მოცულობის, რომელიც ავტოავარიის შედეგად დაღუპვასაც ითვალისწინებს, რომელიც განსაზღვრავს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოსამსახურის დაღუპვის შემთხვევას, ხოლო რაც შეეხება 50-ე მუხლის პირველ პრიმა პუნქტს, აქ გამოყოფილია კონკრეტულად ის შემთხვევები, რომელსაც შედეგად მოჰყვა პოლიციელის დაღუპვა სამართალდარღვევის აღკვეთისას, დამნაშავის შეპყრობისას, საბრძოლო მოქმედებების შესრულებისას მიღებული ჭრილობებით.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, რომლის თანახმადაც, ამ კანონის მიზანია საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის (შემდგომში – კომპენსაცია) და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. ამასთან, ამავე კანონის მე-3 მუხლი ადგენს იმ ძირითად პრინციპებს, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს შესაბამისმა სახელმწიფო ორგანომ ამა თუ იმ პირისათვის სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების განსაზღვრისას; ეს პრინციპებია: სამართლიანობა, კანონის წინაშე თანასწორობა, მუდმივობა, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების სახელმწიფო გარანტია.

პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკურ დანაშაულებათა და საბოტაჟის წინააღმდეგ მებრძოლი სამმართველოს ოპერრწმუნებული, მილიციის კაპიტანი ზ. ს.წ-ი 1992 წლის 14 იანვარს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

შესაბამისად, მ. წ-მა, როგორც ზ. წ-ის მეუღლემ 2015 წლის 10 ნოემბერს განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ითხოვა მისთვის, როგორც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი პოლიციელის მეუღლისათვის „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე კომპენსაციის დანიშნვა.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის ზემოაღნიშნული მოსაზრება და განმარტა, რომ მოსარჩელეს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის მიზნისა და პრინციპების უგულებელყოფით ეთქვა უარი სახელმწიფო კომპენსაციაზე, რაც ეწინააღმდეგება, როგორც „სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონს, ასევე არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით გარანტირებულ მოსარჩელის საკუთრების უფლებას, იმდენად, რამდენადაც მოსარჩელეს გააჩნია სახელმწიფო კომპენსაციის მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი; კერძოდ, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მიხედვით კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის მოთხოვნის უფლება აქვთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღის (1991 წლის 9 აპრილი) შემდეგ, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11-ლი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს; ამასთან, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის და მესამე პუნქტების თანახმად სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, ამ კანონით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას, სამართალდარღვევის აღკვეთისას, დამნაშავის შეპყრობისას, დამნაშავეობასთან ბრძოლისას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისას ან/და საბრძოლო მოქმედებების დროს შეტაკებისას, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისას, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას პოლიციელის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახის წევრებს ენიშნებათ სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციის და

სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის შესაბამისად.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის დავას იწვევს მხოლოდ ის გარემოება ზ. წ-ის გარდაცვალება ექცევა თუ არა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11-ლი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, იმ პირობებში, როდესაც სადავო არ არის ზ. წ-ის გარდაცვალება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს; სააპელაციო პალატამ უპირველესად მიუთითა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11-ლი პუნქტზე, რომლითაც იმპერატიულად არის განსაზღვრული იმ შემთხვევათა ჩამონათვალი, რომლებიც ექცევა მითითებული ნორმის რეგულაციაში და ასეთი შემთხვევებია: პოლიციელის გარდაცვალება „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას, სამართალდარღვევის აღკვეთისას, დამნაშავის შეპყრობისას, დამნაშავეობასთან ბრძოლისას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისას ან/და საბრძოლო მოქმედებების დროს შეტაკებისას, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისას, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას; სააპელაციო პალატამ ასევე განმარტა, რომ გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახის წევრზე გავრცელდეს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11-ლი პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი რეჟიმი. მნიშვნელოვანია დადგინდეს ორი გარემოება: პოლიციელის გარდაცვალება ამ ნორმით გათვალისწინებულ ერთ-ერთ შემთხვევაში და უშუალოდ ამ შემთხვევის შედეგად; სააპელაციო სასამართლო სადავო ნორმის შინაარსის განმარტებასთან დაკავშირებით მიუთითებს კანონპროექტის განმარტებითი ბარათის შესახებ, სადაც მითითებულია, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11-ლი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოიაზრება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელის გარდაცვალება ავტოავარიის შედეგად.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამმართველოს მიერ 1992 წლის 29 თებერვალს დამტკიცებული დასკვნის თანახმად, დადგენილ იქნა, რომ საქართველოს რესპუბლიკის შსს ეკონომიკურ დანაშაულებათა და საბოტაჟის წინააღმდეგ მებრძოლი სამმართველოს ოპერრწმუნებულის მილიციის კაპიტანი ზ. ს.წ-ი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს დაიღუპა, აღნიშნული დასკვნის მიხედვით ჩატარდა რა სამსახურებრივი მოკვლევა, დადგინდა, რომ მილიციის კაპიტანი ზ. წ-ი დაიღუპა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პრევენციული ღონისძიების განხორციელებასა და დამნაშავეობასთან ბრძოლას შორის პირდაპირი მიზეზ - შედეგობრივი კავშირი უდავოა, რაც, როგორც აღინიშნა დადასტურებულია შესაბამისი დასკვნით. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ სახეზეა ზ. წ-ის გარდაცვალება „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას და უშუალოდ პრევენციული ღონისძიების განსახორციელებლად სპეციალური სამსახურებრივი დავალების შესრულებისას მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რაც უპირობო საფუძველია იმისათვის, რომ ზ. წ-ის გარდაცვალების ფაქტი მოექცეს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11-ლი პუნქტის რეგულაციაში.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ პრევენციული ღონისძიება ან/და დამნაშავეობასთან ბრძოლის მოქმედება იწყება დავალების მიღების მომენტიდან და სრულდება ამოცანის შესრულებით (ასეთის მიღწევის შემთხვევაში) და ამ ხნის განმავლობაში, ამ მიზნის მიღწევის პროცესში პოლიციელის გარდაცვალება შესაძლებელია გმირობად იქნეს მიჩნეული, მიუხედავად იმისა, რომ თავისთავად გმირობა არ წარმოადგენს სამართლებრივ ტერმინს და იგი შეფასებით კატეგორიას განეკუთვნება.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია იმის შესახებ, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტით და ამავე მუხლის 11-ლი პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო კომპენსაციის უფლების მქონე გარდაცვლილ პოლიციელთა წრე (სუბიექტები) არ არის ერთი და იგივე, რაზეც მიუთითა, რომ „პოლიციის შესახებ“ კანონის 50-ე მუხლის პირველი და მესამე პუნქტების მიხედვით სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, გარდა ამ მუხლის 11-ლი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, პოლიციელის დაღუპვის შემთხვევაში მისი ოჯახის წევრებს ენიშნებათ სახელმწიფო კომპენსაცია, რაც იძლევა იმ დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ „პოლიციის შესახებ“ კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტი ვრცელდება ყველა იმ პოლიციელზე, რომელიც გარდაიცვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მაგრამ მისი სამსახურებრივი საქმიანობა არ იყო დაკავშირებული ამავე მუხლის 11-ლი პუნქტით გათვალისწინებული სპეციფიკური და მომეტებული საფრთხის შემცველი უფლებამოსილებების განხორციელებასთან; საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, პალატამ განმარტა, რომ სახეზეა სადავო აქტის შეუსაბამობა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლთან და „პოლიციის შესახებ“ კანონის 50-ე მუხლთან, რაც ქმნის ფაქტობრივ–სამართლებრივ წანამძღვრებს საიმისოდ, რომ ზაკის მე-601 მუხლის საფუძველზე კანონთან წინააღმდეგობის საფუძვლით, ბათილად იქნეს ცნობილი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა/დადასტურების კომისიის 2015 წლის 8 დეკემბრის №9/35 გადაწყვეტილება.

მოსარჩელე ითხოვდა აქტის გამოცემის დავალებით სადავო საკითხის მოწესრიგებას, ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის საფუძველზე, აქედან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით სწორად მოხდა მოპასუხისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც მ. წ-ს დაუდასტურდება მისი მეუღლის - ზ. წ-ის გარდაცვალება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას („პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11-ლი პუნქტი) სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის

„ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას არასწორად განმარტა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11-ლი პრიმა პუნქტი, როდესაც მსჯელობს, რატომ უნდა გავრცელდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ გარდაცვლილ მოსამსახურე ზ. ს.წ-ის ოჯახის წევრისათვის (მეუღლისათვის) „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ სახელმწიფოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი და მიიღო დაუსაბუთებელი და კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში დავის სწორედ გადაწყვეტისათვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ამავე მუხლის პირველი პრიმა პუნქტის ერთმანეთისაგან გამიჯვნა. რადგან „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის მიხედვით (რომლის საფუძველზეც მოსარჩელე ითხოვს კომპენსაციის მიღებას), სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ან მიღებული ჭრილობების შედეგად დაღუპული პოლიციელის ოჯახის წევრს, სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება წარმოეშობა, როდესაც პოლიციელი დაღუპულია „პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პრიმა პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში.

კასატორი განმარტავს, რომ ამ საქმეში დავას იწვევს მხოლოდ ის გარემოება, ზ. წ-ის გარდაცვალება ექცევა თუ არა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11-ლი პრიმა პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, იმ პირობებში, როდესაც სადავო არ არის ზ. წ-ის გარდაცვალება სამსახუ

რებრივი მოვალეობის შესრულების დროს. 50-ე მუხლის პირველი პუნქტის დეფინიცია არის უფრო ფართო მოცულობის, რომელიც განსაზღვრავს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს შსს-ს მოსამსახურის დაღუპვის შემთხვევებს (მათ შორის, პოლიციელის გარდაცვალება ავტოავარიის დროს), ხოლო რაც შეეხება 50-ე მუხლის პირველ პრიმა პუნქტს, აქ გამოყოფილია კონკრეტულად ის შემთხვევები, რომელსაც შედეგად მოჰყვა პოლიციელის დაღუპვა, კერძოდ: პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას, სამართალდარღვევის აღკვეთისას, დამნაშავის შეპყრობისას, დამნაშავეობასთან ბრძოლისას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისას ან/და საბრძოლო მოქმედებების დროს შეტაკებისას, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისას, ადამიანის სიცოცხლის ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას პოლიციელის დაღუპვა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალება ანუ 50-ე მუხლის პირველი პრიმა პუნქტით იმპერატიულად არის განსაზღვრული იმ შემთხვევათა ჩამონათვალი, რომლებიც ექცევა მითითებული ნორმის რეგულაციაში. იმისათვის, რომ გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახის წევრზე გავრცელდეს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პრიმა პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი რეჟიმი, მნიშვნელოვანია დადგინდეს ორი გარემოება: 1. პოლიციელის გარდაცვალება ამ ნორმით გათვალისწინებულ ერთ-ერთ შემთხვევაში; 2. უშუალოდ ამ შემთხვევის შედეგად ანუ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პრიმა პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის დადგენა გულისხმობს უშუალო მიზეზობრივი კავშირის დადგენას ამ მუხლში მითითებულ კონკრეტულ ქმედებასა და პირის გარდაცვალებას შორის. აღნიშნულ ნორმაში ასახულ ქმედებებად ვერ ჩაითვლება შსს-ს მოსამსახურის სამსახურებრივი საქმიანობის ნებისმიერი შემთხვევა მისი მიზნებიდან გამომდინარე. ამის დადასტურება კანონმდებლის ნება, ერთმანეთისაგან იქნეს გამიჯნული შსს-ს მოსამსახურის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალება და მისგან გამომდინარე სოციალური გარანტიები, რომელიც ჩადებულია „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტში, რაც არ წარმოშობს ყოველთვიური კომპენსაციის მიღების უფლებას (1000 ლარის ოდენობით), ხოლო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას განსაკუთრებულ ვითარებაში დაღუპვა და ეს განსაკუთრებული ვითარების კონკრეტული შემთხვევები განსაზღვრულია „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პრიმა პუნქტით, რაც წარმოშობს ყოველთვიური კომპენსაციის მიღების უფლებას (1000 ლარის ოდენობით).

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პრიმა პუნქტით განსაზღვრული ჩამონათვალი გულისხმობს ობიექტური საფრთხის პირობებში, უშუალოდ პოლიციური ღონისძიებების განხორციელების პროცესში, პოლიციელის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევას. ობიექტური საფრთხე იმ შემთხვევაში არის სახეზე, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ საქმის გარემოებები ან მოვლენების შეუფერხებელი განვითარება გამოიწვევს პოლიციის შესახებ კანონით დაცული სიკეთისათვის ზიანის მიყენებას.

კონკრეტულ შემთხვევაში, მართალია, ზ. წ-ი გარდაიცვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ავტოავარიის შედეგად, მაგრამ სახეზე არ გვაქვს ობიექტური საფრთხის არსებობის პირობებში, უშუალოდ პოლიციური ღონისძიებების განხორციელების დროს გარდაცვალება, რაც არ წარმოადგენს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პრიმა პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის I პუნქტი და პირველი პრიმა პუნქტიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელის ოჯახის (მემკვიდრეების) მიმართ სოციალურ გარანტიებს ითვალისწინებს, მაგრამ მათ შორის განსხვავება რომ არ იყოს, რა აზრი ექნებოდა მაშინ ამ ორი ნორმის ერთდროულად არსებობას. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლში I პრიმა პუნქტის დამატების მიზეზი იყო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ობიექტური საფრთხის პირობებში, უშუალოდ პოლიციური ღონისძიებების განხორციელების პროცესში, პოლიციელის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში, როგორც კანონმდებელი განმარტებით ბარათში მოიხსენიებს, „გმირულად დაღუპული“ პოლიციელების ოჯახებისათვის გაზრდილი ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა. ამ ნორმის განმარტებით ბარათში ეს გარკვევით არის ჩამოყალიბებული, როგორც კანონპროექტის მიღების მიზეზის განმარტებაში, ასევე „შედეგებთან ნაწილში - „ბ.ე“ -პუნქტში, რომლის შესაბამისად“ ამ კანონის ამოქმედების შემდეგ გმირულად გარდაცვლილი პოლიციელთა ოჯახებს (მემკვიდრეს) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან მიეცემა ერთჯერადი დახმარება 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით“. რაც კიდევ უფრო აკონკრეტებს და აზუსტებს იმ პირთა წრეს, რომლებზეც ვრცელდება პოლიციის შესახებ კანონის 50 მუხლის I პრიმა პუნქტი. იგივე საფუძვლით მოხდა ასევე „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის მიღება. ამ ნორმის მიღებისას მის განმარტებით ბარათში, კერძოდ, „ა.გ“ პუნქტში განმარტებულია „1000 - ლარიანი კომპენსაცია დაუწესდება საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების დროს გმირულად დაღუპულ ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ოჯახებს, ამასთან, სახეზე უნდა გვქონდეს პოლიციის შესახებ" კანონის 50-ე მუხლის I პრიმა პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა“.

კასატორი მიიჩნევს, რომ ამ ნორმების განმარტებითი ბარათიდან, ისე როგორც მოქმედი სამართლებრივი ნორმებიდან, ცხადია, რომ 50-ე მუხლის პირველი პუნქტის დეფინიცია არის უფრო ფართო მოცულობის, რომელიც განსაზღვრავს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოსამსახურის დაღუპვის შემთხვევებს (რომელიც ავტოავარიის შედეგად დაღუპვასაც ითვალისწინებს, რასაც სადავო შემთხვევაში ჰქონდა ადგილი), ხოლო რაც შეეხება 50-ე მუხლის პირველ პრიმა პუნქტს, აქ გამოყოფილია კონკრეტულად ის შემთხვევები, როდესაც გარდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისა, სახეზე უნდა იყოს უშუალოდ პოლიციური ღონისძიების განხორციელება, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ საქმის გარემოებები ან მოვლენების შეუფერხებელი განვითარება გამოიწვევს პოლიციის შესახებ კანონით დაცული სიკეთისათვის ზიანის მიყენებას, რომელსაც შედეგად მოჰყვა პოლიციელის დაღუპვა. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლი განსაზღვრავს თუ რა ღონისძიებებს ახორციელებს პოლიცია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის (პოლიციის ფუნქციები) უზრუნველსაყოფად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, რაც ასევე დაკონკრეტებულია „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველ პუნქტში. კანონპროექტში ეს შემთხვევები მოხსენიებულია „გმირულად“ დაღუპვად. ვინაიდან, ეს ტერმინი კანონში არ არის მითითებული, რადგან იგი შეფასებითი კატეგორიაა, ამ ორი კატეგორიის დაღუპვის შემთხვევების ერთმანეთისაგან გასამიჯნად და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში რომელ გარემოებას ჰქონდა ადგილი ანუ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა/დადასტურების მიზნით, შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 25 აგვისტოს №627 ბრძანებით შეიქმნა კომისია და დამტკიცდა ამ კომისიის დებულება. ამ დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „კომისიის მიზანია სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოდან წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა/დადასტურება“. მოსარჩელე-ქალბატონ მ. წ-ის განცხადების საფუძველზე, კომისიამ მოპოვებული მტკიცებულებების შესწავლის შედეგად დაადგინა: 1992 წლის 14 იანვარს ზ. ს. წ-ი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს (მცხეთის რაიონის, სოფელ … მოყინულ გზაზე, ზ. წ-მა ვერ უზრუნველყო მოძრაობის უსაფრთხოება, გადავიდა გზის სავალი ნაწილის მარჯვენა მხარეს და შეეჯახა გაჩერებულ ა/მანქანას გაზ-52-ს) მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. გარდაცვალების შემდეგ მის მემკვიდრეებს გამოეყოთ იმ პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი ერთჯერადი ფულადი დახმარებაც და შესაბამისი კომპენსაციები, რასაც არც მოსარჩელე მხარე არ უარყოფს. შესაბამისად, აღნიშნული კონკრეტული შემთხვევა (მოსარჩელის მოთხოვნა) არ ექცევა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის I პრიმა პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის რეგულაციაში.

კასატორის მოსაზრებით, როგორც სააპელაციო, ასევე ძალაში დატოვებული თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებები არა მარტო ზემოაღნიშნული არასწორად გამოყენებული სამართლებრივი ნორმებისა, არამედ მთლიანად არაშესაბამისი სამართლებრივი ნორმებითა და სასამართლო პრაქტიკითაა გამყარებული. სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-13, 21-ე, 42-ე მუხლებზე, ასევე ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვეციის მე-6 მუხლსა და პირველ დამატებით ოქმზე - ეს ნორმები ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების (მათ შორის, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლებები) ხელშეუვალობას განსაზღვრავს, მაგრამ ძალიან ზოგადი და არაშესაბამისი საფუძველი და მოტივაციაა გადაწყვეტილების დასაბუთებისათვის, რადგან არც საკუთრების და არც მემკვიდრეობის უფლება შს სამინისტროს სადავოდ არ გაუხდია და არ დაუყენებია საკითხი შსს-ს ყოფილი თანამშრომლის, ზ. წ-ის მეუღლეს - მ. წ-ს, ჰქონდა თუ არა უფლება სასამართლოში ედავა გაზრდილი ერთჯერადი ფულადი დახმარებისა და სოციალური კომპენსაციის დანიშვნის კუთხით (რომელიც იმ პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდაცვლილი პოლიციელის მემკვიდრეებზე გაცემული აქვს სრულად).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 1992 წლის 7 თებერვლის №137პ/შ ბრძანების თანახმად, გარდაცვალების გამო, ამოღებულ იქნა პირადი შემადგენლობის სიიდან მილიციის კაპიტანი ზ.ი ს.წ-ი - საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური დანაშაულობებსა და საბოტაჟთან მებრძოლი სამმართველოს ვაჭრობის, ცეკავშირის სისტემაში დანაშაულის, სავალუტო ოპერაციებისა და ყალბი ფულის დამზადებისა და მექრთამეობის წინააღმდეგ მებრძოლი განყოფილების ოპერრწმუნებული 1992 წლის 14 იანვრიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 1992 წლის 6 აპრილის №273პ/შ ბრძანებით საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს 1992 წლის 7 თებერვლის №137პ/შ ბრძანებას, მილიციის კაპიტნის ზ. ს.წ-ის, ამავე სამინისტროს ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ მებრძოლი სამმართველოს ოპერრწმუნებულის გარდაცვალების გამო, პირადი შემადგენლობის სიიდან ამოღების ნაწილში დაემატა: „ამოღებულ იქნეს პირადი შემადგენლობის სიიდან გარდაცვალების გამო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს“. ბრძანების მიღების საფუძველია საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, მილიციის პოლკოვნიკის 1992 წლის 29 თებერვლის დასკვნა, რომლის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკურ დანაშაულებათა და საბოტაჟის წინააღმდეგ მებრძოლი სამმართველოს ოპერრწმუნებული, მილიციის კაპიტანი ზ. ს.წ-ი გარდაიცვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. შემთხვევის დროს იგი იყო ფხიზელ მდგომარეობაში. მ. წ-ი არის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი, საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკურ დანაშაულებათა და საბოტაჟის წინააღმდეგ მებრძოლი სამმართველოს ოპერრწმუნებულის, მილიციის კაპიტნის ზ. ს.წ-ის მეუღლე. 2015 წლის 10 ნოემბერს მოსარჩელე მ. წ-მა განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ითხოვა მისთვის, როგორც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი პოლიციელის მეუღლისათვის „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე კომპენსაციის დანიშნვა. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა/დადასტურების კომისიის 2015 წლის 8 დეკემბრის №9/35 გადაწყვეტილებით მოსარჩელე მ. წ-ს უარი ეთქვა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე ზ. ს.წ-ის (დაბ. ...წ.) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას („პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11-ლი პუნქტის) დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადასტურებაზე/დადგენაზე.

სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელის მამკვიდრებელი საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკურ დანაშაულებათა და საბოტაჟის წინააღმდეგ მებრძოლი სამმართველოს ოპერრწმუნებული, მილიციის კაპიტანი ზ. ს.წ-ი გარდაიცვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, არამედ სადავოა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლით გათვალისწინებული, რომელი შემთხვევა ვრცელდება ზ. წ-ის გარდაცვალებაზე.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის შესაბამისად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებია: ა) კანონით დადგენილი ნამსახურობის ვადის ამოწურვა; ბ) 65 წლის ასაკის მიღწევა; გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა; დ) მარჩენალის გარდაცვალება; ე) ოჯახის წევრის გარდაცვალება. ამავე მუხლის მე-2 პუნტის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის შესაბამისად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღის (1991 წლის 9 აპრილი) შემდეგ, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11-ლი პუნქტით და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს, გარდა ამ პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, გარდა ამ მუხლის 11-ლი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, პოლიციელის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან, მინისტრის მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება არა უმეტეს 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარისა და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. პოლიციელის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს. ამავე კანონის 50-ე მუხლის 11-ლი პუნქტის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, ამ კანონით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას, სამართალდარღვევის აღკვეთისას, დამნაშავის შეპყრობისას, დამნაშავეობასთან ბრძოლისას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისას ან/და საბრძოლო მოქმედებების დროს შეტაკებისას, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისას, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას პოლიციელის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან, მინისტრის მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა - 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. პოლიციელის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნორმის სწორად შეფარდებისა და სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებით გამოწვეული პოლიციელის დაღუპვის შემთხვევის სწორი კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტია პოლიციელის მიერ მასზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასა და პოლიციელის გარდაცვალებას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის პირდაპირი, უშუალო ჯაჭვის არსებობა. კერძოდ, პოლიციელის გარდაცვალება გამოწვეული უნდა იყოს სწორედ იმის შედეგად, რომ მან თავისი სამსახურებრივი მოვალეობა შეასრულა ან ასეთ მოვალეობას ასრულებდა „პოლიციის შესახებ“ კანონის 50-ე მუხლის 11-ლი პუნქტში ჩამოთვლილი გარემოებების არსებობის პირობებში და სწორედ პროფესიული უფლებამოსილების განხორციელებას მოჰყვა შედეგად მისი გარდაცვალება. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მეუღლე - ზ. წ-ი გარდაიცვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. თუმცა, დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია, პოლიციის შესახებ კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 11-ლი პუნქტის ერთმანეთისგან გამიჯვნა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ 50-ე მუხლის პირველი პუნქტის დეფინიცია არის უფრო ფართო მოცემულობის, რომელიც ზოგადად განსაზღვრავს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოსამსახურის დაღუპვის შემთხვევას, ხოლო რაც შეეხება 50-ე მუხლის პირველ პრიმა პუნქტს, აქ გამოყოფილია კონკრეტულად ის შემთხვევები, რომელსაც შედეგადაც მოჰყვა პოლიციელის გარდაცვალება.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის განმარტებითი ბარათის „ა“ პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტში ჩამოყალიბებულია შემდეგი შინაარსის მოსაზრება: „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ითვალისწინებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელების ოჯახის წევრებისთვის სახელმწიფო კომპენსაციის სახით ყოველთვიური ფულადი დახმარების (კომპენსაცია) გაცემას. აღნიშნული თანხა შეადგენს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელისთვის განკუთვნილი კომპენსაციის ოდენობის (რომელიც იანგარიშება წელთა ნამსახურობის და მინიჭებული წოდების მიხედვით) 75%-ს. ამასთან, სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების შემთხვევებს კანონი არ განსაზღვრავს. აქედან გამომდინარე, აღნიშნული ფაქტები დგინდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში და ასეთად ითვლება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოსამსახურის დაღუპვის ნებისმიერი შემთხვევა. მაგალითად, სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებად ითვლება, როგორც ავტოავარიაში დაღუპვა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გარდაცვალება, ასევე ისეთი შემთხვევებიც, რომლებიც პირდაპირ არის დაკავშირებული: საპოლიციო პრევენციული ღონისძიების ჩატარებასთან; სამართალდარღვევის აღკვეთასთან; დამნაშავის შეპყრობასა და დადევნებასთან; დამნაშავეობასთან ბრძოლის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ან/და საბრძოლო მოქმედებების დროს შეტაკებასთან; სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირების თავდასხმასთან; მოქალაქეთა სიცოცხლის გადარჩენასთან.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით განმარტებით ბარათს, რომელიც საფუძვლად დაედო მ. წ-ის სარჩელის დაკმაყოფილებას, ნორმატიული შინაარსი არ გააჩნია და ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად, არ არსებობს ნორმატიული აქტის პროექტის განმარტებითი ბარათის საფუძველზე სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობა. სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს მხოლოდ კანონის საფუძველზე და მისი განმარტების საგანს წარმოადგენს კანონმდებლის ობიექტური მიზნის განსაზღვრა, ხოლო ნორმის განმარტება უნდა ეფუძნებოდეს მოსამართლის მიერ ნორმის აღქმას.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლით გათვალისწინებული ფულადი დახმარება გაიცემა შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მ. წ-ის მოთხოვნაზე, რომელიც მოიცავს „პოლიციის შესახებ“ კანონის 50-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლებასაც, შინაგან საქმეთა მინისტრს არ უმსჯელია. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მართალია მოსარჩელის მეუღლის - ზ. წ-ის გარდაცვალება ვერ ექცევა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11-ლ პუნქტში, მაგრამ მ. წ-ის მოთხოვნა აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ფულადი დახმარების გაცემის თაობაზე, ადმინისტრაციული ორგანოსათვის წარმოადგენდა „პოლიციის შესახებ“ კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ფულად დახმარებაზე უფლების დადგენის შესაძლებლობას, რამდენადაც საქმის მასალებით დადგენილია და არც კასატორი ხდის სადავოდ, რომ ზ. წ-ი გარდაიცვალა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, რაც მისი მემკვიდრისათვის „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფულადი დახმარების საფუძველს წარმოადგენს.

შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და მოპასუხისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივი საფუძველი.

საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ მოსარჩელე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, ხოლო მოპასუხე „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი - 200 ლარის ოდენობით, რომელიც მას დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით. გამომდინარე იქედან, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაუქმდა, საკასაციო პალატის მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება და მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან მას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე, 257-ე, 53-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 აპრილის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. მ. წ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალოს მ. წ-ის 2015 წლის 10 ნოემბრის განცხადებაზე „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

5. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

6. მოსარჩელეს - მ. წ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს მის მიერ 2016 წლის 8 იანვრის №1 საგადახდო დავალების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 200 (ორასი) ლარის ოდენობით (ხაზინის ერთიანი ანგარიშის რეკვიზიტები: ბანკის დასახელება - ქ. თბილისი „სახელმწიფო ხაზინა“; ბანკის კოდი - TRESGE22; სახაზინო კოდი: 300773150).

7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე