Facebook Twitter

№ბს-741-737(კს-17) 9 ნოემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - ი. თ-ა

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - აფხაზეთის ა/რ მთავრობა; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მესამე პირი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ივლისის განჩინება

დავის საგანი - ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 11 ნოემბერს ი. თ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - ქ. სოხუმის მერიისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ქ. სოხუმში, .... №21-ში მდებარე სახლის მესაკუთრედ ი. თ-ას რეგისტრაციაში გატარება და ქ. სოხუმის მერიისათვის ხსენებული სახლის თავისუფალი ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის უზრუნველყოფის დავალება მოითხოვა.

სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 27 აპრილის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაერთო საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, ხოლო ამავე სასამართლოს 2006 წლის 17 მაისის განჩინებით - აფხაზეთის ა/რ მთავრობა.

სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით ი. თ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ი. თ-ა ცნობილ იქნა ქალაქ სოხუმში, ... №21-ში მდებარე სახლის მესაკუთრედ; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საკუთრების უფლებით რეგისტრაციაში გაეტარებინა ი. თ-ა და მის სახელზე აღერიცხა საკუთრების უფლებით ქალაქ სოხუმში, ... №21-ში მდებარე სახლი; ი. თ-ას მოთხოვნა ქალაქ სოხუმის მერიისათვის მისი კუთვნილი უძრავი ქონების თავისუფალი ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის უზრუნველყოფის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი. თ-ამ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 4 ივნისის განჩინებით საქმეზე აფხაზეთის მთავრობა ცნობილ იქნა ქ. სოხუმის მერიის უფლებამონაცვლედ და მესამე პირად ჩართული აფხაზეთის მთავრობა ჩაბმულ იქნა საქმეში როგორც სათანადო მოპასუხე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 მარტის განჩინებით ი. თ-ასა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და ი. თ-ამ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 11 მარტის განჩინებით ი. თ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 მარტის განჩინება ი. თ-ასათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში, ი. თ-ას საკასაციო საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ი. თ-ას სასარჩელო მოთხოვნა ქ. სოხუმის მერიისათვის მოსარჩელის კუთვნილი ქონების თავისუფალი ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის უზრუნველყოფის თაობაზე; ამასთან, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 17 მარტის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც ი. თ-ა ცნობილ იქნა ქ. სოხუმში, ... №21-ში მდებარე სახლის მესაკუთრედ და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საკუთრების უფლებით რეგისტრაციაში ი. თ-ას გატარება და მის სახელზე საკუთრების უფლებით უძრავი ქონების აღრიცხვა და საქმე ამ ნაწილში ხელახალი არსებითი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 4 ივნისის საოქმო განჩინებით საქმეში მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის ნაწილში საჯარო რეესტრი ცნობილ იქნა არასათანადო მოპასუხედ და ამ ნაწილში სათანადო მოპასუხედ ჩაბმულ იქნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 24 დეკემბრის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი ი. თ-ას მემკვიდრედ და მესაკუთრედ აღიარების მოთხოვნის ნაწილში განსახილველად გადაეცა საგნობრივად განსჯად სასამართლოს - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელების დავალდებულების მოთხოვნის ნაწილში სააპელაციო საჩივრის გამო შეჩერდა სამართალწარმოება საქმის სამოქალაქო წესით განხილვის დასრულებამდე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ივლისის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელე ი. თ-ა ცნობილ იქნა მესაკუთრედ და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. თ-ამ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 აპრილის განჩინებით ი. თ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივლისის განჩინებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მის სააპელაციო საჩივარზე შეწყდა საქმის წარმოება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 17 იანვრის განჩინებით განახლდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ი. თ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. თ-ამ, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით ი. თ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც გაუქმდა სოხუმის საქალაქო და სოხუმის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება ქ. სოხუმში, ... №21-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ი. თ-ას მესაკუთრედ ცნობის ნაწილში და ქ. სოხუმის მერიისთვის მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების თავისუფალი ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის უზრუნველყოფის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, სოხუმის საქალაქო და სოხუმის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილების ამ ნაწილებში კანონიერ ძალაში ყოფნის გამო; დანარჩენ ნაწილში საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც გაუქმდა სოხუმის საქალაქო და სოხუმის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ქ. სოხუმში, ... №21-ში მდებარე სახლის ი. თ-ას სახელზე საკუთრების უფლების აღრიცხვის დავალების ნაწილში და ამ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, დარჩა უცვლელად.

2015 წლის 12 ოქტომბერს ი. თ-ამ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 13 თებერვლის განჩინების გადასინჯვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით განცხადება განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინტრაციულ საქმეთა პალატას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 10 მარტის განჩინებით ი. თ-ას განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ი. თ-ამ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 სექტემბრის განჩინებით ი. თ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

2017 წლის 9 თებერვალს ი. თ-ამ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 13 თებერვლისა და ამავე სასამართლოს 2016 წლის 15 სექტემბრის განჩინებების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 9 მარტის განჩინებით ი. თ-ას განცხადება განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინტრაციულ საქმეთა პალატას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ივლისის განჩინებით ი. თ-ას განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ი. თ-ას განცხადებაში არ იყო მითითებული, თუ რომელი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გამო, ასევე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე თუ 423-ე მუხლების რომელი პუნქტის (პუნქტების) საფუძველზე ითხოვდა განმცხადებელი სასამართლო გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობას და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას. განცხადებაში არ იყო მითითებული ასევე, რაიმე ისეთი ახალი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მოსარჩელისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განცხადებაში მითითებული გარემოება არ წარმოადგენდა ახლად აღმოჩენილ გარემოებას, რის გამოც ი. თ-ას განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ივლისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ი. თ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავდა, რომ განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განიხილა მოსამართლე მერაბ ლომიძემ, რომელმაც არსებითად გადაწყვიტა მოცემული დავა. გადაწყვეტილება გამოტანილია იმ მოსამართლის მიერ, რომელიც ამ საქმის განხილვაში ადრე მონაწილეობდა. ამასთანავე, სასამართლოს სათანადოდ არ შეუფასებია წარდგენილი განცხადების შინაარსი, რის შედეგადაც მიიღო დაუსაბუთებელი განჩინება. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, დავის არსებითი განხილვისას სააპელაციო პალატამ დაარღვია რიგი საპროცესო-სამართლებრივი ნორმები, რამაც გამოიწვია მოსარჩელის იმ ძირითადი უფლებების დარღვევა, რომლებიც დაცულია საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციით და სხვა საერთაშორისო-სამართლებრივი აქტებით.

კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის დებულებები და მისი, როგორც მესაკუთრის უფლების უგულებელყოფით, არ დაავალა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურს ქ. სოხუმში, ... #21-ში მდებარე სახლის მესაკუთრედ ი. თ-ს აღრიცხვა, რაც წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას და საქმის წარმოების განახლების საფუძველს.

ამასთან, კერძო საჩივრის ავტორმა საქმის დიდი პალატისათვის გადაცემის თაობაზე იშუამდგომლა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. თ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით ი. თ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც გაუქმდა სოხუმის საქალაქო და სოხუმის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება ქ. სოხუმში, ... №21-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ი. თ-ას მესაკუთრედ ცნობის ნაწილში და ქ. სოხუმის მერიისთვის მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების თავისუფალი ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის უზრუნველყოფის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, სოხუმის საქალაქო და სოხუმის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილების ამ ნაწილებში კანონიერ ძალაში ყოფნის გამო; დანარჩენ ნაწილში საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც გაუქმდა სოხუმის საქალაქო და სოხუმის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ქ. სოხუმში, ... №21-ში მდებარე სახლის ი. თ-ას სახელზე საკუთრების უფლების აღრიცხვის დავალების ნაწილში და ამ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, დარჩა უცვლელად. ამდენად, ი. თ-ას სარჩელთან დაკავშირებით მიმდინარე ადმინისტრაციული დავის არსებითი განხილვა დასრულებულია, საქმეზე მიღებულია საბოლოო გადაწყვეტილება, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ დასაბუთებას და დამატებით აღნიშნავს, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვის წესსა და განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობებს აწესრიგებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე თავი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421.1 მუხლის შესაბამისად, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების წანამძღვრები. ამავე კოდექსის 423-ე მუხლის მიხედვით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება დასაშვებია არა მხარის მიერ მითითებული ნებისმიერი საფუძვლით, არამედ მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას. აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, განმცხადებელმა უნდა უზრუნველყოს. მან უნდა დაადასტუროს, რომ მის მიერ მითითებული გარემოებები თუ მტკიცებულებები არსებობდნენ გადაწყვეტილების გამოტანამდე და არ წარმოშობილან შემდგომში. ასევე დადასტურებას საჭიროებს ის გარემოებაც, რომ ახალი ფაქტების თუ მტკიცებულებების შესახებ მხარისთვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ და მას დავის განხილვის მიმდინარეობისას არ ჰქონდა აღნიშნულ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე მითითების შესაძლებლობა.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ი. თ-ას განცხადებაში არ არის მითითებული, თუ რომელი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე და 423-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელი საფუძვლებით ითხოვს განმცხადებელი სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას. განცხადებაში არ არის მითითებული რაიმე ისეთი ახალი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს რომ ყოფილიყო წარდგენილი, მოსარჩელისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას გამოიწვევდა. შესაბამისად, განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოება, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის დებულებები და მისი, როგორც მესაკუთრის უფლების უგულებელყოფით, არ დაავალა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურს ქ. სოხუმში, ... #21-ში მდებარე სახლის მესაკუთრედ ი. თ-ას აღრიცხვა, არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას და საქმის წარმოების განახლების საფუძველს.

განსახილველ შემთხვევაში ი. თ-ას მოთხოვნას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სარეგისტრაციო სამსახურისათვის ქ. სოხუმში, ... #21-ში მდებარე სახლის მესაკუთრედ აღრიცხვის დავალება წარმოადგენს და ერთ-ერთ საფუძვლად ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლზე მიუთითებს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის“ პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 27 დეკემბრის დადგენილების მე-2 პუნქტით გაკეთებულია დათქმა, რომლის თანახმად, მოცემული მუხლი არ ვრცელდება იმ პირებზე, რომელთაც „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვთ დევნილის სტატუსი ამ სტატუსის მინიჭების გარემოებების აღმოფხვრამდე. ამდენად, წინასწარი რეგისტრაციის ინსტიტუტი, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ საბოლოო რეგისტრაციის განხორციელების საფუძველია, არ არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლისა და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის მოთხოვნებს (საკონსტიტუციო სასამართლოს 2004 წლის 16 ნოემბრის №1/5/224 გადაწყვეტილება).

ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოსამართლე მერაბ ლომიძეს არ უნდა განეხილა მისი განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე, ვინაიდან იგი ადრე მონაწილეობდა ამ საქმის განხილვაში და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლი ადგენს საქმის განხილვაში მოსამართლის განმეორებითი მონაწილეობის დაუშვებლობის შემთხვევებს, რომლის თანახმად, დაუშვებელია ერთი და იმავე საქმის განხილვაში სხვადასხვა და არა ერთი და იმავე ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლის განმეორებით მონაწილეობა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოსამართლე მერაბ ლომიძეს საქმის გარემოებების გარკვევის ხელშეწყობის მიზნით განცხადება უნდა განეხილა ზეპირი მოსმენით და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას.

საკასაციო სასამართლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისათვის საქმის განსახილველად გადაცემის შესახებ კერძო საჩივრის ავტორის შუამდგომლობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს მოცემული დავის გადაწყვეტისათვის საქმის საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისათვის გადაცემის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3911 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი საფუძველი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. თ-ას კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ივლისის განჩინება მიღებულია საპროცესო ნორმათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძვლი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე, 426-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. თ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ივლისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი