Facebook Twitter

საქმე ¹ბს-563-556(2კ-15) 18 დეკემბერი, 2017წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) - შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-11 განყოფილება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ. ბ-ა

მესამე პირი - მ. ხ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.05.2015წ. გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქ. თბილისში, ... ქ. N82-ში მდებარე 18 კვ.მ. ფართის მქონე N31 ბინაზე რეგისტრირებული იყო მ. ხ-ის საკუთრების უფლება. მ. ხ-ის შეუსრულებელი ვალდებულების აღსრულების მიზნით, მოხდა იპოთეკით დატვირთული აღნიშნული ფართის გასხვისება იძულებითი საჯარო აუქციონის ფორმით. თბილისის სააღსრულებო ბიუროს 13.01.2009წ. განკარგულების საფუძველზე, ზემოაღნიშნული ბინა საჯარო აუქციონზე მ. ბ-ამ შეიძინა და 20.01.2009წ. ბინა მ. ბ-ას სახელზე დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში (ს/კ №...). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 06.04.2011წ. გადაწყვეტილებით, მ. ბ-ას მიერ წარდგენილი N31 ბინის შიდა აზომვითი ნახაზისა და ბმა ,,...’’ 25.03.2011წ. №26 კრების ოქმის საფუძველზე, №31 ბინის რეგისტრირებულ უფლებაში განხორციელდა ცვლილებების რეგისტრაცია, კერძოდ ამ გადაწყვეტილებით მოხდა №... საკადასტრო კოდის დაყოფა №... და ... საკადასტრო კოდებად. შესაბამისად, საჯარო რეესტრში მ. ბ-ას საკუთრებად აღირიცხა ქ. თბილისში, ... ... №82-ში მდებარე 21.00 კვ.მ. ფართი (ს/კ/ ...) და 20,85 კვ.მ. ფართი (ს/კ №...). ისანი-სამგორის რაონის გამგეობის 21.09.2011წ. №39-1592 დადგენილებით მ. ბ-ას საკუთრებაში არსებულ, ქ. თბილისში, ... ... №82-ში მდებარე 20,85კვ.მ. ფართს (ს/კ №...) მიენიჭა ნომერი (№31“ე“) და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებში განხორციელდა შესაბამისი ცვლილება. მ. ბ-ამ 24.02.2012წ. განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და ბმა ,,...’’ №27, №28 კრების ოქმების საფუძველზე, მოითხოვა ... ... №82-ში მდებარე ბინა №31“ე“-ზე რეგისტრირებული ჩანაწერის გაუქმება, ვინაიდან ბმა ,,...” 01.03.2012წ. №28 კრების ოქმით, გაუქმდა მ. ბ-ას სახელზე რეესტრში ცვლილების რეგისტრაციის საფუძველი - ბმა ,,...’’ 25.03.2011წ. №26 კრების ოქმი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 12.03.2012წ. გადაწყვეტილებით მ. ბ-ას მოთხოვნა დაკმაყოფილდა. საჯარო რეესტრის 12.03.2012წ. მომზადებული ამონაწერის თანახმად, მ. ბ-ას სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხება ქ. თბილისში, ... ... №82-ში მდებარე ბინა №31 ფართით 18 კვ.მ. (ს.კ. №...), უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები: თბილისის სააღსრულებო ბიუროს 13.01.2009წ. №01/01-21/09-12 განკარგულება და ბმა ,,...’’ კრების ოქმი №28. ზემოაღნიშნულ რეგისტრაციაში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, მ. ბ-ამ მ. ხ-ის მიმართ წარადგინა სამოქალაქო სარჩელი და მოითხოვა თბილისში, .... N82-ში მდებარე, მ. ხ-ის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ 27,8კვ.მ. ფართზე მესაკუთრედ ცნობა. მოსარჩელის მოსაზრებით, იგი 13.01.2009წ. აუქციონის შედეგად, გახდა როგორც 18 კვ.მ. ფართის (N31-ე ბინის), ისე მისი დამხმარე ფართის - 27,8კვ.მ.-ის მესაკუთრეც. საქალაქო სასამართლოს 23.10.2012წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. 13.03.2013წ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა აპელანტის (მოსარჩელის) მ. ბ-ას საჩივარი, გაუქმდა საქალაქო სასამართლოს 23.10.2012წ. გადაწყვეტილება და სარჩელი დაკმაყოფილდა: აღიარებულ იქნა მ. ბ-ას საკუთრების უფლება თბილისში, .... N82-ში მდებარე, მ. ხ-ის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ 27,8კვ.მ. ფართზე. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ბ-ამ სააღსრულებო ბიუროს 13.01.2009წ. განკარგულების საფუძველზე, N31 ბინა (18 კვ.მ.) შეიძინა დამხმარე ფართთან ერთად (27,8 კვ.მ.). კანონიერ ძალაში მყოფი ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების და მის საფუძველზე გაცემული 05.12.2013წ. სააღსრულებო ფურცლის შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, რეესტრში რეგისტრირებულია მ. ბ-ას საკუთრების უფლება 27,8 კვ.მ. ბინა N31“ე“-ზე (ს/კ №...ე). ამასთანავე, ძალაშია ქ. თბილისში, ... ... №82-ში მდებარე N31 ბინაზე მ. ბ-ას რეგისტრაციაც (ფართით 18 კვ.მ, ს.კ. №...). მ. ბ-ას სახელზე რეგისტრირებულ ბინა N31“ე“-ს, მისი ნების საწინააღმდეგოდ ფლობს მ. ხ-ე. მ. ბ-ამ მოითხოვა ხელშეშლის აღკვეთა, თუმცა შს სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-11 განყოფილების 26.03.2014წ. №583575 წერილით უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ მ. ბ-ას საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთთან (ქ. თბილისი, ... ...ი №82, ბინა №31) დაკავშირებით ქ. თბილისის ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-11 განყოფილებაში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის №004111680 საქმეზე, სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის. შს მინისტრის 03.11.14წ. გადაწყვეტილებით მ. ბ-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

12.06.2014წ. მ. ბ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-11 გაყოფილებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ. სარჩელის დაზუსტების შედეგად, მ. ბ-ამ მოითხოვა ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-11 განყოფილების 26.03.2014წ. N583575 წერილის ბათილად ცნობა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 03.11.2014წ. N2203735 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მ. ბ-ას 05.03.2014წ. განცხადების საფუძველზე, შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-11 პოლიციის განყოფილებისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის შესახებ გაფრთხილების გამოცემის დავალება მ. ხ-ის მიმართ.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მას ბმა „...“ N26 კრების ოქმის საფუძველზე, ქ. თბილისში, ... N82-ში მდებარე არცერთ ბინაზე არ მოუპოვებია საკუთრების უფლება (ბინა N31 -18 კვ.მ. და ბინა 31“ე“-27,80კვ.მ.). იგი მითითებულ მისამართზე მდებარე 27.80. კვ.მ. N31,,ე“ ბინის მესაკუთრე გახდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ხოლო მეორე ბინის (N31,18 კვ.მ.) მესაკუთრე - აღმასრულებლის 2009 წლის N01/01-21/09-12 განკარგულების საფუძველზე და არა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...“ 25.03.2011წ. N26 კრების ოქმის საფუძველზე, რომლის გაყალბების ფაქტზეც მიმდინარეობს გამოძიება. ამდენად, სისხლის სამართლის საქმეზე ბმა „...“ 25.03.2011წ. N26 კრების ოქმის გაყალბების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას არავითარი სამართლებრივი დატვირთვა არ გააჩნია მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის მ. ხ-ის მიერ ხელყოფის საკითხის გადაწყვეტასთან მიმართებაში. ხელმყოფს მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნია, შესაბამისად არ არსებობს ხელშეშლის აღკვეთის შეწყვეტის საფუძვლები.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარუდგინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-11 გაყოფილებას, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარ სამმართველოს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა სზაკ-ის 96.1 მუხლით განსაზღვრული ვალდებულების მიუხედავად, წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არცერთმა ორგანომ არ გამოიკვლია სრულად საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარი უთხრეს ხელშეშლის აღკვეთაზე. მოსარჩელე თვლის, რომ სადავო აქტები ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის, საქართველოს კონსტიტუციის, ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის N747 ბრძანების მოთხოვნებს, რის გამოც, სზაკ-ის 601 მუხლის თანახმად, არსებობს მათი ბათილად ცნობისა და მოპასუხე შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-11 განყოფილებისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.12.2014წ. გადაწყვეტილებით მ. ბ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის, ასევე სსკ-ის 170-ე მუხლის საფუძველზე, მესაკუთრის უფლების ეფექტურად და დროულად დაცვის მიზნით, ,,საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის მიზნით გასახორციელებელ ღონისძიებათა განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 12.05.2007წ. N317 ბრძანებულებისა და ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 9.1 მუხლის ,,ფ“ ქვეპუნქტის შესრულებისათვის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 24.05.20107წ. N747 ბრძანებით დამტკიცდა ,,საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესი“. აღნიშნული წესის 8.1. მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის ღონისძიებების შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს უძრავ ნივთთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმდინარეობა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. კოლეგიამ მიუთითა, რომ ქ. თბილისში, ... ... N82-ში მდებარე ბინა N31-თან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. შესაბამისად, სახეზეა ,,საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესის“ 8.1 მუხლის ,,ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის ღონისძიების შეწყვეტის საფუძველი. კოლეგიამ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის შესახებ, რომ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის ღონისძიების შეწყვეტა მოხდა უკანონოდ, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმის შედეგი გავლენას ვერ იქონიებდა სადავო ფართზე მ. ბ-ას საკუთრების უფლებაზე. კოლეგიამ მიიჩნია, რომ ,,საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესის“ 8.1 მუხლის ,,ე1“ ქვეპუნქტი, განსაზღვრავს რა საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის ღონიძიების შეწყვეტის საფუძვლად უძრავ ნივთთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის წარმოებას, არ აკეთებს არანაირ დათქმას იმის თაობაზე, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოების შედეგი გავლენას უნდა ახდენდეს სადავო უძრავ ნივთზე არსებულ საკუთრების უფლებაზე. კანონმდებელმა აღკვეთის ღონისძიების შეწყვეტისთვის საკმარისად მიიჩნია უძრავ ნივთთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის წარმოება, მიუხედავად მისი შედეგისა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კოლეგიამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-11 განყოფილებისათვის მ. ხ-ის მიმართ უძრავი ქონების ხელშეშლის აღკვეთის შესახებ გაფრთხილების გამოცემის დავალების საფუძველი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.12.2014წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ-ამ. აპელანტმა მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.05.2015წ. გადაწყვეტილებით მ. ბ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.12.2014წ. გადაწყვეტილების გაუქმებით საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, მ. ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-11 განყოფილების 26.03.2014წ. N58375 წერილი, ასევე ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 03.11.2014წ. N2203735 გადაწყვეტილება და ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-11 განყოფილებას დაევალა მ. ბ-ას 05.03.2014წ. განცხადების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის შესახებ გაფრთხილების გამოცემა მესამე პირის - მ. ხ-ის მიმართ.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ბ-ა წარმოადგენს უძრავი ქონების, კერძოდ ქ. თბილისში, ... ... №82-ში მდებარე, 27,80 კვ.მ. ფართის N31“ე“ ბინის (ს/კ №...) მესაკუთრეს და აღნიშნულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 13.03.2013წ. გადაწყვეტილება (საქმე №2ბ/4511-12), ასევე ამ გადაწყვეტილების აღსასრულებლად გამოწერილი სააღსრულებო ფურცელი. დადგენილად იქნა მიჩნეული აგრეთვე, რომ მითითებულ მისამართზე მდებარე 27,80 კვ.მ. ფართის N31“ე“ ბინის ფართს (ს/კ №...ე), მესაკუთრის - მ. ბ-ას ნების საწინააღმდეგოდ, ფლობს და სარგებლობს მესამე პირი - მ. ხ-ე. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 13.03.2013წ. გადაწყვეტილებით (საქმე №2ბ/4511-12), მ. ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, აღიარებულ იქნა მისი საკუთრების უფლება ქ. თბილისში, ... ... №82-ში მდებარე, მოპასუხე მ. ხ-ის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ 27,8კვ.მ. ფართზე (შესასვლელი - 8,5 კვ.მ., საპირფარეშო -1,98 კვ.მ., სამზარეულო - 14,12 კვ.მ. და ღია აივანი - 3,55 კვ.მ.). აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 05.12.2013წ. გასცა სააღსრულებო ფურცელი. საქმეზე დადგენილად იქნა ცნობილი, რომ მ. ბ-ა ქ. თბილისში, ... ... №82-ში მდებარე N31“ე“ ბინის (ფართით 27,80 კვ.მ., ს/კ №...ე) გარდა, საკუთრების უფლებით ასევე ფლობს N31 ბინას (ფართით 18.00 კვ.მ.), რომლის საკადასტრო კოდიც არის .... ამ უძრავ ნივთზე მ. ბ-ამ საკუთრების უფლება მოიპოვა თბილისის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებლის 13.01.2009წ. N01/01-21/09-12 განკარგულებით. ამასთან, საქმეზე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ თბილისში, ... ... №82-ში მდებარე N31 ბინას (ფართი 18.00 კვ.მ.) ფლობს, ბინით სარგებლობს თავად მესაკუთრე - მ. ბ-ა.

სააპელაციო პალატის აზრით, მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისთვის უნდა დადგენილიყო - არსებობდა თუ არა რაიმე კავშირი სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში მითითებულ სისხლის სამართლის საქმესა და მოსარჩელის - მ. ბ-ას 05.03.2014წ. განცხადების საფუძველზე პოლიციის ორგანოში წამოწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებას (ამ ადმინისტრაციული წარმოების პირობებში გადასაწყვეტ საკითხს) შორის. საქმის მასალებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-11 განყოფილების წარმოებაშია N004111680 სისხლის სამართლის საქმე ბმა ,,...’’ კრების ოქმის გაყალბების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით. მოცემული სისხლის სამართლის საქმე შეეხება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...’’ 25.03.2011წ. N26 კრების ოქმს (ამ ოქმის გაყალბების ფაქტს), რომელიც, თავის მხრივ, შეეხება მ. ბ-ას კუთვნილი N31 საცხოვრებელი ბინის (მდებარე თბილისში, ... ... №82-ში) შემადგენლობაში შემავალ ცალკეულ ფართებს. კერძოდ, 25.03.2011წ. N26 კრების ოქმით დგინდებოდა, რომ ამხანაგობის კრებაზე განიხილეს მ. ბ-ას ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული 18 კვ.მ. ფართის (ბინა N31) გარდა ამ ფართის მიმდებარედ არსებული დამატებით სხვა ფართების - 21.00 კვ.მ., 7.73 კვ.მ. და 12.12 კვ.მ. ფართების მ. ბ-ას საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში აღრიცხვის საკითხი. აღნიშნული საკითხი გადაწყდა დადებითად, ამხანაგობამ ხმათა 2/3-ით მ. ბ-ას განუცხადა თანხმობა დამატებითი ფართების საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე. მ. ბ-ამ ბმა ,,...’’ 25.03.2011წ. N26 კრების ოქმი, როგორც უფლების დამდგენი საბუთი, თავის დროზე გამოიყენა საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების დასარეგისტრირებლად. შედეგად, მ. ბ-ა დროის გარკვეულ მონაკვეთში - 2011 წლის 06 აპრილიდან 2012 წლის 12 მარტამდე წარმოადგენდა ქ. თბილისში, ... ... №82-ში მდებარე ორი სხვადასხვა ბინის (N31 ბინის (ფართით 20.85 კვ.მ.) და N31“ე“ ბინის (ფართი 21.00 კვ.მ.) მესაკუთრეს. კერძოდ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 06.04.2011წ. №...- გადაწყვეტილებით, ვინაიდან აზომვით ნახაზზე დაფიქსირებული მ. ბ-ას კუთვნილი ფართი წარმოადგენდა ორ ცალკე უფლების ობიექტს, რეგისტრაციის დროს №... საკადასტრო კოდი დაიყო №... და ... საკადასტრო კოდებად. შესაბამისად, საჯარო რეესტრში მ. ბ-ას საკუთრებად აღირიცხა ქ. თბილისში, ... ... №82-ში მდებარე 21.00 კვ.მ. ფართი (ს/კ/...) და 20,85 კვ.მ. ფართი (ს/კ №...). ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ თბილისის ისანი-სამგორის რაონის გამგეობის 21.09.2011წ. №39-1592 დადგენილებით მ. ბ-ას საკუთრებაში არსებულ, ქ. თბილისში, ... ... №82-ში მდებარე ფართს (ს/კ №...) მიენიჭა ნომერი (31“ე“), აღნიშნული დადგენილების საფუძველზე, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებში განხორციელდა შესაბამისი ცვლილება.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...’’ 01.03.2012წ. N28 კრებაზე ამხანაგობის წევრთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებით გაუქმდა იმავე ამხანაგობის 25.03.2011წ. N26 კრების ოქმი. მ. ბ-ამ 24.02.2012წ. განცხადებით მიმართა თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...’’ №27, №28 კრების ოქმების საფუძველზე, მოითხოვა ... ... №82-ში მდებარე №31“ე“ ბინაზე რეგისტრირებული ჩანაწერის გაუქმება. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 12.03.2012წ. №... გადაწყვეტილებით მ. ბ-ას მოთხოვნა დაკმაყოფილდა, საჯარო რეესტრის 12.03.2012წ. ამონაწერის თანახმად მ. ბ-ას სახელზე საკუთრების უფლებით დარჩა აღრიცხულად მხოლოდ ერთი ბინა - ქ. თბილისში, ... ... №82-ში მდებარე ბინა №31, ფართით 18 კვ.მ. (ს.კ. №..., უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები: თბილისის სააღსრულებო ბიუროს 13.01.2009წ. №01/01-21/09-12 განკარგულება, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...’’ კრების ოქმი №28).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ მ. ბ-ას 24.02.2012წ. განცხადების და ამ განცხადების საფუძველზე გამოცემული თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 12.03.2012წ. №... გადაწყვეტილების მეშვეობით, საჯარო რეესტრიდან ამოშლილ (გაუქმებულ) იქნა მ. ბ-ას საკუთრების უფლება უძრავი ნივთის იმ ნაწილზე (იგულისხმება ქ. თბილისში, ... ... №82-ში მდებარე ბინა №31“ე“, 20,85 კვ.მ. ფართით, ს/კ №...), რომელზედაც მას დაუდასტურდა საკუთრების უფლება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...’’ 25.03.2011წ. N26 კრების ოქმით. პალატამ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ ქ. თბილისში, ... ... №82-ში მდებარე ბინა N31“ე“ (ფართით 27,80 კვ.მ., ს/კ №...), რომელიც დღეის მდგომარეობით საჯარო რეესტრში მ. ბ-ას საკუთრების უფლების საგნად აღრიცხვულია უფლების დამდგენი დოკუმენტების - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 13.03.2013წ. №2ბ/4511-12 გადაწყვეტილების და 05.12.2013წ. №2ბ/4511-12 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, თავდაპირველად, დროის გარკვეულ მონაკვეთში (2011 წლის 06 აპრილიდან 2012 წლის 12 მარტამდე დროის შუალედში), ირიცხებოდა საჯარო რეესტრში მ. ბ-ას საკუთრების უფლების საგნად, ოღონდ სხვა უფლების დამდგენი დოკუმენტის - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...’’ 25.03.2011წ. N26 კრების ოქმის საფუძველზე, თუმცა თავად მ. ბ-ას ინიციატივით და თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 12.03.2012წ. №...-06 გადაწყვეტილების მეშვეობით საჯარო რეესტრიდან ამოშლილ (გაუქმებულ) იქნა მ. ბ-ას საკუთრების უფლება უძრავი ნივთის აღნიშნულ ნაწილზე (იგულისხმება ქ. თბილისში, ... ... №82-ში მდებარე ბინა №31“ე“, 20,85 კვ.მ. ფართი, ს/კ №...).

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მ. ბ-ას ადმინისტრაციული დავის გადაწყვეტისათვის საჭირო მატერიალური სამართლის ნორმები წარმოდგენილია კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 24.05.2007წ. №747 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესში’’, ასევე ,,პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონში. პალატამ მიუთითა ,,პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად პოლიცია საკუთარი ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად თავისი კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებს სამართალდარღვევის ფაქტებზე, კერძოდ: პირის მიერ კანონით დადგენილი საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე უზრუნველყოფს ამ პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან მისი გამოყენების სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთას, გარდა სავარაუდო ხელმყოფის მიერ უძრავ ნივთზე საკუთრების, მართლზომიერი მფლობელობის ან/და სარგებლობის დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევისა. პოლიციის უფლებამოსილი პირის მიერ სავარაუდო ხელმყოფისთვის მიცემული წერილობითი გაფრთხილების ადმინისტრაციული წესით გასაჩივრება არ აჩერებს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების აღკვეთის ღონისძიებების განხორციელებასა და წერილობითი გაფრთხილების (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის) მოქმედებას.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ მ. ბ-ას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გადაწყვეტილება დააფუძნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 24.05.2007წ. №747 ბრძანებით დამტკიცებული ,,საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესის’’ მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ე1’’ ქვეპუნქტზე, თუმცა ვერც ადმინისტრაციული წარმოების (როგორც განცხადების, ისე ადმინისტრაციული საჩივრის გამო წარმოებების) და ვერც ადმინისტრაციული სამართალწარმოების ეტაპზე მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა ვერ შეძლეს განემარტათ და დაესაბუთებინათ, თუ რა გავლენას მოახდენს დასახელებული სისხლის სამართლის საქმის განხილვის შედეგი, ანუ ამ საქმეზე მომავალში გამოტანილი სასამართლოს განაჩენი მ. ბ-ას საკუთრების უფლების არსზე, რაობაზე. მარტოოდენ ის ფაქტი, რომ დღეის მდგომარეობით საგამოძიებო ორგანო აწარმოებს სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც შეეხება მ. ბ-ას კუთვნილ უძრავ ნივთს, არ კმარა იმის სამტკიცებლად, რომ სახეზე არის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 24.05.2007წ. №747 ბრძანებით დამტკიცებული ,,საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესის’’ მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ე1’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, ამ ნორმის გამოყენების პირობებში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს (პოლიციის ორგანოს) უნდა შეეძლოს იმის მტკიცება, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების დასრულების, საქმის არსებითად განხილვისა და საქმეზე განაჩენის გამოტანის პირობებში განაჩენის გავლენით არსებითად შეიცვლება ადმინისტრაციული წარმოების მონაწილე პირების - განმცხადებლის (მესაკუთრის) და ხელმყოფის ფაქტობრივ - სამართლებრივი მდგომარეობა სადავო უძრავ ნივთთან მიმართებაში.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ბ-ამ უძრავ ქონებაზე - ქ. თბილისში, ... ... №82-ში მდებარე N31“ე“ ბინაზე (27,80 კვ.მ. ფართის, ს/კ №...) საკუთრების უფლება მოიპოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის კანონიერ ძალაში შესული 13.03.2013წ. №2ბ/4511-12 გადაწყვეტილებით, რომელიც საფუძვლად დაედო მ. ბ-ას საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციას. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების და შემდგომ - განაჩენის გამოტანის პირობებში რომც აღმოჩნდეს, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...’’ 25.03.2011წ. N26 კრების ოქმი არის ყალბი და დადგინდეს (დასჯილ) იქნეს ის პირი, რომელმაც გააყალბა აღნიშნული ოქმი, ასეთი შინაარსის განაჩენი მაინც ვერ უზრუნველყოფს ქ. თბილისში, ... ... №82-ში მდებარე ბინა N31“ე“ (27,80 კვ.მ. ფართის, ს/კ №...) საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების შეცვლას, ვერ განაპირობებს ნივთის მესაკუთრის - მ. ბ-ას საკუთრების უფლების გაუქმებას, რადგან მას ეს უკანასკნელი (საკუთრების უფლება) მოპოვებული აქვს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 13.03.2013წ. №2ბ/4511-12 გადაწყვეტილებით. თავის მხრივ, საპროცესო დოკუმენტის - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის კანონიერ ძალაში შესული 13.03.2013წ. №2ბ/4511-12 გადაწყვეტილების ანალიზი ცხადყოფს, რომ მ. ბ-ასა და მ. ხ-ეს შორის უძრავი ქონების გამო სამოქალაქო დავის გადაწყვეტის პროცესში არანაირი როლი არ შეუსრულებია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...’’ 25.03.2011წ. N26 კრების ოქმს. კრების ოქმით, როგორც მტკიცებულებით, არ ყოფილა დადასტურებული დავასთან დაკავშირებული ესა თუ ის ფაქტი, გარემოება. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენი ასევე ვერ უზრუნველყოფს სამოქალაქო დავაზე მიღებული გადაწყვეტილების შეცვლას, მ. ბ-ასთვის გადაწყვეტილებით მინიჭებული საკუთრების უფლების გაუქმებას.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-11 განყოფილების 26.03.2014წ. №583575 წერილი, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 03.11.2014წ. №2203735 გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს, კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 24.05.2007წ. №747 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესის’’ მე-3, მე-4, მე-5 და მე-8 მუხლების, ,,პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის დებულებებს, რაც მათი ბათილად ცნობის საფუძველია. უკანონოდ იქნა მიჩნეული ასევე მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-11 განყოფილების უარი, მესამე პირის - მ. ხ-ის მიმართ უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის შესახებ გაფრთხილების გამოცემის თაობაზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის უარი ეწინააღმდეგება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 24.05.2007წ. №747 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესის’’ მე-3, მე-4, მე-5 და მე-8 მუხლების, ,,პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის დებულებებს, შესაბამისად, გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის პარალელურად, სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-11 განყოფილებას უნდა დავალებოდა მ. ბ-ას 05.03.2014წ. განცხადების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, კერძოდ, საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის შესახებ გაფრთხილების გამოცემა მესამე პირის - მ. ხ-ის მიმართ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.05.2015წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-11 განყოფილებისა და შს სამინისტროს მიერ. კასატორებმა მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.05.2015წ. გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მ. ბ-ას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორი შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-11 განყოფილება არ ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებას, რომ სადავო უძრავ ნივთთან დაკავშირებით სისხლის სამართლის გამოძიების მიმდინარეობა ვერ იქნება აღკვეთის ღონისძიების შეწყვეტის საფუძველი. კასატორი თვლის, რომ ასეთი განმარტება ეწინააღმდეგება საქართველოს შს მინისტრის 24.05.20107წ. N747 ბრძანებით დამტკიცებული ,,საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესის“ 8.1 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის ღონისძიების შეწყვეტის საფუძველს. აღნიშნული ნორმა არ აკეთებს არანაირ დათქმას იმის თაობაზე, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოების შედეგი გავლენას უნდა ახდენდეს სადავო უძრავ ნივთზე არსებულ საკუთრების უფლებაზე. კანონმდებელმა აღკვეთის ღონისძიების შეწყვეტისთვის საკმარისად მიიჩნია უძრავ ნივთთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის წარმოება, მიუხედავად მისი შედეგისა.

კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ გადაწყვეტილება გამოტანილია კანონის დარღვევით და არსებობს მისი გაუქმების საფუძველი, რადგან მოხდა ნორმის არასწორი განმარტება. სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ არასწორედ განმარტა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 24.05.20107წ. N747 ბრძანებით დამტკიცებული ,,საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესის“ 8.1 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტი და დაადგინა, რომ სადავო უძრავ ნივთთან დაკავშირებით სისხლის სამართლის გამოძიების მიმდინარეობა ვერ იქნება აღკვეთის ღონისძიების შეწყვეტის საფუძველი. კასატორის მითითებით, აღნიშნული განმარტება პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 24.05.20107წ. N747 ბრძანებით დამტკიცებული „წესის“ 8.1 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის ღონისძიების შეწყვეტის საფუძველს. აღნიშნული ნორმა არ აკეთებს არანაირ დათქმას იმის თაობაზე, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოების შედეგი გავლენას უნდა ახდენდეს სადავო უძრავ ნივთზე არსებულ საკუთრების უფლებაზე. კანონმდებელმა აღკვეთის ღონისძიების შეწყვეტისათვის საკმარისად მიიჩნია უძრავ ნივთთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის წარმოება, მიუხედავად მისი შედეგისა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რომელიც ახორციელებს აღკვეთის ღონისძიებას, აღკვეთის ღონისძიების შეწყვეტისთვის საკმარისია დადგინდეს, რომ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების და საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-11 განყოფილებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. საქმეზე დადგენილად არის ცნობილი და საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქ. თბილისში, ... ქ. N82-ში მდებარე 18 კვ.მ. ფართის, მ. ხ-ის სახელზე რიცხული N31 ბინა, შეუსრულებელი ვალდებულების აღსრულების მიზნით, გასხვისდა იძულებითი აუქციონის წესით. N31 ბინა საჯარო აუქციონზე შეიძინა მ. ბ-ამ და 20.01.09წ. ბინა მ. ბ-ას სახელზე დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში (ს/კ N...), უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენდა თბილისის სააღსრულებო ბიუროს 13.01.2009წ. N01/01-21/09-12 განკარგულება. მ. ბ-ამ 18.02.2011წ. N... განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა ი/მ „ ვ. მ-ის“ მიერ შესრულებული შიდა აზომვითი ნახაზის საფუძველზე, უძრავ ნივთზე (მდებარე თბილისი, ... N82, ბინა N31) რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაცია. აზომვითი ნახაზის შესაბამისად, მ. ბ-ას კუთვნილი ფართი (ს/კ ...) შეადგენდა 48.61 კვ.მ-ს. ი/მ „ვ. მ-ის“ მიერ შესრულებულ აზომვით ნახაზზე ასახულ 48.61 კვ.მ. ფართზე მ. ბ-ას საკუთრება დადასტურებული იყო ბმა „...“ 25.03.2011წ. N26 კრების ოქმით, ამხანაგობის წევრების ხმათა 2/3-ით. ამხანაგობის წევრები თანხმობას აცხადებდნენ აღნიშნული უძრავი ქონების საჯარო რეესტრში მ. ბ-ას საკუთრების უფლებით რეგისტრაციაზე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 06.04.2011წ. N... გადაწყვეტილებით, ვინაიდან აზომვით ნახაზზე ასახული მ. ბ-ას კუთვნილი ფართი წარმოადგენდა ორ ცალკე უფლების ობიექტს, N... საკადასტრო კოდი დაიყო N... და N... საკადასტრო კოდებად. შესაბამისად, საჯარო რეესტრში მ. ბ-ას საკუთრებად აღირიცხა ქ. თბილისში, ... N82-ში მდებარე 21.00 კვ.მ ფართი (ს/კ N...) და 20,85 კვ.მ. ფართი (ს/კ N...). თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის 21.09.2011წ. N39-1592 დადგენილებით მ. ბ-ას საკუთრებაში არსებულ, ქ. თბილისში, ... N82-ში მდებარე ფართს (ს/კ N...) მიენიჭა ნომერი - N31“ე“. აღნიშნული დადგენილების საფუძველზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებში განხორციელდა შესაბამისი ცვლილება. მ. ბ-ამ 24.02.2012წ. განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და ბმა „...“ N27, N28 კრების ოქმების საფუძველზე, მოითხოვა ... ... N82-ში მდებარე N31“ე“ ბინაზე რეგისტრირებული ჩანაწერის გაუქმება (ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“ 01.03.2012წ. N28 კრების ოქმით გაუქმდა ამხანაგობის 25.03.2011წ. N26 კრების ოქმი). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 12.03.2012წ. N... გადაწყვეტილებით მ. ბ-ას მოთხოვნა დაკმაყოფილდა, გაუქმდა მ. ბ-ას საკუთრების უფლება უძრავი ნივთის იმ ნაწილზე (20.85 კვ.მ. ფართის მქონე N31“ე“ ბინა, ს/კ ...), რომელზედაც მას დაუდასტურდა საკუთრების უფლება ბმა „...“ 25.03.2011წ. N26 კრების ოქმით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 13.03.2012წ. მომზადებული ამონაწერის თანახმად, მ. ბ-ას სახელზე საკუთრების უფლებით დარჩა აღრიცხულად ქ. თბილისში, ... N82-ში მდებარე N31 ბინა ფართით 18 კვ.მ. (ს/კ N...), უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია: თბილისის სააღსრულებო ბიუროს 13.01.2009წ. N01/01-21/09-12 განკარგულება და ბმა „...“ კრების ოქმი N28.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 13.03.2013წ. გადაწყვეტილებით (საქმე N2ბ/4511-12), თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 23.10.2012წ. გადაწყვეტილების შეცვლით, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, მ. ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, აღიარებულ იქნა მ. ბ-ას საკუთრების უფლება ქ. თბილისში, ... ... N82-ში მდებარე, მოპასუხე მ. ხ-ის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ 27,8კვ.მ. ფართზე (შესასვლელი - 8,5 კვ.მ., საპირფარეშო 1,98 კვ.მ., სამზარეულო - 14.12 კვ.მ. და ღია აივანი - 3,55 კვ.მ.). კანონიერ ძალაში მყოფ აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 05.12.2013წ. გასცა სააღსრულებო ფურცელი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 13.03.2013წ. გადაწყვეტილების და 05.12.13წ. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, საჯარო რეესტრში მ. ბ-ას საკუთრების უფლებით აღირიცხა ქ. თბილისში ... ... N82-ში მდებარე 27,80კვ.მ. ფართი, ბინა N31“ე“ (ს/კ ...ე).

ამდენად, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქ. თბილისში ... ... N82-ში მდებარე N31“ე“ ბინა (ფართით 27,80 კვ.მ., ს/კ N...ე), რომელიც დღეის მდგომარეობით საჯარო რეესტრში მ. ბ-ას საკუთრების უფლების საგნად აღრიცხულია უფლების დამდგენი დოკუმენტის - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 13.03.2013წ. N2ბ/4511-12 გადაწყვეტილების და 05.12.2013წ. N2ბ/4511-12 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, თავდაპირველად, დროის გარკვეულ მონაკვეთში, კერძოდ 2011 წლის 06 აპრილიდან 2012 წლის 12 მარტამდე დროის შუალედში, ასევე ირიცხებოდა საჯარო რეესტრში მ. ბ-ას საკუთრების უფლების საგნად, ოღონდ სხვა უფლების დამდგენი დოკუმენტის - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“ 25.03.2011წ. N26 კრების ოქმის საფუძველზე, თუმცა თავად მ. ბ-ას ინიციატივით და თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 12.03.2012წ. N... გადაწყვეტილების მეშვეობით გაუქმდა მ. ბ-ას საკუთრების უფლება უძრავი ნივთის აღნიშნულ ნაწილზე ანუ N31“ე“ ბინის 20.85 კვ.მ. ფართზე, სკ N....

საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 13.03.2013წ. გადაწყვეტილებით (საქმე №2ბ/4511-12) აღიარებულ იქნა მ. ბ-ას საკუთრების უფლება ქ. თბილისში, ... ... №82-ში მდებარე, მოპასუხე მ. ხ-ის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ 27,8 კვ.მ. ფართზე (შესასვლელი - 8,5 კვ.მ., საპირფარეშო -1,98 კვ.მ., სამზარეულო - 14,12 კვ.მ. და ღია აივანი - 3,55 კვ.მ.). მითითებული გადაწყვეტილებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, ქ. თბილისში, ... №82-ში მდებარე 27,80 კვ.მ. ფართის N31“ე“ ბინაზე (ს/კ №...) საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მ. ბ-ას საკუთრების უფლება. ასევე დადგენილია, რომ მ. ბ-ას ნების საწინააღმდეგოდ, ბინას ფლობს მ. ხ-ე. მხარეთა შორის დავას არ იწვევს ასევე ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე N31“ე“ ბინის გარდა, მ. ბ-ას სახელზე საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ქ. თბილისში, ... ... №82-ში მდებარე, 18 კვ.მ. ფართის N31 ბინაზე (ს/კ ...). ამ უძრავ ნივთზე მ. ბ-ას საკუთრების უფლება მოპოვებული აქვს თბილისის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებლის 13.01.2009წ. N01/01-21/09-12 განკარგულებით და ბინით ფაქტობრივად სარგებლობს თავად მესაკუთრე მ. ბ-ა.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ მ. ბ-ას წარმომადგენლებმა 05.03.2014წ. განცხადებით მიმართეს ქ. თბილისის ისანი-სამგორის პოლიციის სამმართველოს და მოითხოვეს მ. ბ-ას კუთვნილი უძრავი ქონების - ქ. თბილისში, ... ... №82-ში მდებარე 27,80 კვ.მ. ფართის N31“ე“ ბინის (ს/კ №...ე) მ. ხ-ის მხრიდან ხელყოფის აღკვეთა. განცხადებას თან ერთვოდა უძრავ ნივთთან დაკავშირებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-11 განყოფილების 26.03.2014წ. №583575 წერილით მ. ბ-ას წარმომადგენლებს უარი ეთქვათ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ მ. ბ-ას საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთთან (ქ. თბილისი, ... ... №82, ბინა №31) დაკავშირებით ქ. თბილისის ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-11 განყოფილებაში მიმდინარეობდა გამოძიება სისხლის სამართლის №004111680 საქმეზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით. შსს 03.11.2014წ. №2203735 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მ. ბ-ას წარმომადგენლის 02.05.2014წ. ადმინისტრაციული საჩივარი. საჩივრის განმხილველმა ორგანომ მიიჩნია, რომ მ. ბ-ას მოთხოვნა მართებულად იქნა უარყოფილი შსს მინისტრის 24.05.2007წ. №747 ბრძანებით დამტკიცებული ,,საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესის’’ მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ე1’’ ქვეპუნქტის საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორთა მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ არასწორედ განმარტა შსს 24.05.20107წ. N747 ბრძანებით დამტკიცებული ,,საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესის“ 8.1 მუხლის ,,ე1“ ქვეპუნქტი, რომელიც ადგენს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის ღონისძიების შეწყვეტის შესაძლებლობას უძრავ ნივთთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმდინარეობის გამო, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მ. ბ-ამ სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესის დაცვით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის ღონისძიებების განხორციელების მოთხოვნით. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით (სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი რედაქციით) დადგენილი იყო, რომ პოლიცია პირის მიერ კანონით დადგენილი საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე უზრუნველყოფდა ამ პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან მისი გამოყენების სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთას, ხოლო 2016 წლის პირველ მარტამდე მოქმედი, შს მინისტრის 24.05.2007წ. N747 ბრძანებით დამტკიცებული „საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესის“ მე-8 მუხლი საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის ღონისძიებების შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძვლად ითვალისწინებდა უძრავ ნივთთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმდინარეობას საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე (მე-8 მუხ. 1-ლი პუნქტის „ე1“ ქვეპუნქტი). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის ღონისძიებების შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძვლად კანონმდებლის მიერ უძრავ ნივთთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმდინარეობის შესახებ გარემოების განსაზღვრა გულისხმობს უფლებამოსილი ორგანოს ვალდებულებას - დაადგინოს არამხოლოდ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის კავშირი დაინტერესებული პირის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან, არამედ აგრეთვე მიმდინარე გამოძიების სავარაუდო შედეგის მნიშვნელობა პირის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთთან მიმართებაში. მოცემულ შემთხვევაშიც უდავოდ უნდა დადგენილიყო არამხოლოდ ის გარემოება, რომ სწორედ იმ ბინასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, რომელსაც მ. ბ-ას ნების საწინააღმდეგოდ ფლობს მ. ხ-ე, არამედ ის გარემოებაც, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი (სავარაუდოდ გაყალბებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი) არსებული მომენტისათვის კავშირში იყო პირის საკუთრებაში არსებულ ქონებასთან და ოქმის სიყალბის დადგენის შემთხვევაში არსებითად შეიცვლებოდა ვითარება - მ. ბ-ა ვეღარ მიიჩნეოდა იმ ქონების მესაკუთრედ, რომლის დაცვის მიზნითაც მან მიმართა კომპეტენტურ ორგანოს ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელშეშლის აღკვეთის ღონისძიებების განხორციელების დაწყების საფუძველს მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენდა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომელშიც ქ. თბილისში, ... ... №82-ში მდებარე N31“ე“ ბინაზე მ. ბ-ას საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებად მითითებული იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 13.03.2013წ. №2ბ/4511-12 გადაწყვეტილება და 05.12.2013წ. №2ბ/4511-12 სააღსრულებო ფურცელი. თავის მხრივ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის კანონიერ ძალაში შესული 13.03.2013წ. №2ბ/4511-12 გადაწყვეტილების შინაარსით დგინდება, რომ მ. ბ-ასა და მ. ხ-ეს შორის უძრავი ქონების გამო სამოქალაქო დავის გადაწყვეტასთან კავშირი არ ჰქონია ბმა ,,...’’ 25.03.2011წ. N26 კრების ოქმს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მ. ხ-ე ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ 27,8 კვ.მ. ფართს (შესასვლელი - 8,15 კვ.მ., საპირფარეშო - 1,98 კვ.მ., სამზარეულო - 14,12 კვ.მ., ღია აივანი - 3.55 კვ.მ.) იყენებდა როგორც 18 კვ.მ. ფართის მქონე ერთი ოთახის დამხმარე ფართს, ხოლო მ. ბ-ამ საჯარო აუქციონზე შეიძინა ბინა სადავო დამხმარე ფართთან ერთად. ამდენად, ფართის მ. ბ-ას საკუთრებად აღიარება არ მომხდარა ამხანაგობის N26 ოქმის საფუძველზე. მართალია, თავის დროზე, მ. ბ-ამ ბმა ,,...’’ 25.03.2011წ. N26 კრების ოქმი, როგორც უფლების დამდგენი დოკუმენტი, გამოიყენა საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების დასარეგისტრირებლად (შედეგად, მ. ბ-ა დროის გარკვეულ მონაკვეთში, კერძოდ - 2011 წლის 06 აპრილიდან (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 06.04.2011წ. N... გადაწყვეტილება) 2012 წლის 12 მარტამდე (თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 12.03.2012წ., N... გადაწყვეტილება) წარმოადგენდა ქ. თბილისში, ... ... №82-ში მდებარე ორი სხვადასხვა ბინის (N31 ბინის (ფართით 20.85 კვ.მ.) და N31“ე“ ბინის (ფართი 21.00 კვ.მ.) მესაკუთრეს), თუმცა საქმის მასალებით დასტურდება, რომ საჯარო რეესტრის 12.03.2012წ. №...-06 გადაწყვეტილებით გაუქმდა ამ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე ქ. თბილისში, ... ... №82-ში მდებარე N31“ე“ ბინაზე მ. ბ-ას საკუთრების უფლება, შემდგომში ფართი კვლავ აღირიცხა მ. ბ-ას საკუთრებაში თუმცა რეგისტრაციის საფუძვლად მითითებული იყო არა ამხანაგობის N26 ოქმი, არამედ კანონიერ ძალაში მყოფი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და მის აღსასრულებლად გაცემული სააღსრულებო ფურცელი. 27,80 კვ.მ. ფართის მქონე ბინა N31“ე“ მესაკუთრედ მ. ბ-ა გახდა არა N26 ოქმის, არამედ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, სწორედ ამ ბინასთან დაკავშირებით ითხოვდა მოსარჩელე ხელშეშლის აღკვეთას. მ. ბ-ა არც მეორე ბინის (18 კვ.მ.) მესაკუთრე გახდა ამხანაგობის N26 კრების ოქმის საფუძველზე, საჯარო რეესტრის ... ამონაწერის თანახმად ხსენებული ბინის მესაკუთრედ მ. ბ-ა გახდა აღმასრულებლის განკარგულების (N01/01-21/09-12) და არა ამხანაგობის 25.03.11წ. N26 კრების ოქმის საფუძველზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ განსახილველი დავის სწორად გადაწყვეტისთვის უნდა დადგენილიყო კავშირი სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში მითითებულ სისხლის სამართლის საქმესა და მოსარჩელის - მ. ბ-ას 05.03.2014წ. განცხადების საფუძველზე პოლიციის ორგანოში წამოწყებული ადმინისტრაციული წარმოებით გადასაწყვეტ საკითხს შორის. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარეობს, რომ კრების ოქმის გაყალბებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების სავარაუდო შედეგი ვერ მოახდენს სამოქალაქო დავაზე მიღებული, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შეცვლას და მ. ბ-ასთვის გადაწყვეტილებით მინიჭებული საკუთრების უფლების გაუქმებას. სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი სკ-ის 172.3 მუხლის მესამე ნაწილი ადგენდა, რომ თუ ხდება უძრავ ნივთზე საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, მაშინ მესაკუთრეს შეეძლო ხელისშემშლელისათვის მოეთხოვა ამ მოქმედების აღკვეთა, ხელშეშლის გაგრძელების შემთხვევაში მესაკუთრეს შეეძლო მოეთხოვა მოქმედების აღკვეთა სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, შესაბამისი სამართლებრივი ორგანოსაგან, კანონით დადგენილი საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გზით, გარდა სავარაუდო ხელმყოფის მიერ უძრავ ნივთზე საკუთრების, მართლზომიერი მფლობელობის ან/და სარგებლობის დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევისა (172-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნა კოდექსში 11.12.15წ. კანონით შეტანილი ცვლილებების შედეგად). ამასთანავე, სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი „პოლიციის შესახებ“ კანონის 17.2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, აგრეთვე შს მინისტრის 24.05.2007წ. N747 ბრძანებით დამტკიცებული „საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესის“ 8.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი უძრავი ნივთის ხელყოფის ან მისი გამოყენების სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის უზრუნველყოფის გამომრიცხავი გარემოების სახით უთითებდა სავარაუდო ხელმყოფის მიერ უძრავ ნივთზე საკუთრების მართლზომიერი მფლობელობის ან/და სარგებლობის დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტის წარდგენას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, მ. ხ-ეს მართლზომიერი მფლობელობის დოკუმენტი არ წარმოუდგენია. ამრიგად, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შს მინისტრის 24.05.2007წ. N747 ბრძანებით დამტკიცებული „წესის’’ 8.1. მუხლის ,,ე1’’ ქვეპუნქტით მოტივირების საფუძველი არ ადასტურებს აქტების კანონიერებას, შესაბამისად მათი ბათილად ცნობის ნაწილში სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს ძალაში.

საკასაციო საჩივრების მოთხოვნას ასევე წარმოადგენს გასაჩივრებული სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-11 გაყოფილებას დაევალა მ. ბ-ას 05.03.2014წ. განცხადების საფუძველზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის შესახებ გაფრთხილების გამოცემა მესამე პირის - მ. ხ-ის მიმართ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღების დროს ჯერ კიდევ მოქმედებდა „პოლიციის შესახებ“ კანონის ძველი რედაქცია და ძალაში იყო 24.05.2007წ. N747-ე ბრძანებით დამტკიცებული ,,საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესი“. შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მომენტში, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება ემყარებოდა მოქმედ საკანონმდებლო რეგულიაციას, ამასთანავე, „პოლიციის შესახებ“ კანონში 11.12.15წ. კანონით შეტანილი საკანონმდებლო ცვლილებები და შს მინისტრის 24.05.2007წ. N747-ე ბრძანებით დამტკიცებული ,,საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესის“ გაუქმება გამორიცხავს შსს სტრუქტურული ერთეულისათვის ხსენებული აქტის გამოცემის დავალებას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სზაკ-ის 5.1. მუხლი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უფლებამოსილების კანონის საფუძველზე განხორციელების ვალდებულებას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება უნდა გამომდინარეობდეს მისთვის კანონით პირდაპირ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებიდან. 11.12.2015წ. განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციის შესაბამისად, პოლიცია საცხოვრებელი სახლიდან/ბინიდან ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელისა და მასთან მყოფი პირის/პირების გამოსახლებას/გამოყვანას სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შესახებ დასაბუთებული ვარაუდის არსებობის შემთხვევაში (17.2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი). „პოლიციის შესახებ“ კანონის მოქმედი რედაქციის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით - შს მინისტრის 01.03.2016წ. N75 ბრძანებით დამტკიცებული „საცხოვრებელი სახლიდან/ბინიდან ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელობისა და მასთან მყოფი პირის/პირების გამოსახლების/გამოყვანის წესით“ ძალადაკარგულად არის ცნობილი შს მინისტრის 24.05.2007წ. N747 ბრძანებით დამტკიცებული „საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესი“. ამასთანავე, შსს 01.03.2016წ. N75 ბრძანებით დამტკიცებული „საცხოვრებელი სახლიდან/ბინიდან ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელისა და მასთან მყოფი პირის/პირების გამოსახლების/გამოყვანის წესით“ განისაზღვრა, რომ მართლზომიერმა მფლობელმა, რომელიც დაინტერესებულია საცხოვრებელი სახლიდან/ბინიდან ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელისა და მასთან მყოფი პირის/პირების გამოსახლებით/გამოყვანით, შსს-ს შესაბამის სამოქმედო ტერიტორიაზე განცხადებასთან ერთად უნდა წარადგინოს გამოძიების მწარმოებელი ორგანოს მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი სსკ-ის 160-ე მუხლით (ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო სისხლის სამართლის საქმის გამოძიების დაწყების/მიმდინარეობის თაობაზე („წესის“ 3.3. მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი), რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს, საქმის მასალების მიხედვით ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-11 განყოფილებაში მიმდინარეობს გამოძიება ბმა „...“ კრების ოქმის გაყალბების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 362.1 მუხლით (ყალბი დოკუმენტის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება). ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების ფარგლებს სცდება შსს 01.03.2016წ. N75 ბრძანებით დამტკიცებული „წესის“ საფუძველზე მ. ბ-ას საკუთრებაში არსებული ფართიდან მ. ხ-ის გამოსახლების/გამოყვანის შესაძლებლობა, რამეთუ მოქმედი კანონმდებლობით გამოსახლების წინაპირობას აღარ წარმოადგენს შესაბამისი ორგანოს მიერ გაფრთხილების შესახებ ადმინისტრაციული აქტის გამოცემა. ადმინისტრაციული ორგანო გაფრთხილების გარეშე უზრუნველყოფს იძულებითი ღონისძიების გამოყენებას და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა გამოძიების მწარმოებელი ორგანოს მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი სსკ-ის 160-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო სისხლის სამართლის საქმის გამოძიების დაწყების/მიმდინარეობის თაობაზე („წესის“ 3.3. მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი)).

საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ გაფრთხილების გამოყენებით სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის შესაძლებლობას ითვალისწინებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონი, თუმცა ამგვარი შესაძლებლობის რეალიზება მ. ბ-ას მიმართ გამოცემული, ბათილად ცნობილი სადავო აქტების თანმდევ შედეგად ვერ მოიაზრება. ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-11 გაყოფილებისათვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების შესახებ მოთხოვნასთან მიმართებაში მოცემული დავის ფარგლებში ვერ იქნება გამოყენებული „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონი, რომელიც მხოლოდ ამ კანონით განსაზღვრული სუბიექტის (აღმასრულებლის) მეშვეობით უზრუნველყოფს სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვასთან დაკავშირებული ღონისძიების გამოყენებას წერილობითი გაფრთხილების მეშვეობით. ამასთანავე, გაფრთხილების (აღმასრულებლის ქმედების და არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის) წინაპირობად სახეზე უნდა იყოს აღსასრულებელი გადაწყვეტილება უძრავი ქონებიდან პირთა გამოსახლების (გამოყვანის) თაობაზე და მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი (კანონის 84-ე მუხ.).

ასკ-ის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 28.05.2015წ. გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-11 განყოფილებისათვის მ. ბ-ას 05.03.2014წ. განცხადების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ყველა საქმეზე. შესაბამისად, საკასაციო საჩივრების დაუკმაყოფილებელ ნაწილებთან დაკავშირებით კასატორებს არ უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟი. ამასთანავე, სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მოპასუხეებისათვის დაკისრების შესახებ, უცვლელად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე, 257-ე, 411-ე, მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-11 განყოფილებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.05.2015წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-11 განყოფილებას დაევალა მ. ბ-ას 05.03.2014წ. განცხადების საფუძველზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

2. მ. ბ-ას სასარჩელო მოთხოვნა ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-11 განყოფილებისათვის მ. ხ-ის მიმართ უძრავი ქონების ხელშეშლის აღკვეთის შესახებ გაფრთხილების გამოცემის დავალების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

3. დანარჩენ ნაწილში საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.05.2015წ. გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;

4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი