საქმე №ბს-594-591(კ-17) 21 ნოემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ლ. ე-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. ე-ემ 2015 წლის 27 ნოემბერს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა/დადასტურების კომისიის 2015 წლის 13 ოქტომბრის N5/15 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის მოსარჩელის მიმართ ახალი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სოხუმის შინაგან საქმეთა სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილებაში უმცროსი ინსპექტორი, პოლიციის უფროსი სერჟანტი - გ. ე-ე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, 2002 წლის 17 ივლისს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. ლ. ე-ემ, როგორც გ. ე-ის მეუღლემ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2015 წლის 3 აგვისტოს განცხადებით მიმართა ოჯახის წევრის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაცვალების გამო სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად საჭირო აქტის გამოცემის მოთხოვნით. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა/დადასტურების კომისიის 2015 წლის 13 ოქტომბრის N5/15 გადაწყვეტილებით ლ. ე-ის მოთხოვნა - „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით საქართველოს შსს-ს მოსამსახურე გ. ე-ის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა/დადასტურებაზე, არ დაკმაყოფილდა.
მოსარჩელის მოსაზრებით, მისი მოთხოვნა კომპენსაციის თაობაზე სრულ შესაბამისობაშია „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11-ლ პუნქტთან და დაუსაბუთებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს უარი მისი უფლების დადასტურებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ. ე-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ე-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ. ე-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ლ. ე-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა/დადასტურების კომისიის 2015 წლის 13 ოქტომბრის N5/15 გადაწყვეტილება; დაევალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ლ. ე-ეს დაუდასტურდება მისი მეუღლის გ. ე-ის (დაბადებული 19.01.1963წ.) გარდაცვალება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11-ლი პუნქტი) სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ მოწინააღმდეგე მხარის - ლ. ე-ის მეუღლე გ. ე-ე მუშაობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სოხუმის შინაგან საქმეთა სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილებაში უმცროსი ინსპექტორის თანამდებობაზე. პოლიციის უფროსი სერჟანტი გ. ე-ე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს 2002 წლის 17 ივლისს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. ლ. ე-ემ განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა მისი მეუღლის გარდაცვალების გამო ყოველთვიური კომპენსაციის მიღების მიზნით, სამინისტროს მიერ ცნობის გაცემა, რაზე ეთქვა უარი, ვინაიდან ლ. ე-ის შემთხვევა არ ექცეოდა საქართველოს პოლიციის შესახებ კანონის 50-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის რეგულაციის სფეროში. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის მიერ არ დაკმაყოფილდა ლ. ე-ის სარჩელი. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად იქნა განმარტებული სამართლის ნორმა, რამაც საქმეზე კანონშეუსაბამო გადაწყვეტილების მიღება განაპირობა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ იზიანებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ავტოსაგზაო შემთხვევით პოლიციელის გარდაცვალება, ექცევა საქართველოს პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის პრიმა ნაწილის რეგულაციის სფეროში, მხოლოდ იმიტომ, რომ აღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევა განხორციელდა პრევენციული ღონისძიებების განხორციელების დროს.
სამინისტრო განმარტავს, რომ პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, გარდა ამ მუხლის 11-ლი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, პოლიციელის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან, მინისტრის მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება არა უმეტეს 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარისა და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. პოლიციელის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს. ამავე კანონის 50-ე მუხლის 11-ლი პუნქტის შესაბამისად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, ამ კანონით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას, სამართალდარღვევის აღკვეთისას, დამნაშავის შეპყრობისას, დამნაშავეობასთან ბრძოლისას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისას ან/და საბრძოლო მოქმედებების დროს შეტაკებისას, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისას, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას პოლიციელის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან, მინისტრის მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. პოლიციელის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს.
კასატორი მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად განხორციელდა პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 50- მუხლის პირველი და პირველი პრიმა პუნქტებით გათვალიწინებული შემთხვევების გამიჯვნა. სასამართლომ არ გაიზიარა, რომ 50-ე მუხლის პირველი პუნქტის დეფინიცია, არის უფრო ფართო ხასიათის, რომელიც ზოგადად განსაზღვრავს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოსამსახურის დაღუპვის შემთხვევებს, მაშინ როცა ამავე მუხლის პირველი პუნქტის პრიმა ნაწილით განსაზღვრულია კონკრეტული შემთხვევები, რომელსაც შედეგად მოჰყვა პოლიციელის დაღუპვა. სასამართლომ არ გაიზიარა ის გარემოება, რომ სახელმწიფო კომპენსაციებისა და აკადემიური სტიპენდიების შესახებ საქართველოს კანონის განმარტებითი ბარათით ზუსტად არის განმარტებული, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებად, როგორც ავტოავარიით და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გარდაცვალება, ასევე პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის პრიმა ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევები, აღნიშნული განმარტებით კანონმდებელმა მოახდინა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაცვალების შემთხვევების დიფერენციაცია, შემდგომი სამართლებრივი უფლების წარმოშობის მიზნით, ერთჯერადი თუ ყოველთვიური კომპენსაციის მიღების მიზნით. აღნიშნული გარემოება სასამართლოს მიერ უსაფუძვლოდ იქნა უგულებელყოფილი. ამასთან სასამართლო დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნევს რა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოსამსახურის გარდაცვალებას, ფაქტის მიმართ უნდა განახორციელოს სამართლებრივი დასაბუთება არსებული კანონმდებლობის შესაბამისად. კერძოდ, სამინისტრო მიიჩნევს, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პრიმა პუნქტით განსაზღვრული შემთხვევის დადგენა გულისხმობს უშუალო მიზეზობრივი კავშირის დადგენას ამ მუხლში მითითებული კონკრეტულ ქმედებასა და პირის გარდაცვალებას შორის, რაც სასამართლოს მიერ დაუსაბუთებლად არ იქნა განხორციელებული.
სამინისტრო განმარტავს, რომ ლ. ე-ის მეუღლის - გ. ე-ის გარდაცვალების შემთხვევა ექცევა პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის რეგულაციის სფეროში, შესაბამისად, სამინისტრო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კანონს, არ იზიარებს კანონმდებლის მიზანს კანონის მიღებისა და მისი პრაქტიკაში რეალიზაციის კუთხით, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს და მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 18 ივლისის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის 2002 წლის 16 დეკემბრის დასკვნით დადგენილია და სადავო არ არის, რომ გ. ე-ე გარდაიცვალა ავტოავარიის შედეგად სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, კერძოდ, გ. ე-ე, საქართველოს შს მინისტრის 1999 წლის 25 ივლისის N327 ბრძანების საფუძველზე სამსახურის დროებითი გავლის მიზნით მივლინებულ იქნა დიდუბის რაიონის შს სამმართველოში. 2002 წლის 17 ივლისს, გ. ე-ე იმყოფებოდა ოპერატიულ ჯგუფში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. დაახლოებით 17:30 საათზე ხელმძღვანელის დავალებით, ოპერატიულ ჯგუფთან ერთად თავისი კუთვნილი ავტომანქანით, ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, გაემგზავრა „... ბაზრობის“ მიმართულებით, რა დროსაც შეეჯახა ავტომანქანა „გაზ-2106“, რის შედეგად საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ლ. ე-ემ, როგორც გ. ე-ის მეუღლემ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2015 წლის 3 აგვისტოს განცხადებით მიმართა ოჯახის წევრის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაცვალების გამო სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად საჭირო აქტის გამოცემის მოთხოვნით.
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა/დადასტურების კომისიის 2015 წლის 13 ოქტომბრის N5/15 გადაწყვეტილებით ლ. ე-ის მოთხოვნა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით საქართველოს შსს-ს მოსამსახურე გ. ე-ის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა/დადასტურებაზე არ დაკმაყოფილდა.
სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელის მამკვიდრებელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სოხუმის შს სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების უმცროსი ინსპექტორი, პოლიციის უფროსი სერჟანტი გ. ე-ე გარდაიცვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, არამედ სადავოა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლით გათვალისწინებული რომელი შემთხვევა ვრცელდება გ. ე-ის გარდაცვალებაზე.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის შესაბამისად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებია: ა) კანონით დადგენილი ნამსახურობის ვადის ამოწურვა; ბ) 65 წლის ასაკის მიღწევა; გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა; დ) მარჩენალის გარდაცვალება; ე) ოჯახის წევრის გარდაცვალება. ამავე მუხლის მე-2 პუნტის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის შესაბამისად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღის (1991 წლის 9 აპრილი) შემდეგ, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11-ლი პუნქტით და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს, გარდა ამ პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, გარდა ამ მუხლის 11-ლი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, პოლიციელის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან, მინისტრის მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება არა უმეტეს 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარისა და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. პოლიციელის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს. ამავე კანონის 50-ე მუხლის 11-ლი პუნქტის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, ამ კანონით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას, სამართალდარღვევის აღკვეთისას, დამნაშავის შეპყრობისას, დამნაშავეობასთან ბრძოლისას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისას ან/და საბრძოლო მოქმედებების დროს შეტაკებისას, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისას, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას პოლიციელის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან, მინისტრის მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა - 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. პოლიციელის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნორმის სწორად შეფარდებისა და სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებით გამოწვეული პოლიციელის დაღუპვის შემთხვევის სწორი კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტია პოლიციელის მიერ მასზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასა და პოლიციელის გარდაცვალებას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის პირდაპირი, უშუალო ჯაჭვის არსებობა. კერძოდ, პოლიციელის გარდაცვალება გამოწვეული უნდა იყოს სწორედ იმის შედეგად, რომ მან თავისი სამსახურებრივი მოვალეობა შეასრულა ან ასეთ მოვალეობას ასრულებდა „პოლიციის შესახებ“ კანონის 50-ე მუხლის 11-ლი პუნქტში ჩამოთვლილი გარემოებების არსებობის პირობებში და სწორედ პროფესიული უფლებამოსილების განხორციელებას მოჰყვა შედეგად მისი გარდაცვალება. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მეუღლე - გ. ე-ე გარდაიცვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. თუმცა, დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია, პოლიციის შესახებ კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 11-ლი პუნქტის ერთმანეთისგან გამიჯვნა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ 50-ე მუხლის პირველი პუნქტის დეფინიცია არის უფრო ფართო მოცემულობის, რომელიც ზოგადად განსაზღვრავს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოსამსახურის დაღუპვის შემთხვევას, ხოლო რაც შეეხება 50-ე მუხლის პირველ პრიმა პუნქტს, აქ გამოყოფილია კონკრეტულად ის შემთხვევები, რომელსაც შედეგადაც მოჰყვა პოლიციელის გარდაცვალება.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის განმარტებითი ბარათის „ა“ პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტში ჩამოყალიბებულია შემდეგი შინაარსის მოსაზრება: „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ითვალისწინებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელების ოჯახის წევრებისთვის სახელმწიფო კომპენსაციის სახით ყოველთვიური ფულადი დახმარების (კომპენსაცია) გაცემას. აღნიშნული თანხა შეადგენს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელისთვის განკუთვნილი კომპენსაციის ოდენობის (რომელიც იანგარიშება წელთა ნამსახურობის და მინიჭებული წოდების მიხედვით) 75%-ს. ამასთან, სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების შემთხვევებს კანონი არ განსაზღვრავს. აქედან გამომდინარე, აღნიშნული ფაქტები დგინდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში და ასეთად ითვლება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოსამსახურის დაღუპვის ნებისმიერი შემთხვევა. მაგალითად, სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებად ითვლება, როგორც ავტოავარიაში დაღუპვა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გარდაცვალება, ასევე ისეთი შემთხვევებიც, რომლებიც პირდაპირ არის დაკავშირებული: საპოლიციო პრევენციული ღონისძიების ჩატარებასთან; სამართალდარღვევის აღკვეთასთან; დამნაშავის შეპყრობასა და დადევნებასთან; დამნაშავეობასთან ბრძოლის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ან/და საბრძოლო მოქმედებების დროს შეტაკებასთან; სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირების თავდასხმასთან; მოქალაქეთა სიცოცხლის გადარჩენასთან.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით განმარტებით ბარათს, რომელიც საფუძვლად დაედო ლ. ე-ის სარჩელის დაკმაყოფილებას, ნორმატიული შინაარსი არ გააჩნია და ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად, არ არსებობს ნორმატიული აქტის პროექტის განმარტებითი ბარათის საფუძველზე სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობა. სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს მხოლოდ კანონის საფუძველზე და მისი განმარტების საგანს წარმოადგენს კანონმდებლის ობიექტური მიზნის განსაზღვრა, ხოლო ნორმის განმარტება უნდა ეფუძნებოდეს მოსამართლის მიერ ნორმის აღქმას.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლით გათვალისწინებული ფულადი დახმარება გაიცემა შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ლ. ე-ის მოთხოვნაზე, რომელიც მოიცავს „პოლიციის შესახებ“ კანონის 50-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ უფლებასაც, შინაგან საქმეთა მინისტრს არ უმსჯელია. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მართალია, მოსარჩელის მეუღლის - გ. ე-ის გარდაცვალება ვერ ექცევა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11-ლ პუნქტში, მაგრამ ლ. ე-ის მოთხოვნა აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ფულადი დახმარების გაცემის თაობაზე, ადმინისტრაციული ორგანოსათვის წარმოადგენდა „პოლიციის შესახებ“ კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ფულად დახმარებაზე უფლების დადგენის შესაძლებლობას, რამდენადაც საქმის მასალებით დადგენილია და არც კასატორი ხდის სადავოდ, რომ გ. ე-ე გარდაიცვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, რაც მისი მემკვიდრისათვის „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფულადი დახმარების საფუძველს წარმოადგენს.
შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და მოპასუხისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე, 257-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ლ. ე-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალოს ლ. ე-ის 2015 წლის 3 აგვისტოს განცხადებაზე „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
5. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე