Facebook Twitter

კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე Nბს-1159-1153(კს-17) 8 იანვარი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციული საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, მაია ვაჩაძე

ზეპირი მოსამენის გარეშე შეამოწმა ზ. ი-ის, ა. ხ-ის, კ. ხ-ის და სხვათა კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 06.10.2017წ. განჩინებებზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 30.11.2016წ. განჩინებით დაუშვებლობის გამო შეწყდა საქმის წარმოება ზ. ი-ის, ა. ხ-ის, კ. ხ-ის, მ. ზ-ის, შ. შ-ის, გ. ა-ის, ვ. ნ-ის, ა. ა-ის, მ. ხ-ის, დ. ბ-ის, გ. დ-ის, ვ. კ-ის და თ. ლ-ას სარჩელზე (მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, დავის საგანი - უფლების აღიარება). საქალაქო სასამართლოს 30.11.2016წ. განჩინება კერძო საჩივრებით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 06.10.2017წ. განჩინებებით ხარვეზის შეუვსებლობის გამო განუხილველად დარჩა ა. ხ-ის, კ. ხ-ის, ზ. ი-ის და სხვათა კერძო საჩივრები თბილისის საქალაქო სასამართლოს 30.11.2016წ. განჩინებაზე. კერძო საჩივრების ავტორებს განემარტათ, რომ სააპელაციო სასამართლოს 06.10.2017წ. განჩინებები საბოლოოა და არ საჩივრდება. ამასთანავე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 06.20.2017წ. განჩინებით კერძო საჩივრის ავტორებს უარი ეთქვათ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე ი. თოდუას აცილებაზე. მხარეებს განემარტათ, რომ აცილებაზე უარის შესახებ განჩინება არ საჩივრდება.

კერძო საჩივრების განუხილველად დატოვების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 06.10.2017წ. განჩინებებზე, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის აცილებაზე უარის შესახებ 06.10.2017წ. განჩინებაზე კერძო საჩივარი წარმოადგინეს ზ.ი-მა, ა. ხ-მა და სხვა მოსარჩელეებმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინებების გაცნობის შედეგად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზ. ი-ის, ა. ხ-ის და სხვათა კერძო საჩივარი დაუშვებელია, შემდეგ გარემოებათა გამო:

ასკ-ის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსკ-ის 414.1 მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 419.1 მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 30.11.2016წ. განჩინებაზე მოსარჩელეებს წარდგენილი ჰქონდათ კერძო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოში, თბილისის სააპელაციო სასამართლომ 06.10.2017წ. განჩინებებით განუხილველად დატოვა კერძო საჩივრები, მხარეს განემარტა, რომ სააპელაციო სასამართლოს 06.10.2017წ. განჩინებები საბოლოოა და არ საჩივრდება, აღნიშნულის მიუხედავად, განჩინებებზე წარმოდგენილია კერძო საჩივარი, რაც სსკ-ის 419.3 მუხლიდან გამომდინარე, დაუშვებელია.

კერძო საჩივრის ავტორებმა აღნიშნეს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობას, ამასთანავე კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ მათ უკანონოდ შეუზღუდა 06.10.2017წ. განჩინებების გასაჩივრების უფლება. საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს აღნიშნულ მოსაზრებას, რამდენადაც კანონი ზემდგომ სასამართლოში განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობას ითვალისწინებს ერთჯერადად, სსკ-ის 419.3 მუხლი შეიცავს სპეციალურ დანაწესს, რომ ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ საჩივრდება, ამდენად მართებულია სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ კერძო საჩივრების განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებები არ საჩივრდება.

რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს აცილებაზე უარის შესახებ 06.10.2017წ. განჩინებას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 36-ე მუხლის თანახმად, აცილების თაობაზე სასამართლო განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლო გადაწყვეტილებასთან ერთად. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ სააპელაციო სასამართლოს 06.10.2017წ. განჩინებებზე კერძო საჩივარი არ დაიშვება, შესაბამისად, კერძო საჩივარი არ აიშვება ამავე სასამართლოს 06.20.2017წ. აცილებაზე უარის შესახებ განჩინებაზეც.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 419-ე 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ. ი-ის, ა. ხ-ის, კ. ხ-ის და სხვათა კერძო საჩივარი დატოვებული იქნეს განუხილველად.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

მ. ვაჩაძე