Facebook Twitter

№ბს-1011-1007(კ-17) 18 დეკემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „…“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 27 ივნისს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „…“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ „მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 26 იანვრის №2400937 ბრძანების, „მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 11 თებერვლის №2427582 ბრძანების, „მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების შესახებ“ („მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში ცვლილების შესახებ“) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 27 ივლისის №2028861 ბრძანებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „…“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უარის ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 სექტემბრის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება შპს „...“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უარი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...-ის“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე (ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 26 იანვრის №2400937 ბრძანების და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 11 თებერვლის №2427582 ბრძანების ნაწილში); სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 26 იანვრის №2400937 ბრძანება „მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ“ და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 11 თებერვლის №2427582 ბრძანება „მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“; ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა ქ.თბილისში, … ქუჩა №63-ის მიმდებარედ/... №63-ის მიმდებარედ, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: ...), დაბალი ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის მიზნით წარდგენილ განცხადებასთან მიმართებაში, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში; დანარჩენი მოთხოვნის ნაწილში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა და შპს „...“, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...-მა“, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 აგვისტოს განჩინებით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...-ის“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისა და შპს „…“ სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში, კერძოდ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 26 იანვრის №2400937 ბრძანებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 11 თებერვლის №2427582 ბრძანების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის ნაწილში, ასევე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...-ის“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...-მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...-ის“ საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია: 1) სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 27.07.2015 წლის ბრძანება, რომლითაც ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 7 ნოემბრის №968205 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობებს დაემატა ახალი საკადასტრო გეგმა საჯარო რეესტრიდან (საკადასტრო ერთეული №..., ფართობი - 837 კვ.მეტრი, რეგისტრაციის №882014242142, მომზადების თარიღი 13.05.2014წ.), ასევე, მიწის ნაკვეთის ფართობი მიეთითა - 837კვ.მეტრი, საკადასტრო კოდი დაფიქსირდა - №...; 2) სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 26 იანვრის №2400937 ბრძანება ქ. თბილისში, სექტორი …, ქუჩა ... №63-ის მიმდებარედ/… №63-ის მიმდებარედ, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. №...), დაბალი ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ; 3) სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 11 თებერვლის №2427582 ბრძანება მშენებლობის ნებართვის გაცემისა და მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემულად ჩათვლის შესახებ; 4) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უარი „ბმა ...-ის“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

მოსარჩელე დავისადმი კანონიერ ინტერესს ასაბუთებს იმ გარემობით, რომ გასაჩივრებული აქტების გამოცემისას არასწორად მოხდა კოეფიციენტების გამოთვლა, კერძოდ, გამოთვლის ანგარიშში არ იქნა გათვალისწინებული 4 სართული, რომელიც უკანონოდ იქნა მიჩნეული მიწისქვეშა სართულებად, რასაც ასევე ადასტურებს მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის დასკვნაც.

საქმის მასალების შესაბამისად, 2015 წლის 23 დეკემბრის მდგომარეობით გაცემული საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ქ. თბილისში, … №63-ის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონება, (ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი: 837.00 კვ.მეტრი; ნაკვეთის წინა ნომერი: …; …; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1, №2; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №...) 2014 წლის 15 მაისიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია შპს „…“ სახელზე.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, შპს „მ…“ 2015 წლის 18 დეკემბრის დასკვნის შესაბამისად, ქ. თბილისში, … რაიონში, ... №63-ის მიმდებარედ, შპს „…“ მიერ დაგეგმილია მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა. საპროექტო კორპუსს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება რვა სართულიანი საცხოვრებელი შენობა, რომელიც სავარაუდოდ აგებულია გასული საუკუნის 60-70-იან წლებში. შენობა კონსტრუქციულად მსხვილბლოკურია. სართულშუა გადახურვის ყველა დონეზე გააჩნია რკინაბეტონის სარტყელები, რომლებზედაც დამოტაჟებულია ანაკრები რკინაბეტონის ღრუტანიანი ფილები. სახურავის ტიპი ბრტყელი, რბილი. ადგილზე დათვალიერებით შენობას საძირკვლებიდან არათანაბარი ჯდენებით გამოწვეული დეფორმაციები არ აღენიშნება და იმყოფება დამაკმაყოფილებელ ტექნიკურ მდგომარეობაში. საპროექტო შენობის მზიდი კონსტრუქციული სქემა გადაწყვეტილი იქნება მონოლითური რკინაბეტონის ჩარჩო - კავშიროვანი სივრცული სისტემის სახით. ტერიტორია წარმოდგენილია მაღალი მზიდუნარიანობის ძირითადი ქანებით, ქვიშაქვებით. გარდა რვა სართულიანი კორპუსისა, საპროექტო შენობის დასავლეთით 5-8მ. მანძილზე არსებობს საინჟინრო ნაგებობების საყრდენი კედლების სახით, რომლებიც აგებულია მონოლითური რკინაბეტონისაგან. ჩრდილოეთიდან 32მ. მანძილზე მდებარეობს მუსიკალური სკოლა. აღნიშნული შენობა-ნაგებობები განთავსებულია ძირითად ქანებზე, კლდოვან გრუნტზე. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დასკვნაში მითითებულია, რომ საპროექტო შენობა მშენებლობის პერიოდში (ასევე შემდგომში, მისი ექსპლოატაციისას), მანძილებისა და გრუნტული პირობების გათვალისწინებით, არ მოახდენს უარყოფით ტექნიკურ ზეგავლენას ზემოჩამოთვლილ არსებულ შენობა-ნაგებობებზე. ასევე მითითებულია, რომ არანაირ გამაგრებით სამუშაოებს ზემოაღნიშნული არსებული შენობა-ნაგებობები, საპროექტო შენობასთან მიმართებაში არ საჭიროებს.

ასევე, საქმის მასალებში წარმოდგენილია შპს „ა…“ მიერ შესრულებული ზემოაღნიშნული მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის გამოყოფილი უბნის საინჟინრო გეოლოგიური პირობები, რომელშიც დაკონკრეტებულია მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი და დოკუმენტის შესრულების თარიღები და რომლის თანახმადაც, საინჟინრო-გეოლოგიური თვალსაზრისით, უბანი დამაკმაყოფილებელ პირობებშია.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 5 ივნისის №6-17 გადაწყვეტილებით დამტკიცდა დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმა, რომლის შესაბამისადაც მოხდა ქ. თბილისის ტერიტორიის ზონირება. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საპროექტო ობიექტი მდებარეობს სზ-3-ში და სზ-6-ში.

„ქალაქ თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის №4-13 გადაწყვეტილების მე-18 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, თუ მიწის ნაკვეთი ხვდება ერთზე მეტი დეტალური ფუნქციური ზონის მოქმედების არეალში, მაშინ მისი სამშენებლოდ განვითარების განსაზღვრისას არცერთი ზონის მოთხოვნა არ უნდა დაირღვეს. ამავე გადაწყვეტილების მე-19 მუხლით განსაზღვრულია დეტალური ფუნქციური ზონები და მათი რეგლამენტები, კერძოდ, მითითებული მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, საცხოვრებელი ზონა 3 (სზ-3) წარმოადგენს დაბალი ინტენსივობის საცხოვრებელ ზონას, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს საცხოვრებელი სახლები. საცხოვრებელი ზონა 3-ის (სზ-3) კოეფიციენტებია: მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი (კ- 1) – 0,5; მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-2) – 1,5; მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი (კ-3) – 0,2.; ამავე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, საცხოვრებელი ზონა 6 (სზ-6) არის მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს საცხოვრებელი სახლები; საცხოვრებელი ზონა 6-ის (სზ-6) კოეფიციენტებია: მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-1) – 0,5; მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-2) – 2,5; მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი (კ-3) – 0,1.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას კოეფიციენტის გამოთვლის უკანონობასთან დაკავშირებით და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას იმის თაობაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში არქიტექტურის სამსახურმა იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სწორად მოახდინა მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) გამოანგარიშება და ასევე კანონიერად განხორციელდა არქიტექტურის სამსახურის მიერ რთული რელიეფის პირობებში მიწისქვეშა, ასევე მიწისპირა და მიწისზედა სართულების დათვლაც. „ქალაქ თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის №4-13 გადაწყვეტილების თანახმად, მიწისპირა სართული წარმოადგენს სართულს, რომლის იატაკის გეგმარებითი ნიშნულის მიწის ზედაპირიდან ამოწევის საშუალო სიმაღლე 1,8 მეტრამდეა (მეათედის სიზუსტით), ხოლო მისი ჭერის კონსტრუქციის ზედა ნიშნულის მიწის ზედაპირიდან ამოწევის საშუალო სიმაღლე 1,8 მეტრს (მეათედების სიზუსტით) აღემატება. მიწისქვეშა სართული კი არის სართული, რომლის ჭერის კონსტრუქციის ზედა ნიშნულის მიწის ზედაპირიდან ამოწევის საშუალო სიმაღლე 1,8 მეტრს (მეათედების სიზუსტით) არ აღემატება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...-ის“ საკასაციო საჩივარზე ა. მ-ეს 18.10.2017წ. საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ა. მ-ეს (პ/ნ …) უნდა დაუბრუნდეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...-ის“ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...-ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება;

3. ა. მ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...-ის“ საკასაციო საჩივარზე მის მიერ 18.10.2017წ. საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი