საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ
საქმე # ბს-559-556(კ-17) 12 იანვარი, 2018 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის `გ~ ქვეპუნქტის საფუძველზე განიხილა ჯ. ძ-ის, ა. გ-ის. ჯ. ა-ის და სხვათა განცხადებები სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. ს-ემ, ჯ. ძ-ემ, ა. გ-ემ და სხვებმა (სულ 42 პირი) 08.01.2015წ. სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს მთავრობის მიმართ და მოითხოვეს მოპასუხის 03.11.2014წ. N1979 განკარგულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ასევე საქართველოს მთავრობისათვის მოსარჩელეთა სასარგებლოდ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. კრწანისის ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლების აშენების დავალება.
დავის საქალაქო სასამართლოში განხილვისას საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.07.2016წ. გადაწყვეტილებით ზ. ს-ის, ჯ. ძ-ის, ა. გ-ის და სხვათა სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელეებმა (სულ 42 პირი) სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.11.2016წ. განჩინებით ხარვეზის შეუვსებლობის გამო სააპელაციო საჩივარი ზ. ს-ის, რ. თ-ის, ი. ბ-ის, გ. ბ-ის და რ. კ-ის ნაწილში დატოვებულ იქნა განუხილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.02.2017წ. განჩინებით ჯ. ძ-ის, ა. გ-ის, ჯ. ა-ის და სხვათა (სულ 37 პირი) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ჯ. ძ-ის, ა. გ-ის, ჯ. ა-ის და სხვათა (სულ 37 პირი) მიერ.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს 17.08.2017წ. განცხადებით მომართა ბ. ხ-მა, როგოც ყველა კასატორის წარმომადგენელმა და სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ კასატორებს აღარ აქვთ იურიდიული ინტერესი გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის მიმართ. განცხადების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ განმცხადებლებთა შორის არ იყო მითითებული ერთ-ერთი კასატორი - ა. კ-ე, კასატორების - ზ. დ-ის და ი. ხ-ის მიერ ბ. ხ-ის სახელზე გაცემული მინდობილობები იყო ვადაგასული, ხოლო კასატორ თ. ფ-ეს ბ. ხ-ისათვის მინიჭებული არ ჰქონდა სარჩელზე უარის თქმის უფლებამოსილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბ. ხ-ს არაერთგზის განემარტა განცხადებაზე არსებული ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში საქმის წარმოების სრულად შეწყვეტის შეუძლებლობა.
კასატორებმა ა. კ-ემ, თ. ფ-ემ და ზ. დ-ემ საკასაციო პალატაში 08.11.2017წ. წარმოადგინეს განცხადება, რომლითაც დაადასტურეს ბ. ხ-ის განცხადებაში ასახული პოზიცია და აღნიშნეს, რომ უარს ამბობენ სარჩელზე.
20.12.2017წ. სასამართლოში წარმოდგენილ იქნა აგრეთვე კასატორ ი. ხ-ის მიერ ბ. ხ-ის სახელზე გაცემული მინდობილობა, თუმცა მინდობილობით არ ხდებოდა რწმუნებულისათვის სარჩელზე უარის თქმის უფლებამოსილების მინიჭება. განცხადებაზე არსებული ხარვეზის შესახებ ინფორმაცია მიეწოდა ბ. ხ-ს.
03.01.2018წ. საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორმა ი. ხ-ემ და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა სარჩელზე უარის თქმის გამო იმ საფუძვლით, რომ მოცემული დავის მიმართ აღარ აქვს იურიდიული ინტერესი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი განცხადებები სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და მიიჩნევს, რომ საქმეზე უნდა შეწყდეს წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რის შესაბამისადაც მხარე უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები.
სამოქალქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის `გ~ ქვეპუნქტის თანახმად, საქმის წარმოება წყდება, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი განცხადებების მიხედვით ყველა კასატორმა (სულ 37 პირი) უარი თქვა სარჩელზე და მოითხოვეს საქმის წარმოების შეწყვეტა იმ საფუძვლით, რომ აღარ აქვთ დავის მიმართ იურიდიული ინტერესი. 33 კასატორმა სარჩელზე უარი თქვა წარმომადგენლის - ბ. ხ-ის მეშვეობით, რომელსაც სათანადო უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქმეში წარმოდგენილი მინდობილობებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯ. ძ-ის, ა. გ-ის. ჯ. ა-ის და სხვათა განცხადებები უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა შეწყდეს სარჩელზე მიმდინარე სამართლაწარმოება. ამასთანავე, საკასაციო სასამართლო, სსკ-ის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს განუმარტავს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემდეგ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და 272-ე მუხლის `გ~ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ჯ. ძ-ის, ა. გ-ის. ჯ. ა-ის და სხვათა განცხადებები სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.02.2017წ. განჩინება, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.07.2016წ. გადაწყვეტილება და საქმის წარმოება შეწყდეს მოსარჩელეთა მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო;
3. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა სარჩელით იმავე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი