საქმე ბს-629-625 (გ-17) 18 იანვარი, 2018 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
თავმჯდომარე: ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე–3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მოქალაქე გ. ხ-ის სარჩელთან დაკავშირებით განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოსა და სამტრედიის რაიონულ სასამართლოს შორის დავა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გ. ხ-ემ 29.05.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და მესამე პირის - ვანის მუნიციპალიტეტის მიმართ და მოითხოვა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 24.09.2014წ. N1/1-17 ბრძანების, საქარველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იმერეთ-რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 07.09.2012წ. Nტ-2/2141 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ქ. ვანში, ... ქ. N28ა-ში მდებარე უძრავი ქონების სახელმწიფოსათვის საკუთრების უფლებით გადაცემის შესახებ 14.09.2012წ. განხორციელებული რეგისტრაციის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ქ. ვანში, ... ქ. N28ა-ში მდებარე უძრავი ქონების ვანის მუნიციპალიტეტისათვის საკუთრების უფლებით გადაცემის შესახებ 23.10.2012წ. განხორციელებული რეგისტრაციისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 11.04.2017წ N1-1/155 ბრძანების ბათილად ცნობა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის ქ. ვანში, ... ქ. N28ა-ში მდებარე უძრავი ქონების გ. ხ-ისათვის საკუთრების უფლებით გადაცემისა და საჯარო რეესტრში დარეგისტრირების დავალება.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ქ. ვანში, ... ქ. N28ა-ში მდებარე შენობა-ნაგებობა თავისივე მიწის ნაკვეთით ვანის რაიონის აღმასრულებელი კომიტეტის 31.01.1991 N7 გადაწყვეტილებით, ურთიერთანგარიშსწორების საფუძველზე გადაეცა არქიტექტურულ-დიზაინერულ კოოპერატივ „...“, რომლის დამფუძნებელი იყო გ. ხ-ე. კოოპერატივმა 25.10.1991წ. დასახელებული ობიექტი საკუთრების უფლებით გადასცა მის დამფუძნებელს - გ. ხ-ეს. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 13.10.2016წ. შეიტყო 2012 წლის 7 სექტემბრიდან 2012 წლის 23 ოქტომბრამდე პერიოდში სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის მიერ ქ. ვანში, ... ქ. N28ა-ში მდებარე გ. ხ-ის კუთვნილი უძრავი ქონების რეგისტრაციის ნაჩქარევად და უკანონოდ ჯერ სახელმწიფოს, ხოლო შემდეგ ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრაციის შესახებ. მოსარჩელის მოსაზრებით, აღნიშნული წარმოადგენდა მის მიმართ პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორებას. გ. ხ-ემ მიუთითა, რომ სადავო ქონების ვანის მუნიციპალიტეტისათვის გადაცემის შესახებ 24.09.2017წ. N1/1-17 ბრძანება გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, რომლის 11.04.2017წ. ბრძანებით საჩივარი დარჩა განუხილველად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.06.2017წ. განჩინებით გ. ხ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე სადავოდ ხდის ვანის მუნიციპალიტეტში მდებარე უძრავ ნივთთან დაკავშირებით მიღებული აქტების კანონიერების საკითხს. შესაბამისად, სსსკ-ის 18.1 მუხლიდან გამომდინარე, სარჩელის განხილვა უნდა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს სადავო უძრავი ქონება. გარდა აღნიშნულისა, სასამართლოს მოსაზრებით, საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, შესაძლებელია საჭირო გახდეს ადგილზე დათვალიერება. ამდენად, უძრავი ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით საქმის განხილვა, უფრო ეფექტურს ხდის მართლმსაჯულების განხორციელების პროცესს. სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკაზე (16.04.2015წ. განჩინება საქმეზე Nბს-721-707 (გ-14)), რომლის თანახმად საჯარო რეესტრის ორგანიზაციული სტრუქტურის ცალკეულ ერთეულებზე დაყოფა, დიფერენციაცია ტერიტორიულ ორგანოებზე განპირობებულია მომსახურების ხელმისაწვდომობის, რაციონალური დატვირთვის, საქმიანობის ეფექტურობის და სხვა მოსაზრებებით. სტრუქტურის რეგიონალური ერთეული, სააგენტოსადმი ხაზობრივი დაქვემდებარების, მისი გადაწყვეტილების ზემდგომი რგოლის მიერ გადამოწმების შესაძლებლობის, სტრუქტურის ვერტიკალური იერარქიულობის მიუხედავად არ კარგავს დამოუკიდებელ მნიშვნელობას.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 23.06.2017წ. განჩინებით გ. ხ-ის სარჩელი განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ სსსკ-ის 15.1 მუხლის თანახმად, სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფელის მიხედვით. მოცემული ნორმა თავისი ხასიათით, შინაარსითა და იურიდიული ბუნებით არის ზოგადი და, ამავე დროს იმპერატიული, რომელიც ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად ადგენს განსჯად სასამართლოს ტერიტორიული ნიშნის, ანუ მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ არაერთგზის განიმარტა, რომ ისეთ შემთხვევაში, თუ დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება, სარჩელი საერთო განსჯადობის წესების საფუძველზე უნდა წარედგინოს, განიხილოს და გადაწყვიტოს მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით განსჯადმა სასამართლომ, ასეთს კი სარჩელით მითითებული მოპასუხე იურიდიული პირების ადგილსამყოფელის მიხედვით წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლო, ხოლო მოპასუხეთა წრის დაზუსტების შემდეგ, შესაძლოა ქუთაისის საქალაქო სასამართლოც, რამდენადაც სარჩელით წარმოდგენილი მოთხოვნები მიმართულია ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იმერეთ-რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს მიმართ, რომლის იურიდიული მისამართია ქ. ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. N5. სამტრედიის რაიონულმა სასმართლომ აღნიშნა, რომ სსსკ-ის მე-18 მუხლი არ არის იმპერატიული ხასიათის და არ ავალდებულებს მოსარჩელეს სარჩელი წარადგინოს უძრავი ქონების მდებარეობის მიხედვით მოქმედ სასამართლოში. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მართებულად მოახდინა თავისი უფლების რეალიზება და სწორად განსაზღვრა სარჩელის განმხილველი სასამართლო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და სამტრედიის რაიონული სასამართლოს განჩინებებს და თვლის, რომ საქმე განსჯადობის მიხედვით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს სამტრედიის რაიონულ სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სასკ-ის 26.3 მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება არა საგნობრივ, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხს. სასკ-ის 26.3 მუხლით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივ, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე ტერიტორიული განსჯადობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადმინისტრაციული ორგანოების ტერიტორიულ განსჯადობაზე, რომლის მიხედვით კონკრეტულ ტერიტორიაზე უძრავი ქონების ან სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომლის ტერიტორიულ საზღვრებში მდებარეობს ეს უძრავი ქონება ან არსებობს სამართლებრივი ურთიერთობა. რაც შეეხება ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა სასამართლოს ტერიტორიულ განსჯადობას, სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე შედის იმ ადმინისტრაციული სასამართლოს კომპეტენციაში, რომლის მოქმედების სფეროშიც აქვს ადგილსამყოფელი მითითებულ ორგანოს. აღნიშნული ეხება აგრეთვე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნის თაობაზე სარჩელებს. ტერიტორიული განსჯადობის არსი მდგომარეობს პრინციპში, რომლის მიხედვით მოსარჩელე მიმართავს მოპასუხის სასამართლოს. საერთო წესის თანახმად, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მოპასუხის - ადმინისტრაციული ორგანოს ადგილმდებარეობის მიხედვით (სსსკ-ის მე-15 მუხლი). ამდენად, საერთო წესის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ტერიტორიული იურისდიქცია ეკუთვნის იმ სასამართლოს, რომლის მოქმედების ტერიტორიაზეც განლაგებულია ადმინისტრაციული ორგანო.
მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ქ. ვანში, ... ქ. N28ა-ში მდებარე უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული რეგისტრაციები. ამასთანავე, მოსარჩელის საბოლოო მიზანს უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვება და მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაცია წარმოადგენს. შესაბამისად, სარჩელის ყველა მოთხოვნა აღნიშნული მიზნიდან გამომდინარეობს. სსკ-ის მე-18 მუხლის მიხედვით უძრავ ნივთებთან დაკავშირებული დავა შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფელის მიხედვით. ამდენად, კანონმდებლობა უშვებს უძრავი ნივთების ადგილსამყოფელის მიხედვით დავის განხილვას. მართალია, ხსენებული მუხლი არ არის კატეგორიული და არ გამორიცხავს სარჩელის აღძვრას საერთო განსჯადობის ანუ მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით, მოსარჩელის არჩევით, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციის ცენტრალიზმის შედეგად საერთო წესი ხშირ შემთხვევაში იწვევს ადმინისტრაციულ საქმეთა კონცენტრაციას დედაქალაქში, დასაშვებად უნდა იქნეს მიჩნეული ნივთობრივი განსჯადობისათვის უპირატესობის მინიჭება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 03.05.2016წ. N134 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების“ 5.1 მუხლის თანახმად, სააგენტო მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფების, მასში შემავალი სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით. ამავე დებულების 6.2 მუხლის შესაბამისად, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურებია რეგიონალური ოფისი და ფილიალი. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სადავო ქონების სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირების მიზნით, საქარველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იმერეთ-რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველომ 07.09.2012წ. Nტ-2/2141 წერილით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვანის სარეგისტრაციო სამსახურს, რის საფუძველზეც 14.09.2012წ. განხორციელდა რეგისტრაცია. ზემოხსენებული დებულების 6.2 მუხლის „ძ“ ქვეპუნქტის თანახმად, ვანის მუნიციპალიტეტში მოქმედებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული სამსახური - ვანის ფილიალი. დებულების 31.1 მუხლის მიხედვით, ფილიალის საქმიანობის მიზანია მის სამოქმედო ტერიტორიაზე სააგენტოს ფუნქციების შესრულება. მართალია ფილიალი უშუალოდ არ გამოსცემს უძრავ ნივთებზე „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონით განსაზღვრული უფლებების წარმოშობის, შეცვლის და შეწყვეტის შესახებ აქტებს, თუმცა გარკვეული მოცულობით ატარებს ადმინისტრაციულ წარმოებას, კერძოდ, იღებს განცხადებებსა და თანდართულ დოკუმენტაციას, საჭიროების შემთხვევაში ადასტურებს გარიგების მხარეების ხელმოწერებს, უფლებამოსილების ფარგლებში განიხილავს კორესპონდენციებს, ასრულებს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტისა და რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ხელმძღვანელების ცალკეულ დავალებებს. ამასთანავე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის შიდა ორგანიზაცია ხასიათდება მის სტრუქტურებს შორის მყარი ურთიერთკავშირით, რომელიც ქმნის სტრუქტურის ერთიანობას. საჯარო რეესტრის ორგანიზაციული სტრუქტურის ცალკეულ ერთეულებზე დაყოფა, დიფერენციაცია ტერიტორიულ ორგანოებზე განპირობებულია მომსახურების ხელმისაწვდომობის, რაციონალური დატვირთვის, საქმიანობის ეფექტურობისა და სხვა მოსაზრებებით. შესაბამისად, სასამართლოთა თანაბარი დატვირთვისა და საქმეთა თანაზომიერი განაწილების პრინციპიდან გამომდინარე გამართლებულია დავის უძრავი ქონების და საჯარო რეესტრის ფილიალის ადგილსამყოფელის მიხედვით განხილვა. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული საქმის განხილვის წესი ვრცელდება მხოლოდ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მის სისტემაში შემავალი რეგიონული ოფისებისა და ფილიალების მიმართ აღძრულ სარჩელებზე. სასამართლოებს შორის განსჯადობის საკითხის ამგვარი გადაწყვეტა ხელს უწყობს მართლმსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, პროცესის ეკონომიურობასა და ოპერატიულობას, ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა დივერსიფიკაციას, სასამართლოებს შორის დატვირთვის თანაბარ განაწილებას. სადავო ქონება მდებარეობს ქ. ვანში (... ქ.N28ა). ,,რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 09.07.2007წ. №1/150-2007 გადაწყვეტილებით განისაზღვრა რაიონული (საქალაქო) სასამართლოების, თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები. აღნიშნული გადაწყვეტილების 35.2 მუხლის თანახმად, სამტრედიის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა სამტრედიის, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით. ამდენად, უძრავი ნივთი და აღნიშნულ ტერიტორიაზე სააგენტოს უფლებამოსილების განმახორციელებელი ტერიტორიული ორგანო - ფილიალი მდებარეობს სამტრედიის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე, რის გამოც დავა ტერიტორიულად სწორედ მისი ქვემდებარეა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 2.1, 26.3 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ხ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს სამტრედიის რაიონულ სასამართლოს;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ.სხირტლაძე,
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი