საქმე №ბს-1074-1068(კ-17) 9 იანვარი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - რ. ს-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რ. ს-ემ 2017 წლის 3 თებერვალს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის არაერთგზის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა „თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში გადაყვანის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის № MOD 0 16 00003222 ბრძანების, „გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 5 იანვრის № MOD 8 17 00000024 ბრძანების ბათილობა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის დავალება გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი რ. ს-ის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული მთავარი სამმართველოს ... (პოლკოვნიკის საშტატო კატეგორია) თანამდებობაზე აღდგენის შესახებ. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დავალებოდა რ. ს-ის სასარგებლოდ იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება, მისი თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანის დღიდან - 2016 წლის 5 სექტემბრიდან, მის თანამდებობაზე აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ყოველთვიური ოდენობით და რ. ს-ის სასარგებლოდ ხელფასის დაყოვნებისათვის, დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტის ანაზღაურება ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით რ. ს-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 5 იანვრის № MOD 8 17 00000024 ბრძანება და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნული, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოეცა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე რ. ს-ის მიმართ; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ს-ემ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 მაისის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით აპელანტის რ. ს-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 5 იანვრის № MOD 8 17 00000024 ბრძანება რ. ს-ის მიმართ და დაევალა საქართველოს თავდაცვის მინისტრს გამოეცა ახალი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი რ. ს-ის იმ თანამდებობაზე და იმ საშტატო კატეგორიაში აღდგენის შესახებ, რომლიდანაც იგი გათავისუფლდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის № MOD 016 00003222 ბრძანებით, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში დაევალა ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა ტოლფასი სახელფასო განაკვეთის განსაზღვრით; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა რ. ს-ის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურება 2016 წლის 5 სექტემბრიდან მის შესაბამის თანამდებობაზე აღდგენამდე იმ თანამდებობრივი სარგოს გათვალისწინებით, რასაც იგი გათავისუფლებული თანამდებობიდან ღებულობდა კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში მიღებული ფულადი თანხის გამოკლებით; რ. ს-ის სასარჩელო მოთხოვნას იმ ნაწილში, რომლითაც იგი მოითხოვდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მის სასარგებლოდ ხელფასის დაყოვნებისათვის დაყოვნებული თანხის 0,07%-ის ანაზღაურებას ყოველ ვადაგადაცილებულ დღისათვის, არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 12 თებერვლის N1994 ბრძანებით, რ. ს-ე დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული მთავარი სამმართველოს ... თანამდებობაზე. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის № MOD 016 00003222 ბრძანებით, რ. ს-ე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებით დამტკიცებული „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და გადაყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში.
კასატორი დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 5 იანვრის №MOD 8 17 00000024 ბრძანებით რ. ს-ე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებით დამტკიცებული „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის“ მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე გათავისუფლდა სამსახურიდან.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 20 აპრილის №MOD 71700001194 ბრძანებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 05.01.2017 წლის №MOD 8 17 00000024 ბრძანება.
კასატორი მიუთითებს, რომ 2017 წლის 24 აპრილს რ. ს-ეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებით დამტკიცებული „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის“ მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად შეეთავაზა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეროვნული გვარდიის სამოქალაქო თავდაცვის სამმართველოს სამოქალაქო თავდაცვის რეზერვის ფორმირების განყოფილების ... თანამდებობა რომელსაც იგი გაეცნო 2017 წლის 25 აპრილს.
კასატორი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებით დამტკიცებული „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად მოსამსახურე შეიძლება გათავისუფლდეს შესაბამისი თანამდებობიდან და გადაყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში მინისტრის შესაბამისი გადაწყვეტილებით სამსახურეობრივი გადაადგილებისას შესაბამისი თანამდებობის შერჩევამდე. კასატორი დამატებით მიუთითებს ამავე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის შესაბამისად ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თანამდებობის შერჩევა შეიძლება გულისხმობდეს მოსამსახურის კვალიფიკაციის შემოწმებას ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის შესაბამისად ან/და აღნიშნული კვალიფიკაციის შესაბამისი თანამდებობის არსებობის დადგენას, მოსამსახურეს შეეთავაზება თანამდებობა, თუ არსებობს შესაბამისი ვაკანტური თანამდებობა.
კასატორი მიუთითებს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად სასამართლოს მთავარი სხდომის დამთავრდებამდე სასამართლო უფლებამოსილია აცნობოს პირს, რომლის ინტერესებსაც შეიძლება შეეხოს სასამართლოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული პროცესის დაწყებამის შესახებ და ჩააბას იგი საქმეში მესამე პირად.
კასატორი მიუთითებს, რომ მიუხედავად იმისა სააპელაციო სასამართლოსთვის ცნობილი იყო სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული მთავარი სამმართველოს ... საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის №3220 ბრძანებით დანიშნული იყო თავდაცვის ვიცე-პოლკოვნიკი ფ. დ-ე სასამართლოს მიერ არ მომხდარა ამ უკანასკნელის საქმეში მესამე პირად ჩაბმა. ზემოთქმული გარემოების გათვალისწინებით კასატორი მიიჩნევს, რომ დარღვეულ იქნა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნები. კასატორი აღნიშნავს, რომ ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გაადწყვეტილება შეეხო ფ. დ-ეს სასამართლო ვალდებული იყო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მოეწვია ეს უკანასკნელი განსახილველ საქმეში მესამე პირად.
კასატორი დამატებით მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ 2015 წლის 27 ოქტომბრის N4346 საქართველოს კანონის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში, საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთის არ არსებობის შემთხვევაში ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. კასატორი აღნიშნავს, რომ თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს საჯარო სამსახურის ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით.
კასატორი აღნიშნავს, რომ დღეის მდგომარეობით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული მთავარი სამმართველოს ... დანიშნულია ფ. დ-ე, ხოლო „საჯარო სამსახურის შესახებ“ 2015 წლის 27 ოქტომბრის N4346 საქართველოს კანონის რედაქცია განსხვავებით „საჯარო სამსახურის შესახებ“ 1997 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტისაგან, არ ითვალისწინებს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე აღდგენილი საჯარო მოსამსახურის გამო სხვა მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლებას. კასატორი დამატებით აღნიშნავს, რომ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში არ არსებობს შესაბამისი ტოლფასი თანამდებობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ნოემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმეზე დადგენილია, რომ რ. ს-ე „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის ბრძანებით, გათავისუფლდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული მთავარი სამმართველოს ... თანამდებობიდან და გადაყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში. „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 5 იანვრის ბრძანებით მოსარჩელე გათავისუფლდა სამსახურიდან 2017 წლის 5 იანვრიდან.
ასევე დადგენილია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/4/614,616 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა სამსახურიდან გათავისუფლების შესაძლებლობას კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის ამოწურვის მომენტიდან, თუ არ არსებობს სამსახურიდან გათავისუფლების კანონით განსაზღვრული სხვა საფუძვლები.
დადგენილია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/4/614,616 გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 20 აპრილის MOD 7 17 00001194 (პირადი შემადგენლობისადმი) ბრძანებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, ბათილად იქნა ცნობილი „გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 5 იანვრის № MOD 8 17 00000024 ბრძანება, მისი ძალაში შესვლის დღიდან თანამდევი შედეგების გათვალისწინებით. ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სადავო აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე.
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე