Facebook Twitter

№ბს-1093-1087(კს-17) 18 იანვარი, 2018 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ო. თ-ი

დავის საგანი - ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.10.2017 წ. განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

21.06.2011 წ. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ო. თ-მა წარადგინა ადმინისტრაციული საჩივარი გორის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 17.06.2011 წ. მიღებული №...-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით, რომლის დაკმაყოფილებაზეც 05.07.2011 წ. №... გადაწყვეტილებით უარი ეთქვა.

26.07.2011 წ. ო. თ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის, რ. თ-ისა და გ. მ-ის მიმართ და მოითხოვა: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის ჩანაწერისა და 05.07.2011 წ. №101910 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.07.2011 წ. განჩინებით ო. თ-ის სარჩელი განსჯადობით გადაეგზავნა გორის რაიონულ სასამართლოს.

16.08.2011 წ. მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ, ზემოთ აღნიშნულთან ერთად მოითხოვა ასევე სახლის 1/3 წილისა და მის მიმდებარე 100 კვ.მ მიწის ნაკვეთის თავის სახელზე დარეგისტრირება.

გორის რაიონული სასამართლოს 28.09.2011 წ. გადაწყვეტილებით ო. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.11.2011 წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ო. თ-ის მიერ. საკასაციო სასამართლოს 02.05.2012წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.11.2011 წ. განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 30.08.2012 წ. გადაწყვეტილებით ო. თ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი რ. თ-ის სახელზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 02.11.2010 წ. განხორციელებული ჩანაწერი(№...) 600 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და 90.40 კვ.მ შენობა-ნაგებობაზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 05.07.2011 წ. №101910 გადაწყვეტილება, სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ იმავე საკითხზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. რაც შეეხება სადავო სახლის 1/3 ნაწილის ო. თ-ის სახელზე აღრიცხვას, აღნიშნულ მოთხოვნაზე ო.თ-ს მოცემულ ეტაპზე უარი ეთქვა. ხსენებულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო სასამართლოს მიერ 25.02.2013 წ. გაიცა სააღსრულებო ფურცელი კრედიტორ ო. თ-ის სასარგებლოდ.

28.03.2017 წ. და 10.04.2017 წ. ო. თ-მა მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემა. გორის რაიონული სასამართლოს 05.05.2017წ. წერილით მას განემარტა, რომ გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა მხოლოდ გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს კომპეტენციას შეადგენს. 15.05.2017 წ. იმავე მოთხოვნით ო. თ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.

წარდგენილ განცხადებაში ო. თ-მა აღნიშნა, რომ 22.09.2015 წ. გორის სარეგისტრაციო სამსახურმა გააუქმა 02.11.2010 წ. განხორციელებული ჩანაწერი (№...) და აღიარა სადავო სახლის 1/3 ნაწილში ო. თ-ის თანამემკვიდრეობა(№...), თუმცა სახლის წინ არსებული საეზოვე მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის საკითხი არ გადაუწყვიტავს. განმცხადებლის განმარტებით, მან 15.11.2016 წ. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ ი. ტ-ს წარუდგინა სააპელაციო სასამართლოს 30.08.2012 წ. გადაწყვეტილებაზე 25.02.2013 წ. გაცემული სააღსრულებო ფურცელი, თუმცა აღმასრულებელმა ხანდაზმულობის საფუძვლით ბათილად მიიჩნია აღნიშნული დოკუმენტი და მოითხოვა სასამართლოდან ხელახლად გაცემული ახალი სააღსრულებო ფურცელი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.10.2017 წ. განჩინებით ო.თ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან საქმის მასალებიდან არ იკვეთება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 23-ე და 24-ე მუხლებით გათვალისწინებული, სააღსრულებო ფურცლის დაკარგვის შემთხვევაში დუბლიკატის ან გადაწყვეტილებაში დასახელებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირის სასარგებლოდ სააღსრულებო ფურცლის გაცემის გარემოებათა არსებობა, შესაბამისად, განცხადება სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა ო. თ-ის მიერ.

კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ მან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურში წარადგინა საეზოვე ფართის მის კუთვნილ 100კვ.მ.-ში მდებარე, 49 კვ. მ. მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზის ელ. ვერსია, რომელიც მისი განმარტებით, სახლის მისი კუთვნილი 1/3 ნაწილის გაგრძელებას წარმოადგენს. ო. თ-ის მითითებით, მოცემული ფართის რეგისტრაციაზე მას უარი ეთქვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 30.08.2012.წ, გადაწყვეტილების 4.15 მუხლის საფუძველზე. აღნიშნული დანაწესის მიხედვით, სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია ო. თ-ის მსჯელობა მასზედ, თითქოს რ. თ-მა საკუთარი 0.06 ჰა მიწის ნაკვეთის აზომვა არასწორად მოახდინა და მასში მოაქცია განმცხადებლის კუთვნილი 100 კვ.მ. მიწის ნაკვეთიც. ამდენად, ო. თ-ი კერძო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.10.2017 წ. განჩინების გაუქმებასა და სააპელაციო სასამართლოს 30.08.2012 წ. გადაწყვეტილების აღსასრულებლად სათანადო სააღსრულებო ფურცლის გაცემას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ო. თ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 20.2 მუხლის მიხედვით, სააღსრულებო ფურცელი გაიცემა კრედიტორზე. მოცემული ნორმის შესაბამისად, მისი გაცემა ხდება იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარება აღსრულებას. ამავე კანონის 21.2 მუხლის თანახმად, სააღსრულებო ფურცელს გადაწყვეტილების გამომტანი ორგანო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გადასცემს კრედიტორს, გარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი დაუყოვნებლივი აღსრულების შემთხვევებისა, როდესაც სააღსრულებო ფურცელი გაიცემა გადაწყვეტილების გამოტანისთანავე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.08.2012 წ. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით 25.02.2013 წ. სააღსრულებო ფურცელი ზემოთ აღნიშნულ დანაწესთა და ამავე კანონის 21.3 მუხლით განსაზღვრულ რეკვიზიტთა სრული დაცვით გაიცა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი საფუძვლები განსაზღვრულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 23-ე და 24-ე მუხლებით, რომლებიც ითვალისწინებს სააღსრულებო ფურცლის დაკარგვის შემთხვევაში დუბლიკატის და გადაწყვეტილებაში დასახელებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირის სასარგებლოდ ან მოვალის უფლებამონაცვლე პირის საწინააღმდეგოდ სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში განმცხადებელმა ვერ შეძლო, წარმოედგინა სასკ-ის მე-17 მუხლისა და სსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც ზემოთ აღნიშნულ გარემოებათა არსებობაზე მიუთითებდნენ. საქმის მასალებით არ დგინდება, რომ გაცემული სააღსრულებო ფურცელი დაკარგულია ან ადგილი აქვს მხარეთა უფლებამონაცვლეობას, რაც ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ მოთხოვნის უსაფუძვლობაზე მეტყველებს.

კერძო საჩივრის შინაარსი მიანიშნებს იმაზე, რომ ო. თ-ის ინტერესს მის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.08.2012 წ. გადაწყვეტილების სათანადოდ აღსრულება წარმოადგენს და არა ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემა. თუმცა, ო. თ-ს არ გაუსაჩივრებია აღმასრულებლის ქმედება ან გორის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ უფლებამოსილების არაჯეროვანი შესრულება.

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის განხილვის ფარგლებში (სსკ-ის 420-ე მუხ.), მოკლებულია შესაძლებლობას, შეაფასოს როგორც გორის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად გამოცემული ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სისრულე, ასევე შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ქმედების მართებულობა და სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-17 მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 284-ე, 285-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ო. თ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.10.2017.წ. განჩინება;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი