საქმე Nბს-634-630 (3კ-17) 03 ოქტომბერი, 2017 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო; (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე - ჟ. ბ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ჟ. ბ-ემ 2015 წლის 13 თებერვალს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ქ. თბილისის მერიის და ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიმართ და მოითხოვა მატერიალური ზიანის - 55 000 აშშ დოლარის (გადახდის დღისათვის არსებული კურსით ლარში) ლარის ოდენობით დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 03 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ჟ. ბ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ზიანის ანაზღაურების სახით 67 000 (სამოცდაშვიდიათასი) ლარის გადახდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა როგორც ჟ. ბ-ემ, ასევე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; ჟ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ჟ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეებს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ჟ. ბ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ზიანის ანაზღაურების სახით 97 455 ლარის გადახდა;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და სსიპ ქონების მართვის სააგენტომ. კასატორებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
ქ. თბილისის მნიციპალიტეტის მერია საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ „ადგილობრივი თვითმმართელობის შესახებ“ ორგანული კანონის 47-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად (საკუთრების უფლების რეგისტრაციის დროს მოქმედი) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას წარმოადგენდა მიწა, გარდა კერძო საკუთრებაში არსებული, სახელმწიფო ქონებაზე დამაგრებული და სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით არსებულ ქონებაზე დამაგრებული მიწებისა, შესაბამისად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 15 დეკემბრის N...-03 გადაწყვეტლებით კანონიერად დაკმაყოფილდა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2010 წლის 08 დეკემბრის N06-8/8807 განცხადება და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა მიწის ნაკვეთზე მდებარე ქ. თბილისი, ... მეურნეობა, ს/კ ..., დაზუსტებული ფართი 942 კვ.მ, ხოლო რეგისტრაციის შემდგომ აუქციონის გზით მოხდა აღნიშნული მიწის გასხვისება. ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულისათვის უცნობი იყო სადავო მიწის ნაკვეთზე სხვა პირის უფლების არსებობის შესახებ და მას ჰქონდა უფლება მიემართა მარეგისტრირებელი ორგანოსათვის საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით.
კასატორი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ბრალეულობა არ იკვეთება, შესაბამისად არ არსებობს წინარე მუხლით ხსენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.
კასატორის განმარტებით, ზიანი უნდა განისაზღვროს გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით, რათა უსაფუძვლოდ არ მოხდეს კერძო ინტერესის დაცვა საჯარო ინტერესის ხარჯზე ან პირიქით. ამდენად, თუ სასამართლო არ იზიარებდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პოზიციას მისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების უსაფუძვლობაზე, მას მხედველობაში უნდა მიეღო კერძო და საჯარო ინტერესის პროპორციულობის პრინციპი და გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შემთხვევაში იარსებებს მოსარჩელის უსაფუძვლოდ გამდიდრების სამართლებრივი საფუძვლები, ვინაიდან იგი მიიღებს იმაზე გაცილებით მეტ სიკეთეს, ფულად თანხას, ვიდრე მიწის ნაკვეთის შესაძენად გადაიხადა;
კასატორი - ქ. თბილისის მინიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო საკასაციო საჩივარში განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამავე კანონის მე-2 მუხლის „ლ“ პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები. ხოლო, ამავე მუხლის „კ“ პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, მარეგისტრირებელმა ორგანომ განიხილა წარდგენილი დოკუმენტაცია და 2010 წლის 15 დეკემბერს მიღებული იქნა ... გადაწყვეტილება ქ. თბილისში, ... მეურნეობაში არსებულ 942 კვ.მ მიწის ნაკვეთის ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ...), ამასთანავე კასატორი მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ მარეგისტრირებელი ორგანო პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს განმარტებით ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს N9-63 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქონების აუქციონის გზით პრივატიზების გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენდა ქ. თბილისის მთავრობის დისკრეციულ უფლებამოსილებას, შესაბამისად კანონმდებლობის სრული დაცვით განხორციელდა თვითმმართველის სახელზე დარეგისტრირებული ქონების (ს/კ...) გასხვისება და 2011 წლის 28 მარტს გამართულ აუქციონზე გამოვლინდა გამარჯვებული, ხოლო ნასყიდობის საფასურის 52 752 (ორმოცდათორმეტი ათას შვიდას ორმოცდათორმეტი) ლარის გადახდის შემდგომ სააგენტოს მიერ 2011 წლის 10 ივნისს გაცემული იქნა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.
კასატორი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინიტრაციული კოდექსის 207-ე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 1005-ე მუხლზე და განმარტავს, რომ ზიანი მიყენებული უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი და ბრალი ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღვოდეს. ამასთან ქმედება, რომელმაც პირს ზიანი მიაყენა, უნდა გამომდინარეობდეს პირის სამსახურეობრივი მოვალეობიდან და იყოს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეული. ადმინისტრაციული ორგანოს ბრალეული ქმედება ვლინდება იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს კანონით გათვალისწინებული აკრძალვების საწინააღმდეგოდ, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
გარდა ზემოაღნიშნულისა, კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ თუ სასამართლო თვლიდა, რომ არსებობდა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება და სსიპ - ქონების მართვის სააგენტოსთვის თანხის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, სასამართლოს გადაწყვეტილებაში უნდა ემსჯელა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის აუქციონზე გასხვისებისას აქუციონში გამარჯვებულის მიერ გადახდილი თანხის - 52752 ლარის ფარგლებში.
რაც შეეხება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაცოს საჩივარს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 11 სექტემბრის განჩინებით, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის გასვლის გამო, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ივლისის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 18.04.06წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელე ჟ. ბ-ემ 0,10 ჰა მიწის ნაკვეთი, სარეგისტრაციო ზონა გარდაბანი ..., სექტორი ..., კოდი ..., კვარტალი 00, ნაკვეთის ნომერი ..., შეიძინა ფიზიკური პირისაგან. გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 15.12.2010 წ. №...-03 გადაწყვეტილებით აღნიშნული მიწის ნაკვეთი ს.კ. ..., დაზუსტებული ფართობით 942 კვ.მ აღირიცხა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად, რომელიც სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ 28.03.2011 წ. მოწყობილ აუქციონზე 52 752 ლარად საკუთრებაში გადაეცა გ. ბ-ს. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით დგინდება, რომ ჟ. ბ-ის მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება შეადგენს 55 000,00 აშშ დოლარს, შესაბამისად ჟ. ბ-ის მიერ მოთხოვნილია მატერიალური ზიანის 97 455.00 ლარის ანაზღაურება (თანხის ოდენობის განიზაღვრა ექსპერტიზის ჩატარების დროს (13.06.2014 წ. ) მოქმედი ვალუტის კურსის გათვალისწინებით.)
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის შესაბამისად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება, განსახილველი საქმე შეეხება პირის ქონებრივ უფლებებს, კერძოდ მის საკუთრებას, რომელიც მესაკუთრის მფლობელობიდან გავიდა ისე, რომ აღნიშნულზე არ არსებობდა არც მესაკუთრის ნება და არც კანონით განსაზღვრული სამართლებრივი საფუძველი.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 ნაწილზე და განმარტავს, რომ ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. ამასთანავე, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა პირის სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის განსაკუთრებულ წესს ადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-209-ე მუხლები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც ეს მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია, აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. ამავე კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ კერძო და საჯარო ინტერესთა ბალანსზე მითითებით ზიანის საკომპენსაციო თანხის შემცირების შესაძლებლობას, იმ შემთხვევაში როდესაც საკუთრების უფლებაში ჩარევას ლეგიტიმური საფუძველი აქვს, თუმცა ჟ. ბ-ისათვის მიყენებული ზიანი მისი წარმოშობის საფუძვლებიდან გამომდინარე არ ტოვებს შეფასების თავისუფალ ზღვარს, შესაბამისად სახეზეა ზიანი, ზიანი ადმინისტრაციული ორგანოების მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი, რაც გამოიხატა საკუთრების უფლების უხეში დარღვევით, რითაც ჟ. ბ-ეს მიადგა ზიანი.
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება;
3. კასატორს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს (ს/ნ 205296375) დაუბრუნდეს 13.06.2017წ. №01597 საგადახდო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 4 872,75 (ოთხი ათას რვაას სამოცათორმეტი ლარი და სამოცდათხუთმეტი თეთრი) ლარის, 70% - 3 410,92 (სამი ათას ოთხას ათი ლარი და ოთხმოცდათორმეტი თეთრი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე