საქმე Nბს-600-597(კ-17) 03 ოქტომბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - გ. პ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 10 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. პ-მა 2016 წლის 10 ივნისს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხის – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების დავალება და გ. პ-ისათვის საცხოვრებელი ბინის გადაცემა საკუთრებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ. პ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება - გ. პ-ისათვის საცხოვრებელი ბინის (არაუმეტეს 40 კვ.მ) გადაცემა საკუთრებაში. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩვრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 10 იანვრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 10 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ. კასატორმა გასაჩივრებული გაჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორმა მიუთითა, რომ თავდაცვის სამინისტროსა და გ. პ-ს შორის 2008 წლის 18 სექტემბერს გაფორმდა კონტრაქტი N499, რომლის 3.1 პუნქტის თანახმად, „სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის ვადა განისაზღვრა 5 წლით, რომელიც აითვლება შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობაში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან და რომელიც აღინიშნება კონტრაქტის პირველ გვერდზე, რაც ამავდროულად ითვლებოდა კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღად“. ამავე დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 5.1.9 პუნქტის თანახმად, „სამხედრო მოსამსახურე, ამ კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე, დააკმაყოფილოს საცხოვრებელი ბინით, არაუმეტეს 40 კვ.მ-სა, რომელიც მას, უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით, გადაეცემა ამ კონტრაქტის მე-3 მუხლის 3.1 პუნქტით განსაზღვრული სამხედრო სამსახურის ვადის დასრულების შემდეგ“.
თავდაცვის სამინისტროსა და გ. პ-ს შორის გაფორმდა 2011 წლის 01 სექტემბრის N169 შეთანხმების ოქმი, რომელიც გახდა ძირითადი კონტრაქტის შემადგენელი ნაწილი და ძირითადი კონტრაქტის დებულებებთან მიმართებაში მიენიჭა უპირატესობა. მითითებული შეთანხმების პირველი პუნქტში მითითებულია, რომ „კონტრაქტის მოქმედების ვადა ანუ 5 წელი გაგრძელდეს და განისაზღვროს 10 წლით კონტრაქტის ამოქმედების თარიღიდან“. კასატორი მიიჩნევს, რომ გ. პ-ის მიმართ ძირითადი კონტრაქტის 3.1 პუნქტით გათვალისწინებული 5 წლიანი ვადა გახდა 10 წელი, რომელიც 2013 წლის 18 სექტემბრის ნაცვლად მთავრდებოდა 2018 წლის 18 სექტემბერს. შესაბამისად, გ. პ-ის მიმართ კონტრაქტის 5.1.9 პუნქტით განსაზღვრული სამინისტროს ვალდებულება დადგებოდა 2017 წლის 18 სექტემბერს საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილების თაობაზე, ხოლო უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით, გადაცემის ვალდებულება დადგებოდა 2018 წლის 18 სექტემბერს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიუთითითებს, რომ გაურკვეველია სასამართლოს სამართლებრივი დასაბუთება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე და 361-ე მუხლებზე აპელირებით, მაშინ როდესაც სამინისტროს მიმართ ამ ვალდებულების შესრულების სავალდებულოობა არ დამდგარა და არც კრედიტორს წარმოშობია მოთხოვნის უფლება. ამავე დროს გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ორივე მხარე კონტრაქტის მე-9 მუხლის 9.1.5 პუნქტის თანახმად შეთანხმდნენ, რომ კონტრაქტი შეწყდებოდა ვადამდე თუ სამხედრო მოსამსახურეს შეუსრუდებოდა სამხედრო სამსახურისათვის განსაზღვრული ასაკი. განსახილველ შემთხვევაში კასატორი მიუთითებს, რომ გ. პ-ს 2016 წლის 1 თებერვალს შეუსრულდა ზღვრული ასაკი, რაც გახდა კონტრაქტის შეწყვეტისა და მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა არ არის დაკავშირებული თავდაცვის სამინისტროს ბრალეულობასთან, რაც შეიძლება სარჩელის დაკმაყოფილების ერთადერთი საფუძველი გამხდარიყო. სამხედრო მოსამსახურის დათხოვნა ზღვრული ასაკის მიღწევის გამო წარმოადგენს „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის იმპერატიულ მოთხოვნას, მით უფრო, რომ გ. პ-ს სადავოდ არ გაუხდია არც დათხოვნის და არც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის ფაქტი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 23 ივნისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საქმეზე დადგენილია, რომ მხარეებს შორის დადებული იყო ხელშეკრულება, რომელსაც ჰქონდა მბოჭავი ძალა და იგი უნდა შესრულებულიყო მათ მიერ სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კი 2008 წლის 18 სექტემბრის ხელშეკრულების 5.1.9. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება, რომლის შესრულების ვადად განსაზღვრული იყო 2012 წლის 18 სექტემბერი არ შეუსრულებია. ის გარემოება, რომ გ. პ-სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ვადა მხარეთა შეთანხმებით 2011 წლის 1 სექტემბრის №169 შეთანხმების ოქმით გაგრძელდა 10 წლამდე, არ ადასტურებს ამავე ხელშეკრულების 5.1.9. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების გადავადებას.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილება, რომელიც წერილობით არის გაფორმებული, ითვალისწინებს მხოლოდ ხელშეკრულების ვადის გაგრძელებას და არ შეიცავს მითითებას მხარის მდგომარეობის გაუარესებაზე. კერძოდ, იმ გარემოებაზე, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საცხოვრებელი ბინის გადაცემის დრო გადაიწევს ამ გაგრძელებული ვადის შესაბამისად. მხარეები წერილობით არ შეთანხმებულან 5.1.9. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეცვლის თაობაზე, რაც ადასტურებს იმას, რომ ხელშეკრულების ეს პირობა უცვლელი დარჩა. სადავო არ არის, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულების პირველ ვადაში კეთილსინდისიერად შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულებები, 5 წლის განმავლობაში იმსახურა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში კონტრაქტის პირობების შესაბამისად, რაც ქმნის 5.1.9. პუნქტის შესაბამისად საცხოვრებელი ბინის გადაცემის საფუძველს.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ საქმეზე სწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 346-ე მუხლი, რომლის თანახმად, ბათილია ხელშეკრულებათა სტანდარტული პირობა, მიუხედავად ხელშეკრულებაში მისი ჩართვისა, თუ იგი ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპების საწინააღმდეგოდ საზიანოა ხელშეკრულების მეორე მხარისათვის. ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოებები, რომელთა არსებობისას იქნა ეს პირობები ხელშეკრუელბაში შეტანილი, მხარეთა ორმხრივი ინტერესები და სხვა. სააპელაციო პალატამ სწორად განმარტავა, რომ მოხმობილი ნორმა შეიცავს ხელშეკრულების მეორე მხარის ინტერესების დაცულობის გარანტიას, იმ შემთხვევებისათვის, თუკი ხელშეკრულების პირობა ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპების საწინააღმდეგოდ საზიანოა ხელშეკრულების მეორე მხარისათვის მაშინ ეს პირობა ბათილია და ძალა არა აქვს.
აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი, ასევე შეცვალონ შეთანხმებული პირობები, რა დროსაც შესაძლოა ერთი - ერთი მხარისათვის გაუარესდეს მდგომარეობა, თუმცა ასეთი გაუარესება უნდა ემყარებოდეს მხარეთა თავისუფალ ნებას. ხელშეკრულების პირობების გაუარესებად, განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა არ შეიძლება მოვიაზროთ საცხოვრებელი ბინის გადაცემის ვალდებულების გადაწევა. გ. პ-სა და თავდაცვის სამინისტროს შორის ხელშეკრულების დადებიდან მე-3 წელს მხარეები შეთანხმდნენ კონტრაქტის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე 10 წლით, კონტრაქტის ამოქმედების თარიღიდან, შესაბამისად კონტრაქტის დასრულების თარიღად განისაზღვრა 2018 წლის 18 სექტემბერი, თუმცა ხელშეკრულების ორივე მხარისათვის ცნობილი იყო, რომ შეთანხმება ვერ შესრულდებოდა და გ. პ-ი ხელშეკეულების ვადის დასრულებამდე 2 წლით ადრე მიაღწევდა სამხედრო მოსამსახურისათვის დადგენილ ზღვრულ ასაკს, რაც კონტრაქტის 9.1.5 მუხლის შესაბამისად გახდებოდა კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის საფუძველი.
საკსასაციო სასამართლოს განმარტავს, რომ თუ ხელშეკრულების დადების მომენტში მხარეებისათვის იმთავითვე ცობილია, რომ სამხედრო მოსამსახურეს, ხელშეკრულების ვადის დასრულებამდე, უსრულდება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლით დადგენილი ზღვრული ასაკი და ამის გამო შეთანხმება ვერ შესრულდება, მსგავსი პირობების სტანდარტულ ხელშეკრულებაში ჩართვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 346-ე მუხლის თანახმად ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპებს ეწინააღმდეგება და საზიანოა ხელშეკრულების მეორე მხარისთვის.
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 10 იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე