საქმე Nბს-700-696(კ-17) 17 ოქტომბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; ქ.თბილისში, დიდუბის რაიონში, გიული ჭოხონელიძის ქუჩის და ჩიხის რეაბილიტაციის და სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვების სატენდერო კომისია; (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარეები - შპს „...“ შპს „პ...“(მოსარჩელე)
მესამე პირი - შპს „ე...“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - სატენდერო კომისიის სხდომის ოქმების, ხელშეკრულების და ელექტრონული ტენდერის ბათილად ცნობა, ქმედების განხორცილების დავალება;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „...“ და შპს „პ...“ 2015 წლის 11 თებერვალს სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ.თბილისში, დიდუბის რაიონში, გიული ჭოხონელიძის ქუჩის და ჩიხის რეაბილიტაციის და სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვების სატენდერო კომისია მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს თბილისის მერიის მიერ 2014 წლის 08 ოქტომბერს გამოცხადებული ... ელექტრონული ტენდერის, შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2014 წლის 26 ნოემბრის ხელშეკრლება N ...-ის და ტენდერის გამოცხადებასთან დაკავშირებული ყველა ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა ასევე მოითხოვეს თბილისის მერიას დაევალოს შპს „...“ და შპს „პ...“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა.
2015 წლის 16 თებერვლის განჩინებით განსახილველ საქმეზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ჩაბმულ იქნა შპს "ე...".
2016 წლის 08 თებერვალს წარდგენილი დაზუსტებული სარჩელით მოსარჩელეებმა დააზუსტეს სასარჩელო მოთხოვნები და მოითხოვეს ბათილად იქნეს ცნობილი 2014 წლის 08 ოქტომბრის ქ.თბილისში, დიდუბის რაიონში, გიული ჭოხონელიძის ქუჩის და ჩიხის რეაბილიტაციის და სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული ტენდერის სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი №1; ბათილად იქნეს ცნობილი 2014 წლის 13 ნოემბრის ქ.თბილისში, დიდუბის რაიონში, გიული ჭოხონელიძის ქუჩის და ჩიხის რეაბილიტაციის და სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული ტენდერის სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი №2; ბათილად იქნეს ცნობილი 2014 წლის 19 ნოემბრის ქ.თბილისში, დიდუბის რაიონში, გიული ჭოხონელიძის ქუჩის და ჩიხის რეაბილიტაციის და სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული ტენდერის სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი №3; ბათილად იქნეს ცნობილი 2014 წლის 26 ნოემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №...; ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მერიის მიერ 2014 წლის 8 ოქტომბერს გამოცხადებული ... ელექტრონული ტენდერი; დაევალოს მოპასუხეს შპს ,,პ..." და შპს ,,...“ კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე (საკადასტრო კოდი: №... და №...) პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა და ტენდერის საფუძველზე შესრულებული სამუშაოების სრულის დემონტაჟი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით შპს „...“ და შპს „პ...“ სარჩელი დაკმაყოფილდა;
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიამ და ქ.თბილისში, დიდუბის რაიონში, გიული ჭოხონელიძის ქუჩის და ჩიხის რეაბილიტაციის და სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვების სატენდერო კომისიამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს „...“ და შპს „პ...“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი 2014 წლის 08 ოქტომბრის ქ.თბილისში, დიდუბის რაიონში, გიული ჭოხონელიძის ქუჩის და ჩიხის რეაბილიტაციის და სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული ტენდერის სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი №1 შპს „...“ და შპს „პ...“ საკუთრების, კერძოდ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ნაკვეთის 517 კვ.მ-ს, ხოლო №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ნაკვეთის 975 კვ.მ-ს რეაბილიტაციის ნაწილში. ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისში, დიდუბის რაიონში, გიული ჭოხონელიძის ქუჩის და ჩიხის რეაბილიტაციის და სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით ქ.თბილისის მერიის მიერ 2014 წლის 08 ოქტომბერს გამოცხადებული ... ელექტრონული ტენდერი შპს „...“ და შპს „პ...“ საკუთრების, კერძოდ კ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ნაკვეთის 517 კვ.მ-ს, ხოლო №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ნაკვეთის 975 კვ.მ-ს რეაბილიტაციის ნაწილში. ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი 2014 წლის 13 ნოემბრის ქ.თბილისში, დიდუბის რაიონში, გიული ჭოხონელიძის ქუჩის და ჩიხის რეაბილიტაციის და სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული ტენდერის სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი №2 და 2014 წლის 19 ნოემბრის ქ.თბილისში, დიდუბის რაიონში, გიული ჭოხონელიძის ქუჩის და ჩიხის რეაბილიტაციის და სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული ტენდერის სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი №3 შპს „...“ და შპს „პ...“ საკუთრების, კერძოდ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ნაკვეთის 517 კვ.მ-ს, ხოლო №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ნაკვეთის 975 კვ.მ-ს რეაბილიტაციის ნაწილში. ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი 2014 წლის 26 ნოემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №... შპს „...“ და შპს „პ...“ საკუთრების, კერძოდ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ნაკვეთის 517 კვ.მ-ს, ხოლო №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ნაკვეთის 975 კვ.მ-ს რეაბილიტაციის ნაწილში. დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება დატოვებული იქნა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქ.თბილისში, დიდუბის რაიონში, გიული ჭოხონელიძის ქუჩის და ჩიხის რეაბილიტაციის და სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვების სატენდერო კომისიამ, რომელთაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორებმა მიუთითეს, რომ 2014 წლის 26 ნოემბერს ერთის მხრივ ქ. თბილისის მერია და მეორეს მხრივ შპს "ე..." საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეთანხმდნენ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობებზე და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების თაობაზე. ... ხელშეკრულების ობიექტს წარმოადგენდა ქ. თბილისში, დიდუბის რაიონში, გიული ჭოხონელიძის ქუჩის და ჩიხის რეაბილიტაციის და სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები, შესყიდვის საშუალებას წარმოადგენდა ელექტრონული ტენდერი.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 107-ე მუხლის თანახმად, ამ კანონით მუნიციპალიტეტისათვის მიკუთვნებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შემდეგი ქონება: ადგილობრივი მნიშვნელობის გზები და მათი ნაწილები, ქუჩები, მიწისქვეშა და მიწისზედა გადასასვლელბი, ტროტუარები, შუქნიშნები, გარე განათების კონსტრუქციები, მოედნები, სკვერები, ბულვარები, შადრევნები, პარკები, მწვანე ნარგავები, ნაპირსამაგრი ნაგებობები და ა. შ. მოცემულ შემთხვევაში ტერიტორია, რომელზეც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ტენდერის შედეგად, შპს "ე..." აწარმოა გზის მოწყობის სამუშაოები, თავისი ბუნებით ისედაც წარმოადგენს გზას. მანამ სანამ სადავო ტერიტორიაზე განხორციელდებოდა ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოები, გზა დაფარული იყო გრუნტის ზედაპირით და მოქალაქეების მიერ გამოიყენებოდა საჯარო გზის სატრანსპორტო თუ საფეხმავლო ფუნქციით და ქუჩის დანიშნულებით. აღნიშნული გარემოება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და იგი შეფასების მიღმაა დატოვებული როგორც საქალაქო, ასევე სააპელაციო სასამართლოების მიერ. წინა ინსტანციების სასამართლოთა მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში საუბარია საკუთრების უფლების შეზღუდვაზე. შეზღუდვა მოსარჩელეთა წარმომადგენლების განმარტებით გამოიხატებოდა იმაში, რომ ინდივიდუალური საკუთრების საგანი ფაქტობრივად გადაიქცა საერთო სარგებლობის ტერიტორიად. აღნიშნული არ შეესაბამება სინამდვილეს, იმდენად, რამდენადაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან შესაბამის ქმედებათა განხორციელებამდე საპროექტო არეალი ისედაც ხელმისაწვდომი იყო მესამე პირთათვის და მათ მიერ გამოიყენებოდა იმავე დანიშნულებით, რაც სამშენებლო სამუშაოების განხორციელების შემდგომ.
კასატორების განმარტებით, ბუნებრივი და ყოველდღიური მოვლენაა, როდესაც კერძო საკუთრება, რომელიც არ არის შემოღობილი, სადაც არ არსებობს ბუნებრივი ზღუდარები ან/და არ კონტროლდება კერძო დაცვის სამსახურის მიერ, მესამე პირთა მხრიდან გამოიყენება გზის ფუნქციით. მსგავს მოცემულობასთან გვაქვს საქმე განსახილველ შემთხვევაშიც, ანუ, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ შპს "..." და შპს "პ..." საკუთრება საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი იყო ბუნებრივი ფაქტორებიდან გამომდინარე და არა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებული ქმედებების მიზეზით. ამდენად, არ არსებობს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი სადავო აქტებსა და მოსარჩელეთა მიერ მითითებულ ზიანს შორის. აღსანიშნავია ისიც, რომ არ მომხდარა კერძო საკუთრების უფლების ობიექტთა არსობრივი შეცვლა, მოხდა მხოლოდ არსებული გზის გაუმჯობესება. კასატორები მიუთითებენ, რომ სასამართლომ დაუსაბუთებლად ჩათვალა დადგენილად სადავო აქტებით მოსარჩელეთათვის მიყენებული პირდაპირი და უშუალო ზიანის არსებობა და უსაფუძვლოდ მიიჩნია რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით შეიზღუდა მოსარჩელეთა საკუთრების უფლება და აღნიშნულზე დაყრდნობით დააკმაყოფილა შპს "..." და შპს "პ..." სარჩელი. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და ქ. თბილისში დიდუბის რაიონში გიული ჭოხონელიძის ქუჩის და ჩიხის რეაბილიტაციის და სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვების სატენდერო კომისია არ დაეთანხმა სასამართლოს მოსაზრებას საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით და საკასაციო საჩივარში განმარტავს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სადავო მიწის ნაკვეთზე გამოცხადებული ტენდერით და განხორციელებული სამუშაოებით მოწინააღმდეგე მხარეს არ ადგება არანაირი პირდაპირი და უშუალო ზიანი, ვინაიდან, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გზის მოწყობის სამუშაოების განხორციელებამდეც აღნიშნული ტერიტორია ნებისმიერი პირის მიერ გამოიყენებოდა საფეხმავლო თუ სატრანსპორტო გზის ფუნქციით, შესაბამისად აღნიშნულ სამუშაოებს არანაირი გავლენა არ მოუხდენია მათ ინტერესზე, მხოლოდ განხორციელდა გრუნტის ზედაპირიანი გზის რეაბილიტაცია, ასფალტის დაგება, სანიაღვრე ქსელის მოწყობა და ქუჩა გახდა უფრო კეთილმოწყობილი და შესაბამისად არ არსებობს განხორციელებული სამუშაოების დემონტაჟისა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები. ქ. თბილისის მერიის მიერ სწორედ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელდა მხარის მიერ სადავოდ გამხდარი ტენდერის გამოცხადება და ხელშეკრულების დადება. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მხარეს არ წარმოუდგენია არცერთი არგუმენტი და სასამართლოც ვერ უთითებს გადაწყვეტილებაში "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონისა და "გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანების დადგენილი რომელი წესი დაარღვია ქ. თბილისის მერიამ ... ელექტრონული ტენდერის გამოცხადებისას.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და ქ. თბილისში, დიდუბის რაიონში, გიული ჭოხონელიძის ქუჩის და ჩიხის რეაბილიტაციის და სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვების სატენდერო კომისია მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტის მოთხოვნებს, რის გამოც იგი დასაშვებად უნდა იქნას ცნობილი, კერძოდ, მნიშვნელოვანია უზენაესმა სასამართლომ შეაფასოს თუ რამდენად ცვლის და აუარესებს მოსარჩელეთა მდგომარეობას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი, იმ პირობებში, როდესაც დადასტურებულია, რომ სადავო ტერიტორია ტენდერის გამოცხადებამდეც ატარებდა საჯარო ტერიტორიის ფუნქციას და მოსარჩელეთა საკუთრების უფლება სწორედ მსგავსი ტიპის და ფუნქციის მიწის ნაკვეთზე იქნა რეგისტრირებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ივლისი განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ.თბილისში, დიდუბის რაიონში, გიული ჭოხონელიძის ქუჩის და ჩიხის რეაბილიტაციის და სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვების სატენდერო კომისიის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორად იქნა გამოყენებული საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი და სწორი სამართლებრივი შეფასებები გაკეთდა, კერძოდ მითითებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი აწესებს საკუთრების უფლების შეზღუდვის კრიტერიუმებს: აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი. მე-3 პუნქტი კი ითვალისწინებს ასევე აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის შესაძლებლობას კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ქ. თბილისში, საქართველოს სამხედრო გზა, ... ქუჩებს შორის (ნაკვეთი №...) დაზუსტებული ფართობით: 2998.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით - №..., წარმოადგენს შპს ,,პ...’’ საკუთრებას. ასევე, ქ.თბილისში, საქართველოს სამხედრო გზა, ... ქუჩებს შორის დაზუსტებული ფართობით: 9720 კვ.მ, მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით - №..., წარმოადგენს შპს,,...’’ საკუთრებას.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ გიული ჭოხონელიძის ქუჩის რეაბილიტაციის მიზნით გამოცემული გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტები, იმთავითვე მოიცავდა შპს ,,პ...’’ და შპს,,...’’ საკუთრებას, კერძოდ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ნაკვეთის 517 კვ.მ-ს, ხოლო №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ნაკვეთის 975 კვ.მ-ს, ამასან სადავოდ გამხდარი არ არის მოსარჩელეთა საკუთრების უფლება ქ. თბილისში, საქართველოს სამხედრო გზა, ... ქუჩებს შორის არსებულ მიწის ნაკვეთებზე (მათ ნაწილზე). საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია სადავო აქტებით მათ საკუთრებაში მესამე პირის მიერ სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ფაქტი.
საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მითითებას, რომ კონსტიტუციის 21-ე მუხლიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულება, თავი შეიკავოს ისეთი მოქმედებებისაგან, რომელიც გამოიწვევს საკუთრების უფლებაში ჩარევას. ამავე დროს იგი პოზიტიურადაა ვალდებული, შექმნას ისეთი სამართლებრივი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიან ბალანსს საზოგადოების წევრებს შორის. საკუთრების უფლება არის მესაკუთრის უფლება, ისარგებლოს და განკარგოს თავისი საკუთრება. საკუთრების უფლების ამ ფუნქციებიდან გამომდინარე, ამ პროცესის თანმდევია ის, რომ ერთი პირის საკუთრების უფლება თავისთავად ზეგავლენას ახდენს გარშემო მყოფებზე, საზოგადოების სხვა წევრებზე. სწორედ ამაზეა დაფუძნებული კანონმდებლის უფლებამოსილება (ან თუნდაც მისი კონსტიტუციური ვალდებულება), დაარეგულიროს საკუთრების სამართლებრივი მხარე. საკუთრების უფლების, შეზღუდვის შეფასების საზომი თანაზომიერების პრინციპია. ადამიანის უფლებათა სამართლის თეორიაში აღნიშნული პრინციპი წარმოადგენს ადამიანის უფლების შეზღუდვისას კანონმდებლის შებოჭვის მექანიზმს და, შესაბამისად, კონსტიტუციური კონტროლის ელემენტს. თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული, ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მხრიდან საკუთრების უფლების შეზღუდვის ნებისმიერი შემთხვევა შეფასდეს იმ კრიტერიუმების საფუძველზე, რომელიც დადგენილია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით. შეზღუდვა უნდა იყოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებული, უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს - აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას, და უნდა იყოს პროპორციული, დაცული უნდა იყოს საჯარო და კერძო ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსი. საჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერების საკითხის დადგენისას კი მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ზღვარი - შეზღუდვა საკუთრების უფლებას არ უნდა უკარგავდეს არსს და ეჭვქვეშ არ უნდა აყენებდეს საკუთრების უფლების შინაარსს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ სწორად გაამახვილა ყურადღება ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის" დამატებითი ოქმის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში. ამასთან, წინარე დებულებები არანაირად არ აკნინებს სახელმწიფოს უფლებას, გამოიყენოს ისეთი კანონები, რომელთაც ის აუცილებლად მიიჩნევს საერთო ინტერესების შესაბამისად საკუთრებით სარგებლობის კონტროლისათვის, ან გადასახადებისა თუ მოსაკრებლების ან ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად.
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 106-ე მუხლით განსაზღვრულია მუნიციპალიტეტის ქონების ცნება, კერძოდ,- მუნიციპალიტეტის ქონება არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე. მუნიციპალიტეტის ქონებას მიეკუთვნება მუნიციპალიტეტისათვის კანონით მიკუთვნებული ქონება, სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადაცემული ქონება, მუნიციპალიტეტის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი, შეძენილი ან რეგისტრირებული ქონება. მუნიციპალიტეტის ქონება იყოფა ორ კატეგორიად ძირითად (განუსხვისებელ) ქონებად და დამატებით ქონებად. ძირითადი (განუსხვისებელი) ქონება არის ქონება არის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების განხორციელების საფუძველი. ძირითადი ქონების გამოყენება შეიძლება მხოლოდ მუნიციპალიტეტის საჯარო ფუნქციების შესასრულებლად და უფლებამოსილების განსახორციელებლად. დამატებითი ქონება არის ქონება, რომელიც არ არის ძირითადი (განუსხვისებელი)ქონების ნაწილი და რომელიც მუნიციპალიტეტმა შეიძლება გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 107-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ პუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტისათვის მიკუთვნებულ ერთ-ერთ ქონებას წარმოადგენს ადგილობრივი მნიშვნელობის გზები და მათი ნაწილები, ქუჩები, მიწისქვეშა და მიწისზედა გადასასვლელები, ტროტუარები, შუქნიშნები, გარე განათების კონსტრუქციები, მოედნები, სკვერები, ბულვარები, შადრევნები, პარკები, მწვანე ნარგავები და ნაპირსამაგრი ნაგებობები; ბუნებრივია, მასვე აკისრია ამ ქონების მოვლა- პატრონობის ვალდებულება. კერძოდ, ამავეკოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ პუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლემანოსილებას განეკუთვნება მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობა და შესაბამისი საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარება; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, პარკების, სკვერებისა და სხვა საჯარო ადგილის დასუფთავება, ტერიტორიის გამწვანება, გარე განათების უზრუნველყოფა, აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო იზიარებს განსახილველ საკითხზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებულ განმარტებას, კერძოდ მუნიციპალიტეტის აღნიშნული კეთილმოწყობის უფლებამოსილება შეზღუდულია მხოლოდ მისივე საკუთრებით, ანუ მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია კეთილმოაწყოს და განავითაროს მხოლოდ ის ტერიტორია, რომელიც მის საკუთრებაშია. განსახილველ შემთხვევაში კი კასატორის მითითება თითქოსდა ჩატარებული სამუშაოებით გაუმჯობესდა შპს „...“ და შპს „პ...“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი სრულიად უსაფუძვლოა, იმის გათვალისწინებით, რომ საკუთრების უფლება მხარეთა შორის არ წარმოდენს დავის საგანს. აღნიშნულთან დაკავშიირებით, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლზე, რომლის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, შპს „...“ და შპს „პ...“ წარმოადგენენ მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული საკუთრების უფლების მქონე პირებს, ამასთან დადგენილია, რომ გიული ჭოხონელიძის ქუჩის ზუსტი კოორდინატები და ფართობი არ იყო განსაზღვრული და აღნიშნული საკითხი მხარეთა შორის გახდა სასამართლოში დავის საგანი. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტაციის სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებას საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტიებით მოცემულ შემთხვევაში იზღუდება შპს „...“ და შპს „პ...“ საკუთრების უფლება, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია სადავო აქტებით მათ საკუთრებაში მესამე პირის მიერ სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ფაქტი. შეზღუდვა ეხება სარგებლობის უფლებას, რაც საკუთრების უფლების უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს. განსახილველ შემთხვევაში შეზღუდვა გამოიხატება მესამე პირთა მიერ საკუთრებით უნებართვოდ სარგებლობაში, ქ. თბილისის მერიის მიერ განხორციელებული სამუშაების ჩაბარებაში, მიუხედავად იმისა გაუმჯობესდა თუ არა სხვისი საკუთრება, ეს გაუმჯობესება არ წარმოადგენს მესაკუთრეთა ნების თანმხვედრ შედეგს და გარდა ამისა, შეზღუდვის თავისებურებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული სახის შეზღუდვა ეჭვქვეშ აყენებს საკუთრების უფლების არსს.
შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ იძლევა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ.თბილისში, დიდუბის რაიონში, გიული ჭოხონელიძის ქუჩის და ჩიხის რეაბილიტაციის და სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვების სატენდერო კომისიის საკასაციო საჩივარები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე